№22 რატომ უთვალთვალებდა „კაგებე“ ოთარ მიქელაძეს და როგორ დაეკარგა მას გეგა კობახიძის ნახატი
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
რეჟისორი და მსახიობი, საქართველოში პირველი დამოუკიდებელი მოსწავლე-ახალგაზრდული თეატრ-სტუდიის დამაარსებელი, ოთარ მიქელაძე გეგა კობახიძისა და ირაკლი ჩარკვიანის მასწავლებელი იყო. ვიდრე ბატონი ოთარი დამოუკიდებელ თეატრ-სტუდიას დააარსებდა, მანამდე 53-ე სკოლაში გახსნა, ეგრეთ წოდებული, დრამწრე, სადაც სკოლის მოსწავლეებს თეატრსა და სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. სწორედ, ამ წრის წევრები გახლდნენ მერვე-მეცხრე კლასელი ირაკლი და გეგა. როგორც რეჟისორი იხსენებს, ორივე მათგანი თანატოლებისგან განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა... რა მოგონებები აკავშირებს მათთან ბატონ ოთარს, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ოთარ მიქელაძე: 53-ე სკოლაში ჩამოვაყალიბე დრამწრე, ისეთივე ჩვეულებრივი წრე, როგორებიც საგანმანათლებლო დაწესებულებეში არის ხოლმე. მოყვარულის დონეზე ბავშვებს სამსახიობო ოსტატობას ვასწავლიდი. ამ სფეროთი დაინტერესებული ბევრი ბავშვი მოდიოდა ჩემთან, მისმენდნენ და შეძლებისდაგვარად, ითვისებდნენ, რასაც ვასწავლიდი. მათ შორის იყვნენ გეგა და ირაკლი, რომლებიც დაახლოებით, მერვე-მეცხრე კლასში იქნებოდნენ. საოცარი ბავშვები იყვნენ. ასაკის მიუხედავად, უაღრესად განათლებულები გახლდნენ. უნარი მაქვს, შინაგანად დავინახო ადამიანი და მათში ნათლად ვხედავდი, რომ დანარჩენი ბავშვებისგან განსხვავდებოდნენ ინტელექტით, ცოდნით, ინტერესებით, საუბრით, ხასიათით, ნიჭზე აღარ ვსაუბრობ – უნიჭიერესები იყვნენ. ბიჭები საკუთარი სურვილით მოხვდნენ ჩემთან და, როგორც მერე აღმოჩნდა, მათში ამ მიმართულებისკენ მიდრეკილება ნამდვილად იყო. ხშირად მეკითხებიან, მიმიძღვის თუ არა წვლილი გეგას მსახიობად ჩამოყალიბებაში. არა, ბატონო, მე ამის წინააღმდეგი ვარ. შეიძლება, ჩემგან საინტერესო რაღაცებს ისმენდნენ, სწავლობდნენ, მაგრამ გეგა ჩემთან რომ მოვიდა, უკვე მსახიობი იყო. ის ისეთ ოჯახში აღიზარდა, მამა ცნობილი რეჟისორი ჰყავდა, დედა – მსახიობი... ვერ ვიტყვი, რომ მე მივეცი ბიძგი ამ სფეროსკენ, თუმცა, შესაძლებელია, იოტისოდენა წვლილი მიმიძღვოდეს.
– ყველაზე მეტად თქვენი დადგმული რომელი სპექტაკლიდან დაგამახსოვრდათ ისინი?
– საახალწლო სამზადისი იყო და გადავწყვიტე, „ძველი ვოდევილები“ დამედგა. მაშინ ეს სპექტაკლი მარჯანიშვილის თეატრში იდგმებოდა და საოცრად პოპულარული იყო. ერთ-ერთ ვოდევილში – „ოინბაზში“, ტიგრანას როლი ირაკლის მივეცი. საინტერესო ის იყო, რომ მან თავად გააკეთა ყველაფერი: სამოსი, რეკვიზიტი და ყველანაირად მზად მოვიდა. ისიც კი შემიძლია, ვთქვა, რომ როლიც თავად მოამზადა. იმდენად ნიჭიერი იყო, ყველანაირად გამზადებული გმირი თვითონ მომიყვანა. საოცრად ითამაშა, დღემდე მახსოვს. ირაკლი სკოლის მერე აღარ მინახავს და არც შეხება მქონია. ჩემი მოსწავლე სკოლის პერიოდში იყო, ერთ სპექტაკლში ითამაშა და ჩვენი ურთიერთობა აქ დასრულდა. გეგასთან კი სკოლის შემდეგაც მეგობრობდა.
– თავად როგორი ურთიერთობა გქონდათ გეგასთან?
– გეგამ სკოლა რომ დაასრულა, მერე უფრო დავმეგობრდით. თეატრალურის სტუდენტი გახდა და ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს. მე რეჟისორი ვიყავი, ის – მსახიობი. ვმეგობრობდით იმდენად, რამდენადაც ხელოვნება გვაკავშირებდა. ხშირად ვხვდებოდით თეატრალურთან და ოპერასთან. პირადსა და მსგავს საკითხებზე არ ვსაუბრობდით, უფრო – განყენებულ თემებზე. ხელოვნებასა და რელიგიაზე უყვარდა საუბარი. საოცრად საინტერესო მოსაუბრე იყო და აღფრთოვანებული ვიყავი ხოლმე. ძალიან მორწმუნე გახლდათ და რელიგიურ საკითხებშიც კარგად ერკვეოდა. ერთი პერიოდი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა მქონდა და რკინიგზის საავადმყოფოში ვიწექი. ისე მოხდა, რომ ჩემს დაბადების დღეზეც იქ მომიწია დარჩენა. გეგა ჩემს სანახავად მოვიდა და საჩუქრად თავისი ნახატი მომიტანა. ძალიან კარგად ხატავდა. მითხრა, შენ დაგხატეო, შევხედე ნახატს და აშკარად არ მგავდა: ახალგაზრდა კაცის პორტრეტი იყო, დიდი ცხვირით, დიდი შუბლით, დიდი თვალებით. ცოტა მეუცნაურა და როგორ, ეს მე ვარ-მეთქი, ვკითხე. გამიცინა, შენ რა, გეგონა, ზუსტად ისეთივეს დაგხატავდი, როგორიც ფიზიკურად ხარ. მე შენი სული დავხატე, ფოტოები ისედაც გაქვს და შენს თავს ფიზიკურად იქ დაინახავო. ნახატს დაარქვა „გზაზე“ და მასთან ერთად გადმომცა ახალი აღთქმა – ბიბილია რუსულ ენაზე. მთხოვა, ყურადღებით წამეკითხა. აღარ ჩავძიებივარ, დავეთანხმე. რომ წავიდა, ბევრი ვიფიქრე და ასეთი დასკვნა გამოვიტანე: როდესაც რელიგიაზე ვსაუბრობდით, რაღაც დეტალებში არ მეთანხმებოდა და არ მეკამათებოდა, გრძნობდა, რომ არ ვიყავი ისეთი ეკლესიური, როგორიც საჭირო იყო. ალბათ, ამიტომ მთხოვა ეს. დღესაც არ ვიცი, რეალურად რის თქმა უნდოდა ამ საჩუქრით. იქნებ ჩემი მოქცევა უნდოდა ამით. ეს ამოუხსნელი დარჩა... ბოლოს გეგა მაშინ ვნახე, საავადმყოფოში. მის მერე აღარ მინახავს...
– თვითმფრინავის ამბავი მალევე მოხდა?
– მალევე მოხდა, კი. ამდენი წელი გავიდა და ამ თემაზე არასოდეს არავისთან მილაპარაკია, საუბარი კი არა და ფოტოებსაც არავის ვანახვებდი. გულს მტკენს ეს ამბავი. არ ვიცი, რამდენად დამიჯერებთ, მაგრამ არ არსებობს მომენტი, გეგა არ მახსოვდეს. საოცარი ადამიანი იყო, სიკეთის განსახიერება. მასთან საუბრის დროს ისეთი აურა მოდიოდა, რაღაც ღვთიურს გრძნობდი. მე არ ვიცი გეგას გაბრაზება და ვერც კი წარმომიდგენია, თუ საერთოდ ბრაზდებოდა. რელიგიაზე საუბრისას ზოგჯერ ჯიუტად ვამბობდი: ეს არ არის სწორი, ეს ასეა, ეს ასე არაა-მეთქი. ამ დროს შეიძლება, ადამიანი წყობიდან გამოვიდეს, ის – არა. გაუღიმია და არასოდეს არაფერი უთქვამს. იქნებ ამიტომაც მაჩუქა ბიბლია, არ ვიცი... მიუხედავად მისი სიმშვიდისა, სულით მეამბოხე იყო. ისე საუბრობდა, ტონს ოდნავადაც არ აუწევდა. კარგი მოძღვარი რომ დაგელაპარაკება თბილად, დაახლოებით ეგრე, სიტყვებით გეფერებოდა. როცა ჰკითხავდი: როგორ ხარ? მაშინვე გაგიღიმებდა. ყველა ადამიანში არის მზე, რომელსაც დანახვა, პოვნა უნდა, გეგა იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც ისედაც ანათებდა. და უცებ ასეთი სულის ადამიანზე იგებ მსგავს რამეს, ცოტა რთული დასაჯერებელია. არ მჯერა, რომ გეგას შეეძლო, ვიღაცისთვის დაერტყა ან ესროლა. გამორიცხულია, არ შემიძლია ამის წარმოდგენა. პროფესიით რეჟისორი და მსახიობი ვარ, ყველაფრის წარმოდგენა უნდა შემეძლოს, იმისიც კი, როგორ შეიძლება, ადამიანი ფანჯრიდან გაფრინდეს, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ გეგამ ვინმეს ესროლა, დაარტყა, დაუყვირა, არ შემიძლია.
– ამ ამბების შემდეგ, თქვენ, როგორც მის მეგობარს, „კაგებე“ გადევნებდათ თვალს?
– ეს ადამიანი არ ყოფილა ჩემთვის ვიღაც, არც უბრალო ნაცნობი, რთული წარმოსადგენი იყო ის სიტუაცია ჩემთვის. ყველა ადამიანს დასდევდა „კაგებე“, ვისაც ამ ბიჭებთან კავშირი ჰქონდა. არც ჩვენი ნაცნობობა გამოჰპარვიათ. ერთხელ დამიძახეს და ზოგადად გამესაუბრნენ გეგასთან დაკავშირებით. შემდეგ ფსიქოლოგიური სტრესი იყო, მეჩვენებოდა თუ რა, არ ვიცი, მაგრამ ყოველ საღამოს, ჩემს ფანჯრებთან ვხედავდი შავი ფერის გაზ-24-ს, „კაგებეს“ მანქანას. როცა ქუჩაში მივდიოდი, ვგრძნობდი, რომ ვიღაც დამყვებოდა და ვხვდებოდი, მითვალთვალებდნენ. დედა ხედავდა, რომ ვნერვიულობდი და შეშინებული ვიყავი. ამიტომ, იმის შიშით, რომ ვინმე სახლში არ მოსულიყო და არ ენახათ, გეგას ნახატი მეზობელთან გადაუმალავს. ერთხელაც ვკითხე, გეგას ნახატი სად არის-მეთქი და მაშინ მითხრა, რომ საიმედო ადგილზე ჰქონდა დამალული და როცა ეს არეულობა ჩაივლიდა, დამიბრუნებდა, თუმცა ნახატი დაიკარგა. ჩვენს მეზობლად ბერძნები ცხოვრობდნენ და მათთვის უთხოვია სარდაფში დაემალათ, რადგან ჩვენ მსგავსი სივრცე არ გვქონდა. ეს ბერძნები შემდეგ გადავიდნენ და ნახატი დაიკარგა. ისეთი ხალხი არ იყო, რომ წაეღოთ ან ამ ნახატის ფასი სცოდნოდათ. ძალიან გული მწყდება ამ დანაკარგზე, ჩათვალეთ, რომ მას ჩემი სულის ნაწილი გაჰყვა.