№21 სად აღმოჩნდნენ სულ სხვა რეალობაში თინი გალდავა და ნიკა ჩხაიძე და რატომ ეძებდნენ ისინი გურიაში ცხოველებს მანქანით
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
თინი გალდავამ და ნიკა ჩხაიძემ თვითიზოლაციის რთული დღეები გურიაში, სოფელ წითელმთაში მხიარულად გაატარეს და სოციალურ ქსელში არაერთი პოზიტიური ვიდეო გამოაქვეყნეს, სადაც მათი ყოველდღიურობა იყო ნაჩვენები. წყვილი თბილისში დაბრუნდა და გურიაში გატარებულ დღეებზე გვესაუბრა.
თინი: ვიდრე ქალაქები ჩაიკეტებოდა, მანამდე გადავწყვიტეთ წასვლა. ნიკას გურია ძალიან უყვარს, დიდი სურვილი ჰქონდა, რომ იქ დაესვენა. თან, პანდემიის გამო თეატრიც დაკეტილი იყო და სხვა მხრივაც არ ვიყავით დაკავებული.
ნიკა: აღდგომამდე წავედით და ვაპირებდით, რომ დღესასწაულისთვის ჩამოვსულიყავით. მერე უკვე, ამ მოვლენებიდან გამომდინარე, დარჩენა გადავწყვიტეთ. საზღვრების ჩაკეტვა როცა დააანონსეს, შეგვეძლო წინა დღით წამოვსულიყავით, მაგრამ იქ ვამჯობინეთ ყოფნა. მე და თინი უკვე მეხუთე წელია, ერთად ვართ, მაგრამ მთელი ხუთი წელი რომ გადავაბათ, ასე დასასვენებლად ამდენი ხანი ერთად არ გაგვიტარებია.
– როგორც თქვენი ვიდეოებიდან ჩანს, იქაურ საქმეებშიც აქტიურად იყავით ჩართულები.
– შეძლებისდაგვარად ჩავერთეთ იქაურ ყოფაში, გაზაფხულზე არასდროს ვყოფილვარ ამდენი ხნით, მხოლოდ 2-3 დღე ჩავდიოდი ხოლმე. ზაფხულში კი ვისვენებდი, მაგრამ ეს ის პერიოდია, როცა უკვე მოსავლის აღებას ელოდებიან. ახლა კი საგაზაფხულო საქმეები იყო – მზადება, ხილის გასხლვა, ხეხილის დარგვა, მიწის დამუშავება და ასე შემდეგ. რაც შეგვეძლო, ჩვენც გავაკეთეთ.
თინი: სხვათა შორის, აღნიშნეს, არ გვეგონა, ნიკა ასეთი მშრომელი ბიჭი თუ იყოო (იცინის).
– პანდემიასთან დაკავშირებული პანიკა გურიაში ნაკლებად იგრძნობოდა?
– სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდით. რაც უნდა დიდი პრობლემა გქონდეს, იქ ყველაფერს მარტივად გადაიტან. ისეთი ჰაერი და ბუნებაა, ისეთი სილამაზეა, რომ დაღონებისა და ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლება არ გეძლევა. დიდი შვება ვიგრძენი გურიაში ყოფნისას, სოფელი ასეთ სიტუაციაშიც კი აქტიურია. თბილისში პანდემიისას ყველა სახლშია ჩაკეტილი, გურიაში ეს არ იგრძნობოდა, ცხოვრება ისევ ისე გაგრძელდა, როგორც მანამდე, რადგან ხალხს საქონელი ჰყავს და მიწაზე მუშაობენ. ადამიანი ჭეშმარიტებას, სიმშვიდესა და ჰარმონიას საკუთარ თავთან მაშინ პოულობს, როცა ბუნებასთან ძალიან ახლოს არის. ამიტომ მგონია, სოფელში ადამიანები უფრო ბედნიერები არიან.
ნიკა: რაღაც შეზღუდვები იქაც ჰქონდათ, მაგრამ ეზო გაძლევს იმის საშუალებას, რომ წახვიდე და გააკეთო შენი საქმე. იქ საერთოდ ვერ ვხვდებოდით, რეალურად რა ხდებოდა. თბილისში რომ ჩამოვედით გამიჭირდა კიდეც იმ მხრივ, რომ ყველაფერზე დეზინფექცია უნდა გაიკეთო და გარკვეული წესები დაიცვა. სახლში რომ მოდიხარ, მერე ფიქრობ: უი, რამდენ ადამიანთან შეიძლება, მქონოდა კონტაქტი, ნეტა, დავიცავი დისტანცია და ასე შემდეგ.
თინი: ჩვენი ვიდეოებიც იმიტომ იყო პოზიტიური, რომ აღფრთოვანებული ვიყავი. გულწრფელად მინდოდა იმის გაზიარება, რას როგორ ვაკეთებდით. ნიკაც აქტიურად და ბედნიერად იყო ჩართული ყველა იმ პროცესში, რასაც აკეთებდნენ ჩვენთან სახლში მცხოვრები ადამიანები. ლალი ბებიაზე მინდა, გიამბოთ, რომელიც არის ნიკას ბაბუის ძმის ცოლი – ჯემალ ჭკუასელის ძმის. საოცარი ადამიანია, რომელიც ყოველ დილით ადრე იღვიძებს, მიწაზე მუშაობს, თავისი ბოსტანი აქვს, საქონელი ჰყავს, თავისი ხელით ამზადებს რძის პროდუქტებს და უგემრიელეს კერძებს. ყოველ დილით ხან ცხელ ხაჭაპურს გვიმზადებდა, ხან ქოთანში ლობიოს, ხან რას და ხან – რას. იმდენად გემრიელი გამოსდიოდა ყველაფერი, რომ ვცდილობდი დამემახსოვრებინა, როგორ აკეთებდა და ვაკვირდებოდი.
ნიკა: ამ ამბავში გასაკვირი ის არის, რომ ბაბუა 10-15 წლის წინ გარდაიცვალა, მას შემდეგ ეს ადამიანი მარტო ცხოვრობს და ყველაფერს თავად აკეთებს, რაც მარტივი ნამდვილად არაა. მე ბევრი არაფერი გამიკეთებია, მიწასთან ერთი-ორჯერ მქონდა შეხება და ძალიან რთულია. საქონელი მე და ჩემმა ბიძაშვილმა მოვრეკეთ სახლისკენ და გზაში ისინიც კი გაგვექცა, კარგა ხანს ვსდიეთ. აი, ეს მიკვირს ამ ყველაფერს ერთი ადამიანი, ასაკოვანი ქალი, როგორ უმკლავდება.
თინი: ჩასვლიდან პირველი ორი კვირა ვიყავთ იზოლაციაში, არავისთან გავდიოდით და ვცდილობდით, სახლში ვყოფილიყავით, მაგრამ მერე გურიაში არც ერთი შემთხვევა, რომ არ დაფიქსირდა და მერე სულ ჩაიკეტა, გავედით. ჩემი ძმისშვილი ორი წლის ხდებოდა და მასთან რომ არ ვიყავი ძალიან განვიცადე. გიჟდება სიმღერაზე – „ია იაო“ და ალექსანდრეს პერსონალური „ია იაო“ მივუძღვენით.
ნიკა: ბევრი ვიფიქრეთ, რა გაგვეკეთებინა. აქედან მარტო მილოცვა არ გვინდოდა, მერე თინიმ უცებ მოიფიქრა, ვიდეო ხომ არ გაგვეკეთებინაო და მგონი, რაღაც გამოვიდა.
თინი: ვიდეოში უნდა ყოფილიყო ფერმა, ამიტომ ჩავჯექით მანქანაში და წავედით ცხოველების მოსაძებნად.
ნიკა: ცოტა გული დამწყდა ღორის, ძროხისა და ცხენის მოძებნა რომ დაგვჭირდა. ჩემს ბავშვობაში ამის დეფიციტი ნამდვილად არ შეინიშნებოდა. მანქანით სიარული მოგვიწია, რომ ღორი გვეპოვა. ცხენის პოვნა განსაკუთრებით გაგვიჭირდა.
– რა ხდება თქვენს კარიერაში და რა გეგმები გაქვთ?
თინი: ამ ამბების შემდეგ, ზოგადად, გეგმების მიმართ შეიცვალა დამოკიდებულება – შორეული გეგმები არ უნდა გქონდეს, მთავარია, აწმყო და არა მომავალი, რადგან აწმყო განაპირობებს შენს მომავალს. ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ, გეგმებს ვაწყობთ და ამ დროს აწმყოს ვუშვებთ ხელიდან. ახლა კონცენტრაციას ვაკეთებთ თითოეულ დღეზე, მომავალში კი ვიცი, რაც მინდა, მაგრამ მთავარია, დღევანდელი დღე და ყველა ის ნაბიჯი, რასაც დღეს გადავდგამ. რაც შეეხება კარიერას, ნიკა რუსთავისა და სიღნაღის თეატრებშია. ამერიკაში აპირებდა წასვლას გასტროლით, მაგრამ გადაიდო. მე კი აქტიურად გადმოვინაცვლე ინტერნეტში, „ინსტაგრამზე“ მაქვს გვერდი და შეკვეთების მიხედვით ვიდეოებს ვაკეთებ. ასევე, გავხსენი ჩემი „იუთუბის“ არხი, რომელსაც მომავალში უფრო აქტიურად ავამუშავებ. რაც შეეხება თეატრს, გადავწყვიტე, რომ მოძრაობის თეატრში მივსულიყავი. პანდემიამდე ერთი თვით ადრე მივედი კიდეც, მაგრამ არსებული მდგომარეობის გამო გაგრძელება ვეღარ შევძელი.