№22 რით ჰგავს და განსხვავდება რუსეთის ჩარევა დე-ფაქტო აფხაზეთის საშინაო საქმეებში აშშ-ს დამოკიდებულებისგან საქართველოსადმი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით, ოკუპაციის შემდგომ შფოთავს, რომ კრემლი აქტიურად ერევა ჩვენი სეპარატისტული რეგიონების შიდა საქმეებში, თუმცა ბოლო სეპარატისტულ „არჩევნებში“, ისევე, როგორც, საერთოდაც, ამ ბოლო დროს აშკარაა, რომ მოსკოვმა საბელი მოუშვა და აფხაზ სეპარატისტებს შედარებითი თავისუფლება მისცა, იმის პარალელურად, რომ უკვე ათ წელზე მეტია, ვერ ახერხებს, დააკანონებინოს აფხაზეთში კერძო საკუთრების, მათ შორის, მიწის გაყიდვის წესი. ამასობაში კი ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა აშშ-სა და ევროკავშირში ლამის პირდაპირი დირექტივა მოგვცეს, რომ, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნებს, საქართველო არათუ დახმარებას ვერ მიიღებს, რევოლუციასაც გამოჰკრავს ხელს (ის კიდევ სხვა საქმეა, რომ რევოლუციას ხალხიც ესაჭიროება, ავანსცენისთვის მაინც) და ეს, ბუნებრივია, დემოკრატიის ზეობის მოტივითაა შეფუთული. რა გაკვეთილი ჩაატარა დასავლეთმა და რა შედეგი შეიძლება, გამოიღოს ამან დემოკრატიისა თუ დასავლური არჩევნის სასარგებლოდ და საზიანოდ? – ამ თემას მამუკა არეშიძესთან ერთად განვიხილავთ.
– ჩვენ ვიცით, როგორ იქცევა რუსეთი, თუ მის ინტერესს არ აკმაყოფილებ, ჩვენ არ ვიცოდით და არ ვიცით, როგორ იქცევა და მოიქცევა დასავლეთი, თუ მისი ინტერესი მოითხოვს და რამე არ მოეწონება. სწორედ ამას ვუყურებთ ახლა? ახალ ამპლუაში გავიცანით სტრატეგიული პარტნიორები და, საერთოდაც, არის ეს პარტნიორობა?
– ამ კითხვას რომ სვამთ, ალბათ, ახმოვანებთ საზოგადოების საქმეში ჩაუხედავი ნაწილის კითხვას, იმიტომ რომ ნებისმიერი მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე, როგორებიც არიან აშშ და რფ, ჩინეთი თუ სხვა, ერთი და იგივე მეთოდოლოგიით მუშაობს, განსხვავებაა ნიუანსებში. მართალია, ეს ნიუანსები ძალიან მნიშვნელოვანია: რუსი ტანკითა და ზარბაზნით მოქმედებს, ამერიკელები – ფულითა და იდეოლოგიით, ასევე, ჩინეთიც, მაგრამ არსი ერთნაირია. ქვეყნებში, რომლებსაც ისინი „პატრონობენ“, ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორც ისინი მიიჩნევენ დაჭიროდ, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ამერიკელები ყოველთვის ამჯობინებდნენ დელიკატურობას.
– დიახ, მე მესმის, რომ ყველას აქვს თავისი ინტერესი და არავინ იბრძვის შენი ბედნიერებისთვის და არც ფულს ხარჯავს, მაგრამ სწორედ ურთიერთობის ფორმა იყო დასავლეთის სავიზიტო ბარათი, მათ შორის, რითაც მხიბლავდა მეც. ფორმას რატომ გადაუხვიეს?
– ეს ძალიან საინტერესო შემთხვევაა და განპირობებულია იმ მუხლჩაუხრელი შრომით, რაც გასწიეს, ეგრეთ წოდებული, „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის მხარდამჭერებმა და ეს არის იმ უმძიმესი შეცდომების ბრალი, რაც „ოცნებამ“ დაუშვა 2012 წლიდან დღემდე. უპირველესად, ისინი დაჰყვნენ დასავლეთის კოჰაბიტაციის „რჩევას“, შემდეგ ამას მისცეს ძალიან ცუდი ფორმა: კოჰაბიტაციის პირობებში შეარჩიეს ის ხალხი, რომლებიც თანამშრომლობდნენ წინა ხელისუფლებასთან და იქ იყვნენ მონა, ამ მონური ფსიქოლოგიის ადამიანები „გადმოიბირეს“. ეს კი ის ხალხია, რომლებისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ხელისუფლებაში, მთავარია, თვითონ იყვნენ თანამდებობებზე. ანუ ეს არის ამ კოჰაბიტაციისა და „ნაციონალური მიძრაობის“ მხარდამჭერების მუშაობის შედეგი აშშ-ში. ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურაა სენატორი კრუზი და სენატში პირადად ტრამპის ერთ-ერთი საყრდენია, აქედან გამომდინარე, მის მიერ მოცემული შენიშვნა, ფაქტობრივად, აშშ-ის ადმინისტრაციის შენიშვნაა, მაგრამ აი, ამ ფონზე უაღრესად სუსტ პოლიტიკოსად გამოიყურება თავად კრუზი იმ წერილით, განსაკუთრებით, „ფრონტერას“ ნაწილში. საერთაშორისო არბიტრაჟმა დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ დაარღვია პირობები და შეფასებულია მისი დანაშაულებრივი ქმედებები. მიუხედავად ამისა, სენატორი სხვა რამეს წერს. ეს ნიშნავს, რომ ნამუშევარია ლობისტური ჯგუფების, პირადი კონტაქტებით და შედეგიც არის ის, რაც ვიხილეთ. „ქართულმა ოცნებამ“ კი, კოჰაბიტაციის პარალელურად, არც ლობისტური ჯგუფების დაქირავება მოინდომა, არადა დღევანდელი მსოფლიო პოლიტიკა უმეტესწილად ლობისტებით იმართება. ასეთი ლობისტური ჯგუფების არარსებობის გამო ვიწვნევთ უფრო მეტ დანაკარგს, ვიდრე ლობისტების დაქირავებაში გადახდილი ფული შეიძლება, ყოფილიყო. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ კომუნისტების დროსაც არ ხდებოდა ასე, კომუნისტების დროს უარესი ხდებოდა... საქმე ის იყო, რომ იმ პერიოდში საქართველოსა და ქართველებს უამრავი ლობისტი ჰყავდათ მოსკოვში. ეს არ იყო კლასიკური ლობიზმი, მაგრამ ლობისტები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ქართულ საქმეებს „აგვარებდნენ“ მოსკოვში და ძალიან ბევრი პრეფერენცია ჰქონდა საქართველოს სწორედ ამ ადამიანების მუშაობის შედეგად. მაშინაც ასე კეთდებოდა და ახლაც ასე კეთდება საქმე, უბრალოდ, დღეს ამას ოფიციალური სახე აქვს, ხელშეკრულებებით. ლობისტების გარეშე პოლიტიკა არ კეთდება და ეს ასეა ძველი საბერძნეთიდან და რომიდან მოყოლებული.
– ლობიზმის ამბავი მესმის, მაგრამ თქვენც ამბობთ, რომ ძალიან გავლენიანი სენატორი ძალიან უხერხულად გამოიყურება „ფრონტერას“ ნაწილში. რაც უნდა ემუშავათ ლობისტებს, სიცრუის სიმართლედ გასაღება, ანუ შავის – თეთრად, ნორმალურია? ჩვენ ადამიანები არ ვართ?
– ეს იმპერიის აზროვნების წესია. როდესაც არსებობს იმპერიის ამოცანები და მიზნები, კონკრეტული პატარა ერის ინტერესები არ არის მთავარი. გეტყვით, რა მოხდა: წერილი ორნაწილიანი იყო, ერთ ნაწილზე იმუშავა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მეორეზე – „ფრონტერამ“. ამ ლობისტურ ჯგუფებს ამოძრავებდათ ერთადერთი ამოცანა: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების დასჯა. ესე იგი, „ფრონტერას“ ნაწილზე მომუშავე ჯგუფებმა სრულიად სხვა ინფორმაცია მიაწოდეს აშშ-ის სენატს. კონკრეტული სენატორი ეყრდნობა ამ ლობისტური ჯგუფის სანდოობას და შესაბამის განცხადებებს აკეთებს. თუ ის დარწმუნდება, რომ კონკრეტულმა ლობისტურმა ჯგუფმა მოატყუა, ის მათთან აღარ ითანამშრომლებს, მაგრამ აქ „ფრონტერას“ დაცვა არ არის საქმე, ვითომ ამერიკის ბიზნესი შევიწროვდა და, შესაბამისად, აშშ-ის ინტერესები დაზარალდა. აი, ეს სიტყვები დარჩება გზავნილად, ამას უკან ვერ წაიღებს, რადგან ეს სენატორის არასერიოზულობას გაუსვამს ხაზს. თუმცა დარწმუნებული ვარ, „ფრონტერას“ აღარ ახსენებს ის ორიოდე კვირის შემდეგ, მაგრამ ამერიკის ინტერესების ხელყოფაზე ილაპარაკებენ. მე უფრო ის მაინტერესებს, რა ინფორმაცია მიუვიდა ირან-საქართველოს ფარული ურთიერთობის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციას, მათ შორის, სენატს და რა მოხდა რეალურად. ეს ამბავი ჩვენ არ ვიცით და ძალიან საინტერესოა პირადად ჩემთვის. ამიტომ ვერც დადებითად შევაფასებ და ვერც უარყოფითად კრუზის განცხადების ამ ნაწილს.
– თუმცა მე არ მგონია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასა და სენატს რამე იმაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისვლოდათ ირან-საქართველოს ფარულ ურთიერთობაზე, თუ ასეთი ურთიერთობა მართლაც არის, რაც რეალურადაა თურქეთ-ირანს, აზერბაიჯან-ირანს შორის, მაგრამ მათ წერილებს არც არავინ სწერს და არც ემუქრებიან?
– რასაკვირველია... რაც საქართველოში ხდება, ათჯერ იმაზე უარესი ხდება აზერბაიჯანში, თუ აშშ-ის ინტერესების შეზღუდვაზეა ლაპარაკი. მაგრამ აზერბაიჯანი არის ენერგორესურსების მფლობელი ქვეყანა და მასთან სხვანაირ ლაპარაკს არჩევენ ხოლმე ამერიკელი კანონმდებლები. მათთან საუბრისასაც გამოურევენ ხოლმე სიმკვახეს, მაგრამ ისეთი ფორმით, როგორც ჩვენ, არ დალაპარაკებიან.
– ქართული სახელმწიფოს ეს დამცირება სტრატეგიული მოკავშირის მიერ და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხელისუფლებისადმი სიმპათია-ანტიპათიას, როგორ შეიძლება, გამოიყენონ რუსეთმა, თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ირანმა, საერთოდ, ნებისმიერმა სახელმწიფომ, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს მტრულ-მოყვრულ-ნეიტრალური ურთიერთობა? მათ ინტერესებზე როგორ დაასხა ამან წყალი?
– ძირითადად, ნიშნის მოგების, რუსეთის გარდა. ვეცნობი ამ განცხადებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანისა და რუსეთის პრესას. აზერბაიჯანელები ფაქტის კონსტატაციას ახდენენ, თუმცა იგრძნობა გარკვეული ნიშნის მოგება, რუსები კი ასეთნაირად აფასებენ, ხომ გეუბნებოდითო. ეს არ არის სახუმარო. მე არ ვგულისხმობ კუბილიუსის არადიპლომატიურსა და არა კორექტულის გამოხდომას 500 მილიონის შესახებ – ვინ ეკითხება კუბილიუსს?! მაგრამ აშშ-ის ადმინისტრაციის ასეთი აზრი საქართველოს დღევანდელი ხელისფლების შესახებ არის ძალიან ცუდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მთავარი დამნაშავე ამაში მაინც საქართველოს ხელისუფლებაა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ უსინდისოდ იმუშავა. ოპოზიციის ნამუშევარი როგორია, იცით? თუ მე არ ვიქნები ხელისუფლებაში, ამ ქვეყანაში ქვა ქვაზეც არ დარჩენილა. ეს არის ოპოზიციის აშკარა გზავნილი ხელისუფლების შეცდომებზე და, დანაშაულებზე კი უკვე გითხარით.
– ყველას თავისი ინტერესი აქვს ამ სქემაში, ხელისუფლებას, ოპოზიციას, აშშ-ის სენატორებს, რუსეთს და სხვა, მაგრამ მე ის მაინტერესებს, პრორუსული განწყობების გაძლიერებას ხომ არ გამოიწვევს დასავლეთის ასეთი ქმედება? მოტივით, თუ ორივემ უნდა გვირტყას, რა განსხვავებაა მაშინო?
– საქართველოში ორგანიზებული პრორუსული განწყობების შექმნა ძალიან რთულია. ყველა ვხედავთ ოკუპაციას. მავთულხლართები რომ არ იყოს გავლებული შიდა ქართლში, კიდევ რაღაცას ივარაუდებდა ადამიანი, მაგრამ ეს თემა იმდენად მგრძნობიარეა, რომ პრორუსულად განწყობილ ადამიანებს ხელს უშლის აქტიურობაში. ასე რომ, როგორც უნდა იმუშაოს რუსულმა რბილმა ძალამ, შედეგი მაინც იქნება ფრაგმენტული და უმნიშვნელო.
– გაჩნდა ეჭვიც, სულ რომ ანგელოზი იყოს ქართული სასამართლო, მაინც იმავეს მოითხოვდა აშშ-დან ის, ვინც მოითხოვა. რომ აქ ობიექტური სასამართლო კი არ აინტერესებს ვინმეს, არამედ ლობისტს – ფული, რომლის აღებაც უნდა გაამართლოს. ანუ მთავარია, ვინ გადაიხდის მეტს?
– ეს ფაქტორიც არსებობს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს გადამწყვეტია. ჩვენი საუბარი აბსოლუტურად ლოგიკურია, მაგრამ მე არ მინდა, რომ გადაიფაროს ის შეცდომები, რომლებიც დაუშვა ხელისუფლებამ. 2016 წლამდე გვყავდა ადამიანი, ვინც ძალიან მარტივად ახერხებდა სწორი ამბის მიტანას აშშ-ის ადმინისტრაციისთვის. ეს იყო თედო ჯაფარიძე. როგორ შეიძლებოდა, ასეთი ადამიანის დაკარგვა?! ვიღაც პატარა, გამოუცდელი ბიჭების იქ ჩასვლასა და ლაპარაკს შედეგი არ მოაქვს. და ბევრია ასეთი ადამიანი, რომლებიც გარიყეს.