№21 ანი გიუნტერი: ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ მე არასდროს არავინ მიღალატებს, ყველა ჩემი ერთგულია
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
სირთულეების მიუხედავად, გონების დადებითი ფიქრებისკენ მომართვა მის ცხოვრებას ყოველთვის უკეთესობისკენ ცვლიდა და როგორც ამბობს, ეს მისთვის ოჯახური ტრადიციაა, რომელიც არაერთხელ დაეხმარა. ამ ინტერვიუში ტელეწამყვანი ანი გიუნტერი საკუთარ საინტერესო გამოცდილებას გაგიზიარებთ, თუმცა, პირველ რიგში, საუბარი კორონავირუსის შესახებ დავიწყეთ (ყდაზე გამოყენებულია ნინა ლაბარტყავას ფოტო).
ანი გიუნტერი: კარგია თავდაჯერებულობა და შესაბამისად, იმის მოსმენა, რომ ამბობენ, არ მეშინია, ვირუსი მე არ შემხვდებაო. მაგრამ, როგორც საკუთარ თავს, ისე სხვებს, პატივი უნდა სცე და სიფრთხილე გამოიჩინო. არ დაარღვიო რეგულაციები, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული. მე ნახევრად კარანტინულ რეჟიმში მიწევს ყოფნა. სამსახურში თუ სახლში, ბავშვებთან ერთად, პირნათლად ვიცავ ყველა წესს. ამ ბოლო დროს დავიწყეთ 15-20 წუთით სუფთა ჰაერზე გასეირნება, რადგან D ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პედიატრის რეკომენდაციაცაა. მხოლოდ ფეხით გადავაადგილდებით. ქუჩებში ადამიანების რაოდენობა ძალიან გაზრდილია, რასაც არ მივესალმები, მაგრამ ალბათ, ისინიც ზუსტად ასე ფიქრობენ. ამას ვერ აკრძალავ. თუმცა, ძირითადად, ვცდილობთ, ახლომდებარე ტერიტორიაზე გავიდეთ, სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ და გავერთოთ. თუ განსაკუთრებული მიზეზი არ გვაქვს, შორ მანძილზე არ მივდივართ. მაგალითად, ბაბუის დაბადების დღეზე მოგვიწია მთელი ქალაქის ფეხით გავლა. მაშინ მანქანით გადაადგილება აკრძალული იყო. უამრავ ჩემს მეგობარს შეეძლო, დახმარება გაეწია, მაგრამ მე ვფიქრობ, კანონი ყველასთვის კანონია.
– როგორ ცდილობთ სამსახურში განწყობის შენარჩუნებას?
– ალბათ, შეამჩნევდით, რომ დილის გადაცემაში კლასტერებად ვართ დაყოფილი. კვირაგამოშვებით მიწევს გადაბმულად ეთერში ყოფნა. სიმართლე გითხრათ, ძალიან სასიამოვნო პროცესია. კიდევ უფრო დავახლოვდით, რადგან ჟურნალისტებს გარე გადაღებები ნაკლებად აქვთ და წამყვანებს, პროდიუსერებსა და მათ ერთად მეტი დროის გატარება გვიწევს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ შეშინებული ადამიანი, რომელიც სათანადო განწყობაზე არაა, მაყურებელს დადებით მუხტს ვერ გადასცემს. შენ თუ შინაგანად არ ხარ ბედნიერი, ვერ შეძლებ, სხვას უსურვო ბედნიერი დღე. ასე რომ, როდესაც შენთან ერთად მილიონი კაცი იღვიძებს, კარგად ყოფნა სამსახურადაც კი იქცევა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს შეუძლია, განივითაროს უნარი, თუ როგორ გახდეს ბედნიერი. ოპტიმისტური და პოზიტიური განწყობები, ზოგადად, ჩვევაში მაქვს გადასული და ამაში ჩემი სამსახურიც ხელს მიწყობს.
– სამსახური მაქვს და ვლამაზდებიო, წერდი ერთ-ერთი პოსტში სოციალურ ქსელში. ამ მომენტში ეს ორი მდგომარეობა განსაკუთრებით დასაფასებელია.
– მაქვს სამსახური და ვარ ლამაზი, რა უნდა იყოს ამაზე მეტი? ეს ძველი ხუმრობაა. მე გადავაკეთე, ვლამაზდები-მეთქი, რადგან პროცესში ვიყავი. თან, ეს მდგომარეობა მაქვს შენარჩუნებული და პარალელურად, ბავშვებთანაც დიდ დროს ვატარებ. ადამიანს პერსპექტივის დანახვა ახალისებს. როცა სახლში ვზივარ, ვიცი, რომ ეს გაურკვეველი დროით არ გაგრძელდება და მომდევნო კვირაში ისევ ეთერში ვიჯდები. უკეთესის პერსპექტივა გვხიბლავს და გვაბედნიერებს არა მხოლოდ დიდებს, პატარებსაც. პაატა ამონაშვილთან გვქონდა საუბარი ბავშვების კომპიუტერთან მიჯაჭვულობაზე და ერთად დავასკვენით, რომ თუ შვილებს უკეთესი პერსპექტივა არ შევთავაზეთ, ძალიან გაგვიჭირდება მათი ეკრანებიდან მოწყვეტა. ამიტომ დავპირდი, რომ ცოტა ხნით მიმდებარე ტერიტორიაზე გავისეირნებდით და მათ გამორთეს კომპიუტერი. რაც შეეხება კორონავირუსს, ყველა აცნობიერებს, რომ ოდესღაც ეს დამთავრდება. იმედია, ძალიან ნაკლები მსხვერპლით, მაგრამ ხომ დამთავრდება?! ეს უკვე სასიამოვნო პერსპექტივაა.
– მაყურებელთან შეხვედრაც, ალბათ, ის პასუხისმგებლობაა, რომელიც მოდუნების საშუალებას ამ სიტუაციაშიც არ გაძლევს.
– კი, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი საკუთარ თავთან პასუხისმგებლობით იწყება. პირველ რიგში, უნდა გავიღიმო და გავლამაზდე საკუთარი თავისთვის და შემდეგ, მაყურებლისთვის. აუდიტორიაზე დამოკიდებული არ ვარ და მგონი, ეს უფრო საინტერესოა. მათ უნდა მიგიღონ ისეთი, როგორიც ხარ. ეს არ ნიშნავს, რომ ახლა თუ ნიღაბი მადევს თავზე, გადაცემაც ასე უნდა წავიყვანო. თუმცა, ეთერშიც დაუდევთ ნიღაბი თავზე (იცინის). მიკვირს ადამიანების, რომლებიც ერიდებიან კამერებთან გამოჩენას, თუნდაც, ცოტა მოშვებული ტანსაცმლით, რაზეც ერთმა ჩემმა კოლეგამაც მითხრა უარი, მიუხედავად იმისა, რომ იდეალური სხეული აქვს. თუ მისი სხეულის ყველა ნაკვთი არ გამოჩნდებოდა, მას მაყურებელთან გამოჩენის ერიდებოდა. დავფიქრდი, მე როგორი წარმოდგენა მაქვს საკუთარ თავზე-მეთქი (იცინის). 18 კილოგრამი მოვიმატე, 20 თუ 12, სულ მავიწყდება და ზოგჯერ ისეთ კაბაში გამოვეწყობი ხოლმე... (იცინის) ჩემი აზრით, მთავარია, შენ რას ფიქრობ და გრძნობ, შემდეგ შენი განწყობა სხვებზეც გადადის. მაგალითად, მე ვიცი, რომ ჩემი შვილები მიჯერებენ, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ამ კვირაში ისე მოხდა, რომ ორი დღე ლამის „ჭკუიდან გადავედი“, რადგან ძალიან გამიჭირდა მათი კომპიუტერიდან მოწყვეტა. იმ მომენტში საკუთარ თავთან დავუშვი, რომ ჩემი შვილები არ მიჯერებდნენ და რამდენჯერაც ასე ვიფიქრე, კიდევ უფრო მეტი გააკეთეს. ამიტომ სასწრაფოდ შევცვალე ჩემი ფიქრები და მათაც ვუთხარი, რომ ვენდობოდი და აღარ გავაკონტროლებდი, რამაც შედეგი გამოიღო. განწყობა შევცვალე თუ არა, ბავშვებიც უფრო დამჯერები გახდნენ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ჩვენს ფიქრებს სხვებსაც გადავცემთ. ჩემი მეგობარები, ბავშვობიდან მოყოლებული, ხშირად მიმეორებდნენ: ამას არ ენდო, იმას არ ენდო, ის ისეთია, ამას ეს უნდა... მათგან ხშირად მომისმენია: მეგობარმა მიღალატა. ზუსტად ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ასე იქნებოდაო. გულწრფელად ვამბობ, მართლა არ დაბადებულა ადამიანი, ვისზეც შემიძლია ვთქვა, რომ მიღალატა ან უსამართლოდ
მომექცა. ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ მე არასდროს არავინ მიღალატებს, რომ ყველა ჩემი ერთგულია, რომ ჩემი მეგობრები არასდროს გამომიყენებენ ბოროტად და ასეცაა. ამ ბოლო დროს არაერთ კვლევას ვეცნობი ცნობიერისა და ქვეცნობიერის შესახებ და ვხვდები, რომ ჩვენი ფიქრები ნამდვილად მატერიალიზდება.
მომექცა. ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ მე არასდროს არავინ მიღალატებს, რომ ყველა ჩემი ერთგულია, რომ ჩემი მეგობრები არასდროს გამომიყენებენ ბოროტად და ასეცაა. ამ ბოლო დროს არაერთ კვლევას ვეცნობი ცნობიერისა და ქვეცნობიერის შესახებ და ვხვდები, რომ ჩვენი ფიქრები ნამდვილად მატერიალიზდება.
– რა გასწავლა ამ სიტუაციამ?
– მეტი ფიქრის საშუალება მომცა. მასწავლა ის, რომ მარტოობით დისკომფორტი არ მექმნება, თუმცა, ხალხმრავლობას არ მირჩევნია. დავრწმუნდი, რომ კონკრეტული მოვლენების მიმართ შიშები არ მაქვს. არც გაურკვეველი მომავალი მაშინებს. ამ სიტუაციამ მეტი თავისუფლება და თავდაჯერებულობა მაჩუქა. ეს კიდევ ერთი გამოწვევაა და ჩვენ ახლაც გამოცდას ვაბარებთ. რაც არ უნდა წავიღოთ კარანტინიდან, ესაა გაუცხოება, დისტანციურად ჩახუტება, ონლაინ-ურთიერთობები და აუცილებლად უნდა წავიღოთ მოთმინება.
– გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვირუსი ყველაზე დიდ საფრთხეს უფროსი თაობისთვის წარმოადგენს, ახლა, ალბათ, არაერთი ნერვიულობს საკუთარ დედაზე, ბებიაზე, რომელიც ამ მომენტში სიცოცხლისთვის იბრძვის. როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, დედას ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, ამ შემთხვევაში მიზეზი ინსულტი იყო, თუმცა ალბათ, ამ პერიოდში ყველასთვის მნიშვნელოვანია იმის შეხსენება, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.
– გამოუვალი სიტუაცია ნამდვილად არ არსებობს. ამას ზუსტად დედაჩემი მასწავლიდა ბავშვობიდან მოყოლებული. ჩემი ოჯახის წევრები ფიქრშიც კი არ უშვებდნენ, რომ შეიძლება, რამე სერიოზული პრობლემა ჰქონოდათ. არამხოლოდ დედის, მამის მხარესაც. მამიდამ, წლების წინ, ამ განწყობით ონკოდაავადებაც კი დაამარცხა. ახლა უამრავ ადამიანს ვხედავ გამოჯანმრთელებულს და ამბობენ, რომ განსაკუთრებით ონკოპაციენტებში აქვს განწყობას გადამწყვეტი მნიშვნელობა. მე ამის მაგალითი ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა. სამი წლის ვიყავი, როცა შემთხვევით ბებიას მკერდში ფეხი ჩავარტყი. აღმოჩნდა, რომ საოპერაციო იყო, მაგრამ მას შემდეგ 26 წელი იცოცხლა და ამაზე არასოდეს უსაუბრია ნეგატიურ ჭრილში. არც გვახსოვდა, რომ მას ეს პრობლემა ჰქონდა. რაც შეეხება მამიდას, მან ერთხელ მითხრა, არც კი დამიშვია, რომ ონკოდაავადება მქონდაო. ის ყველაფერი დროებით მოვლენად მიიღო, როგორც ვირუსი, რომელიც გარკვეულ პერიოდში დასრულდებოდა. მამიდა პროფესიით მუსიკოსია და საავადმყოფოში საკუთარი მოსწავლეების ჩანაწერები მოითხოვა, რომ ენახა, ვინ როგორ დაუკრა კონცერტზე მისი სახელით. იმ მდგომარეობაშიც კი ძალიან ძლიერად იდგა. რკინის ნერვებისა და ნებისყოფის მქონე ადამიანების გავლენა ოჯახიდან ყოველთვის მომდევდა. თავად დედა საოცარი სიმტკიცით გამოირჩევა. არც დამიშვია, რომ ეს რამე ცუდის დასაწყისია, მაშინაც კი, როდესაც ექიმები გვეუბნებოდნენ, ძალიან სერიოზული პრობლემაა და შეეგუეთ, რომ ისეთი ვეღარ იქნებაო. მაგრამ დედაჩემის მაგალითმაც აჩვენა, რომ საკუთარ თავზე მუშაობით ადამიანს ყველაფერი შეუძლია. ბოლო პერიოდში არ მინახავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კიდევ უფრო კარგ მდგომარეობაში დამხვდება და მასთან ჩვეულებრივ თემებზე შევძლებ საუბარს. სასწაულებრივი შედეგი აქვს, შოკურიც კი, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიხარულით მეორედ დავიბადე. ექიმები თვითონაც გაკვირვებულები იყვნენ 79 წლის ასაკში ძალიან სწრაფად მოახერხა რეაბილიტაცია.
– პირდაპირი ეთერი იყო, როცა ეს ამბავი მოხდა, როგორ შეძელი, რომ არაფერი შეგემჩნია?
– ეს ცოტა შოკისმომგვრელი მომენტი იყო. ვიცოდი, რომ მე ვერაფერს შევცვლიდი. იმ წამებში ისიც კი განვსაზღვრე, რომ შეიძლება, მარტო იმდენი ვერ მომეფიქრებინა, რამდენიც თანამშრომლებთან ერთად. ჩემი თანაწამყვანი – ავთო გვასალია მიხვდა, რომ ლამის ტელეფონი გამივარდა, ტირილი ამიტყდა, რომელიც ზუსტად რამდენიმე წუთში „ჩავყლაპე“. ჩემმა დამ დამირეკა და ნორმალურად ვერც გამაგებინა, რა მოხდა. რადგან რეალობას ვერ შევცვლიდი, ღრმად მინდოდა დამეჯერებინა, რომ დედა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და ის ხუთი წუთი ზუსტად ამ შეგრძნებით მეცხოვრა. თან ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო. ცხადია, მაშინვე გამოვუძახე სასწრაფოს. ცოტა ხნის წინ თანამშრომლები ვიხსენებდით, ვინ და როდის გვყავდა ნანახი ცუდ ხასიათზე და ერთმა კოლეგამ თქვა, გიუნტერი არასდროს მინახავს ცუდ ხასიათზე. არა, მხოლოდ ერთხელო და ზუსტად ის დღე გაიხსენა. ეს ცუდი ხასიათი კი არ იყო, მაგრამ ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი განერვიულებული ხარ ამ დროს?! სახე შეიძლება ისეთი არ მქონდა, როგორიც საჭიროა, მაგრამ მაყურებელს რომ არაფერი ეგრძნო, ალბათ, ოპერატორები ცოტა შორ კადრს გამოიყენებდნენ. ყველაზე მეტად კი ძალა იმან მომცა, რომ ცუდი არ დავიჯერე.
– როცა საქმე საკუთარ თავს ეხება, შეიძლება, გაცილებით ძლიერი აღმოჩნდე, ვიდრე მაშინ, როცა საყვარელი ადამიანია გასაჭირში. როგორ გაუმკლავდი ამ მდგომარეობას?
– ცოტა ხანი ჩვენ გაცვლილი გვქონდა როლები, ანუ რაღაც პერიოდი დედას მოუწია ბავშვად ყოფნა. ძლიერი გამოვდექი, ბევრჯერ მითქვამს ეს და მართლაც ასეა. მივხვდი, რომ ჩვენ უნდა გვესწავლა ახალ დედასთან ერთად ცხოვრება. შეიძლება, მას ვერ ეპასუხა, რაღაც ვერ გაეაზრებინა, მაგრამ ადამიანი ყველა სიტუაციას ერგება. თუმცა, მადლობა ღმერთს, არ მომიწია ამ რეალობასთან შეგუება. მომვლელი გვყავდა, რომელიც გვეხმარებოდა, თუმცა ახლა უკვე მარტოა ჩემს დასთან ერთად, ბავშვსაც უვლის და საჭმელსაც აკეთებს. ბევრი რამ აქვს საკუთარ თავზე აღებული. რამდენიმე თვის წინ მსგავსი რამ რომ გეთქვათ, ვერ დავიჯერებდი. შეგუებულები ვიყავით, რომ მომვლელი მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდებოდა. ზუსტად ვიცი, რომ პოზიტიურად უყურებს ამ რეალობას და ამის დამსახურებაა მისი ახლანდელი მდგომარეობა. ერთადერთი, რასაც ვერ შეცვლი, სიკვდილია. მახსენდება მომენტი, როდესაც ოთახში ჩემი და შემოვიდა და მე მაშინ ვიგრძენი, რომ მამა აღარ მყავდა. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ასე მოხდა. რომ შემოვიდა, ტიროდა, მაგრამ რატომ უნდა მეფიქრა მაინცდამაინც სიკვდილზე? ხომ შეიძლება, ყოფილიყო ავარია ან რამე სხვა. მაგრამ ბავშვობიდან ძალიან ძლიერი წინათგრძნობა მაქვს. პირდაპირ ვკითხე, მამა აღარ არის-მეთქი? მაშინ 12 წლის ვიყავი. წესით მშვიდად უნდა ვყოფილიყავი, მამამ მითხრა, რომ ღამე სხვაგან რჩებოდა, მაგრამ ასე მოხდა. აი, იმ მომენტში მართლა აღარაფრის გაკეთება აღარ შეგვეძლო, მაგრამ ვიმეორებ, სიკვდილის გარდა, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ყველაფერი გამოსწორებადია.