№21 ჩაშლილი მისია
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #19-20(1011)
როგორც ბარკის, ასევე მასპინძლის სიტყვები პაროლი იყო. მასპინძელი რელიგიის მსახური სელომ ბაგაევი, იგივე აგენტი „ახმატი“ იყო. მან ძაღლი დააბა და სტუმრები სახლში შეიყვანა. „ახმატმა“ მხოლოდ ის იცოდა, რომ მეკავშირეები ესტუმრნენ. არც ბარკის ვინაობა იცოდა და არც თანამდებობა. ბარკმა მასპინძელს ჰკითხა:
– სახლში მარტო ხარ?
– დიახ, – მიუგო „ახმატმა“.
– ეს ჩემი მუნჯი ძმაა. ჩემი თანაშემწე და არაფერი ესმის. ახლა კი მომისმინე, – რუსთამ მარგოშვილს იცნობ?
– დიახ. ვიცნობ, – თქვა „ახმატმა“.
– ხომ არ იცი, სადაა ის ახლა?
– თავის სახლში, – თქვა მასპინძელმა.
– სახლი აქედან შორსაა?
– არა. აქვე, სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრში.
– ვისთან ერთად ცხოვრობს?
– თავის ორ სულიერ ძმასთან ერთად.
– მასთან საქმე მაქვს. შეგიძლია, მოიყვანო?
„ახმატს“ ფერი ეცვალა და ბარკს უთხრა:
– ღვთის გულისთვის, მის მოსაკლავად ხომ არ ხართ ჩამოსულები?
– რა სისულელეა, საიდან მოიტანე? – გულწრფელად გაუკვირდა ბარკს.
– იცოდე, ძმაო, თუ მატყუებ და რუსთამის მკვლელები ხართ, მაშინ მეც მას მიმაყოლეთ. სულ ერთია, მაინც არავინ დამტოვებს ცოცხალს. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს აქ და მისი ყველას ეშინია, – თქვა „ახმატმა“.
– არა, უბრალოდ, საქმე მაქვს მასთან, – მიუგო ბარკმა.
– თუ მისი გადაბირება გსურთ, იცოდეთ, არც ეს გამოგივათ და ყველას დაგვხოცავს, – თქვა „ახმატმა“.
– ნუ გეშინია. სულ სხვა საქმეზე ვართ. მან არც კი იცის, თუ ვინ ვართ. შენ ის მოიფიქრე, თუ რა მიზეზით გამოიყვან მას ასე გვიან სახლიდან.
– მიზეზი მაქვს. მთავარია, არ მატყუებდეთ.
– რა მიზეზი?
– ჰაშიშს მაძლევს ხოლმე. იცის, რომ ძალიან მიყვარს და მითხრა, ნებისმიერ დროს მომაკითხეო. რომ მივალ, ჩუმად ვეტყვი, გკითხულობენ-მეთქი, მაგრამ წამომყვება კი? – იკითხა „ახმატმა“ და დააყოლა, – ჰაშიშის თხოვნა ერთია, მაგრამ ასე გვიან მარტო გამოყოლა – მეორე. ის ძალიან ეჭვიანია და შეიძლება, არ დამიჯეროს და მომკლას კიდეც. თუ არ მომკლავს, მაწამებს.
ბარკი მიხვდა, რომ აგენტი „ახმატი“ სიგიჟის ზღვარზე და ჩავარდნის პირას იყო. ამიტომ მას უთხრა:
– თავი ხელში აიყვანე და ნურაფრის გეშინია. რუსთამს კი უთხარი, მოლები მოვიდნენ და გიხმობენო. მერწმუნე, მაშინვე მარტო წამოგყვება.
მასპინძელი დამშვიდდა და „მელოტის“ მოსაყვანად გაემართა. ბარკმა კი „ახმატთან“ ჩეჩნურ ენაზე ნალაპარაკევის შინაარსი გააცნო ზურაბს და უთხრა:
– ვფიქრობ, ეს „ახმატი“ აღარ გამოგვადგება და ჩავარდნის პირასაა. დროებით მაინც უნდა დავანებოთ თავი, სამუდამოდ თუ არა. მისთვის სერიოზული დავალებების მიცემა არ შეიძლება. სრულ პანიკაშია.
– გეთანხმები, – უთხრა ზურაბმა და დადუმდა, რადგან ოთახში „ახმატი“ და „მელოტი“ შემოვიდნენ.
დევდარიანმა უმალვე იცნო თავისი კურატორი, მაგრამ არ შეიმჩნია. შემდეგ თვალით ანიშნა „ახმატი“ მოტეხეთო და იკითხა:
– რატომ მკითხულობდით, კეთილო ადამიანებო?
ზურაბმა „ახმატს“ მუნჯურად ანიშნა, – წყალი მომიტანეო და სანამ მასპინძელი გასული იყო, „მელოტს“ უთხრა:
– რა იყო?
– გარეკილი აქვს და არასანდოა. ნარკოდამოკიდებულია. თანაც, კაიფში რომაა ყველაფერს მოყვება. ვიცი, რომ ინფორმატორია და თვითონაც არ იცის, თუ ვისი, – სწრაფად თქვა დევდარიანმა და გაჩუმდა, რადგან ოთახში „ახმატი“ შემოვიდა.
მასპინძელი ბარკმა გაიყვანა გარეთ, ვითომდა, პირისპირ სასაუბროდ, ოთახში დარჩენილმა ზურაბმა კი დევდარიანს მიკრომოწყობილობა გადასცა და მისი მოქმედების პრინციპი აუხსნა. ბოლოს კი უთხრა:
– შენი იმედი გვაქვს. აბა, შენ იცი.
– გასაგებია ყველაფერი. სელიმი კი ან უნდა მოიშოროთ, ან დროებით გამოამწყვდიოთ სადმე. შეიძლება, ყველაფერი ჩაგვიშალოს, – უთხრა ზურაბს დევდარიანმა.
– უკვე მოვიშორე. კისერი მოვტეხე და მანქანაში ჩავაწვინე, უკან რომ დავბრუნდებით, სადმე დავტოვებთ, – თქვა ოთახში შემოსულმა ბარკმა და დაამატა, – მის გამო ოპერაციას რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდი. რას იზამ, ყველაფერი ეს უმაღლესი ინტერესების გამო გავაკეთე.
კარანაძესა და დევდარიანს არაფერი უთქვამთ და უხმოდ დატოვეს „ახმატის“ კარ-მიდამო...
***
„მელოტი“ და დანარჩენი შვიდი ქისტი „მეტყევემ“ ჯერ მთის ბილიკით გადაიყვანა პანკისიდან ჩეჩნეთში. შემდეგ კი ყველანი გროზნოს სამხედრო აეროდრომზე სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავში ჩასხდნენ და ცენტრალური რუსეთისკენ აიღეს გეზი. „მელოტმა“ მიკროელექტრონული მოწყობილობა გამოხრულ კბილში დამალა, რომელიც სპეციალური ბჟენით ჩაამაგრა და ამის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში „მეტყევესა“ და მისი „რვიანის“ ყველა გადაადგილება იცოდნენ. იწერდნენ, აგრეთვე, ყველა ხმასა და საუბარს. ამერიკელებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ რვაკაციან ქვედანაყოფს მსხვილი აქციისთვის ამზადებდნენ. ხოლო თუ სად და როდის გაიმართებოდა ის, ჯერჯერობით უცნობი იყო. ბარკი ყველა ინფორმაციას სარა ვინტერისგან იღებდა ტელეფონით. შემდგომ კი ზურაბს უზიარებდა და კოლეგები საათობით აანალიზებდნენ მიღებულ მასალებს და სხვადასხვა ვარიანტებს ადგენდნენ, თუ რა და როგორ უნდა მომხდარიყო. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, გამოცდილი კოლეგები მით უფრო მეტად ნერვიულობდნენ. ამის მიზეზი კი ის გაურკვევლობა იყო, რომელშიც ბარკი და კარანაძე იმყოფებოდნენ, რადგან იმ რვიანის წევრებსა და „მეტყევეს“ შორის გამართული საუბრები ხელჩასაჭიდს არაფერს იძლეოდა.
– ყველაფერი წმინდა წყლის რუსული სცენარით მიმდინარეობს, – ამბობდა ბარკი და ნერვიულად ამატებდა, – სრული იდუმალებაა. ისინი იმათაც კი არ ენდობიან, ვისაც საქმე უნდა გააკეთებინონ.
– კი. ეს უფრო ართულებს ჩვენს ამოცანას და მოქმედების საფუძველს არ გვაძლევს, – პასუხობდა ზურაბი.
მომზადების დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ სარა ვინტერმა ბარკს დაურეკა და უთხრა:
– სამწუხაროდ, „მელოტთან“ კავშირი დავკარგეთ. მიკრომოწყობილობა მდინარე ვოლგის ფსკერზე გდია. სიგნალი იქიდან მოგვდის. ხოლო ჯგუფი სადაა, წარმოდგენაც არ გვაქვს.
ბარკს ყელი გაუშრა და ნერვიულობისგან ხველა აუვარდა. ისღა მოახერხა, ეკითხა:
– ნეტავ, რა მოხდა?
– ორი ვარიანტია – ან „მელოტი“ დაიხრჩო, ან მოწყობილობა კბილიდან გამოუვარდა. უფრო მეორე ვარიანტი მგონია. რომ დამხრჩვალიყო, ამოიყვანდნენ და სიგნალს სხვა ადგილიდან მივიღებდით. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ბოლო ანალიზით „მეტყევეს“ ჯგუფს აქციისთვის ამზადებდნენ, რომელიც კავკასიაში უნდა განხორციელდეს. სულ სამი ვარიანტია და ერთ-ერთი იქნება. ამიტომ სამივესთვის უნდა ვიყოთ მზად.
– კავკასია დიდია, სარა. კონკრეტული ადგილი უნდა ვიცოდეთ, – უთხრა ბარკმა ვინტერს.
– რუსეთი გამორიცხეთ. რჩება საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. ამათ კი ჩვენ მივხედავთ. თანაც, არ დაგავიწყდეს, რომ „მელოტიც“ იმ ჯგუფშია, რაც ჩვენს ამოცანას აიოლებს, – თქვა სარამ, ბარკმა კი მიუგო:
– და თუ „მელოტი“ ცოცხალი არაა, მაშინ?
– მაშინ ჩვენ უფრო მეტი ძალისხმევა დაგვჭირდება, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ „მელოტი“ ცოცხალია, – თქვა სარა ვინტერმა და დააყოლა, – სულით არ დაეცეთ. იცოდეთ, წინ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს...
ამ ინფორმაციის შემდეგ ბარკი და კარანაძე ადგილს ვერ პოულობდნენ და სხვადასხვა ვარიანტის გათვლაში დღე-ღამეში მხოლოდ 3-4 საათი ეძინათ.
***
რაც შეეხება „მელოტის“ კბილში დამალულ მოწყობილობას, დევდარიანს ის ბჟენთან ერთად ამოუვარდა მდინარე ვოლგაზე მორიგი წვრთნის დროს ხელჩართულ ბრძოლაში. ამით ოპერაცია რისკის ქვეშ დადგა. „მელოტი“ ძალიან მძიმე სიტუაციაში იმყოფებოდა. მას უნდოდა, ინფორმაცია მისიის მიზნის შესახებ პირდაპირი ტექსტით გადაეცა ცენტრში, თუკი ამას მოახერხებდა, თუ არა, გაქცეულიყო და ამგვარად მიეწოდებინა ინფორმაცია ცენტრისთვის.
კბილის დაკარგვიდან ხუთი დღის შემდეგ „მეტყევემ“ თავისი „რვიანი“ დაამწკრივა და გამოუცხადა:
– ძმებო, კვლავ უკან ვბრუნდებით. თქვენმა ჯგუფმა მომზადება წარმატებით გაიარა და მორიგი მისიისთვის მზად ხართ. დამატებით ინფორმაციას ადგილზე შეიტყობთ. მე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენი ძმები უნდა გაათავისუფლოთ, რომლებიც საქართველოს ციხეში არიან გამომწყვდეული და სულით არ ტყდებიან. ისინი ჩვენს დახმარებას საჭიროებენ და უნდა დავეხმაროთ.
დევდარიანმა შვებით ამოისუნთქა, რადგან გაიგო, რომ კვლავ საქართველოში ბრუნდებოდნენ. „მელოტი“ დარწმუნებული იყო, რომ ცენტრს ყველაფერს დროულად შეატყობინებდა. ამ აზრმა ისე გაამხნევა, რომ ტვინის შერყევით გამოწვეული თავის ტკივილიც კი გაუჩერდა...
***
„მელოტი“ და კამპანია კვლავ გარნიზონის აეროდრომზე ჩამოაფრინეს. შემდეგ იმავე მთიანი ბილიკით ჩაიყვანეს პანკისში და ერთ-ერთი ბაზაზე, უღრან ტყეში დააბანაკეს. „მეტყევემ“ „რვიანი“ გაამწკრივა. თითოეულ მათგანს ქისტი ეროვნების, საქართველოს მოქალაქეების პასპორტები და პირადობის მოწმობები დაურიგა და უთხრა:
– ძმებო, ღამეს აქ გაათევთ. ხვალ დილით კი წყვილ-წყვილად თბილისისკენ დაიძვრებით და კონსპირაციულ ბინაში დაბანაკდებით. იქ თქვენ ოპერაციის კურატორი მოგაკითხავთ, რომელიც დეტალებს გაგაცნობთ. აბა, თქვენი იმედი მაქვს. გფარავდეთ ღმერთი!
„რვიანმა“ ღამე ტერორისტების ყოფილ ბაზაზე გაატარეს და როგორც „მეტყევემ“ უთხრა, დილით თბილისისკენ აიღეს გეზი. დედაქალაქში რომ ჩამოვიდნენ, საბურთალოზე, ერთ-ერთ ახალაშენებულ კორპუსში შეიკრიბნენ. საღამოს კი მათ ათლეტური აღნაგობის, ორმოციოდე წლის მამაკაცი ესტუმრა და უთხრა:
– ძმებო, მე თქვენი კურატორი ვარ, სევა დამიძახეთ. საქმის არსს გაგაცნობთ და ხვალ კი ერთად გავათავისუფლებთ ჩვენს ძმებს. ახლა კი კეთილი, რუსული ტრადიციისამებრ, თითო ჭიქა არაყი გადავკრათ ერთმანეთის გაცნობისა და შემდეგ საქმეზე გადავიდეთ.
სევამ დაბეჭდილი „აბსოლუტი“ გახსნა. სერვანტიდან ცხრა ცალი ჭიქა გამოიღო და არაყი ჩამოასხა. შემდგომ ასწია ჩვენი გაცნობისა იყოსო, თქვა და დალია.
– აბა, ძმებო, ბოლომდე ამოაშრეთ ჭიქები, ბოლომდე, ბოლომდე და საქმეს შევუდგეთ, – დაჟინებით ითხოვდა სევა.
„მელოტს“ არ მოეწონა სევას დაჟინება, გულმა უგრძნო, რომ ის რაღაცას თვალთმაქცობდა. თუმცა, სხვებთან ერთად მოიყუდა ჭიქა და ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს დალია, მაგრამ პირში ჩაიგუბა, შემდეგ კი დრო იხელთა და არაყი მაგიდის ქვეშ გადაასხა.
სევა ოთახის შუაგულში იდგა და „რვიანის“ წევრებს აკვირდებოდა, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით ითიშებოდნენ და იატაკზე ცვიოდნენ. „მელოტმაც“ იგივე გააკეთა და ოთახის კუთხეში მიწვა, თან თვალს არ აშორებდა სევას, რომელმაც მობილური ტელეფონი ამოიღო, დარეკა და სანამ ბინიდან გავიდოდა, თქვა:
– ყველამ მიიძინა. გადავდივარ შემდეგ ეტაპზე. გავდივარ.
სევა რომ წავიდა, „მელოტმა“ წამოდგომა სცადა, მაგრამ იგრძნო, რომ თავბრუ ეხვეოდა, ძილი ეკიდებოდა და ადგომა უჭირდა. ბანგიანმა არაყმა, რომელიც დევდარიანმა მცირე დოზით მაინც მიიღო, შედარებით გვიან იმოქმედა და „მელოტს“ ძილი ეკიდებოდა. დევდარიანმა უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და წამოდგა. ოთახში ტელეფონი არ იყო. ამიტომ ის დერეფანში გავიდა და მეზობელს დაუკაკუნა. კარი ოცდახუთიოდე წლის გოგონამ გააღო, რომელსაც ხელში მობილური ტელეფონი ეკავა. „მელოტმა“ გოგონას ტელეფონი გამოსტაცა და სანამ ის გონზე მოვიდოდა, დარეკა:
– „მელოტი“ ვარ. სევა შეიპყარით. მობილურის ზარით იპოვით, რომელიც ხუთიოდე წუთის წინ განახორციელა. ორმოც წლამდე მამაკაცია, ათლეტი, ხშირი თმით. ჩემს მისამართს კი გოგონა გეტყვით, – დევდარიანმა გოგონას მობილური გაუწოდა და უთხრა:
– მიდი, ამ სახლის მისამართი უთხარი. მე უშიშროების აგენტი ვარ და ვითიშები...
***
კახა დევდარიანმა რომ თვალი გაახილა, ბარკი და კარანაძე დაინახა, რომლებიც მის წინ იდგნენ და უღიმოდნენ. „მელოტს“ თავი უბრუოდა და ლაპარაკი უჭირდა. თუმცა ძალები მოიკრიბა და იკითხა:
– სევა შეიპყარით?
– ყველაფერი რიგზეა, ვიცე-პოლკოვნიკო, – გაუღიმა კარანაძემ „მელოტს“.
– ბატონო პოლკოვნიკო, მართლა გავითიშე, მაგრამ ტვინი კი არ მომკლებია, მახსოვს, რომ მაიორი ვარ.
– დამშვიდდი, დევდარიანო. ვიცე-პოლკოვნიკის რიგგარეშე ჩინი მოგენიჭა და არაფერი მეშლება. მშვიდად იწექი.
– ბატონო პოლკოვნიკო, როგორ დასრულდა ოპერაცია, რა მოხდა? – ვერ ისვენებდა „მელოტი“.
– ყველაფერი კარგადაა, ძმობილო, – საუბარში ბარკი ჩაერთო, – სევა გამოვიჭირეთ და ავიყვანეთ. მან ყველაფერი დაფქვა. თქვენი „რვიანი“ განტევების ვაცი იყო – პანკისელ ქისტებზე უნდოდათ, შეეწმინდათ ხელი. სინამდვილეში კი სპორტის სასახლის გვერდით მრავალსართულიანი კორპუსი იყო დანაღმული და ღამით უნდა აფეთქებულიყო. შემდგომ კი თქვენზე მიუთითებდნენ და დაგიჭერდნენ. ხვდები ახლა, რატომ მიიღე რიგგარეშე ჩინი, ძმობილო?
– ესე იგი, ჩემი მისია შევასრულე, მისტერ ბარკ? – იკითხა „მელოტმა“, ამერიკელმა კი მიუგო:
– წინ კიდევ უფრო დიდი მისია გვაქვს და ერთად დავკრათ რუსებს!
დასასრული