№22 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: ჩემს უსაყვარლეს თეთრ კაბაზე გადამესხა წითელი ღვინო. როგორ ამოვაცილო ლაქა, რომ ქსოვილი არ დავაზიანო?
პასუხი: სარეცხ მანქანაში, დალაქავებული ტანსაცმლის გარეცხვის დროს, ფხვნილის განყოფილებას მცირეოდენი მარილი დაუმატეთ. ხოლო, მარილისა და წყლის ნარევით მარტივად არის შესაძლებელი თეთრი ქსოვილიდან წითელი ღვინის ლაქების ამოყვანა. ფერადი ქსოვილის დალაქავებულ ზედაპირზე მოაბნიეთ მარილი, დაასხით მცირეოდენი წყალი, დატოვეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ, გაწმინდეთ ქაღალდის ხელსახოცით.
კითხვა: ფეხის ჰიგიენას დიდ დროს ვუთმობ, თუმცა, ფეხსაცმლის გახდისას მაინც ვგრძნობ უსიამოვნო სუნს და თუ ფეხით სიარული დიდხანს მომიწია, მიოფლიანდება. იქნებ მითხრათ, როგორ გავუმკლავდე ამ პრობლემას?
პასუხი: ფეხებზე უსიამოვნო სუნისა და ჭარბოფლიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად არაჩვეულებრივია მარილის აბაზანები. 6 ლიტრ ცხელ წყალში დაამატეთ 3 სუფრის კოვზი მარილი და მთლიანი სარეცხი საპონის მეოთხედი (გახეხეთ ის ან დააქუცმაცეთ დანით). როდესაც ნარევი კანისათვის კომფორტულ ტემპერატურამდე გაგრილდება, მოათავსეთ ფეხები 15-20 წუთით. ჩაიტარეთ პროცედურა პერიოდულად, რათა სამუდამოდ დაივიწყოთ ფეხების ჭარბოფლიანობა და უსიამოვნო სუნი.
კითხვა: ასაკის მატებასთან ერთად, სახეზე ვამჩნევ ნეგატიურ ცვლილებებს – კანი მოშვებულია, დაკარგა სიმტკიცე, სიგლუვე, ელასტიურობა. თუ არსებობს სახლის პირობებში მოსამზადებელი, რაიმე აპრობირებული საშუალება, რომ ეს პრობლემა მარტივად მოვაგვარო?
პასუხი: ამისთვის სელის თესლის ნიღაბი დაგეხმარებათ. სელი, ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც აუცილებელია ჩვენი კანის ჯანმრთელობისთვის – შეიცავს ანტიბაქტერიულ კომპონენტებსა და თუთიას, რომლებიც იცავს ჩვენს კანს, არაჩვეულებრივად ატენიანებს და იცავს მას გამოშრობისგან, მზის ულტრაიისფერი სხივების მავნე ზეგავლენისგან და აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს; ებრძვის გამონაყარს, გაღიზიანებასა და ანთებას. ნიღაბი, რომლის დამზადებასაც ახლა გასწავლით, აბსოლუტურად ნატურალური და უსაფრთხოა. ის ხანმოკლე დროში საოცარ შედეგს მოგცემთ. დილით ჩაყარეთ ჭიქაში 1 სუფრის კოვზი სელის თესლი და შეავსეთ მისი 1/3 ცხელი წყლით, კარგად მოურიეთ. ჭიქას ზემოდან ქაღალდის ხელსახოცი დააფარეთ და გააჩერეთ მთელი დღე. საღამოს გადაწურეთ, მიღებულ სითხეში კარგად ჩაალბეთ ბამბის დისკი და შეუდექით სახის კარგად დამუშავებას – აკეთეთ ნელი წრიული მოძრაობები რამდენიმე წუთის განმავლობაში. არ ჩამოიბანოთ. მოცემული საშუალება არაჩვეულებრივად დაატენიანებს და გამოკვებავს თქვენს კანს, გაათანაბრებს მის ტონს და ვიზუალურად რამდენიმე წლით გაგაახალგაზრდავებთ.