№21 შევცდი, შვილიანი ქალი მეორედ არ უნდა გავთხოვილიყავი
როცა პირველი ოჯახი დამენგრა და შვილით ხელში, ქუჩაში აღმოვჩნდი, დაბნეული და შეშინებული ვიყავი. ვერ ვხედავდი გამოსავალს, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება, როგორ გამეზარდა შვილი, როგორ მებრძოლა არსებობისთვის. ბევრი მეტყვის: არ დაგენგრია ოჯახი და არ მოგიწევდა მარტო ბრძოლაო... თქმა ადვილია. მთელი სამი წელი ვუძლებდი დამცირებას, ცემას, კამათს და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც არ მინდოდა ოჯახის დანგრევა. თუმცა, ბოლო აკორდი ჩემი ქმრისგან ბავშვზე ხელის აწევა აღმოჩნდა. ჩემზე თავდასხმას ვითმენდი, მაგრამ შვილის დაჩაგვრასა და შეურაცხოფას, ვერავის ვაპატიებ და მათ შორის, არც მის მამას შევარჩინე. იმის გამო აწია ბავშვზე ხელი, რომ არ იძინებდა და ტიროდა. მეორე დღესვე ჩავალაგე ბარგი და წამოვედი. რასაკვირველია, ჩემს მშობლებთან მინდოდა დაბრუნება, მაგრამ გაიგიჟეს თავები: სად უნდა მოხვიდე, ბავშვით ხელში როგორ აპირებ ცხოვრებას, ყველა მასე ითმენს ქმრისგან და შენ რა გამოხვედი ასეთი ფემინისტიო. მოკლედ, მათთან კამათის და გარჩევის თავი არ მქონდა და დაქალს ვთხოვე, რამდენიმე დღე დავრჩები შენთან-მეთქი. მარი მარტო ცხოვრობს და სიხარულით მიგვიღო. მითხრა: მართალია, ნაქირავებ ბინაში ვარ, სივიწროვეა, არც პირობები ვარგა, მაგრამ, გავიჭირვებთ და ერთად ვიქნებით, ბავშვის გაზრდაშიც დაგეხმარები, როცა მე მიჭირდა, შენ დამეხმარე და ეს სიკეთე, არ დამავიწყდებაო. ამ სიტყვების მერე მივხვდი, რამხელა ძალა აქვს ნაღდი მეგობრის ყოლას. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავიწყეთ ერთად ცხოვრება და ჩემი ქმრისკენ აღარც გამიხედავს. არც თავად მოუკლია თავი ხვეწნით. ერთი-ორჯერ მომაკითხა, შემირიგდიო, მითხრა და სულ ეს იყო. არც ის უთქვამს, ვნანობ და აღარ გავიმეორებო და არც ის – უთქვენოდ არ მინდა ცხოვრებაო. ასეთ ქმარს და მამას დროულად უნდა გასცილდე და შენი გზა ნახო. ნიაკო ბაღში შევიყვანე და მე მაღაზიაში კონსულტანტად დავიწყე მუშაობა. ჩემი დაქალი, მაქსიმალურად მიწყობდა ხელს და არაფერი გვიჭირდა. სამსახურში გავიცანი დისტრიბუტორი, რომელიც გადამეკიდა, აღარ მომცილდა და იმდენი ქნა, სანამ მასზე არ დავიწყე ფიქრი. უამრავ საჩუქარს მჩუქნიდა, მთხოვდა: ცოლად გამომყევი, ხელის გულზე გატარებ, შენს შვილსაც მივიღებო... რაიონიდან იყო ჩამოსული და ისიც ქირით ცხოვრობდა. ვიფიქრე: მარტო ცხოვრობს, არც დედამთილ-მამამთილის ყურება მომიწევს, ბავშვსაც თუ მიიღებს და შეიყვარებს, გავყვები ცოლად, იქნებ მეორედ მაინც გამიმართლოს-მეთქი. თუმცა მარი მაფრთხილებდა: კარგად დაფიქრდი, შენ რომ გხვდება, რატომ გეუბნება ბავშვი არ წამოიყვანოო... ამას არ ვაქცევდი ყურადღებას. უბრალოდ, ვფიქრობდი, რომ მარტო უნდოდა ჩემთან დარჩენა. ერთი სიტყვით, დავთანხმდი ცოლობაზე, დავიწყეთ ერთად ცხოვრება და მალევე მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. ბავშვს ზედაც არ უყურებს, ცივად ექცევა, ერთი სული აქვს, როდის დაიძინებს და ხშირად ისეთ წვრილმანზე აძლევს შენიშვნას, ბავშვი კი არა, მეც ვღიზიანდები. რომ გითხრათ, დიდად მიყვარდა და ამის გამო გადავწყვიტე მისი ცოლობა-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, მარტოობის შიში მქონდა, არ მინდოდა, მე და ჩემი შვილი ვინმეს დავეჩაგრეთ, კაცის ძალა და გვერდით დგომა სულ სხვაა. მაგრამ ახლა ვხვდები, როცა შვილი გყავს, მარტოობის შიშის გამო არ უნდა გათხოვდე. სჯობს, თავად გაუმკლავდე ყველა პრობლემას, ისევ შვილის გამო, სხვაზე იძულებით არ გახდე დამოკიდებული, რომ მომავალში ბედნიერი იყო.
ვიკა, 29 წლის.