№22 მე, რობოტი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ან იქნებ კიბორგი?!
კორონა იქით იყოს და არანაკლებ სტრესული აღმოჩნდა ამის პარალელურად გავრცელებული ამბები დაჩიპვის, იძულებითი ვაქცინაციისა თუ ტვინისთვის ხელოვნურად ტელეპათიის ნიჭის გახსნის შესახებ.
ამასობაში კი გავარკვიეთ, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში შვედეთის 3 ათასამდე მოქალაქეს სხეულში მიკროჩიპები უკვე ჩაუნერგავს. კერძოდ, ეს ბრინჯის მარცვლისოდენა მოწყობილობა ადამიანის ხელში შპრიცის დახმარებით შეჰყავთ და მასზე დატანილია მომხმარებლის პირადი მონაცემები, საბანკო რეკვიზიტების ჩათვლით, ასრულებს ელექტრონული გასაღების როლს და მფლობელს მისი გამოყენებით სამსახურში ან სპორტულ დარბაზში შეუძლია შესვლა.
ოღონდ, ოპონენტთა თქმით, მეტად იოლია ამ ხელში ჩანერგილი მიკროჩიპიდან პერსონალური მონაცემების მოპარვა, მაგრამ შვედებს ეს საფრთხეც კი ვერ აბრკოლებთ, იმიტომ რომ თავიანთ სახელმწიფოს ენდობიანო.
საკუთარი სახელმწიფოს ნდობა იქით იყოს და, უცხო სახელმწიფოებისთვის, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ამ სამყაროში ყველაზე დიდი ფასი ინფორმაციას აქვს. ასეა თუ ისე, საკითხი (ზედმეტი ჩაღრმავების გარეშეც), ჩემი აზრით, მარტივია: მანქანა ჯობია თუ ადამიანი?!