№22 ვინ შემოიღო ამნისტია აჯანყებული დიდებულების შთამომავლებისთვის და რა სპეცოპერაცია ჩატარდა ნახჭევანში
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
თამარ მეფე ძალიან განსხვავდებოდა მამამისისგან. თუ გიორგი მესამე მის წინააღმდეგ აჯანყებულებს სასტიკად უსწორდებოდა, კლავდა ან ასახიჩრებდა, თამარ მეფე, ფიზიკურად არავის სჯიდა, ყველას იწყალებდა, მხოლოდ, თანამდებობებს ჩამოართმევდა ხოლმე. ასეთი დამოკიდებულება გახდა თამარის სახელმწიფოს პრინციპი. ამგვარი, ასე ვთქვათ, ამნისტია, შეეხო ორბელების აჯანყების მონაწილეთა შვილებსაც.
ორბელების გვარიდან 1177 წლის აჯანყების მერე გადარჩნენ ლიპარიტ ორბელი და მისი ორი ძე, ელიკომი (ელიგუმი, ელიკუმი) და ივანე, რადგან უცხოეთში იმყოფებოდნენ, ჩრდილოეთ ირანისა და ადარბადაგანის დიდ ათაბაგთან, ჯარის სათხოვნელად.
შემდეგში ივანე ორბელი თამარ მეფემ შეიწყალა, დააბრუნა და ორბეთის ციხეც დაუბრუნა. ელიკომი ათაბაგთან დარჩა, დაწინაურდა მის კარზე. შემდეგ მოითხოვა და გადმოიყვანეს ნახჭევანში, საქართველოსთან ახლოს.
ელიკომ ლიპარიტის ძე სარწმუნოებრივად გასომხდა, დაქორწინდა სომეხ ქალზე, სივნიეთის ეპისკოპოსის, სტეფანეს დისა და აზნაურ აბაზის ასულზე. შეეძინა ერთი ვაჟი – ლიპარიტი.
დაახლოებით, 1196 წელს ელიკუმ ორბელი ბრძოლაში დაიღუპა. მისი ცოლი ვიღაც მაჰმადიანმა მოიტაცა, ცოლად მოიყვანა და პატარა ლიპარიტთან ერთად ნახჭევანის ერთ-ერთ ციხეში გამოკეტა.
მალე სომხური პროვინცია სივნიეთი თამარ მეფის ჯარმა გაათვისუფლა მაჰმადიანებისგან და საქართველოს შემოუერთა. სივნიეთში ქართულ ჯარს სარდლობდნენ ამირსპასალარი ზაქარია მხარგრძელი და მისი ძმა, მსახურთუხუცესი ივანე.
თამარ მეფის ძლიერი სახელმწიფოს დაზვერვას ჰქონდა ცნობები, რომ ელიკუმ ორბელის ვაჟი, პატარა ლიპარიტი ცოცხალი იყო და სადღაც გადამალული ჰყავდათ მაჰმადიანებს. ზაქარიასა და ივანეს ხელმწიფისგან დავალებული ჰქონდათ, მოეძებნათ მცირეწლოვანი ლიპარიტი და საქართველოში დაებრუნებინათ. გულმოწყალე თამარ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა, ეპატიებინა ლიპარიტისთვის წინაპრების დანაშაული, სამშობლოში დაებრუნებინა და აღედგინა მისთვის ქვეყნის დიდებულის პატივი. უცხოელ მმართველებს ეხმარებოდა მეფეთა მეფე თამარი და წარმოშობით ქართველებს, თავისი წინაპრების ყმების შთამომავლებს როგორ გაწირავდა, უცხოეთში სამუდამო გადახვეწისთვის.
ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა გამოიკვლიეს ლიპარიტის ამბავი და ლიპარიტის ბებიის ძმისგან, ეპისკოპოს სტეფანესგან გაიგეს დაზუსტებით, სადაც ჰყავდათ გამოკეტილი პატარა ორბელიანი. ზაქარიამ და ივანემ თამარ მეფის ბრძანების შესაბამისად, სთხოვეს სომეხ მღვდელმთავარს, რამენაირად გამოეხსნა ლიპარიტი მაჰმადიანთა ხელიდან.
ამასობაში გარდაიცვალა ზაქარია მხარგრძელი. ივანე მხარგრძელი ამირსპასალარად და ათაბაგად დანიშნა თამარმა. სივნიეთის ეპისკოპოსმა ივანე ათაბაგის ძალებით მოამზადა სპეცოპერაცია და გაემგზავრნენ ლიპარიტის გამოსახსნელად.
სტეფანოს ორბელიანი წერს:
„და იყო ეპისკოპოსი იგი ფრიად მცნობი და საყუარელი ათაბაგისა და ჩინებულთა მისთა უმეტეს მათი, რომელნიცა იყუნენ ნახჩევანს. ამისთვის მოვიდა ახლოსა სადმე უდაბნოსა და მეგობართა თვისთა ევედრა და მრავლითა მანქანებითა მოიპარეს და საბლით გარდუშვეს გალავნიდამ ყრმა იგი ლიპარიტ და დედაცა მისი ამას თანა.
აიყვანა ეპისკოპოსმან და მიიყუანა დაბასა ერთსა. და დედა მისი სიმაგრეში შეიყუანა, ხოლო ლიპარიტ მოიყუანა ივანესთან“.
გარდა იმისა, რომ ივანე მხარგრძელი გახდა ამირსპასალარი და ათაბაგი და ფაქტობრივად, მეფის მერე პირველი კაცი სახელმწიფოში, ის დიდი ქონების მფლობელიც იყო. მისი, როგორც საქართველოს სამხედრო უწყების მეთაურის, ამირსპასალარის საჯდომი (რეზიდენცია) გახლდათ ისტორიულ ქართულ ტერტორიაზე არსებული ლორეს ციხე-ქალაქი. მასვე ეკუთვნოდა მრავალი ციხე, დაბა და სოფელი. საქართველოსთვის შემოერთებული სომხეთის დიდ ნაწილსაც განაგებდა. გრიგორიანული დიდებულების წრიდან გამოსულ ივანე მხარგრძელს, მიუხედავად იმისა, რომ მონოფიზიტობა უარყო და მართლმადიდებელი გახდა, უმაღლესი თანამდებობების გამო ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა სომეხთა შორის. სომეხი დიდებულები, რომლებიც ჩადგნენ საქართველოს მეფის სამსახურში, ქართველი დიდებულების მსგავსად, ყველანაირი უფლებებით სარგებლობდნენ ჩვენს სახელმწიფოში. სომხური სარწმუნოების ადამიანები თვით სამხედრო უწყების მეთაურებიც კი ხდებოდნენ.
დავით სოსლანის გარდაცვალებიდან მალე თამარ მეფემ თავისი მემკვიდრე გიორგი, ლაშად წოდებული, თანამოსაყდრედ, თანამეფედ გამოაცხადა.
სივნიეთის ეპისკოპოსმა მაჰმადიანთაგან მცირეწლოვანი ლიპარიტი მიუყვანა ივანე ათაბაგს. ამ ამბავს ასე გადმოგვცემს სტეფანოს ორბელიანი:
„რა იხილა ივანემან, უზომოèთა სიხარულითა აღივსო და მყისვე აუწყა თამარს და ლაშას. და მათცა ფრიად განიხარეს. რამეთუ მარადის ეშინოდათ მათ მიერ“.
რას ნიშნავს სტეფანოს ორბელიანის სიტყვები: „რამეთუ მარადის ეშინოდათ მათ მიერ“? ხომ არ გულისხმობს გასომხებული ორბელების წარმომადგენელი, თითქოს თამარსა და ლაშას ეშინოდათ ლიპარიტ ორბელისა? რა თქმა უნდა, ეს აბსურდია, როგორ უნდა შეშინებოდათ დიდი, დაუმარცხებელი სახელმწიფოს მბრძანებლებს, თამარსა და მის უშიშ მეომარ ძეს, ლაშას, ვიღაც გადახვეწილი და მძევლობაში მყოფი პატარა ორბელიანის?
მხოლოდ და მხოლოდ თამარის სიკეთით სავსე გულის დამსახურებაა ლიპარიტ ელიკუმის ძე ორბელიანის გამოხსნა მაჰმადიანთაგან, საქართველოში დაბრუნება და მასზე ზრუნვა.
სტეფანოს ორბელიანი ამის შემდეგაც აჭარბებებს თავისი პაპის, ლიპარიტ ელიკუმის ძის მნიშვნელობის შეფასებისას და ისე წარმოგვიდგენს, თითქოს, ივანე მხარგრძელს, სახელმწიფოში ყველაზე გავლენიან დიდებულს, ვითომდაც, ოცნება ჰქონდა, დამძახლებოდა ორბელიანების გვარს.
სინამდვილეში, ივანე მხარგრძელი, ნებისმიერი, შესაძლო კონკურენტისადმი რომ საკმაოდ ეჭვიანი და მტრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, ეს მერე, გარნისის ბრძოლამაც გვიჩვენა, სადაც ივანე ათაბაგმა, შალვა და ივანე ახალციხელებს ჯარი არ მიაშველა ბრძოლისას, რასაც მონღოლთა დროინდელი უცნობი ქართველი მემატიანე ივანე მხარგრძელის ახალციხელებისადმი შურით ხსნის.
თამარ მეფესა და მის ძეს, ლაშას, ლიპარიტ ორბელის შეწყალებისა და კვლავ საქართველოს დიდებულად აღზევების გადაწყვეტილება ჰქონდათ მიღებული. ლიპარიტი უკვე გასომხებული ორბელების შტოს წარმოადგენდა, საქართველოს სომხური ტერიტორიების დიდ ნაწილს კი ივანე ათაბაგი ფლობდა, შესაძლოა, ვითარებიდან გამომდინარე, ივანე მხარგრძელს, გაკონტროლება უნდოდა ლიპარიტ ორბელიანისა, უნდოდა ახლოს ჰყოლოდა და ამიტომ გარკვეული გეგმები ჰქონდა მასთან მიმართებაში, რასაც გვიამბობს სტეფანოს ორბელიანი.
სტეფანოსის თქმით:
„მაშინ დახალათა იგი ათაბაგმან ივანე და მრავალი დიდება და პატივი მიაპყრა. და ენება, რათა ესიძა იგი და მიეცა მისთვის დაè თვისი თამთა“.
მაშასადამე, ივანეს უნდოდა, თავისი და, თამთა, ლიპარიტისათვის მიეთხოვებინაო, გვეუბნება სტეფანოს ორბელიანი.