№21 კახა გოგიძე: იდეალურია ქალი, რომელიც ყველა ქალს აერთიანებს საკუთარ თავში
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
სახელი: კახა.
გვარი: გოგიძე.
პროფესია: მსახიობი, რეჟისორი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– რაც ცნობიერება მომივიდა, ყველაზე მეტად მახსოვს პირველი თოვლი. თოჯინებივით ვიყავით შეფუთულები მე და ჩემი ძმა და ვიდექი გაოგნებული. მერე უცებ ძაღლი გამოვარდა ყეფით, ჩვენ ამოვეფარეთ დედას და ასე მეგონა, მორჩა, დამთავრდა, ყველა საშიშროება, საფრთხე. ისე ვიგრძენი თავი, თითქოს ტყვიაგაუმტარი კედლის უკან ვიდექი. ეს შეგრძნება დღემდე გამომყვა. მამა ციგით გვასრიალებდა ხოლმე. ისეთი მყუდრო გარემო იყო, მისი ფეხის ხმაც კი მახსოვს თოვლზე. საოცარი სიმშვიდე იყო, რომელიც არ მავიწყდება და რომელსაც დღემდე ვერ მივაღწიე.
– მშობლების როლი...
– ყველაფერი მათ განაპირობეს, თუმცა წინასწარ არაფერი დაუგეგმავთ. დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი და წინასწარ ვერც ვერაფერს დამიგეგმავდნენ. რთულ ბავშვად ვითვლებოდი. მილიციაში ბავშვთა ოთახი არსებობდა, სადაც ძნელად აღსაზრდელი ბავშვების სიები ჰქონდათ. იქ მეც ვიყავი აღრიცხვაზე აყვანილი. მშობლებმა ჩემი ხასიათი იცოდნენ და ყოველთვის მარიგებდნენ ირიბად და არა პირდაპირ, რადგან არ მივიღებდი. მამაკაცური საწყისი მამაჩემმა განაპირობა, შემოქმედებასთან ურთიერთობა – დედაჩემმა, მატარებდა ვიოლინოზე, სამეჯლისო ცეკვებზე, სადაც 10 წელი ვცეკვავდი. მამას დავყავდი ძიუდოზე, ჭიდაობაზე და მასწავლა ნადირობა – 12 წლიდან ვნადირობ.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– მეოთხე კლასამდე კარგად ვსწავლობდი, მერე მასწავლებელმა დამსაჯა გულწრფელობისთვის და ამ ფაქტმა სწავლაზე ხელი ამაღებინა. მკითხა, რატომ არ ვისწავლე გაკვეთილი, მეც გულწრფელად ვუპასუხე – დამეზარა-მეთქი. დაგვაყენა სამი ბიჭი მუხლებზე, კარი გააღო და აყურებინა სხვებს, როგორ დაგვსაჯა. ამან გარდატეხა მოახდინა ჩემში და აბსოლუტურად შეცვალა მიდგომა სწავლისადმი. გავხდი ძალიან ცუდი მოსწავლე, როგორც ამბობენ: ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი, რასაც არ ვეთანხმები, თუ ნიჭიერია ადამიანი, სიზარმაცე ვერ მოერევა, არ მოასვენებს და მაინც გააკეთებინებს მისას. შესაბამისად, ჩემგან ქიმიკოსი, ფიზიკოსი და მეცნიერი არ გამოვიდოდა, მშობლები მსახიობები არიან, მთელი ჩემი გარემო თეატრი იყო და არც მიფიქრია სხვა პროფესიაზე. თეატრალურში პირველად რომ ვაბარებდი, ატესტატში ერთი ოთხიანი მეწერა, დანარჩენი სამიანები მყავდა. ჩემ წინ ოქროსმედალოსანი აბარებდა და არ მიიღეს, როგორ აფუჭებ მედალს თეატრალურისთვისო. ამ ადამიანის უკან ვიდექი და მითხრეს: მანახე შენი ატესტატიო. ვაჩვენე და სულ სამიანები, რომ დაინახეს, აი, ეს არის ჩვენი კაციო (იცინის).
– პროფესიული ჩვევა...
– ადამიანებს მარტივად ვშიფრავ. ჩემი პროფესია ითხოვს ამა თუ იმ პერსონაჟის მარტივ მამრავლებად დაშლას. 150 როლი მაქვს ნათამაშები – 150 ადამიანი და აქედან გამომდინარე, ადამიანის გამოცნობა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. კიდევ, დრამის რეჟისურა და კინორეჟისურა მაქვს დამთავრებული და ამის შემდეგ გახდა ჩემი ძირითადი ჩვევა ანალიზი – აღარ ვარ კარგი მაყურებელი, რადგან თითოეულ ნამუშევარს სულ სხვა თვალით ვუყურებ.
– ადამიანში ვაფასებ...
– იდეალიზმსა და მის იდეალებთან ერთგულებას, ასევე, პრინციპულობას, მაგრამ არა ჯინს. მე მაქვს ეს იდეა და ვრჩები ამ იდეის ერთგული, თუნდაც ეს არასწორი იყოს – ჩემთვის ნამდვილად დასაფასებელია, ოღონდ ამ იდეით არ უნდა ავიწროებდე სხვას და ლახავდე სხვის უფლებებს. დაწვეს ჯორდანო ბრუნო, კოცონზე იყო და მაინც ამბობდა: ბრუნავს, ბრუნავსო. ის საკუთარი იდეის ერთგული იყო. სწორედ ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვინც თვითრეალიზაციას მოახდენს. არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტი გახდება, დიდი მეცნიერი თუ მიწათმოქმედი. საკუთარ თავს სრულად რომ ამოწურავს, აი, ისაა წარმატებული. ერთი გამოთქმაა: ადამიანი თუ ვერ გახდა ის, რაც შეუძლია, გახდეს, ყოველთვის უბედური იქნებაო. ვეთანხმები ამ აზრს. ამიტომ ვაფასებ ადამიანის წარმატებას იმის მიხედვით, რამდენად მოახდინა თვითრეალიზაცია. ჰენრი ფორდიც იდეალიზმის მიმდევარი იყო. მან თქვა: ხალხისთვის ყური რომ დამეგდო, ახლაც ურმებით ივლიდნენო. ასეთი ადამიანები მომწონს.
– ვამაყობ...
– არ განვეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც საკუთარი თავით კმაყოფილდებიან. სადაც სიამაყე იწყება, იქ მთავრდება და ჩერდება ყველაფერი. ქართველები თითქმის დაღუპვამდე მიგვიყვანა ამ სიამაყემ, წარსულის ათასგვარმა მითებმა...
– მეშინია...
– ამქვეყნიდან ისე წავიდე, ჩემი თავის რეალიზაცია ვერ მოვახდინო. რასაც ვფიქრობ, შემიძლია და ვერ გავაკეთო, იმიტომ, კი არა, რომ ვერ მოვასწრო, არამედ სიზარმაცის გამო არ გამომივიდეს. სიზარმაცემ არ გაიმარჯვოს ჩემზე – ამის მეშინია. ასევე, მაშინებს ის, რომ არ მინდა, ვინმეზე და რამეზე ვიყო დამოკიდებული – თავისუფლება მინდა, ყველასთან და ყველაფერში.
– მწამს...
– სიკეთის, სიყვარულის და იმის, რომ ას ბოროტ ადამიანს შორის, ერთი კეთილი თუ იქნება, ის მათზე ბევრად ძლიერია. მარადიული ღირებულებებისა და ფასეულობების მწამს. ეს თუ ვინმეს არ სწამს, არის ბოროტი. მწამს, რომ არსებობს ერთგულება და პატიება, რამდენად გამოსდის ადამიანს, ეს უკვე სხვა საკითხია.
– ბედისწერა...
– არ მჯერა ბედისწერის. ვარ ქრისტიანი და მწამს ღმერთის, რომელმაც მოგვანიჭა თავისუფლება – თავისუფალი ნება, არჩევნის თავისუფლება. ბედისწერა თუ არსებობს და სადღაც უკვე დაიწერა ჩვენი ბედი, ესე იგი, თავისუფალი ნება არის ტყუილი. ერთ-ერთ ფილოსოფოსს აქვს ნათქვამი: ჩვენი სურვილები, რომელთა განხორციელებისაც გვეშინია, ვმალავთ, ვჩქმალავთ და გადადის ქვეცნობიერში, რომელიც მაინც მისი გზით გვატარებს, ამას კი ვეძახით ბედისწერას. აი, ეს მწამს, ჩვენი ამოუცნობი და ქვეცნობიერში გადატანილი სურვილების ჭკუაზე დავდივართ, რასაც ვეძახით ბედისწერას. ბედისწერა არ არსებობს, ადამიანი თავისუფალი არსებაა და უფალი არ ერევა მის არჩევანში. ის ელოდება, ჩვენ რას ავირჩევთ, გვეუბნება: აქეთ ესაა, იქით – ეს,
გადაწყვეტილება კი შენზეა. ეს ღმერთის უდიდესი პატივისცემის გამოხატულებაა ჩვენდამი, ჩვენ საკუთარ თავს არ ვცემთ ისეთ პატივს, როგორც ის ჩვენ.
გადაწყვეტილება კი შენზეა. ეს ღმერთის უდიდესი პატივისცემის გამოხატულებაა ჩვენდამი, ჩვენ საკუთარ თავს არ ვცემთ ისეთ პატივს, როგორც ის ჩვენ.
– ვრისკავ, როცა...
– თუ ამ რისკის მეორე მხარეს ვინმეს სიცოცხლე არ დევს. ძალიან მიყვარს ექსტრემალური სპორტი. პარაშუტით გადმოხტომას ვგეგმავ, შემეშინდება, მაგრამ მინდა, ამ შიშს გადავაბიჯო.
– მაკვირვებს...
– ერთგულებისა და სიყვარულის გამოვლინება ადამიანებში. ერთგულების მაგალითი დედაჩემი მყავს, მისი მეუღლე 25 წელი საწოლს იყო მიჯაჭვული. ეს ქალი მის საწოლთან იჯდა ბოლომდე, ამიტომ მწამს სიყვარულის. ადამიანი სუსტია და მიდრეკილია ღალატისკენ, შესაბამისად, მსგავსი ერთგულება მაკვირვებს და გულს მიჩუყებს.
– ვერიდები...
– ცინიკოსებს, უიმედო ხალხს. ადამიანებს, რომლებიც ბარიერებს მიყენებენ. მაგალითად: მინდა, ავაშენო სახლი და მეუბნებიან: აუ, ეს იცი, რა დაჯდება... აი, ეს რა დაჯდება არ მაინტერესებს და ასეთებს ვერიდები. ასევე – არამკითხე მრჩევლებს, ჭორიკნებს, ნიჰილისტებს. ცინიკოსი არის არშემდგარი ადამიანი და ამიტომ დაგცინის შენ. ვბრაზდები მათზე და შეიძლება, შეურაცხყოფა მივაყენო, რის გამოც ვარიდებ თავს.
– ვემტერები...
– სიყალბეს. ტყუილს არ გამოვყავარ წყობიდან, რადგან ადამიანი მიდრეკილია მისკენ. სიყალბე არის დამღუპველი, ხრწნის საზოგადოებას და ანადგურებს ქვეყანას. გრძნობებისა და ფასეულობების გაყალბება – ეს ძალიან ცუდი რამაა. „ვირეშმაკობა“ არ შემიძლია – როდესაც ადამიანი არის ბილწი და თავი მოაქვს სპეტაკად.
– იდეალური ქალი არის...
– რომელიც საკუთარ თავში ყველა ქალს აერთიანებს. ერთი ქალი და ერთი კაცი გააჩინა ღმერთმა და საკმარისია ერთმანეთისთვის. ქალი, რომელიც თავიდან ბოლომდე ავსებს კაცს, მორჩა, ის სახლია მისი და სხვაგან აღარ მოუნდება გახედვა.
– ის, რაც უპატიებელია...
– ჩემი გამწარება, ოღონდ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ გამამწარებ. ცოტა რთულად გამოვდივარ წყობიდან, მაგრამ თუ ეს მოხდა, მერე უკვე ვეღარ ვწყნარდები. როცა ადამიანი მატყუებს, მეცინება, რადგან ვიცი ტყუილის სტრუქტურა – რომელი ნაოჭი უნდა გაუაქტიურდეს სახეზე. გამამწარებ? არ დავივიწყებ.
– ჩემი ცხოვრების მთავარი შეხვედრა...
– როდესაც თეატრალურში ჩავაბარე და როცა წავიკითხე ბიბლია – ძველი აღქმა. მან შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა, აქედან დაიწყო ჩემი მეორე დაბადება, სხვანაირი ხედვა და დღემდე ჩემი მთავარი წიგნია.
– მშურს...
– არ შემშურებია, რადგან თავიდანვე კარგად ამიხსნეს, რა არის შური და რა – მოშურნეობა. შური ძალიან ცუდი რამაა, მოშურნეობა – კარგი. შური არის, ვიღაც რომ წარმატებულია და რაღაც აქვს, და ფიქრობ, მას არ უნდა ჰქონდესო. მოშურნეობა – ვიღაცა რომ კარგია და მე მინდა, იმაზე კარგი ვიყო. ეს მოტივატორია, რომ შენი ცხოვრება გაიუმჯობესო და წინ წახვიდე. ჩვენთან, სამწუხაროდ, ასეა, ვიღაცა რომ კარგია, ყველაფერს აკეთებენ, გახადონ ცუდი. იმას კი არ ცდილობენ, რომ დაეწიონ და გაასწრონ.
– ვეჭვიანობ...
– არ ვარ ეჭვიანი. ადამიანმა შეიძლება, მრავალი მიზეზის გამო გიღალატოს: შიშით, ამპარტავნებით და ასე შემდეგ. ვიცი ადამიანის სუსტი ბუნება. ადამმა და ევამ სამოთხეში შესცოდეს და აქ რომ ვინმემ ჩემ წინაშე შესცოდოს, რა გასაკვირია. ბევრ რამეს ვუყურებ ეჭვის თვალით, თუმცა ეს ჩემში ტანჯვას არ იწვევს, არც მოქმედების ხაზს მიცვლის. ეჭვიანი ადამიანი მეცოდება, რადგან ის დამოკიდებულია თავის ეჭვებზე, რითიც შეპყრობილი და მართულია.
– ღალატი...
– არ ვარ ბუნებით ეჭვიანი და არ დამიწყია გამოძიება, ვინ მიღალატა და ვინ არა. იესო ქრისტეს უღალატეს და მე ვინ ვარ, რომ არ მიღალატონ. ეჭვიანები ამპარტავნები არიან.
– შურისძიების სურვილი...
– მქონია, მაგრამ იმდენად სულმდაბალი საქციელია, რომ მერე შემრცხვებოდა ჩემი თავის, ამიტომ სამაგიერო არ გადამიხდია. თუმცა, გააჩნია სიტუაციას, არასოდეს ვაპატიებ ჩემი ქვეყნის მტერს.
– ვყვირი, როცა...
– ყოველთვის. თუ არ ვყვირი, მაშინ ვარ საშიში. თუ კონფლიქტის დროს უცებ გავჩუმდი, მაშინ უნდა გაიქცე, ესე იგი, თავს ვეღარ ვაკონტროლებ – „ძაღლი, როცა გკბენს, არ იყეფება“.
– ვბილწსიტყვაობ...
– სულ (იცინის). მე მაქვს ბევრი „წიკი“, მეორენაირად ჰქვია ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი, რომლის უკიდურესი გამოხატულებაა ბილწსიტყვაობა, ეს არის კლინიკური მოვლენა. როცა ჩართული ვარ რეჟისურაში და ჩემს საქმეს ვაკეთებ, შეიძლება, წინადადებების შეერთების დროსაც გამოვიყენო. თვალის ხამხამს ხომ ვერ გააკონტროლებთ, დაახლოებით, ასე მაქვს ესეც.
– მრცხვენია...
– სირცხვილის მეშინია და ალბათ, ბევრი რამის მრცხვენია.
– მაკომპლექსებს...
– კომპლექსები გვმართავენ, როგორც ფროიდი ამბობდა და ამაში ვეთანხმები. დაცინვა მაკომპლექსებს და მაღიზიანებს, მამწარებს. შეიძლება, ითქვას, ვინმემ რომ არ დამცინოს, ამის კომპლექსი მაქვს. მერე თავს ვეღარ ვაკონტროლებ და ვატკენ, ამიტომ ვერიდები ცინიკოსებს.
– ვიტყუები, როცა...
– არ მინდა, ადამიანს გული ვატკინო, თუ ეს, რასაკვირველია, სიკვდილ-სიცოცხლესთან არ არის დაკავშირებული.
– ვნანობ...
– იმას, რომ სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. რომ არ დავუჯერე უფროსებს, რადგან მათ გაიარეს ის გზა, რომელზეც მე მოვდიოდი.
– ვაგროვებ...
– დანებს. კოლექცია მაქვს. თუ ცუდად ვარ, დანა მიჭირავს ხელში, მარგამ ეს არ არის ძველბიჭური მანერა, ეს არის ჩემი ტოტემი, ჩემი გაგრძელება.
– საკუთარ თავში არ მომწონს...
– სიზარმაცე, რასაც მთელი ცხოვრება ვებრძვი. ასევე, როცა გაუბედაობაში ვიჭერ საკუთარ თავს.
– არასოდეს დამავიწყდება...
– 9 აპრილი. ეს იყო ჩემი მეორე გარდატეხა. პირველი სერიოზული შოკი. არასოდეს დამავიწყდება მაშინელი ერთიანი, თავისუფალი საქართველო.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობა არის უნიკალური და არ მგონია, გამართლებული იყოს, ამას რაღაც სტანდარტებით რომ ზომავენ. ძალიან ბევრს უნდა, შეგვაშინოს ღმერთით, რომ ის დაგვსჯის. ღმერთი არაა სასჯელი, ღმერთი სიყვარულია.
– როცა მაქებენ...
– ძალიან მრცხვენია. მირჩევნია, რომ გავალ, მერე შემაქონ და სხვამ მითხრას. ეს მომწონს. როცა პირდაპირ მაქებენ, დაკუჭული ქაღალდივით ვარ ხოლმე, აღარ ვიცი, რა გავაკეთო, უხერხულად ვგრძნობ თავს.
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– არის ერთი სპეტაკი მოძღვარი, რომელიც ახალციხეში მსახურობს. მან მითხრა: ორი რამის იმედი გქონდეს ყოველთვის, ღმერთისა და შენი თავის, თუმცა, პირველს შენზე მეტად უნდა ენდოო.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– ძალიან ბევრს ვისწავლიდი.