№22 „ტყემ მოისხა ფოთოლი“
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ არ ემეტებათ?
ჩვენს ქვეყანაში ისიც კი მოხდა, რომ საზღვრის გასწვრივ ხელშეუხებელი 5-კილომეტრიანი ზონა წლიდან წლამდე, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე მცირდებოდა-მცირდებოდა და, საბოლოოდ, 500 მეტრამდე იკლო. თუ გავითვალისწინებთ, რომ საზღვარი დაუდგენელი გვაქვს ოთხიდან სამ მეზობელთან (იმ ერთ დადგენილ თურქეთთანაც იმის გამო, რომ სსრკ-ის საზღვარი გადიოდა), საქმე მთლად გულის დასამშვიდებლადაც ვერ გვაქვს (ან კი როგორ გვექნება, როდესაც სამივე მეზობელი აქეთაა შემოჭრილი და ალაზანი რომ ალაზანია, ისიც კი გვართმევს ტერიტორიას აზერბაიჯანის სასარგებლოდ, იმიტომ რომ კალაპოტს იცვლის).
უფრო მეტიც, საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთში ზემონახსენები არც ის 500-მეტრიანი ზონაა დაცული და, თქვენ წარმოიდგინეთ, საზღვარია გაყიდული, ანუ კერძო საკუთრებაა (იმედია, განმარტება არ სჭირდება, რა სირთულე შეიძლება, წარმოშვას ამ ფაქტებმა).
სხვათა შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე განიხილებოდა საზღვრისპირა მიმდებარე ტერიტორიების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემა, რაც ვერ მოხერხდა, არადა, დამეთანხმებით, საზღვრის დაცვის უეფექტურესი საშუალება იქნებოდა.
თუმცა სულ ახლახან საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები ტყის კოდექსში, რის მიხედვითაც, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებად გადაეცემა ტყის მასივები. კერძოდ, საპატრიარქოს შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და საკუთრებად დაიკანონოს. შესაბამისად, ეკლესია ვალდებული იქნება, აღადგინოს ტყე, მოუაროს მას და, რაც მთავარია, გადაარჩინოს (ჩვენგანაც და სხვისგანაც).
ბუნებრივია, კანონპროექტს მოწინააღმდეგეებიც ჰყავს (პათოსით: ვაი, რა ტყეს ვკარგავთო). თუმცა დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ტყის მასივებს მხოლოდ ის ეკლესიები თუ შეისყიდიან, რომლებიც დაუსახლებელ ადგილებშია, შესაბამისად, იმ ტყეს არც პატრონი ჰყავს და ის შესაძლოა, სულაც, უცხო ქვეყნიდან გამოუჩნდეს (საქართველოს მთიან ადგილებში, საზღვრისპირად, ეშმაკმა თუ იცის, რამდენ მიწას ვკარგავთ, იმიტომაც, რომ რეგიონში საქართველო ყველაზე მეჩხრად დასახლებული სახელმწიფოა, ანუ მიწის მსურველი ბევრია, შესაბამისად, ტყისაც).
თუ გავიხსენებთ, რომ საპატრიარქოსთვის ტყის მიყიდვის დაკანონებას, ძირითადად, ისინი აპროტესტებენ, რომლებიც იზიარებდნენ კახა ბენდუქიძის იდეას ტყე-მდინარეების გაყიდვის შესახებ, ვითომ ეს სა-უცხო-ო ტყე-ველი მხოლოდ უცხო-ელებისთვის ემეტებათ?!