№21 ძველი თბილისის დამნაშავეები
საკო გაბოაშვილი – ქურდი, შეგირდად იყო ჩილინგართან, გასაღებებისა და კლიტეების ოსტატთან. იქიდან გამოაგდეს და ქურდობა დაიწყო. მან გაქურდა ტაგი უსუფ ოღლის ფართლეულის მაღაზია, თათრის მეიდანზე, როცა იმას გამოეკეტა დილით და მეჩეთში ლოცვისთვის გადასულიყო და როცა ის აქ ნამაზს აღასრულებდა, საკო იმის უჯრებს ხსნიდა, ყაფაზს გამოსწევდა და ჩალაგებულს იპარავდა. 1874 წელს მან გერმანელთა ქუჩაზე ფრანგი ჟაკ ლიუჟის ტყავის სახელოსნო გააღო და ამაზე დაიჭირეს.
მოშე გაბრიელაშვილი – ჯიბგირი, ყრუ-მუნჯი. ის გაერია ქურდობაში, როცა 1900 წელს სპარსეთის შაჰი მუზაფერ ედ-დინ შაჰ-ინ-შაჰი ჩამოვიდა ტფილისში. იმის ამალას მოპარა მზისა და ლომის ოქროს ორდენი. შემდეგ კი სალდათის ბაზარზე, ყასბების დახლებთან დაიჭირეს, როცა ფილიპე ჯამიძეს ჯიბიდან ორი მანეთი ამოაცალა და ჩხრეკისას ეს ოქროს ორდენიც უბეში აღმოაჩნდა.
ოჰანეზ გალუსტოვი ავლაბარში რვა-თორმეტი წლის ბავშვებს ქურდობას ასწავლიდა. შემდეგ ამ ნაქურდს ყიდდა. ბავშვები, გარდა ქურდობისა, შეგირდებს სახელოსნოდან სხვადასხვის მოპარვისკენ განაწყობდნენ. ასე ვერცხლის მჭედლები მუსალა-ოღლის და ჰუსეინ-სულეიმან ოღლის ხელის ბიჭებს სხვადასხვა ვერცხლეული გამოატანინეს და ეს მერე ილია ლანგერეს მიყიდეს. ეს მთელი ბრბო იყო. გალუსტოვს სახლი ნორიოს ქუჩაზე გაემართა, საროსკიპოს გვერდით და იქ კრებდა ამათ. ის 1896 წელს დაიჭირეს. თუმცა ციხიდან რომ გამოვიდა, არ მოიშალა და ისევ სცადა ძველ საქმეს მიბრუნებოდა. ბოლოს ოთახში მკვდარი ნახეს.
ცაკან გასპაროვი – ფულის გამომცვლელი, დახურდავებისას ფულს ქაღალდებით ჩაანაცვლებდა. ყალბ ოქროსაც ყიდდა. თაღლითები ტფილისს არ აკლდა. ქუჩაში ღიმილით, სწრაფად მოარული ბედის მაძიებლები ცოტა არ ყოფილა. ხალხმრავლობაში გაერეოდნენ. სადგური და მისი მიდამოები, სალდათის ბაზარი, კახეთის მოედანი ავლაბარში, საცა დილიჟნები ჩერდებოდნენ, ყველგან, საცა ქალაქში მოსული, ხამად მოარული ბლომად დაითვლებოდა, იქ ჩნდებოდნენ. მათი საუბარი სულ თვალთმაქცობა იყო. სულში ჩაძვრომა, თბილად გაღიმება ეხერხებოდათ და მისთავაზებდნენ რაიმე თაღლით მარგალიტს და ინდური ნიჟარიდან ამოღებულად ასაღებდნენ. საუბარიც დასწრებაზე ესწავლათ. იმის განწყობას აჩენდნენ, რომ ამ ბითურს ხელში ბედი ჩავარდნია, უნდა იჩქაროს, არა და გამვლელი განა ცოტაა, განა გაყიდვა გაუჭირდება. ყალბ ოქროსთან ერთად ყალბი მყიდველიც ჩნდებოდა, ვინც თითქოს და ასწრებდა ყიდვას, ამით გაჯავრებული მსხვერპლი კი ნივთის მობრუნებას ცდილობდა, ფულს სწრაფად აჩენდა და პირველობას იჩემებდა. სიხარბით მორეული ის მოტყუებული რჩებოდა. ასეთ რიგზე დაიარებოდნენ ტფილისის ქუჩებში გასპაროვი და მისი დამქაში შავერდოვი. 1876 წელს ისინი ასიგნაციების დაჭრილი ქაღალდით შეცვლაზე დაიჭირეს, როცა სვიმონ ყიფიანს 100-მანეთიანები გადაუხურდავეს და ბაღდადში გახვეული იმავე ზომის ქაღალდები შეაპარეს.
გიორგი თორიაშვილი, იგივე „ალი-ბალთა“, იყო ერთი თავი იმ ბანდისა 1906 წლის მერე ტფილისელებს რომ ძარცვავდა და ფულს ართმევდა. თავის დამქაშებთან ერთად ის თავიდან სოციალ-ფედერალისტთა პარტიას მიეკედლა, თუმცა იქიდან მალევე გარიცხეს, რაკი ავაზაკობასა და ძარცვაში ზღვარს გადავიდა. ამის შემდეგ მათ დაირქვეს „ანარქისტ-ტერორისტები“ და მუქარის წერილებსაც ქვეშ ამას მიაწერდნენ. სხვებთან ერთად 1909 წელს მათ ვორონცოვის ქუჩაზე მცხოვრებ ვაჭარ კულიჯანოვსაც შეუთვალეს, რომ ათი ათასი მოეტანა. ხოლო როცა დაატყვეს, პოლიცია კუდზე დააჯდათ, აიკრიფნენ და დატოვეს ტფილისი. ზოგი ბაქოს წავიდა, ზოგი სპარსეთში გადავიდა, როგორც დავუშვათ, „შაბო“, „დავახეთქე“ და „კიპრი“, სათარ-ხანის რაზმში რომ ჩაეწერნენ, ერთი ხანობა ისინი აღარ სჩანდნენ და ტფილისში 1910 წლის დასაწყისში დაბრუნდნენ. აქ პუშკინის ბაღთან შეიკრიბნენ, სადაც „დავახეთქეს“ ძმა ფეხსაცმლით ვაჭრობდა და კულიჯანოვს ისევ შეუთვალეს 15 ათასის მოტანა და ორიოდე დღეში მის ეზოში ბომბი ააფეთქეს. ასევე შეუთვალეს თომა ონიკაძეს 5 ათასის მოტანა, ბოგდან არუთინოვს – 3 ათასის და ვაჭარ მილოვს კი 60 ათასი მოსთხოვეს. ისინი ერთგვარად აგრძელებდნენ იმ წინა გამომძალველთა საქმეს, მილოვს ამ ფულს რომ სთხოვდნენ და ამაზე მაშინ პავლე ხიზანიშვილი, სალიაშვილი და პროკოფი თევზაძე დაიჭირეს. როგორც შემდეგ გაირკვა, „ალი-ბალთას“ ბანდის მოკლული იყო, ასევე, ღვინით მოვაჭრე იოსებ მამულოვი, როცა 50 ათასის მოტანა შეუთვალეს, მან კი იუარა. გაირკვა, რომ ისინი დროდადრო რიყის ქუჩაზე, ზამუკოვის დუქანში იკრიბებოდნენ. პოლიციამ მას ალყა დაარტყა და 14 ადამიანი დააკავა. მათ შორის „შაბო“ – არტემ ღარიბოვი, „ალი-ბალთა“ – გიორგი თორიაშვილი, ნიკიფორე დოლიძე (თავი დაასახელა, როგორც ვანო გელბახიანი და შემდეგ – თავადი ერისთავი), ვინც ჯერ კიდევ იმ ბანდის წევრი იყო, ვაჭარ მილოვს რომ სძალავდა 60 ათასს. ზამუკოვის დუქანში დაკავებულთა შორის იყო ასევე „მოტა“ – მოტა ახალბედაშვილი, „დავახეთქე“ – ვანო კარაპეტიანცი, ვისაც ყვირილის ხაზინა ჰქონდა გატეხილი, მკვლელობებიც ჩაედინა და ტფილისშიც გაუმართა რამდენჯერმე სროლა პატრულს და ისე დაუსხლტა. ამათ გარდა, დააკავეს „ხურო“ – იოსებ ქურდოვანიძე, „კიპრი“ – ალექსანდრე სოხაძე, „სონკა“ – სოლომონ ჯანკულოვი, საქულ ადამაშვილი, დალაქი და ალექსი ძამაშვილი.
თურქიაშვილი, რუსიშვილი, გორგილაშვილი და გვრიტიშვილი – ცხენის ქურდები იყვნენ 80-იანი წლების ტფილისში. ცხენებს ქალაქში იპარავდნენ და დაღესტანში ჰყიდდნენ. ეს გრძელი გზა იყო, ჯერ ტფილისიდან უნდა გაგეღწია და გარდა პოლიციისა და ჩაფრებისა, აქ სულ სხვადასხვა ხალხი უსაფრდებოდნენ ცხენის ქურდებს. თოფითაც ხვდებოდნენ და მოპარულის წართმევას ეშურებოდნენ. ალმაზ-ნაბი-ოღლი და იმის ორი დამქაში, არუთინ არუთინოვი და ვალი-ნაბი-ოღლი პეტრე-პავლეს სასაფლაოს კიდეზე საფრთებოდნენ და გინდა ყაჩაღი იყო, გინდა მწყემსი, მათთვის ცხენების ართმევას ცდილობდნენ. იმათი ჰიბოდის თოფის სროლას ბევრი დაუფრთხია. შარაგზის ყაჩაღები გამოდიოდნენ. დოლაბარის ხევის გაღმა კი, მე-16 ნაწილში, ბოშების კარვების იქით, ბაირამ-არნგუზ-ოღლი იდგა დამქაშებით, და არც ისინი ამბობდნენ უარს, ვინმეს დასცემოდნენ და ალაფი აერთმიათ. თურქიაშვილს და მის დამქაშებს დაღესტანში ცხენები გაჰყავდათ და ალექსანდრე როინაშვილს კი იქიდან ფარსადან გორგიჯანიძის არაბულ-სპარსული ქართული ლექსიკონი წამოეღო. ზოგი ასე ცხოვრობდა, ზოგიც ისე. ამ ბანდის მეთაურები იყვნენ ორი მაჰმადიანი ძმა – მამად მამად-ოღლი და აჰმედ მამად-ოღლი, მცხოვრებნი საზამთროს მეიდანზე. დიდი ხნის ძებნისა და თვალთვალის შემდეგ ისინი, ყველა, 1891 წელს პირველი განყოფილების ბოქაულმა სვიმონმა დაიჭირა.
აბო იაშაღაშვილი
(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)