№22 როგორ გაიყვანა ბერიამ საბჭოთა უშიშროება მსოფლიოში პირველ ადგილზე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ლავრენტი ბერია მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული უნივერსალი იყო და თავის ინოვაციურ აზროვნებას სხვადასხვა სფეროში ავლენდა, რასაც დიდი წარმატება მოჰქონდა... ისტორიის დოქტორი პავლე იაკოვლევი წერს: „ბერიას უნივერსალური ნიჭი განსაკუთრებულად ისეთ რთულ საქმეში გამოჩნდა, როგორიც უშიშროების სისტემაა. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ეს სისტემა ბერიამ დახვეწა, თითქმის იდეალური გახადა და ის შვეიცარიული საათივით უზუსტესად ფუნქციონირებდა. როდესაც ლავრენტი პავლოვიჩი საქართველოს „ჩეკას“ ედგა სათავეში, მაშინ მის წინაშე სხვა მოთხოვნები იდგა და ბერია შიდა უსაფრთხოების სისტემის გამაგრებაზე მუშაობდა, რასაც შესანიშნავად გაართვა თავი. ხოლო, როდესაც ლავრენტი ბერია საკავშირო უშიშროების შეფი გახდა, აქტუალური იყო საგარეო დაზვერვის საქმიანობის გაუმჯობესება და ბერიამ არც აქ შეირცხვინა თავი...
საბჭოთა საგარეო დაზვერვის ყოფილი უფროსი, გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „სტალინმა ბერია „ენკავედეს“ უფროსად ისეთ დროს დანიშნა, როდესაც მსოფლიოში ურთულესი პოლიტიკური ვითარება იყო და რომ იტყვიან, ჰაერში ომის სუნი ტრიალებდა. ასეთ ვითარებაში უშიშროების სტრუქტურებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ. „პირველი ვიოლინოს“ როლი კი ჩემდამი დაქვემდებარებულ უწყებას, საგარეო დაზვერვას უნდა შეესრულებინა, რომელსაც შემოკლებით „პეგეუს“, ანუ პირველ მთავარ სამმართველოს ვუწოდებდით. ნათქვამია, ცოდვა გამხელილი ჯობსო და ჩვენი სამმართველო, ანუ „პეგეუ“, მართალია, მოწინავე სტრუქტურა იყო მთელ სისტემაში, მაგრამ სრული დატვირთვით ვერ მუშაობდა. ბოლომდე ვერ ავლენდა თავის შესაძლებლობებს, არადა კოლოსალური პოტენცია ჰქონდა. „ჩეკას“ დაარსების დღიდან საბჭოთა საგარეო დაზვერვა ძალიან ეფექტური სტრუქტურა იყო და ფელიქს ძერჟინსკი და მისი ხელქვეითები დიდ სამუშაოს ასრულებდნენ. ეჟოვის დროს კი „პეგეუ“ ჩამორჩა და მას „ამოქაჩვა“ სჭირდებოდა. ბერიამ ეს ხარვეზი უშეცდომოდ დაინახა და ძალიან ეფექტური, ინოვაციური საქმიანობით აღმოფხვრა. ახალმა სახალხო კომისარმა სტრატეგიული დაზვერვის ქვედანაყოფი ჩამოაყალიბა და მასში გააერთიანა ინტელექტუალ-ანალიტიკოსები, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის გაანალიზების განსაკუთრებული უნარი ჰქონდათ. მათი მოვალეობა იყო ინფორმაციების გამორჩევა და სწორი დასკვნები. ოპერატიული დაზვერვა კი აგენტ-უნივერსალებით დააკომპლექტა. მათ ინფორმაციების მოპოვება, აგენტების გადმობირება და სპეცოპერაციები (ლიკვიდაცია, გატაცება) ევალებოდათ. ცნება – „უნივერსალური აგენტი“ ბერიას მიერ იყო კულტივირებული. მას არა მხოლოდ სახელი ჰქონდა ფართო, არამედ ის მართლაც ფართოპროფილიანი იყო და მართლაც უნივერსალურ აგენტებს ამზადებდა...“
ლავრენტი ბერიამ მოსკოვის მახლობლად, ბალაშიხაში შექმნა საიდუმლო სკოლა, სადაც აგენტ-უნივერსალები მართლაც უნიკალურ ცოდნასა და მომზადებას იღებდნენ. ეს ქვედანაყოფი დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს და უკვე რუსეთის უშიშროებას ემსახურება. ამ ერთ-ერთ ყველაზე დახურულ სტრუქტურას მრავალათწლეულიანი ტრადიცია აქვს და ამ ტრადიციას ლავრენტი ბერიამ დაუდო სათავე.
გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბალაშიხის სადაზვერვო-დივერსიული სკოლა რეკორდულად მოკლე დროში, სულ რაღაც ექვს თვეში აშენდა და კეთილმოეწყო. არა და ის საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. გარდა ამისა, ეს კვადრატი ბუნებრივადაც შესანიღბავი იყო და იქ ათასობით მოზრდილი ხე (ძირითადად, ფიჭვები და ნაძვები) დარგეს. უფრო დიდ სირთულეს სკოლის პედაგოგიური კოლექტივის დაკომპლექტება წარმოადგენდა, მაგრამ ამასაც წარმატებით „დაედგა თავი“. მასწავლებელ-ინსტრუქტორებს ბერია თავად არჩევდა და თითოეულ მათგანთან მრავალმხრივი, მრავალსაათიანი ინდივიდუალური საუბარი ჰქონდა. კურსანტთა პირველი ნაკადიც (100 რეკრუტი), ასევე, ლავრენტი ბერიამ შეარჩია იმავე მეთოდიკით, როგორც პედაგოგები და სასწავლო პროგრამის შექმნაშიც დიდი წვლილი შეიტანა. ბერიას დაჟინებული მოთხოვნით, აგენტ-უნივერსალებს ყველა თვისებასთან ერთად მხატვრობის ნიჭიც უნდა ჰქონოდათ. ეს კი იმისთვის იყო საჭირო, რომ დაინტერესებული ან საეჭვო ადამიანების პორტრეტები ზუსტად დაეხატათ და ცენტრში გადაეგზავნათ. ამ უნივერსალური მეთოდით საბჭოთა დაზვერვამ არაერთი ჯაშუშ-დივერსანტი აღმოაჩინა და გაანეიტრალა, რომლებიც საბჭოთა კავშირში ფარულად შემოაგზავნეს – ჩვენ მათი პორტრეტები უკვე გვქონდა. ჩვენს აგენტებს ასეთივე წარმატებით გადაჰქონდათ ქაღალდზე მტრის თავდაცვითი, საიდუმლო ობიექტები, რომელთა ფოტოგრაფირების საშუალება არ გააჩნდათ. ისინი მათ ზუსტ ნახატებს ცენტრში აგზავნიდნენ“...
სუდოპლატოვის მიერ აღწერილ მეთოდს თავად ბერია ჯერ კიდევ ბაქოს იატაკქვეშეთში მუშაობისას თავად იყენებდა. როგორც ცნობილია, ბერია მხატვრობის ნიჭით იყო დაჯილდოებული და როდესაც მან შემთხვევით ნახა და შეიტყო, რომ კონკრეტული პიროვნება მოსკოვში, სტალინის მოსაკლავად მიემგზავრებოდა, ბერიამ მკვლელის პორტრეტი, ძერჟინსკის გაუგზავნა კიროვის მეშვეობით და ტერორისტი დროზე გაანეიტრალეს... ასეთივე წარმატებით ხატავდა ბერია ბაქოს თავდაცვითი ნაგებობების სქემებს, რომლებიც წარმატებით აიღეს ბოლშევიკებმა ბაქოს აჯანყების დროს... ამგვარად, ბერიამ თავისი მრავალმხრივი ტალანტის წყალობით დიდი სარგებელი მოუტანა საბჭოეთს და ალბათ, უფრო მეტსაც იზამდა, ის ვერაგულად რომ არ მოეკლათ“.