№21 რატომ უნდოდათ მაჰმადიან მმართველებს ქართველებთან გაერთიანება ჯალალედინის წინააღმდეგ, ვინ ჩაშალა ეს და ვინ მიატოვა ქართველები ბრძოლის წინ
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
ტფილისის აღების შემდეგ, როგორც წერს სპარსელი ისტორიკოსი ჯუვეინი, ჯალალედინს ჰქონია ბრძოლა მონღოლებთან. მერე კი ისპაჰანში შესულა – თუ ეს მართალია. ისპაჰანში ჯალალედინმა ისევ გამოავლინა თავისი ველური ბუნება:
„სულთანი გულმოსული იყო თავისი ამალის დიდებულთა უმეტესობაზე. მან ბრძანა, მოეგვარათ ის ხანები და მეთაურები, ვინც ხელმწიფის მახლობლები და მისი სამეფო კარის სახელმოხვეჭილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ბრძოლის დღეს არაფერი გაუკეთებიათ. მათ ქალის ლეჩაქები დაახურეს თავზე და ქალაქის უბნები შემოატარეს.
იმ ხალხს, ვისაც ამირობის ხარისხი არა ჰქონდა, მაგრამ იმ დღეს, რომელიც განკითხვის დღე იყო, ბრძოლის ველზე დაწინაურდა, მაგრად გაიდგა ფეხი და ერთგულად იდგა, ზოგს ხანობის წოდება უბოძა. ზოგსაც – მალიქობისა და საპატიო ხალათები და სხვა საჩუქრები, აღაზევა ისინი და განადიდა“.
შემდეგ ჯალალედინმა გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო საქართველოში და შური ეძია ქართველების მიერ მისი ვეზირისა და გარნიზონის ტფილისიდან განდევნის გამო.
„625 წელს (1227 წლის 12 დეკემბრიდან – 1228 წლის 29 ნოემბრამდე) იქიდან საქართველოში წავიდა.”
ამასობაში, ჩვენი მეზობელი მაჰმადიანი მმართველები დარწმუნდნენ, რომ ჯალალედინი ისლამის მცველი კი არა, ჩვეულებრივი მძარცველი იყო, რომელიც ანადგურებდა ყველას და ყველაფერს, ვისაც მოერეოდა, სხვებს კი გაურბოდა. ამიტომ, გადაწყვიტეს, ქართველებთან ერთად შებრძოლებოდნენ ჯალალედინს. ჯუვეინი წერს:
„რაკი რუმის, შამის, სომხეთისა (იგულისხმება მაჰმადიანთა მიერ დაპყრობილი სომხეთის ის ნაწილი, რომელიც საქართველოში არ შემოდიოდა) და იმ მხარეთა სულთნებს ეშინოდათ მისი სიმკაცრის და შურისძიების, მძვინვარე იერიშისა და გაბედული თავდასხმის, ერთმანეთს შეუთანხმდნენ და მის განსადევნად გაერთიანდნენ. ქართველთა, ალანთა, სომეხთა, სარირების, ლეკების, ყივჩაყთა, სვანების, აფხაზთა, ჭანების, სირიელების და ურუმთა ლაშქარი გაერთიანდა იმ ხალხთან ერთად, ვინც განგების ცეცხლზე იყო ნაწრთობი და მებრძოლთა შორის რჩეული“.
ჯუვეინი ტყუის, სინამდვილეში ჯალალედინმა შეიტყო ამ კოალიციის შექმნის გეგმის შესახებ. მას, რუსუდანის სამეფო კარისგან განსხვავებით, კარგად ჰქონდა მოგვარებული სადაზვერვო სამსახურის მუშაობა და მანამ შემოიჭრა საქართველოში, სანამ ჩვენი მეზობელი მაჰმადიანი მთავრები მოვიდოდნენ თავისი ჯარით. ერთი, რაც მოასწრეს ჩვენებმა, ყივჩაღების საკმაოდ დიდი რაოდენობა, ჯუვეინის მიხედვით – 20 000, დაიქირავეს, ანუ იმდენივე, რაც თვითონ ჰყავდათ.
ქართველები ბოლნისთან დახვდნენ მტერს.
ჯუვეინი განაგრძობს: „სულთანი მათს სიახლოვეს მივიდა მინდორზე და ჩამოხდა. იგი შეშფოთებული იყო შეიარაღების ნაკლებობით და მახვილოსნებისა და შუბოსნების უყოლობით, აგრეთვე, მტრის მომრავლებითა და თავისი ბედის ცვალებადობით”.
ჯუვეინს ისე გამოჰყავს, თითქოს სულთანს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავდა. რაც არ არის მართალი.
ჯუვეინი განაგრძობს: „ჯალალ ად-დინმა რჩევა ჰკითხა ვაზირ იულდუზჩისა და სხვა დიდებულებს. იულდუზჩიმ მოახსენა: „რაკი ჩვენი ხალხის რაოდენობა იმათ მეასედსაც არ შეადგენს, მინდორიდან წავიდეთ და იმათ გზა მოვუჭრათ წყლისა და საწვავისაკენ, რათა სიცხისაგან თვითონაც დასუსტდნენ და ცხენებიც დაუმჭლევდეთ. ჩვენი სხვა რაზმებიც, რომლებიც სხვადასხვა მხარეს არიან, ამასობაში მოაღწევენ. მაშინ სრული ძალითა და გამჭრიახობით შევუდგებით საქმეს და ომზე ვიფიქრებთ“.
ჯუვეინს ეგონა, ჯალალედინის დადებით პორტრეტს ხატავდა, სინამდვილეში მისი უკულტურობა გვიამბო:
„სულთანი უზომოდ განრისხდა ამაზე და, წინ რომ სამელნე ედგა, ვაზირს თავში სთხლიშა. თან ბრძანა, „ეგენი ცხვრის ფარას წარმოადგენენ და ლომს რა აქვს საწუწუნო მათი სიმრავლის გამო?“
იულდუზჩიმ თავისი უხეირო ნათქვამი მოინანია და ჯარიმად 50 000 დინარი გადაიხადა.
სულთანმა ბრძანა: „თუმცა მძიმე და ძნელი საქმეა, მაგრამ ერთადერთი საშველი ბრძოლა და ღვთის წყალობაზე მინდობაა. არავინ იცის, ვინ გაიმარჯვებს“.
ხაზინის კარი გახსნეს და ცხენის ჯოგები მორეკეს; ამირებმა და დიდებულებმა, საშუალო და მდაბიო მეომრებთან ერთად, რაც კი შეეძლოთ, აიღეს და მოემზადნენ.
როცა მოწინააღმდეგის რაზმებმა მოაწიეს დაფითა და ბუკით, მამალი და დედალი აქლემებით, და ერთმანეთის მიყოლებით დაეწყვნენ მწკრივებად ომისთვის მომზადებულნი, სულთნის ლაშქარი თავის თავთან შედარებით ზღვის მცირე ნაკადულად და თავის მოედანზე ბურთად ეჩვენათ“.
ჯალალედინმა ისევ ხერხი იხმარა და ქართველების დამარცხება მათი ჯარის რიგებში უთანხმოების შეტანით გადაწყვიტა. ჩუმად ხალხი გაუგზავნა ყივჩაღებს და დიდი საჩუქრები შესთავაზა:
„როცა ქართველთა ლაშქარი მოვიდა, სულთნის ჯარმაც იარაღი აისხა. სულთანი მათ დასათვალიერებლად ერთ მაღალ გორაკზე ავიდა. მარჯვნივ ყივჩაყთა დროშები და ალმები და 20 000 რჩეული კაცი დაინახა. სულთანმა ყოშყარს უხმო, ერთი პური და ცოტაოდენი მარილი მისცა და ყივჩაყებთან გაგზავნა. მან მოაგონა ის ამბავი, რომ მამამისის მეფობაში, იმ დროს, როცა ისინი დამონებული და დამცირებული იყვნენ, სულთანმა თავისი ეშმაკური მახვილსიტყვაობით დაიხსნა ისინი ამისგან და მამასთან უშუამდგომლა. თან დასძინა: „ნუთუ ახლა იმ ამბის სამაგიეროდ მახვილს იშიშვლებთ ჩემს წინააღმდეგ?“.
პურისა და მარილის მიტანა ნიშნავს მშვიდობისა და მეგობრობის სურვილით მისვლას ვინმესთან. ჯალალედინმა შესთავაზა ყივჩაღებს, მიეტოვებინათ ქართველები და ალბათ, გაუგზავნა უფრო მეტი თანხა, ვიდრე ქართველებისგან აიღებდნენ, თუ ბრძოლაში ქართველების გვერდით იბრძოლებდნენ.
ადრე, ხორეზმშაჰების ჯარშიც მსახურობდნენ ყივჩაღები, როგორც გვიამბობს ჯუვეინი და შეხვედრებიც ჰქონიათ ჯალალედინთან. ჯალალედინის მოქმედ ჯარშიც იყვნენ სხვა დაქირავებული ყივჩაღები, რაც მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნებოდა ჯალალედინის მხრიდან ქართველების მიერ დაქირავებულ ყივჩაღებთან მოლაპარაკებისას.
ყივჩაღები ისედაც განაწყენებული იყვნენ რუსუდან მეფეზე. რამდენიმე წლით ადრე მან არ მიიღო ისინი ქვეყანაში. მაშინ, ყივჩაღებთან ორი შეტაკებაც მოხდა. პირველად ყივჩაღებმა გაიმარჯვეს, მეორე ბრძოლაში კი ჩვენმა ჯარმა სძლია და გარეკა. ეს მწარედ ახსოვდათ ყივჩაღებს.
ჯალალედინის პურ-მარილმაც გაჭრა. ჯუვეინი წერს: „ამ მიზეზით ყივჩაყთა ლაშქარმა უკან დაიხია, თავის ადგილს მოშორდა მაშინვე და განზე გადგა”.
რუსუდანისა და ივანე მხარგრძელის მიერ მოშლილ სახელმწიფოს კიდევ ერთხელ აჯობა ჯალალედინმა მოხერხებით.