№21 როგორ გადაარჩინა ასმათ ტყაბლაძემ ბაბუის ცხედარი დაწვას და როგორ გააშეშა მან სპეცრაზმი
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მსახიობ ასმათ ტყაბლაძის ცხოვრებაში ხშირია მოვლენები, რომელთა ახსნაც საკმაოდ რთულია. ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე ახდენილი სიზმრები, გაუცნობიერებლად მიღებული გადაწყვეტილებების სასიცოცხლო მნიშვნელობა და წინასწარმეტყველური ფიქრები მისთვის უცხო არაა.
ასმათ ტყაბლაძე: წინათგრძნობას ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს. ნათელმხილველი, მკითხავი და რამე მსგავსი ნამდვილად არ ვარ. მე ვფიქრობ, განგებას უნდა, სიკეთე ვაკეთო და ამიტომ ყოველთვის იმ მხარეს მივყავარ, საითაც ვიღაცას დახმარება სჭირდება. მარჯვნივ რომ მივდივარ, უცებ მარცხნივ შემოვტრიალდები და აუცილებლად შევხვდები გაჭირვებულს, რომელსაც წამალი სჭირდება ან სუნთქვა უჭირს და დახმარებაა საჭირო. ხევსურეთში ვიყავი, მუცოში წასვლას არ ვაპირებდი, მაგრამ მერე წავედი. ავედი ზემოთ და ვნახე ოჯახი – დედა ბავშვებით. თურმე, დედა ცუდად ჰყავთ. წამოვიყვანე თბილისში, მთავრობას ოპერაცია გავაკეთებინე, გადარჩა ადამიანი. თეატრში მივდიოდი, სრულიად შემთხვევით, გადავწყვიტე, ახლობელთან შემევლო სახლში. აღმოჩნდა, რომ ოჯახი სამზარეულოში, ბავშვი კი აივანზე იყო გადაკიდებული. რაღაც ძალამ შემიყვანა და გადამარჩენინა პატარა სიცოცხლე. პრაღაში ვიყავი კათოლიკურ შობას. ყველა საღაც წავიდა, მე, რატომღაც, გადავწყვიტე, სასტუმროში დავბრუნებულიყავი. იქ ქართველი ცოლ-ქმარი იყო. რომ მივედი, ვხედავ, ეს კაცი ძალიან ცუდადაა, კვდება. ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე, ყველაფერი გავუკეთე, რაც ვიცოდი და რაც არა – ისიც. აღმოჩნდა, რომ სწორად მოვქცეულვარ. გადარჩა. საავადმყოფოში უთხრეს, ამ ქალმა გადაგარჩინაო. პაპაჩემი გარდაიცვალა და დიდ ოთახში ესვენა. მე სხვა ოთახში ვიწექი და სიზმარი ვნახე, რომ პაპაჩემი იწვის. წამოვხტი, ოთახში შევვარდი და ვხედავ, სანთელი გადმოვარდნილა და ცეცხლი სკამს წაჰკიდებია, ცოტაც და ჩემს საყვარელ პაპასაც მოეკიდებოდა. ერთხელ კი მესიზმრა, რომ მეზობლის სახლი იწვოდა. რომ გავიღვიძე, ზუსტად ვთქვი, რომელი მეზობლის. არ ვიცი, სუნი მეცა თუ რა იყო, მაგრამ რატომ დავასახელე მაინცდამაინც ის სახლი, რომელიც მართლა იწვოდა?! ჩემი მეგობარი იყო მსახიობი შოთა გაბელაია, „არაჩვეულებრივ გამოფენაში“ თამაშობს ვალოდია ჯინჭარაძის როლს. თელავში იყო წასული კონცერტით. მესიზმრა, რომ შოთა გარდაიცვალა და ტირილით გავიღვიძე. დედას ვუთხარი ჩემი სიზმრის შესახებ და დამამშვიდა: ამბობენ, რომ მსგავსი სიზმარი პირიქით ხდებაო. ცოტა ხანში სესილია თაყაიშვილი მირეკავს და მეუბნება, შოთა გარდაიცვალაო. როგორც მერე გავიგე, რომ გარდაიცვალა, რამდენიმე საათში ვნახე ეს სიზმარი. ზღვაზე ვიყავი დასასვენებლად. რვა აგვისტოს ჩემი ლექტორი მესიზმრა, თითქოს, თავში მოხვდა რაღაც, სისხლი სდიოდა და ძალიან ცუდად იყო. ავნერვიულდი, რამე ხომ არ დაემართა-მეთქი. ინსტიტუტში რომ მივედი, ჩემს კურსელებს მოვუყევი სიზმრის შესახებ – ნეტავ, რას აკეთებდა იმ დროს, ხშირად რამე რომ ხდება, სიზმრებს იმის პარალელურად ვხედავ-მეთქი. რომ შემოვიდა, ვეკითხები: ბატონო საშა, სად იყავით რვა აგვისტოს-მეთქი? თავის შვილის სახლის მშენებლობაზე ყოფილა, ხარაჩო ჩამოვარდინილა და თავში დასცემია. ვიღაც რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მინახავს, ყველანაირი მიზეზის გარეშე, დილიდან ამეკვიატება ხოლმე მასზე ფიქრი და იმ დღეს ეს ადამიანი ან დარეკავს, არ შემხვდება, ან რაღაცას გავიგებ მის შესახებ. მსგავსი ამბები ძალიან ხშირად ხდება ჩემს ცხოვრებაში. არ ვიცი რაშია საქმე. მგონია, რომ განგებას ძალიან ვუყვარვარ და ძალიან ხშირად მე მავალებს სიკეთის გაკეთებას. თან, პატარა სიკეთეზე კი არ მაქვს საუბარი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ვგულისხმობ.
– რაღაც ძალამ წამიყვანაო, ახსენეთ...
– წარმოდგენა არ მაქვს, რა ძალაა. ლიფტში შევედი და პირველის ნაცვლად მეოთხე სართულს მივაჭირე. არ მიფიქრია, რომ იქ ვინმეს უჭირდა. მოულოდნელად გადავწყვიტე ახლობელთან შემევლო და იქ ბავშვი გადავარჩინე. სამი ბავშვი მყავს ასე გადარჩენილი. ახლა ის ბიჭი მსახიობია. ჩემი ამხანაგის შვილია. აივანზე იყო გადაკიდებული, ჩუმად მივედი და გადმოვიყვანე. ერთხელ, ზემოდან ბავშვის ხმა მესმოდა, გავიხედე ფანჯარაში და ვხედავ, ბავშვია აივანზე გადმოკიდებული. უკან რომ წასულიყო, ვუთხარი, შვილო, ბებიაშენს დაუძახე-მეთქი. ბებიამ რომ გაიგო ეს ამბავი, კინაღამ გაგიჟდა, სხვა ოთახში ვიყავი და ვერ გავიგეო.
– ამ ამბებს რამეს უკავშირებთ?
– ვერაფერს. რამდენჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, მაგრამ ყველა – შემთხვევით. ზოგჯერ ექიმივით მემართება ხოლმე. სამედიცინო განათლება არ მაქვს, მაგრამ ვინმეს თუ დახმარება სჭირდება, რაღაც ძალით, ყველაფერს სწორად ვუკეთებ. ბიჭს ხელოვნური სუნთქვა ჩავუტარე და გადარჩა-მეთქი რომ გითხარით, გულის მასაჟი გავუკეთე. ტელევიზორში როგორც მინახავს, ისე. კვდებოდა და სხვა რა გზა მქონდა. გენიალური ფინალი ჰქონდა ამ ამბავს. სანამ მე მისთვის ჟანგბადის მიწოდებას და გულის ამუშავებას ვცდილობდი, ცოლი მხოლოდ ყვიროდა, მიშველეთო. მერე ყველაფერმა რომ მშვიდობიანად ჩაიარა, იმ ქალბატონს ვკითხე, რა სპეციალობის იყო და მიპასუხა, კარდიოლოგი ვარ, რეანიმაციაში ვმუშაობო. შენს საქმეს რომ მე ვაკეთებდი და შენ მხოლოდ ყვიროდი, თეატრში ისე მაქვს ხმა დაყენებული, მსოფლიოს გასაგონად ვიყვირებ. მე მეყვირა და შენ დახმარებოდი ქმარს-მეთქი. შენ ყველაფერს ზუსტად აკეთებდი და ამ დროს, მე ვერაფერი შევძელიო. როცა საქმე ახლობელს ეხება, ასეთ დროს ძალიან ძნელია გონს მოსვლა.
– ბავშვობიდან ასე იყო?
– კი, ბაბუას ამბავი რომ გავიხსენე, მაშინ პატარა ვიყავი. დუშეთში, მეზობელთან რომ შევსულვარ, უთქვამს, ვაიმე, რა კარგ დროს მოხვედიო. ხშირად ჩემი მეზობლების მეკვლე ვიყავი. როგორც მეუბნებოდნენ, კარგი ფეხი მქონდა. შენი ჭირიმე, ჩვენთან მოდიო, მეუბნებოდნენ. სხვათა შორის, სესილია თაყაიშვილის მეკვლე ვიყავი. ჩემ გარდა არავის უშვებდა სახლში. მეუბნებოდა ხოლმე, ჩქარა გამოდი, სხვამ არ დაგასწროსო. მე ვფიქრობ, რომ კეთილი ადამიანი ვარ და გულიც კარგი მაქვს. ალბათ, „კარგი ფეხიც“ ამის დამსახურებაა. ბოროტი და შურიანი არ ვარ.
– ამბობენ ხოლმე, რომ მსგავსი განწყობები გენეტიკურიცაა.
– ჩემს ოჯახში ყველა სიკეთის მკეთებელი იყო: დედა, მამა, ბიძა, ბებია. მათი გაკეთებული სიკეთეების შესახებ, ახლაც მიყვებიან. დედა 1938-1939 წლებში, ხალხს რომ იჭერდნენ, მოწმედ დაუდგა ადამიანს, არ უთქვამს ის, რასაც ბრალად სდებდნენ და ამით ის ადამიანი დახვრეტას გადაარჩინა. თუმცა, დიდი შანსი იყო, რომ ამის გამო დედა დაეჭირათ. ასეთი ამბები ჩემს ოჯახში არავის უკვირს, ასე რომ, დიდი სიკეთის მატარებელი ოჯახი მაქვს.
– დედებს განსაკუთრებით გამძაფრებული ემოციები აქვთ შვილებთან მიმართებაში. თქვენს ქალიშვილთან დაკავშირებით თუ გიგრძნიათ რამე წინასწარ?
– რომ მიფიქრია, ჩემი შვილი რამდენი ხანია, ავად არ გამხდარა-მეთქი, იმ საღამოსვე სიცხეს აუწევია. რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა და მეშინია ხოლმე, მსგავსმა ფიქრმა არ გამიელვოს თავში. სიმართლეს გეუბნებით, იმავე საღამოს მეუბნებოდა: დედა, აბა, შუბლი მინახე, ცხელი ხომ არ მაქვსო?! ესე იგი, პროცესი უკვე დაწყებული იყო და მე რაღაც მკარნახობდა, რომ ბავშვისთვის მიმეხედა.
– საკუთარი მომავლის შესახებაც თუ გაქვთ ხოლმე წინათგრძნობა? დავუშვათ, იწყებთ საქმეს და გამოვა თუ არა?
– არა, იმიტომ, რომ მე ყოველთვის ასე ვუდგები საქმეს – რასაც ვაკეთებ, ის უნდა გამოვიდეს. არასდროს ისეთ რამეს არ მოვკიდებ ხელს, რომელიც მგონია, რომ არ გამოვა. რაშიც საკუთარი თავის იმედი მაქვს, იმას ვაკეთებ. იმდენად უშიშარი ვარ, შვიდ ნოემბერს ხალხი რომ დაარბიეს და სპეცრაზმის წევრები მხეცებივით დარბოდნენ ნიღბებით, ვერაზე ჩემს ბართან რომ მოვიდნენ, დაახლოებით, 50-60 იქნებოდნენ, ვაიმე, დაიმალეთო, დაიძახეს. ყველა რომ დაიმალა, მე გავედი და წინ დავუდექი, რა გინდათ, ვის ეძებთ-მეთქი?! საერთოდ არ შემშინებია. ისე გაუკვირდათ, ამ ასაკის ქალი რომ გადაუდგათ წინ, თვითონ გაშეშდნენ. მე მხედავთ ვინც ვარ, აბა, თქვენ მოიხსენით ნიღბები-მეთქი. ხალხი ფანჯრებიდან მანიშნებდა შეშინებული, თავი დაანებეო. იცით, რატომ ვარ უშიშარი? არაფერს ვაშავებ. შიში დამნაშავეს ჰქონდეს, მე რატომ უნდა მეშინოდეს, როცა სიმართლეს ვამბობ?! სიმართლის თქმა კი დიდი სიკეთეა, რომელსაც ძალა სჭირდება და მე ის მაქვს. ძალიან მიხარია, როცა ადამიანები ჩემს საქციელს სწორად აღიქვამენ და მეუბნებიან, სიმართლის მთქმელი ქალი ხართო და ჩემ მიმართ სიყვარულს გამოხატავენ.
– კორონავირუსზე რას ფიქრობთ?
– სიმართლის დასადგენად დრო არის საჭირო. მაგრამ მე ვფიქრობ, ეს იმიტომ მოხდა, რომ უფრო დიდი უბედურება შეჩერებულიყო, შესაძლოა, მსოფლიო ომიც. ჩემი აზრით, ისევ სოფელი გადაარჩენს ხალხს შიმშილისგან, როგორც ეს პირველი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხდა. ამიტომ, აუცილებლად უნდა აღდგეს სოფელში ჩვეული ყოფა, აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ხალხი საკუთარ სახლ-კარს. იქნებ ამ უბედურებამ ჩვენს ქვეყანას ეს სიკეთე მოუტანოს. გულწრფელად ვამბობ, მე რომ ახლა ახალგაზრდა ვიყო, აუცილებლად წავიდოდი სოფელში და მიწაზე ვიზრუნებდი.