№22 როგორ ავირიდოთ თავიდან ბუასილი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ბუასილი ამ საუკუნის პროგრესირებად დაავადებად მიიჩნევა. ამ დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია: გენეტიკური განწყობა, არასწორი ცხოვრების წესი, მჯდომარე დღის რეჟიმი, შეკრულობა, კუჭ-ნაწლავის არარეგულარული მოქმედება. ბუასილი უფრო მეტად მამაკაცებშია გავრცელებული.
ბუსილის რისკ-ფაქტორები:
* ყაბზობა, დიარეა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ორსულობა, მშობიარობა, ადგილობრივი სამკურნალო პროცედურების რეგულარული ჩატარება (მაგალითად, ოყნა და სხვა, მენსტრუაცია; ცხოვრების ადინამიკური, არააქტიური წესი; სპორტის შემდეგი სახეები: ცხენოსნობა, ძალოსნობა, მოტო-ველოსპორტი.
ბუასილს, ანუ ჰემოროიდულ დაავადებას, ახასიათებს გამწვავებების და კლინიკურად პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარე პერიოდთა მონაცვლეობა, მაგრამ ერთხელ დაწყებული პროცესი არ წყდება და თითქმის ყველა შემთხვევაში განიცდის კლინიკური სიმპტომატიკის პერმანენტულ პროგრესირებას.
მისი საერთო სიმპტომებია:
* სისხლდენა დეფეკაციის დროს და მის შემდეგ;
* კვანძების შეშუპება, თრომბოზი, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
* კვანძების გამოვარდნა, ჩაჭედვა, რომელსაც თან ახლავს ტკივილი;
* გამონადენი ლორწოს სახით;
* ანალური ქავილი კანის გაღიზიანებით, დერმატიტით;
* უხშირესად არის კომბინირებული ანალურ ნაპრალთან;
* სწორი ნაწლავის არასრული დაცლის უსიამოვნო შეგრძნება.
1 სადილის კოვზ ხმელ, წვრილად დაჭრილ კაკლის ფოთოლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენჯერმე (ეს გახლავთ სადღეღამისო ნორმა).
აადუღეთ 3 ლიტრი წყალი შემდეგ მასში გახსენით 200 გრამი შაბი. ქვაბს დააფარეთ სახურავი, სასურველია ხის. წყალი ოდნავ რომ შეგრილდება, გადაიღეთ სათლში და ზედ დააჯექით, რომ სათლიდან ამოსული ორთქლი უკანალს ხვდებოდეს. ამ პროცედურის დამთავრების შემდეგ საჭიროა სფინქტერსა და სწორ ნაწლავზე წაისვათ ვაზელინი და მიიღოთ რაიმე საფაღარათო საშუალება. მიზანშეწონილია, ამ მეთოდით მკურნალობა ჩატარდეს კვირაში ერთხელ. ავადმყოფის მოსარჩენად საკმარისია ორი-სამი პროცედურა.
ბუასილის სამკურნალოდ ეფექტური ხალხური საშუალებაა ქაცვის ზეთი. მისი მიღება უსაფრთხოა ორსულობის დროსაც, როდესაც სხვა ანტიჰემოროიდული საშუალებების გამოყენება არ შეიძლება.
ქაცვი მდიდარია ორგანული მჟავებით, მთრიმლავი ნივთიერებებითა და ვიტამინებით, შეუძლია დაზიანებული ქსოვილის რეგენერირება. აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედების უნარი, ხსნის ტკივილის შეგრძნებას, სისხლდენასა და დისკომფორტს. აჩერებს ჰემოროიდული კვანძების ზრდას. ქაცვის ზეთში შემავალი C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვების სიძლიერესა და ტონუსს. სისხლძარღვების კედლები წინააღმდეგობას უწევს დაჭიმვასა და დაზიანებებს, სისხლდენა ქრება, ახალი ჰემოროიდული კვანძები არ ჩნდება. მთრიმლავი ნივთიერება ამცირებს ანთებით პროცესს დაზიანებული სისხლძარღვების ადგილზე, აქრობს შეშუპებასა და ჰემოროიდული კვანძების ტკივილს. ქაცვის ზეთში შემავალი პოლიუჯერი ცხიმმჟავები აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიას (სისხლის დინების თავისებურებები) და ხელს უშლის მცირე მენჯის ვენებში მის შეგუბებას.
კარგი შედეგის მისაღებად ქაცვის ზეთი კომპლექსურად უნდა გამოიყენოთ: მიიღოთ შინაგანად და ადგილობრივად კომპრესის სახით – ჰემოროიდული ახალი კვანძების გაჩენის პროფილაქტიკისა და უკვე არსებულის გაზრდის შესაჩერებლად. ქაცვის ეფექტურობა გაიზრდება, თუ სპეციალურ დიეტას დაიცავთ, რომელიც მდიდარი იქნება ქატოს უჯრედისით, ბოსტნეულითა და ჩირით.
ქაცვის ზეთს გაღვიძებისთანავე, უზმოზე სვამენ. საკმარისია დღეში ერთი სუფრის კოვზი. საკვების მიღება ნახევარი საათის შემდეგ შეიძლება.
დაზიანებულ ადგილზე კომპრესის დადება ხელს უწყობს ჰემოროიდული კვანძების გაწოვასა და დაზიანებული სისხლძარღვების აღდგენას. კომპრესი უნდა დაიდოთ კვანძების წარმოქმნის ადგილზე და დღეში სამჯერ გამოიცვალოთ. ქაცვის ზეთში დასველებულ ბამბის ტამპონს დაზიანებულ ადგილზე მთელი ღამით ტოვებენ, რადგან პრობლემის ალაგმვისთვის წოლითი რეჟიმის დაცვა აუცილებელია. მკურნალობა სიმპტომების სრულ გაქრობამდე გრძელდება.