კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ აუნთო ასანთი ჩარლი ჩაპლინმა აკაკი ხორავას სცენაზე ყოფნის დროს

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  გიორგი სააკაძე, ტარიელ გოლუა, არსენა, კარლ მოორი, ივანე მრისხანე, კაპიტანი ბერსენევი, სკანდერბეგი, მეფე ლირი, ოიდიპოსი, ოტელო... ეს აკაკი ხორავას მიერ შექმნილი სცენური და კინოსახეების არასრული სიაა, თუმცა მხოლოდ ოტელოს სახე რომ შეექმნა, მისი სახელის შარავანდედით შესამოსად ესეც იკმარებდა, რადგან ხორავას ოტელო მსოფლიო შექსპიროლოგიამ ნამდვილ შექსპირისეულ სახედ აღიარა.
  ... მამა – ალექსანდრე ხორავა იძულებული იყო, ქალაქში წასულიყო, რათა ოჯახი ერჩინა. იგი სახარაზო სახელოსნოში მუშაობდა, აკაკის აღზრდაზე კი, ძირითადად, დედა – კესარია შურღაია ზრუნავდა. ხელმოკლეობის მიუხედავად მამამ თავის ვაჟს განათლების მისაღებად ყველანაირი პირობა შეუქმნა. თავიდან ბიჭი სოფლის სკოლაში შეიყვანეს, შემდეგ კი, ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა ჯერ კიევის უნივერსიტეტში გააგრძელა, სამედიცინო ფაკულტეტზე, მერე კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მაგრამ არტისტობაზე ოცნებას თავი ვერ დაანება. მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში, მათ შორის, თბილისის მუშათა კლუბში, სახალხო თეატრში, რომელსაც იმ პერიოდში ცნობილი ქართველი დრამატურგი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანი ხელმძღვანელობდა... აკაკი ხორავამ მიაგნო თავის ჭეშმარიტ მოწოდებას და გადაწყვიტა, პროფესიონალი მსახიობი გამხდარიყო. გადაწყვეტილების განსახორციელებლად კი თბილისში, აკაკი ფაღავას ცნობილ სტუდიაში შევიდა. სტუდიის პედაგოგებმა მაშინვე შეამჩნიეს ახალგაზრდა მსახიობის განსაკუთრებული ნიჭი და, სხვათა შორის, რუსთაველის თეატრის დასში ჩასარიცხად რეკომენდაციაც მისცეს.
ოტელო
  პირველი როლი რუსთაველის თეატრის სცენაზე აკაკი ხორავამ შალვა დადიანის პიესაში („გეგეჭკორი“ – მოსამართლე ხეცია) ითამაშა. შემდეგ უკვე არაერთი საინტერესო სახე შექმნა თეატრსა და კინოში, მათ შორის, ვენეციელი მავრი – ოტელო, რომლის შესრულებამაც მსოფლიო სახელი მოუტანა... მას შემდეგ მსახიობის ყოველი გამოსვლა შექსპირისეული ვენეციელი მავრის როლში ხელოვნების ჭეშმარიტ დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ აპლოდისმენტები დიდხანს არ წყდებოდა, მაყურებელი საყვარელ მსახიობს თეატრის შესასვლელთან ელოდებოდა და ხშირად ახალგაზრდებს იგი ხელში აყვანილი მიჰყავდათ სასტუმრომდე... მავრის როლი მისთვის საყვარელი სცენური სახე და ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. აკაკი ხორავას ოტელოს წლების განმავლობაში აღტაცებაში მოჰყავდა მსმენელი და მაყურებელი. 1947
წელს ჟურნალი „პრავდა“ წერდა: „აკაკი ხორავამ ოტელოს როლში მიაღწია მწვერვალს, სადამდეც მსოფლიო თეატრალურ ისტორიაში ცოტა თუ ასულა“. ხორავა-ოტელოს განუმეორებლობა 1949 წელს ლონდონში შექსპირის იუბილესთან დაკავშირებულ ფესტივალზეც გაცხადდა (ავტორი თ. ოთიაშვილი): მსახიობმა სცენაზე მონოლოგი წაიკითხა „ოტელოდან“. დარბაზში სრული სიჩუმე ჩამოვარდა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ხორავას წაკითხული მონოლოგი ცუდად იყო შესრულებული. „ვიდექი გაოგნებული, ვერ გამეგო, რა ხდებოდა ჩემს თავს, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა… ჩავთვალე, რომ არ გამომივიდა. ამ დროს დგება ჩარლი ჩაპლინი, რომელიც კომისიის თავმჯდომარე იყო, გაჰკრავს ასანთის ღერს და აანთებს. კომისიის დანარჩენი წევრებიც იმავეს აკეთებენ. დარბაზიც მათ მიბაძავს. თურმე, ეს მათი შეფასების უმაღლესი გამოხატულება ყოფილა, მე ამის შესახებ არაფერი ვიცოდი“, – იხსენებდა შემდგომში თავად აკაკი ხორავა.
გიორგი სააკაძე
  მაყურებელს დღემდე აღაფრთოვანებს მისი გიორგი სააკაძე – ერთ-ერთი საუკეთესო კინოროლი აკაკი ხორავას კინოშემოქმედებაში, რომელიც ომის წლებში შეიქმნა. სხვათა შორის, მან ეს როლი თეატრშიც ითამაშა ს. შანშიაშვილის პიესაში „გიორგი სააკაძე“. სწორედ ამ პიესის წარმატებამ დააჩქარა ფილმის გადაღების საკითხი აღნიშნულ თემაზე. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ გიორგი სააკაძის როლს აკაკი ხორავა ითამაშებდა, თუმცა ვის სცენარს (ორი პარალელური სცენარი იქმნებოდა – ერთს გიორგი ლეონიძე წერდა, მეორეს – ანა ანტონოვსკაია და მისი ვაჟი ბორის ჩორნი) მიენიჭებოდა უპირატესობა, ეს სტალინს უნდა გადაეწყვიტა. სტალინის გადაწყვეტილება ანა ანტონოვსკაიასა და ბორის ჩორნის სცენარზე შეჩერდა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ სტალინმა თავისი სახელობის პრემია სწორედ აკაკი ხორავას გამო დააწესა და 1946 წლის 26 იანვარს პირველი ხარისხის სტალინური პრემიის ლაურეატები გახდნენ: ფილმის რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, დამდგმელი ოპერატორი ალექსანდრე დიღმელოვი და მთავარი როლების შემსრულებლები – აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე და სერგო ზაქარიაძე. გიორგი სააკაძე აკაკი ხორავას კინოშემოქმედებაში გამორჩეული პერსონაჟია, თუმცა თვითონ ხორავას დიდი მოურავის როლი მაინცდამაინც არ უყვარდა. მისი საყვარელი როლი უფრო ალბანეთის სახალხო გმირი სკანდერბეგი იყო. ამ როლზე მუშაობა ალბანეთის ისტორიის გაცნობით დაიწყო და ყველა დეტალს, ხელის მოძრაობასაც კი უდიდეს ყურადღებას უთმობდა. მაყურებლისთვის ხორავა სკანდერბეგის ნამდვილი სახე გახდა. ეს ორი სახელი ალბანელებისთვის იმდენად გაიგივდა, ძეგლი აკაკი ხორავას პორტრეტის მიხედვით გამოძერწეს და ზედ წააწერეს: სკანდერბეგ-აკაკი ხორავა.
...სიცოცხლის ბოლო ათწლეულში აკაკი ხორავა მძიმედ დაავადდა – მსახიობს ლიმფური ჯირკვლების კიბო აღმოაჩნდა. რვა წელი ებრძოდა იგი ავადმყოფობას, მაგრამ მაინც თეატრსა და თეატრალურ ინსტიტუტზე ფიქრობდა, ინსტიტუტში მომხდარი ყველა ამბის საქმის კურსში იყო და სურდა, მის ყოველდღიურობაზე ეზრუნა, უნდოდა, მეცადინეობაზე მისულიყო… შეიძლება ითქვას, რომ ბოლომდე ძლიერ, მამაც ადამიანად დარჩა. როდესაც გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მეგობრებმა ალერსიანად ჰკითხეს, რა საჩუქარი მიეძღვნათ მისთვის, მან დაუფიქრებლად უპასუხა – „სიცოცხლე!”.
***
დღეს, ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ გენიალური მსახიობი აკაკი ხორავა ნამდვილად გადაურჩა დაპატიმრებას. შემთხვევა უკრაინაში მოხდა, როდესაც ახალგაზრდა ქართველმა უკრაინაში ვლადიმირის მონასტერთან გამართულ მიტინგში მიიღო მონაწილეობა: „უკრაინის უმაღლეს სასწავლებლებში ბევრი ქართველი ახალგაზრდა სწავლობდა. პროგრესულად განწყობილ სტუდენტებს სახელი – ტარას შევჩენკო გვაერთიანებდა. მაგონდება, ვლადიმირის მონასტერთან, მოედანზე უამრავი სტუდენტი შეიკრიბა (წყარო: artinfo.ge). მიტინგი დანიშნულ დროს დაიწყო, ორატორები მოედნის სხვადასხვა კუთხეში მგზნებარე სიტყვებს წარმოთქვამდნენ. პოლიციის შემოტევას, რასაკვირველია, ველოდით, ამიტომაც
სტუდენტთა მებრძოლი რაზმელები ფხიზლად იდგნენ სადარაჯოზე. უცებ საიდანღაც სიმღერა მოისმა. მღეროდნენ „რევე და სტოგნეს“. მთელი მოედანი მღეროდა, ამ სიმღერას მოჰყვა „იაკ უმრუ ტო პოხოვაიტი“. ეს სიმღერები ჰიმნივით გაისმა, სტუდენტები შთაგონებით, ექსტაზით მღეროდნენ, თვალები უბრწყინავდათ. უცებ გამოჩნდნენ კაზაკები და ცხენოსანი პოლიცია. ისინი ბევრნი იყვნენ, ძალიან ბევრნი და მიტინგის ასამდე მონაწილე პოლიციაში წაიყვანეს. დაპატიმრებულები არ დანებდნენ, სიმღერა ჰიმნივით, მოწოდებასავით ქუხდა საპოლიციო განყოფილების ცივ კედლებში. დაიწყო ფულის შეგროვება წითელი ჯვრის ფონდისთვის. მე ჯგუფხელი ვიყავი, ფულს მე ვაგროვებდი. იგი პოლიტიკური პატიმრებისთვის გვინდოდა. პოლიციასთან წრე შეიკრა. მათ თანდათანობით ემატებოდა ხალხი. შეკრებილნი ჩვენს გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მათ არწმუნებდნენ, რომ მალე გაგვათავისუფლებდნენ. ხალხი მაინც არ იშლებოდა, მაშინ პოლიციის ოფიცრებთან გამოძახება დაგვიწყეს. დაკითხვაზე გასულები უკან აღარ დაბრუნებულან. ხალხი აღშფოთდა, მეც გამომიძახეს. მაგიდასთან შუახნის ოფიცერი იჯდა. სკამი შემომთავაზა, დავჯექი. მშვიდად ლაპარაკობს, არ ჯავრობს, თითქოს არაფერიც არ მომხდარა, რომელიღაც ფურცელს კითხულობს:
– თქვენ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ხართ?
– დიახ.
– გვარი? სახელი? მამის სახელი?
– ხორავა აკაკი ალექსის ძე.
– რა ეროვნებისა ხართ?
– ქართველი ვარ.
– მე ვყოფილვარ საქართველოში. თქვენ არ გავხართ ქართველს.
– რა ვქნა, ასეთი დავიბადე.
– მითხარით, გეთაყვა, რისთვის ჩამოხვედით კიევში? სასწავლებლად არა?
– დიახ, სასწავლებლად.
– თუ სწავლა გნებავთ, ისწავლეთ, რა საერთო გაქვთ შევჩენკოსთან, უკრაინასთან, რას მიედ-მოედებით?
მე გული მატკინა ამ სიტყვებმა, გავბრაზდი, მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი ახალგაზრდა ვიყავი.
– რას ჰქვია მივედ-მოვედები? შევჩენკო ჩვენი ხალხის დროშაა, როცა მე ვიბრძვი შევჩენკოსა და უკრაინისთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მე ვიცავ ჩემს სამშობლოს, ჩემს საქართველოს, მის კულტურასა და ისტორიას. ჩვენ სხვადასხვანი ვართ ეროვნებით, მაგრამ ერთნი ვართ სულით, მიზანსწრაფვით, უკრაინელები ჩვენი ძმები არიან, უკრაინის სახით მე საქართველოს ვხედავ, მის ბრძოლას, ჩემი ხალხის ბრძოლას!
ოფიცერი ჩაფიქრდა:
– თქვენ ვერა გრძნობთ, რომ ამით საქართველოს ვნებთ. ეჰ, ახალგაზრდობავ, ახალგაზრდობავ! როდის მოხვალთ გონს?
– მე აქ იმას ვაკეთებ, რასაც იქაც გავაკეთებდი, საქართველოში რომ ვყოფილიყავი.
კვლავ ხანგრძლივი პაუზა. ქუჩაში ხმაური არ წყდებოდა.
– ამჯერად გათავისუფლებთ, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხართ, სტუდენტი, ცხოვრებას არ იცნობთ, ისწავლეთ და კარგად იფიქრეთ, თუ რა გაქვთ საერთო თქვენ – ქართველს და უკრაინელებს. ფრთხილად იყავით, სხვა დროს აღარ ჩავარდეთ. წადით!
მე არ მოველოდი საქმის ასე შემობრუნებას! როდესაც გარეთ გამოვედი, დავინახე, რომ ყველა გაეთავისუფლებინათ, ვინც დაკითხვაზე გამოეძახებინათ. მე კარგად ვიცოდი, ეს პოლიციის ტაქტიკა იყო, მათ არ უნდოდათ, გაერთულებინათ საქმე. ვგრძნობდი, რომ ბევრ ჩვენგანს ღამით თითო თითოდ დააპატიმრებდნენ. იმავე საღამოს მეგობრების რჩევით ჟიტომირს გავემგზავრე. ღამით კი ჩემი ოთახი გაეჩხრიკათ. ამ დღის შემდეგ მე კიდევ უფრო შევიყვარე უკრაინა, შევჩენკო, მე მისი ინტერესებით, მისი ბრძოლით ვცხოვრობდი.”

скачать dle 11.3