კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ღალატის ანატომია

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #18-20(1011)

თეონამ გაიცინა. ფეხის წვერებზე აიწია და კაცის წინ დატრიალდა.
– შემომხედე, მომინდა, გარდერობი გამეახლებინა. გოგოებმა არაჩვეულებრივი მაღაზია მიმასწავლეს და გადავწყვიტე, მომენტით მესარგებლა.
– რა მომენტით? თეონა, სამსახურში საერთოდ არ ყოფილხარ?
– არა. შატალოზე წავედი. რა ხდება? ჩემი მშობელი ხარ და კუთხეში მიპირებ დაყენებას? თუ ის ფული დაგენანა, რომელიც შენი ანგარიშიდან დავხარჯე?
– რა სისულელეა. როდის მითქვამს შენთვის უარი რამეზე? აი, ახლა ძალიან უსამართლო ხარ და მგონია, რომ ამ საქციელით რაღაცის გადაფარვას ცდილობ. რატომ გაჩუმდი? თქვი, რომ ასე არ არის.
– დიახ, ასე არ არის. უმჯობესია, მითხარი, მიხდება თუ არა.
დათო მოიღუშა.
– თეონა, მგონი, სერიოზულად უნდა დავილაპარაკოთ.
– დავილაპარაკოთ. მკითხე, რაც გინდა, ოღონდ, მერე შენც მოგიწევს ჩემს შეკითხვებს უპასუხო.
კაცს შეაჟრჟოლა, მაგრამ არ შეიმჩნია.
– რატომ იქცევი ისე, როგორც არასოდეს მოქცეულხარ. რამე ხდება და მე არ ვიცი?
– არაფერი ხდება. ნუთუ ერთი ახალი ლუქი ასეთი საეჭვოა შენთვის?
– ეს არაფერ შუაშია, იმდენი ახალი ლუქი იყიდე, რამდენიც გინდა, ოღონდ ნუ მანერვიულებ.
– განერვიულებ? მე? დათო, ასეთი მგრძნობიარე როდის გახდი? სამსახურში პრობლემები გაქვს? ჰო, ახლა ვხვდები, ამიტომაც მოდიხარ ამ ბოლო დროს ადრე და საშინელ ხასიათზე. ბიზნესის საქმე ცუდად მიდის?
– არა. კარგად მიდის. შენი საქციელი მაშფოთებს.
– მაინც, რა გაშფოთებს. შეგიძლია, კონკრეტულად მითხრა?
– უკვე გითხარი, ისე იქცევი, როგორც არასოდეს მოქცეულხარ. სამსახურს აცდენ, ხან ქალაქს ათვალიერებ, ხან საყიდლებზე დადიხარ... არაფერს მეუბნები.
– კარგი, გეტყვი. ოღონდ მანამდე ერთ მარტივ შეკითხვაზე გამეცი პასუხი.
დათო გაისუსა.
– როგორ მოხდა, რომ შენი ნაჩუქარი, შენი ვენიდან ჩამოტანილი თავშალი დღეს გამყიდველმა გოგონამ იცნო. ისიც კი თქვა, რომ თავად აურჩია მყიდველს, ანუ შენ.
– რა? – კაცს მღელვარებისგან სუნთქვა შეეკრა.
– გაგიკვირდა? წარმოიდგინე, მე როგორ გამიკვირდა, როცა ამ გოგომ თავგამოდებით დამიწყო იმის მტკიცება, რომ ჩემი ძვირფასი მეუღლის საჩუქარი, თბილისში ერთ პატარა „ბუტიკშია“ ნაყიდი.
– რა სისულელეა... გოგონას რაღაც შეეშალა. შენ კი, შენ...
– ჰო, მე ვიფიქრე, რომ მომატყუე. შენ არ იფიქრებდი იმავეს?
– მოიცა, იმის თქმა გინდა, რომ ეგ თავშალი ვენაში კი არა, თბილისში გიყიდე?
თეონამ მხრები აიჩეჩა.
– რამე ვერსია გაქვს, რომ ეს ეჭვი გამიქარწყლო? მიდი, გისმენ.
– განსაკუთრებული არაფერი. ახსნაც არ სჭირდება იმას, რომ იმ გამოშტერებულ გამყიდველს რაღაც შეეშალა.
– ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ...
– მაგრამ რა? იმის უფრო გჯერა, ვიდრე ჩემი?
თეონა ქმარს გვერდით მიუჯდა და ხელზე ხელი დაადო.
– გუშინ... ძალიან გამაოცა ნინჩომაც, რომელმაც ასევე ჯიუტად დაიწყო იმის მტკიცება, რომ თავშალი სწორედ იმ „ბუტიკში“ ნახა და ვერ იყიდა, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ღირდა.
დათო ჯერ გაჩუმდა, მერე ერთბაშად წამოხტა და შეჰყვირა.
– შეთქმულებას მიწყობთ? პირდაპირ მითხარი, რისი თქმა გინდა.
* * *
  ვახოსთვის მომხდარი იმაზე გაცილებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოიდგენდა. თეონას მიმართ განსაკუთრებული გრძნობა ჰქონდა. ამას მანამდე ხვდებოდა, სანამ ქალს დაუახლოვდებოდა. ასაკობრივი სხვაობა საერთოდ არ ადარდებდა. თავისზე უმცროსი გოგონები დიდად არც არასდროს მოსწონდა. მათთან საერთო ენის გამონახვა უჭირდა. კომუნიკაბელურობის პრობლემა არაფერ შუაში იყო, უბრალოდ, ვერ იტანდა, როცა გოგონები უნიჭოდ თამაშობდნენ ზედმეტად ჭკვიანის როლს. იცვამდნენ გამომწვევად და უგემოვნოდ. ითხიპნებოდნენ მაკიაჟით და ზემოდან უყურებდნენ. თეონა სრულიად განსხვავდებოდა მათგან. ყოველთვის გემოვნებით ჩაცმული, თავდაჯერებული, გრაციოზული და ჭკვიანი. მაგრამ ვახო არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ ქალისთვის რამეს წარმოადგენდა. თავად ხომ უთხრა, ქმარი მღალატობსო. ახლა ვახო ვეღარ იქნებოდა დარწმუნებული იმაში, რომ ქალმა შემთხვევითობის პრინციპით არ აარჩია ქმარზე შურის საძიებლად. მეტისმეტად სწრაფად განვითარდა მოვლენები. სამი დღე გავიდა. თეონა აღარ ჩანდა. არც მესიჯი, არც ზარი. ეზოშიც კი არ დაუნახავს. ძალიან უნდოდა, თვითონ დაერეკა მისთვის, მაგრამ შინაგანი წინააღმდეგბა ვერ დასძლია.
– ვახო, არ გესმის? უკვე ათი წუთია, გეძახი, – ბიჭმა თავი ასწია და დედა დაინახა. ქალს უკმაყოფილო სახე ჰქონდა. გაბრაზებული ჩანდა.
– რა იყო, მარინა? ჩემთვის ვფიქრობდი.  რა, არ შეიძლება?
– ყველაფერი შეიძლება, მაგრამ ერთი საათის წინ რომ მთხოვე, ჩაი გამიკეთეო, დაგისხი, ბატონო და გაცივდა.
– კარგი, გამოვალ, – ამოიოხრა ვახომ.
– რაღას გამოხვალ, გაცივდა-მეთქი. თან, მე მივდივარ. ისედაც დამაგვიანდა სამსახურში, შენი და მამაშენის გადამკიდე. მოკლედ, კექსი მაგიდაზეა, კარაქი და ყველი – მაცივარში. ჩაი თავიდან უნდა აადუღო. დღეს მიბრძანდები სადმე?
– აუ, მარინა, რანაირი ლაპარაკი იცი...  თითქოს სულ ქუჩაში ვიყო და არ იცოდე სად დავდივარ. ვიჯდები სახლში და არ გავალ არსად – არც სამსახურში, არც უნივერსიტეტში... კმაყოფილი იქნები?
– ნუ მეჩხუბები. როცა სახლში ხარ, სიტყვას ვერ გეტყვის ადამიანი, – ქალმა საყურე შეიკრა და ფანჯრიდან გადაიხედა.
– როგორ მომწონს ეს გოგო, – თქვა უცებ.
ბიჭი შეკრთა. დაიძაბა და დედას ნაძალადევად გაუღიმა.
– შენ ვინმე მოგწონს? პირველად მესმის.
– ნუ მასხრობ. ეს ჩვენი ახალი მეზობელი ძალიან გემოვნებიანი გოგოა, თავაზიანიც... თან, მგონი, პარლამენტში მუშაობს.
– ეგ რაღა შუაშია მის სიკარგესთან. პარლამენტში მუშაობა რამე ღირსებას მატებს?
ქალმა შეუბღვირა და სამზარეულოში შემოსულ ქმარს მიუბრუნდა.
– ელაპარაკე ახლა ამას და აუხსენი. ბავშვია ისევ. ვერ გაიზარდა. ელემენტარული რაღაც არ ესმის.
– დილიდანვე რომ არ იჩხუბოთ, არ შეიძლება? ვახო, დედაშენს ნერვებს ნუ უშლი. ჩემი ცოლია და არ მახარებს ეს ამბავი, – ყასიდად გაბრაზდა კაცი და ცოლს თვალი ჩაუკრა.
– ოი, რა ხარ. შენს შვილზე უარესი მასხარა და არასერიოზული. იმის მაგივრად, დაელაპარაკო, აუხსნა, რას ნიშნავს კარგი ქალი, რომ რაღაც საშინელება არ მოგვითრიოს სახლში, მხარს უბამ და ჩემს ნერვებზე თამაშობთ. წამოდი, წამოდი, წამიყვანე სამსახურში. აღარ შემიძლია თქვენი ყურება.
– მარინა, არც იცნობ იმ გოგოს. ორ-სამჯერ გექნება „გამარჯობა“ ნათქვამი. ასე, ზემოდან რომ დასცქერი რას ატყობ, კარგია თუ ცუდი.
– ვატყობ. მაგრამ არ მაქვს თქვენთან კამათის თავი. მოკლედ, ვაჟბატონო,  წავედით ჩვენ და კარის დაკეტვა არ დაგავიწყდეს, თუ უცებ „გადაუდებელი“ საქმე გამოგიჩნდება.
კარი ხმაურით დაიკეტა. ვახო მაშინვე წამოხტა და ფანჯარასთან მიირბინა. თეონას მანქანის უკანა ნაწილსღა მოჰკრა თვალი. მობილური აიღო და კარგა ხანს ატრიალა ხელში. ნომერი აკრიფა, მაგრამ არ დაურეკავს...
* * *
ქმართან ჩხუბის შემდეგ თეონა თავის ოთახში შეიკეტა. დიდხანს ესმოდა, როგორ დადიოდა ოთახში დათო და როგორ ბურტყუნებდა. რამდენჯერმე მისი ოთახის კართანაც მივიდა და გაჩერდა. ქალი ელოდა, რომ დააკაკუნებდა, მაგრამ დათო კარს სცილდებოდა. დილით თეონამ სასტუმრო ოთახში, დივანზე მძინარე ნახა, ჩართული ტელევიზორის წინ. მისი გაღვიძება არ უფიქრია, სამზარეულოში გავიდა და ყავადანი ჩართო. ყავა რომ დალია და ფინჯანი სარეცხ ნიჟარაში ჩადგა, დათომ მაშინ გაიღვიძა.
– არ მელაპარაკები? – ჰკითხა ცოლს.
თეონამ მხრები აიჩეჩა.
– ანუ, ეს რას ნიშნავს? გუშინ ხომ სისულელის გამო ვიჩხუბეთ, ახლა ასე უნდა იყო გაბუტული?
– მე არ მიმაჩნია, რომ ეს სისულელეა. სანამ არგუმენტირებულ პასუხს არ მივიღებ შენგან, მანამდე რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვერ ვხვდები.
– და რა პასუხი იქნება შენთვის მისაღები?
– სიმართლე, დათო, სიმართლე. და ხმას ნუ უწევ. გუშინდელი ყვირილიც ვერ მიპატიებია.
დათო შეცბა. ცოლს მიუახლოვდა და დამნაშავესავით გაჩერდა მის წინ.
– ჰო, ცოტა ზედმეტი მომივიდა.
– კარგია, თუ ხვდები, – ირონიულად ჩაიცინა თეომ.
კაცი მოიღუშა.
– თეონა, რომ ვაღიარებ, რაღაც შემეშალა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ მართალი ხარ.
– ოჰო? საინტერესოა. აბა, მე რაში ვარ დამნაშავე?
ჭკვიანი ქალი ხარ და არ მეგონა, პროვოკაციებს თუ აჰყვებოდი.
– ანუ, იმის თქმა გინდა, რომ ნინიკოს შეშურდა ჩვენი ურთიერთობა და წამომიკიდა? დათო, მომისმინე... – თეონამ იფიქრა, რომ დრო იყო იმ სატელეფონო ზარის შესახებაც ეთქვა, მაგრამ ერთბაშად სხვა იდეა მოაფიქრდა..
– გინდა, სულ მარტივად მოვაგვაროთ ეს პრობლემა? და ყველაფერი ისევ ძველებურად იქნება. მეც არ მომწონს, რომ ვეჭვიანობ. არ არის ეს ჩემთვის ბუნებრივი მდგომარეობა.
– მეც მაგის თქმა მინდოდა. საერთოდ არ გიხდება ეჭვიანობა.
– დამაცადე, ჯერ არ დამიმთავრებია. თუ გინდა, ეჭვები ერთხელ და სამუდამოდ გამეფანტოს...
– თეონა, რისი თქმა გინდა?
– მაცდი სათქმელს? – შეიჭმუხნა ქალი, – მე მინდა, ერთად წავიდეთ იმ მაღაზიაში. თუ გამყიდველი ვერ გიცნობს, მაშინ ვაღიარებ, რომ ყველაფერი ჩემი აღგზნებული გონების ნაყოფი იყო. ბოდიშსაც მოგიხდი.
– რა? – კაცმა ფერი დაკარგა. წარმოიდგინე, რას მეუბნები. დაფიქრდი. ეს ჩემთვის ძალიან დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია.
– გავიგე – მშვიდად ჩაილაპარაკა თეონამ, – კარგი, წავალ სამსახურში.
– მოიცა, ეს რას ნიშნავს?
– სამსახურში წასვლა სამსახურში წასვლას ნიშნავს, ძვირფასო… – გაიღიმა თეონამ და ქმარს ისე შეხედა, კაცს უსიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.
* * *
კაფეში სითბო და სიმყუდროვე იყო. ქალმა ზღურბლიდანვე დაინახა ბიჭი. მოწყენილი იჯდა და ჩაფიქრებული შესცქეროდა ქუჩის ვიტრინას.  ფეხის ხმაზე მოიხედა. სახე გაუნათდა.
– არ მეგონა, თუ კიდევ გნახავდი.
– რატომ? – მეგობრულად გაუღიმა ქალმა და გვერდით მიუჯდა, – რა შევუკვეთო?
– ნება მომეცი, მე დაგპატიჟო.
თეონამ გაიცინა.
– ძალიან საყვარელი ხარ.
– ასე ნუ მელაპარაკები, ენის მოჩლექით, – წამოენთო ბიჭი, – ბავშვი არ ვარ.
თეონამ თვალები მოჭუტა და ვახო ყურადღებით შეათვალიერა.
– კარგი. აღარ დაგელაპარაკები. რატომ ნერვიულობ? ჰო, ვხვდები. ჩვენს ბოლო შეხვედრას ძალიან მოულოდნელი ფინალი ჰქონდა. ვგრძნობ, ჩემს წილ პასუხისმგებლობას. ალბათ, ასე არ უნდა მოვქცეულიყავი.
– ნანობ მომხდარს? – ვახომ ხელზე დაადო ხელი და სახეში ჩააშტერდა.
თეონამ არ უპასუხა. მზერა მოარიდა და ოფიციანტს მოუხმო.
– მოდი , ჩაი დავლიოთ და სერიოზულად დავილაპარაკოთ..
* * *
გოგონამ განცვიფრებით შეხედა უცნაურ კლიენტს.
– ვერ ვხვდები, რას მთხოვთ. იქნებ უფრო გასაგებად ამიხსნათ.
– ჯერ მხოლოდ გეკითხებით, გეცნობით?
– ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის. თუმცა... ა, დიახ. გამახსენდით. რა დამთხვევაა. ორი დღის წინ ის ქალბატონი იყო ჩვენთან, ვისთვისაც შარფი შეგირჩიეთ. ძალიან ლამაზი ქალბატონია. იმდენი რამე იყიდა... ძალიან გაგიმართლათ.
– ჰო, ძალიან გამიმართლა, – ამოიოხრა დათომ, – არ მეგონა, ქალაქში ასეთი პოპულარული მაღაზია თუ იყავით. პირდაპირ გეტყვით. შეიძლება იმ ქალბატონთან ერთად მოვიდე და თქვენ ისე უნდა მოიქცეთ, თითქოს  პირველად მხედავდეთ.
გამყიდველმა გოგონამ თანაგრძნობთ შეხედა.
– ვწუხვარ, მაგრამ მაგას ვერ გავაკეთებ.
– რატომ? – გადაგიხდით.
– საქმე მაგაში არ არის. თქვენს მეუღლეს უკვე ვუთხარი, რომ თავშალი აქ უყიდეთ. ასე გამოვიდა. მიზანმიმართულად არ გამიკეთებია. მართლა ძალიან უხერხულად ვარ. წარმოდგენა არ მქონდა, თუ ამას ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა.
– კარგი, კარგად ბრძანდებოდეთ.
დათო მაღაზიიდან გამოვიდა. იმედგაცრუებული და გამწარებული იყო.  მანქანის საბურავს გამეტებით მისცხო ფეხი.
* * *
ვახომ ჩაი მოსვა და ქალს კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– გისმენ. მგონი, ვხვდები რისი თქმაც გინდა. ვაპირებდი, დამერეკა. ამ სამი დღის განმავლობაში ამაზე ბევრს ვფიქრობდი.
– მერე? რატომ არ დამირეკე?
– მივხვდი, რომ შენ ეს არ გენდომებოდა. თავიდანვე ხომ ჩვენი ურთიერთობა ისე აეწყო, როგორც თავად გინდოდა. ჩემთვის არაფერი გიკითხავს. კონკრეტულ სიტუაციაში მხოლოდ ხელსაყრელი სუბიექტი ვიყავი.
– ნუ ამბობ ამას. ასე არ არის, – თავი გააქნია თეონამ, – მე  მიზანმიმართულად არაფერი დამიგეგმავს. ვერც იმას ვიტყვი, რომ შემთხვევით აღმოჩნდი ჩემ გვერდით კრიზისულ პერიოდში. ასე არ არის. მაგრამ ვერ მოგატყუებ. ის, რაც მოხდა,  არ ნიშნავს იმას, რომ მიყვარხარ.
ვახოს გაეღიმა და თითები ნერვიულად აათამაშა მაგიდის ზედაპირზე.
– ანუ, იმას მეუბნები, რომ დროა, სცენიდან კულისებში გადავინაცვლო?
– არ გინდა. შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ. იმედია, არ იფიქრე, რომ შემიყვარდი.
– მე რა ვიფიქრე, ეგ მხოლოდ ჩემი საქმეა, – წამოენთო ბიჭი.
– მე გათხოვილი ვარ... შეგახსენო?
– ვიცი. მაგრამ მასთან რომ პრობლემები არ გქონდეს, მე არ დაგჭირდებოდი. ჰო, მესმის, არ არის სასიამოვნო იმის მოსმენა, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ჩემზეც ხომ უნდა გეფიქრა. გეკითხა მაინც, რას ვგრძნობ..
თეონამ ამოიოხრა. გრძნობდა, ბიჭი სიმართლეს ამბობდა. ვახომ ისევ მოუჭირა ხელი.
– ასე ადვილად არ დავნებდები. უკვე გითხარი, ბავშვი არ ვარ-მეთქი. ჩემით მანიპულირების საშუალებას ვერ მოგცემ.
– არც მიფიქრია, შენით მანიპულირება. ემოციებს ავყევი. იმ მომენტში საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებდი და შეიძლება, შეცდომა დავუშვი. თავს მხოლოდ იმით ვიმშვიდებ, რომ ეს შენთან დამემართა. კარგი ბიჭი ხარ. ყველაფერს სწორად გაიგებ...
– ანუ, ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ?
ქალს ყოყმანი დაეტყო.
– ვიმეგობროთ. თუკი გამოგვივა, მე ეს  მინდა.
– საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენია ჩვენი მეგობრობა.  როცა ქმარი გაგაბრაზებს, ჩემთან მოხვალ, მხარზე თავს დამადებ და გულს მოიოხებ? მე კი თავზე ხელი უნდა გადაგისვა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3