№22 როდის არ შეიძლება ღმერთისთვის და ადამიანებისთვის რაიმეს შეპირება
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
28 მაისს მართლმადიდებლური სამყარო მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. როგორია ამ დღესასწაულის არსი, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალაზე არსებული წმიდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).
– უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიაში სიარული ჩვენს ცვლილებას, გამოსწორებას, დამდაბლებას ნიშნავს, განკურნებას, განღმრთობას, ამაღლებას, სულთმოფენობას. ეს არის ქრისტიანული ცხოვრება, ვიცით, რომ გარდავიცვლებით, უკვდავებამისჯილები ვხდებით, მაგრამ ეს სად გაგრძელდება, არავინ იცის. ჩვენ, ყველამ ვიცით, რომ ბოლოს მოვკვდებით, მაშინ რატომ იტყუებთ თავს, რატომ ემალებით სიკვდილს. თქვენ გგონიათ, რომ სამოთხეში მოხვდებით, რადგან ქართველი მართლმადიდებელი ხართ, ან თანამდებობის პირი, ან სასულიერო პირი. არ არის ასე. ამიტომაც ქადაგებს ეკლესია: რა მდგომარეობაშიც მოგისწრებ, იმ მდგომარეობაში განგსჯიო. ჩვენ ყველანი საპყრობილეში ვართ, ჩვენი ვნებების საპყრობილეში. ჩვენს ცოდვებზე უნდა ვიტიროთ, რადგან საშინელებაა, როცა ადამიანს საკუთარი თავი კარგი ჰგონია და ამ დროს ცუდია ან, პირიქით, კარგი ადამიანია და ჰგონია, რომ ცუდია. მაცხოვრის ამაღლება დღესასწაულთა დღესასწაულია, რომელიც მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს გვაუწყებს. მაცხოვარი აღდგომიდან მეორმოცე დღეს ამაღლდა – ეს არის მისტიკური ციფრი.
– რატომ არის 40 მისტიკური ციფრი?
– 40 წლის განმავლობაში მოგზაურობდა ებრაელი ერი უდაბნოში, 40 დღე იმარხულა მაცხოვარმა, 40 დღე იმარხულა მოსემ. ეს ჩვენი სულიერი გამოცდისა და განსწავლის ციფრია. აღდგომიდან 40 დღის შემდეგ გაიყვანა მაცხოვარმა მოციქულები ზეთისხილის მთაზე. მისი ამაღლება მაინცდამაინც ელეონის მთიდან ხდება, იმ მთიდან, სადაც მაცხოვარმა ჯვარცმის წინ ილოცა მთელი კაცობრიობისთვის და, ასევე, საკუთარი თავისთვისაც. მაცხოვარი ამაღლებამდე ლოცულობს, აკურთხებს მოციქულებს, დალოცავს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ამაღლებას. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ყველა მხოლოდ მაშინ მაღლდება, ანუ, სულიერი ცხოვრებით განიცდის ამაღლებას, ფერისცვალებას, როცა სულიერ მოღვაწეობას ლოცვითა და კურთხევით იწყებს. ამის გარეშე არაფერი ხდება. მაცხოვარმა აღდგომით გამოიხსნა ადამიანები, მაგრამ, ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, უფალთან ბოლომდე შერიგება, კაცობრიობის სულიერი განვითარება მხოლოდ ამაღლების შედეგად გახდა შესაძლებელი. მაცხოვარმა თავისი ამაღლებით აღდგომაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი რამ მოიმოქმედა. რომ არა მაცხოვრის ამაღლება, მოციქულებისთვის დაპირებული კაცობრიობის ნუგეშისცემა, ადამიანების გამოხსნის საქმეც არ იქნებოდა დაგვირგვინებული, ბოლომდე მიყვანილი. უფალმა დაგვიტოვა მაგალითი იმისა, რომ ყველა ადამიანი ლოცვით, სწორი სულიერი ცხოვრებით, მაცხოვართან ერთად იწყებს ამაღლებას. როგორც მაცხოვარი ამაღლდა, ისევე ამაღლდება ადამიანიც. როგორც მოციქულებმა იხილეს, როგორ ამაღლდა მაცხოვარი ზეცად, ასევე, მთელი კაცობრიობა იხილავს მაცხოვრის მეორედ მობრძანებას. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ მეორედ მოსვლის წინ მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი მოვა. ისინი იტყვიან: „მე ვარ იესო ქრისტე“. გამოვლენ ტელევიზიით, პრესით, საჯარო თავშეყრის ადგილებში და მრავალ ადამიანს აცდუნებენ. ამიტომ გაგვაფრთხილა ეკლესიამ, რომ, როგორც მოციქულებმა იხილეს ხილული ქვეყნიდან ზეცად აღმავალი მაცხოვარი, ასევე, ყველა ადამიანი იხილავს ზეციდან მის დაბრუნებას. როდესაც მაცხოვარმა მოციქულები აიყვანა ელეონის მთაზე, დაასხა ხელი, მიჰბერა მათ სულიწმიდა, ანუ სამღვდელო მადლი და უთხრა: ვისაც მიუტევებთ ცოდვებს – მიეტევებათ, ვისაც არ მიუტევებთ – არ მიეტევებათო. ცოდვების მიტევება-არმიტევება ხდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიაში. სხვა ეკლესიები ამ ძალაუფლებას არ ფლობენ, რადგან ისინი გამოეყვნენ, განუდგნენ მართლმადიდებელ დედაეკლესიას.
– მამაო, ადამიანის ნებისმიერი საქციელი მის შინაგან თვისებებზეა დამოკიდებული?
– რა თქმა უნდა. თუკი მას ნამდვილად გონიერი, სათნო და სიკეთის მოყვარე სული აქვს, ეს მის ყოველ ნაბიჯში გამოჩნდება: გამოხედვაში, სიარულში, ხმაში, ღიმილში, საუბარსა და სხვებისადმი დამოკიდებულებაში. ასეთ სულში ყველაფერს კეთილსახიერი შეხედულება აქვს და ის გონებას კეტავს ბოროტი და სამარცხვინო ზრახვებისთვის. ჩვენი ცხოვრება წინ, უკეთესობისკენ რომ მიდიოდეს, უნდა ვიზრუნოთ გულის კულტურის ამაღლებაზე, რაც გულისხმობს ადამიანში ადამიანურობის გამოვლენას. ის არა მხოლოდ სიკეთის, სილამაზის მქონეა, რომლითაც დაგვაჯილდოვა შემოქმედმა, არამედ, ამ მარადიული ღირებულებების მთესველიც. თუ ადამიანი სხვისგან სამაგიეროს მოელის, ესე იგი, ის პატივმოყვარეობითა და დიდებისმოყვარეობით არის შეპყრობილი. ნუ შეჰპირდებით სხვებს რამეს, თუ მისი შესრულება არ შეგიძლიათ. ნურც უფალს შეჰპირდებით რამეს, რადგან, არ იცით, ხვალ რა მოგელით. თითოეული ადამიანი ნათლობის დროს უფალს აღუთქვამს, რომ ის განეშორება შურს, განკითხვას, სიძულვილს, ანგარებას, მკითხაობას, უსაქმურობას, ყოველივე ბოროტებას და იცხოვრებს ღვთისა და მოყვასის სიყვარულით. ქვეყნის შემოქმედს ადამიანის მხრიდან სხვა პირობა არ სჭირდება, ამ ყველაფრის დაცვა და მიღწევა კი მხოლოდ ეკლესიური ცხოვრებით, წირვა-ლოცვებზე დასწრებით, ეკლესიური წესების სწორი დაცვითა და შესრულებით არის შესაძლებელი.