კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ გახდა მარიამ ხუროშვილი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და რის გამო იკვლევდა ის თბილისის მერიას

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  პროფესიით დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი, მარიამ ხუროშვილი 2017 წლიდან ახალგაზრდა ევროპელი ელჩია საქართველოდან. მარიამმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. „ერაზმუს პლუსის“ გაცვლითი პროგრამით, ერთი წლის განმავლობაში გერმანიაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში სწავლობდა. ამჟამად გახლავთ ევროკავშირის სტიპენდიანტი, გარემოსდაცვითი მიმართულებით რეგიონული  კოორდინატორი და ამ კუთხით არა ერთი საინტერესო პროექტის ავტორი.
– მარიამ, როგორ გახდით ახალგაზრდა ევროპელი ელჩი და რას მოიცავს ეს სტატუსი?
– ახალგაზრდა ევროპელი ელჩი აპლიკაციის საფუძველზე გავხდი, ყოველი ზაფხულის ბოლოს, აგვისტოს თვეში ცხადდება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიღება. ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს ევროკავშირის ქვეყნებში ცხოვრების გამოცდილება ან, უბრალოდ, დაინტერესებული ახალგაზრდაა, შეუძლია, შეავსოს ეს აპლიკაცია. აპლიკანტების გადარჩევა ხდება ბრიუსელში და საუკეთესოები ხდებიან ახალგაზრდა ევროპელი  ელჩები. პროგრამის ვებ-გვერდზე – www.euneighbours.eu  შეგიძლიათ ჩვენ შესახებ ინფორმაციას გაეცნოთ. რაც შეეხება სტატუსს, გარდა იმისა, რომ არის მნიშვნელოვანი და პრესტიჟული, ასევე, მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს თითოეულ ჩვენგანს. ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი ინიციატივა – ევროკავშირი ემეზობლება აღმოსავლეთს (EU Neighbours East), ამიტომ მისი მიზანია აღმოსავლეთ  პარტნიორობის ქვეყნებში ახალგაზრდების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით. წინა წლებში განათლების, უნივერსიტეტებისა და სკოლების მიმართულებით ვმუშაობდი. ამჟამად გახლავართ გარემოსდაცვითი კოორდინატორი. გარდა იმისა, რომ ჩვენ, ახალგაზრდები, თავად ვართ მნიშვნელოვანი ინიციატივების ავტორები, ასევე, მხარდაჭერა გვაქვს ევროკავშირის მხრიდან. ვესწრებით მაღალი დონის კონფერენციებს, გვაქვს შეხება და შეხვედრა უმაღლესი რანგის წარმომადგენლებთან, როგორც საქართველოდან, ასევე ევროკავშირიდან. მაგალითად, გავიხსენებდი შეხვედრებს ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ - დონალდ ტუსკთან. ეს სტატუსი სახალისოც არის და მნიშვნელოვანიც. ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი ახალგაზრდებთან და ვუზიარებთ მათ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც ევროპაში ცხოვრების დროს მივიღეთ.
– საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით არაერთი პროექტი განახორციელეთ, რომელ მათგანს გამოყოფდით?
– სტუდენტობიდან მოყოლებული, დაინტერესებული ვიყავი ახალგაზრდული და გარემოსდაცვითი საკითხებით. ამ კუთხით ერთ-ერთი პირველი პროექტი 2017 წელს განვახორციელე ევროკავშირის დაფინანსებით, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერიას ვიკვლევდი. ასევე, გავიხსენებ, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ფარგლებში ყინწვისის აქტივობას. ეს იყო კარგი მაგალითი, თუ რა დადებითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ადამიანზე ერთი სრული დღის ბუნებაში გატარებამ. ყველაზე მეტად გამოვყოფ იმ პროექტს, რომელზეც ამჟამად ვმუშაობ – ეს არის რეგიონული პროექტი და მნიშვნელოვანია მისი მასშტაბებიდან გამომდინარე. ვრცელდება უკრაინასა და საქართველოზე და მოიცავს ექვს დიდ ქალაქს. პროექტის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე შევისწავლით გარემოსდაცვით დღის წესრიგს. იმას, თუ რა მიმართულებით, რა პროგრამებით იხარჯება ამ ქალაქებში ბიუჯეტი და გავაკეთებთ ანალიზს. შემდეგ ახალგაზრდებს ჩავუტარებთ ტრენინგებს და ჩამოვაყალიბებთ ინიციატივებს იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული მიდგომაა თითოეულ ქალაქში საჭირო უკეთესი რეალობის მისაღებად. ინიციატივების განხილვა მოხდება ადგილობრივი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად მრგვალი მაგიდის ფორმატში. ასევე, ექვსივე ქალაქში მოეწყობა დასუფთავების კამპანია.
– რა პრობლემებს ვაწყდებით გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში?
– გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოში საკმაოდ ბევრი პრობლემაა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელსაც გამოვყოფდი, არის საზოგადოების ცნობიერების დონე. სამწუხაროდ, ხალხმა ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა ნარჩენების მართვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ერთი შეხედვით დიდი მასშტაბის პრობლემებთან ერთად, როგორიცაა: გამონაბოლქვი, ჰაერის დაბინძურება, სათბურის ეფექტი, სმოგი და ასე შემდეგ, მაინც გამოვყოფდი საზოგადოების მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, როგორც ძირითად ფუნდამენტს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი პროგრამის ფარგლებში, ამ მხრივ, ოდნავ მაინც შეიცვლება მათი დამოკიდებულება. რაც შეეხება მსოფლიოს, საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშეა დიდი მოცულობის გამონაბოლქვისა და პოლიეთილენის ნაწარმის გამო. ნავარაუდებია, რომ 2050 წლისთვის ოკენაეებში თევზზე მეტი პოლიეთილენის ნარჩენი იქნება, რაც კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ინდუსტრიის ჩანაცვლება ბიო-დეგრადირებადი ნაწარმით, ქაღალდით თუ სხვა შემცვლელებით.
– გაეროს გენერალურმა მდივანმა 2015 წლის პანელურ დისკუსიაზე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, მათგან ერთ-ერთი თქვენ იყავით. რა გრძნობაა, როცა იმ ადამიანებს შორის გასახელებენ, რომლებზეც მსოფლიო იმედებს ამყარებს?
– ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო 2015 წლის ივნისი, როცა გავხდი UNAOC-EF საზაფხულო სკოლის გამარჯვებული. შესაბამისად, მომეცა შესაძლებლობა, წავსულიყავი ნიუ-იორკში და დავსწრებოდი გაეროს შტაბ-ბინაში გენერალური მდივნის ბან კი-მუნის მიერ ჩატარებულ  პანელურ დისკუსიას, რომელიც ახალგაზრდებისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხს ეხებოდა. აქ მოსახვედრად ძალიან მაღალი კონკურენცია იყო, მსოფლიო მასშტაბით 13 000 აპლიკანტი იღებდა მონაწილეობას. აქედან მხოლოდ 75 შეარჩიეს და მეც მათ შორის მოვხვდი. თავდაპირველად ვერ ვიჯერებდი. გვქონდა ინტენსიური ტრენინგები და მასტერკლასები ისეთ თემებზე, როგორიცაა საერთაშორისო მოლაპარაკებები, ადვოკატირება, ინტერკულტურული დიალოგი, სოციალური მეწარმეობა, მულტიმედია მენეჯმენტი და ასე შემდეგ. მოწვეული იყვნენ ტოპ-ტრენერები და პროფესორები ჰარვარდის, პრინსტონის უნივერსიტეტებიდან და სხვა პრესტიჟული ინსტიტუტებიდან.  ეს იყო დიდი ბედნიერება. მაშინ  22 წლის ვიყავი და ვხედავდი, სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად, ნიუ-იორკში, ჩვენს კემპუსში ჩემ გამო საქართველოს  დროშა ეკიდა. ეს იყო უდიდესი პასუხისმგებლობა, იმავდროულად, დიდი აღტაცება და ემოცია, რომელზეც ფიქრის დროსაც დღემდე ჟრუანტელი მივლის. ამაღელვებელი იყო ის მომენტიც, როცა გენერალურმა მდივანმა მოგვმართა 75 ახალგაზრდას და გვითხრა, რომ ჩვენ ვიყავით შერჩეულები საუკეთესოთა შორის და ის დიდ იმედს ამყარებდა ჩვენზე. მან რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ჩვენ ვიყავით პირველი თაობა, რომელსაც მსოფლიოს სიღარიბის დამარცხება შეუძლია და ბოლო თაობა, რომელსაც გარემოსდაცვითი გამოწვევების საპასუხოდ რეალური ნაბიჯების გადადგმა ძალუძს. მისი სიტყვები იმდენად ჩამრჩა გონებაში, რომ გადავწყვიტე; ჩემი დროის გარკვეული ნაწილი გარემოს დაცვის მიმართულებით წარმემართა.

скачать dle 11.3