№21 როგორ აღმოაჩინეს და დახურულ პროექტში ჩართეს გენიალური ქართველი ყალბი ფულის მჭრელი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
უცნაური ყალბი კუპიურა
მაიორმა კარცევმა ასმანეთიანი კუპიურა მაგიდაზე დადო და მის წინ მჯდომ ქალს უთხრა:
– კლარა პეტროვნა, ოცი წელია, ყალბ ფულებს ვუყურებ, მაგრამ ასეთი უცნაური ასმანეთიანი პირველად ვნახე.
– გეთანხმებით, ამხანაგო მაიორო, – თქვა ქალმა და დააყოლა, – ამ ოცდაათი წლის განმავლობაში რა ყალბი ფული არ შემხვედრია, მაგრამ ეს კუპიურა განსაკუთრებულია.
მაიორი ვიტალი კარცევი მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროში („მური“) ყალბი ფულის მჭრელების წინააღმდეგ მებრძოლი განყოფილების უფროსი იყო. კლარა მასლოვა კი – მოსკოვის ¹9 შემნახველი სალაროს მოლარე, მუშაობის 30-წლიანი სტაჟით. მასლოვამ ფულის დათვლის დროს ასმანეთიან კუპიურაზე, იქ, სადაც კრემლის სურათიდან ხელმარჯვნივ სხვადასხვა ენებზე ეწერა: „ასი მანეთი“, რუსულ ენაზე სულ სხვა წარწერა აღმოაჩინა: „ძირს სსრკ“ („დალოი სსსრ“). წყალი არ გაუვიდოდა, რომ კუპიურა ყალბი იყო. ასმანეთიანს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარეს, ფული ყოველმხრივ გამოიკვლიეს და გაოგნდნენ. ბანკნოტი იდეალურად იყო დამზადებული. მისი სიყალბის ერთადერთი დამადასტურებელი ნიშანი იყო რუსულენოვანი ანტისაბჭოური ფრაზა: „ძირს სსრკ“!
ეძიეთ ქართველი
საქმის შინაარსიდან გამომდინარე, „მურში“ დაწყებული საქმე „კაგებემ“ წაიღო. ანტისაბჭოელებზე საბჭოთა უშიშროება ნადირობდა და „კაგებემ“ ამ საქმეს ჩვეული ენერგიულობითა და პროფესიონალიზმით მოჰკიდა ხელი. ყველა ფინანსურ დაწესებულებას მიეცა მითითება, რომ მათთან შესული ფულის კუპიურები საგულდაგულოდ შეემოწმებინათ. ამან კი მალევე გამოიღო შედეგი და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქში 100, 50, 25 და 10-მანეთიანი კუპიურები აღმოაჩინეს, რომლებზედაც ანტისაბჭოური ლოზუნგები ეწერა, თავად კუპიურა კი უბადლოდ იყო დამზადებული. ზოგიერთ კუპიურაზე რუსულად ეწერა: „ძირს სსრკ“, ზოგიერთზე კი – ქართულად: „დამოუკიდებელი საქართველო“. გამომდინარე იქიდან, რომ ყალბ კუპიურებზე სხვაენოვანი წარწერები არ იყო, „კაგებეში“ ივარაუდეს, რომ მისი ავტორი, ანუ ყალბი ფულის მჭრელი, სავარაუდოდ, ქართველი იქნებოდა. ეს ამბავი მაშინდელი „ცეკას“ პირველ მდივანს, ნიკიტა ხრუშჩოვს მოახსენეს, რამაც ის უკიდურესად გააცოფა, „კაგებეს“ ხელმძღვანელი ვლადიმირ სემიჩასტნი დაიბარა და სასწრაფოდ მოსთხოვა ამ საქმის გახსნა.
შერაცხადი
„კაგებეს“ ხელმძღვანელის მითითებამ ყალბი ფულის მჭრელის ძებნა გააათმაგა. უშიშროებას ათი თვე დასჭირდა იმის დასადგენად, რომ დამნაშავე მოსკოვში მოღვაწეობდა და იქ ბეჭდავდა ანტისაბჭოთა კუპიურებს... „კაგებეს“ სპეციალურმა ოპერატიულმა ჯგუფმა სამთვიანი ძებნის შემდეგ დიდი ძალისხმევის შედეგად „სადოვოე კოლცოსან“ მცხოვრებ 50 წლის ბეჟან ნანეიშვილს მიაგნო. ის პროფესიით ზეინკალი იყო და ჩარხმშენებელ ქარხანაში უმაღლესი კატეგორიის ოსტატად მუშაობდა. ნანეიშვილი მარტოხელა იყო და საქართველოდან მოსკოვში 10 წლის წინ გადასახლდა, რადგან ჰავა ვნებდა. ნანეიშვილს სარდაფში საკუთარი ხელით აწყობილი ფულის საბეჭდი მანქანა, სპეციალური ქაღალდი და საღებავები აღმოუჩინეს. აგრეთვე, სხვადასხვა ღირებულების, ანტისაბჭოთა წარწერებიანი კუპიურები. მათი საერთო რაოდენობა 40 ათასი მანეთი იყო. ნანეიშვილის თქმით, ქაღალდი და საღებავი მას 2 წლის წინ „გოსზნაკის“ ფაბრიკიდან მოუტანა მეგობარმა ქალმა ლენა გაგლოევამ, რომელიც უკვე გარდაცვლილი იყო. ყალბი ფულის მჭრელმა განმარტა, რომ ფულზე იმიტომ აწერდა ანტისაბჭოურ ლოზუნგებს, რომ საბჭოეთი ხალხების ციხედ მიაჩნდა და პირველ რიგში, საქართველოს დამოუკიდებლობა სურდა. მსგავსი იდეების მოქადაგე ადამიანებს საბჭოეთში გიჟებად მიიჩნევდნენ, ფსიქიატრიულ კლინიკებში ათავსებდნენ და იქ კი მათ ჯალათი ექიმები უსწორდებოდნენ. ბეჟან ნანეიშვილი ექსპერტიზისთვის სერბსკის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ამიტომ, მასაც იგივე ბედი ელოდა და მიღებული წესისამებრ, შეურაცხადად გამოაცხადებდნენ, რათა საწამებლად ჯალათი ექიმებისთვის გადაეცათ. თუმცა, „კაგებეში“ სხვაგვარად ფიქრობდნენ. მათ ნანეიშვილისნაირი ადამიანები თითზე ჩამოსათვლელი ჰყავდათ. სემიჩასტნიმ პროფესორ მარგულისს დაურეკა და უთხრა:
– პროფესორო, ნანეიშვილი ჩვენ გვჭირდება და მართლა გიჟიც რომ იყოს, შერაცხადობა ჩაუწერეთ, რათა ჩვენ წავიყვანოთო.
პროფესორს გაეცინა და „კაგებეს“ ხელმძღვანელს მიუგო:
– ვლადიმირ ეფიმოვიჩ, ბეჟან ნანეიშვილი ფსიქიკურად ჯანმრთელი, აბსოლუტურად შერაცხადია და შეგიძლიათ, წაიყვანოთო...
მეორე დღეს ბეჟან ნანეიშვილი ფსიქიატრიული კლინიკიდან „ლუბიანკაზე“ გადაიყვანეს და მინუს მეხუთე სართულზე გაამწესეს, სადაც ის საიდუმლო პროექტებზე მუშაობდა და სხვადასხვა ვალუტას ამზადებდა.
საგულისხმო ფაქტია, რომ ნანეიშვილის ბინიდან ამოღებული კუპიურები გაანადგურეს. ნუმიზმატები კი გადარჩენილ კუპიურებში დღეს ასტრონომიულ თანხებს იხდიან.