№22 ძველი თბილისის დამნაშავეები
არტემ კასუმოვი, იგივე „ქლესა“, ქურდი, თაღლითი. პუშკინის ქუჩის ჩაყოლებაზე ერთ სარდაფს ქირაობდა და იქიდან უცქერდა გლეხებს, სალდათის ბაზარზე ინდაურები რომ ჩამოჰყავდათ. სარდაფში მას თავისი ინდაურები ჰყავდა, გამხდარი, უჭმელი. ამათ ამოუშვებდა და წინ სიმინდს დაუყრიდა. სიმინდზე გასაყიდად ჩამოყვანილი მსუქანი ინდაურებიც გამოქანდებოდნენ და ამ კენკვაში ერთმანეთში აირეოდნენ, ვიდრე პატრონები გონს მოვიდოდნენ, „ქლესა“ და იმის დამქაშები ინდაურებს ყველას ერთად, ისევ სარდაფში ჩაყრიდნენ და გლეხებს მათ ფრინველს აღარ უბრუნებდნენ. დიდი ხმაურისა და აყალმაყალის მერე, თუ იმათ ვერ მოიშორებდნენ, გამხდრებს მისცემდნენ, მსუქნებს კი სათავისოდ იტოვებდნენ. ის სარდაფის გატეხვაზე ჩავარდა ღვინის აღმართზე, ოღონდ გაექცა პოლიციას, რვა თვე დუქან-დუქან იმალებოდა და შინ არ ჩნდებოდა. მის ამბავს მისი ჯალაბობა მეტეხის კლდის გამოქვაბულში ჯოჯო-ხვლიკებს ეკითხებოდა. ნატეხი შაქარი მიჰქონდათ, ხვლიკებს წინ უდებდნენ და თვალებში იყურებდნენ, იქნება ნიშანი დაენახათ, ბოლოს 1890 წელს კასუმოვს მაინც მიაგნეს და დაიჭირეს.
ტიგრან კაჩაროვი – ხუთკაციანი ბანდის თავი, რომელსაც კაი ხანს ჰყავდა შიშის ქვეშ ალექსანდრეს ბაღისა და სალდათის ბაზრის მიდამოები. 13 ავაზაკობაში იყო გარეული, ყაჩაღობები, დაჭრები, ლომბარდის გაძარცვა, ბომბების სროლა, გარადავოების დაჭრა, მდივანი გაბუნიას დაყაჩაღება და სხვა ძარცვები და ფულის გამოძალვები. მან აუტეხა სროლა საპოლიციო განყოფილობებს მესანგრეთა ქუჩაზე და ალექსანდრეს ბაღის პირდაპირ მარდანოვის სახლთან. დაიჭირეს 1906 წელს.
ალექსანდრე ტაბაკაშვილი 90-იანი წლების ბოლოდან გაერია ქურდობაში და 15 წლისა სასამართლოს ქუჩაზე ჯინორიას ბინის გაქურდვისას დაიჭირეს. მოზარდი ავაზაკები ამ დროებაში ბევრი სხვაც სჩანს, დავუშვათ, ცარევის ბანდა, ან ნიკოლაი ალხოვსკი, ანაც პოლიტაკო, ვინც ავჭალის ქუჩის შესახვევში, 13 ნომერში ცხოვრობდა სარქის მნაცაკანოვთან ერთად, მასთან თანაცხოვრებას რომ აიძულებდა და ერთ დღესაც მნაცაკანოვი მკვდარი ნახეს, ძილის დროს შუბლში ათგირვანქიანი გირი ჩაერტყათ. ამაზე გაგახსენდება კიდევ არტო, ვინც ალექსანდრეს ბაღის კიდეზე კედელზე ფულის მირტყმას თამაშობდა, გაფენილ სარეცხს და სატიოსთან საბანაოდ ჩასული ხალხის ტანსაცმელს იპარავდა. კუთხიდან დააცქერდებოდა და მობანავე ყველაფერს რომ გაიხდიდა და მტკვარში შეცურავდა, გამოვარდებოდა, აკრიფავდა ახალუხს და შარვალს, სხვაც რაც დახვდებოდა და მიიმალებოდა. ამას მერე იარმუკაში სპარსეთიდან მოსულ მეძველმანე სომხებთან აბარებდა. მერე, ერთ დღესაც, როცა მაიმერის სამიკიტნო დუქანში სხვის ჯიბეებს ათვალიერებდა, უცებ იგრძნო, რომ ვიღაცის თვალები უცქერდნენ. იმან დაუქნია, მოდიო და არტოც მივიდა. წამომყევიო და ისიც წაჰყვა. ის იყო ტატო წულუკიძე. არტო გახდა იმის ხელის ბიჭი, დამქაში და საყვარელი. როცა საქურდად და დარაბების სალეწად წავიდოდნენ, იმას დასასტვენად აყენებდნენ. ხან კარის თავზე პატარა ფანჯარაში შეაპარებდნენ, შიგნიდან კარი რომ გაეღო. ტატოს ბევრი ბიჭი ჰყავდა, ბევრს ჰყვარობდა, თავის საქმეებშიც იხმარდა, იმათ მოჰქონდათ მისთვის ქალაქის ამბები, როცა იმალებოდა და მათ სხვადასხვა საქმეზე დააგზავნიდა. არტო იყო მისი ფავორიტი. მან მიუტანა ტატოს ვერის ბაღში ოფიცრის სამოსი, როცა ის ალყადარტყმული იქიდან პოლიციასა და კაზაკებს გამოეპარა. ტატოს სხვა ბიჭებს შორის ერია „სწიოპკა“, ჯერ მირზოევის ქარხანაში რომ მუშაობდა და მერე ტატოს სხვადასხვა ავაზაკობებში გაერია, რევაზოვის დაყაჩაღებაში, სუკიასოვის გაძარცვაში, მეხტი-კაზუმ-ოღლის გაქურდვაში, გასოევის მკვლელობაში. მას აგზავნიდა ტატო სოლომონ პიპინაშვილთან, როცა ფულს სძალავდა. ყველაფერთან ერთად წულუკიძემ სწიოპკა დაჭრა კიდევაც და მან ის მერე ბოქაულ ლოლაძეს გასცა. ტატოს ბიჭებში და საყვარლებში ერია კიდევ ვასო, თავადი ერისთავის ხალიჩები რომ მოიპარა და ვერის ბაღებში იმალებოდა. ახვერდოვის დაყაჩაღების მერე ტატომ მას იქიდან წამოღებული სხვადასხვა რამ აჩუქა, თუმცა ვასომ ის მერე მაინც დაასმინა და გათქვა, რომ ტატომ იქიდან ნაძარცვი გეურქას დუქანში მიიტანა.
ტაგი ჰაშიშ-ოღლი – სახლების ქურდი, 90-იან წლებში დაძვრებოდა ფანჯრებზე და შიგ შედიოდა. აგურის ქარხანაში ცხოვრობდა. აგურის ქარხნები იმ მიდამოებში ბლომად იყო. ქუჩას სულაც აგურისა ერქვა. სპარსელები მოდიოდნენ საშოვარზე და აქ საქმდებოდნენ. აგურის ქარხნებში ბევრგან ქურდებიც იმალებოდნენ. აგურს ჯერ შეშის ღუმელებში წვავდნენ და 90-იანი წლებიდან გამოჩნდა მაზუთის ღუმელებიც, რაც მეტად ჭვარტლავდა იქაურობას და ჩივილი და ხმაური ამის გამო არ წყდებოდა. ხალხი, ყორღანოვის ქუჩის მაცხოვრებლები საჩივარს საჩივარზე წერდნენ, რაკი ეს ჭვარტლი მათ ნაქებ გაღებილ სახლებსა და მოჩითულ სადარბაზოებს აშავებდა, ავეჯს, ფარდასა და ყვავილს ფერს უცვლიდა, გალიაში იადონს კლავდა. ჰაშიშ-ოღლი კი დღე აგურს აკეთებდა, ღამე ქურდავდა. დაიჭირეს 1899 წელს, როცა მეორე გილდის ვაჭრის, გაბრიელ გრიგორიევის სახლზე აძვრა და ფანჯარაზე თაფლიან ქეჩას აწეპებდა მინის უხმაუროდ გასატეხად. გრიგორიევმა ის შენიშნა. ტაგიმ მას ყვავილიანი ქოთანი ესროლა, გრიგორიევმა კი – თოფი და დაჭრილი ის დაიჭირეს.
მკრტიჩ ტაკტაჯი – ქურდი, ოსმალეთიდან ტფილისში გადმოსული. იზმაილროვსკიე აბანოების მექისე. 1876 წელს გაქურდა აბანოს პატრონი და მერე მეძავთან მიაგნეს. ციხიდან რომ გამოვიდა, ქურდობა გააგრძელა. ის შეიქმნა „გულშემატკივარი“ ქურდი, ასეთი ხელობაც იყო. დასაფლავებებზე მიდიოდა, ჭირისუფალსაც ანუგეშებდა, თითქოს მიცვალებულის ნაცნობი ყოფილიყოს და იქაურობას ათვალიერებდა, იხსომებდა სახლის სიმდიდრესა და ოთახების განლაგებას, შემდეგ კი დამქაშებთან ერთად საქურდად მიდიოდა.
კოსტა ტალახაძე – ჯიბის ქურდი. 1891 წელს დაჭრა გიორგი ცისკარიშვილი ნიკო საგინოვის დუქანში ავჭალის ქუჩაზე, ამაზე დაიჭირეს. 1894 წელს კი საჩაიეს პატრონმა, სპარსმა, საიად ბენიამინოვმა, მოაჭრა მას ცხვირი.
დავით ტეცოშვილი – ამანათის დამგდები. 90-იანი წლების ბოლოში მისდევდა ამ საქმეს. ესეც ძველი ხელობა იყო, მსგავსი პორტმანეს დაგდებისა. მსხვერპლი ყველა შემთხვევაში იჩხრიკებოდა. თუ აიღებდა ამანათს, ასეთ დროს ხომ თავისთავად, და თუ ამას აერიდებოდა, მის უკან მომავალი დამქაში იღებდა და მობრუნებული ქურდი ამ ალიაქოთში ორივეს ჩხრეკდა. ზოგჯერ თავიდან მას თავს ანებებდნენ და შემდეგ გაჰყვებოდნენ სადმე, მოფარებულში და იქ დაიწყებდნენ აღშფოთებული „დაკარგული ფულის“ მოჩხრეკას და ჯიბეების ამოტრიალებას. ტეცოშვილი ასეთ დროს პორტმანეში ფულს დაჭრილი გაზეთის ფურცლებით ცვლიდა და ქრებოდა.
აბო იაშაღაშვილი
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)