კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 მორბენალი ალიბი

ჟორჟ სიმენონი

  გვამი მალევე იპოვეს. ბულონის ტყეში, ფიჭვების ხეივანში, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო, თუმცა გვიან ღამით არავის დაუნახავს, ვინ მოკლა საკმაოდ პოპულარული ექიმი ერნსტ ბორმსი. ერთადერთი ტყვია პირდაპირ გულში ჰქონდა მოხვედრილი და მიწაზე პირქვე ეგდო. ძარცვა მაშინვე გამოირიცხა. მოკლულს თან ჰქონდა საკმაოდ ძვირფასი საათი, ასევე, საფულე და მოოქრული პორტსიგარი ინიციალებით. ქალების გულთამყრობელ ექიმ ერნსტს არც ცოლი ჰყავდა და არც მტრები. ვალიც არასდროს ჰქონია. ექსპერტიზით დადგინდა, რომ მკვლელობა მცირეკალიბრიანი პისტოლეტით მოხდა. ასეთ იარაღს, ძირითადად, ქალები ირჩევენ ხოლმე, მაგრამ დაზუსტებით რამის თქმა შეუძლებელი იყო.
– იქნებ მისი რომელიმე საყვარლის გამწარებულმა ქმარმა მოკლა? – ვარაუდი გამოთქვა კომისარ მეგრეს ერთ ერთმა თანაშემწემ.
– კარგი ვერსიაა, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ, რომელმა? – მხრები აიჩეჩა მეგრემ, – მე სხვა დავალებას მოგცემთ, ამ მიდამოებში დროის იმ მონაკვეთში, როცა მკვლელობა მოხდა სულ ხუთი ადამიანი შეამჩნიეს. სამის ვინაობა ცნობილია და ალიბიც აქვთ. აი, ორზე კი თვალთვალის დაწესება მოგვიწევს. უნდა გავიყოთ და ერთმანეთს შევენაცვლოთ. წუთითაც არ შეიძლება მათი უყურადღებოდ დატოვება. სამხილები არ არის, ამიტომ სავარაუდო მკვლელი უნდა დავღალოთ, რომ შეცდომა დაუშვას და გამოვიჭიროთ.
ხუთსაათიანი თვალთვალის შემდეგ მეგრემ შეამჩნია, რომ უჩვეულოდ იქცეოდა ის  მამაკაცი, რომელზე მეთვალყურეობაც პირადად მეგრემ იკისრა. პირველივე შეხედვით მიხვდებოდი, რომ უცხოელი იყო. საკმაოდ სიმპათიურადაც გამოიყურებოდა. ტანზე კარგად მორგებული პალტო ეცვა. წვერი ოდნავ ჰქონდა ამოსული, მაგრამ მოვლილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
– უცხოელია, მაგრამ პარიზი აშკარად კარგად იცის, – უთხრა მეგრემ ჟანვიეს, თავის თანაშემწეს, – უკვე ნახევარი დღეა, დავდევთ და სულ ხალხმრავალ ქუჩებს ირჩევს. ცდილობს, თვალიდან დაგვეკარგოს.
– იმის თქმა გინდათ, რომ შეგვამჩნია?
– რა თქმა უნდა. იცის, რომ კვალში ვუდგავართ.
– ანუ, ექიმი მან მოკლა?
კომისარმა უკმაყოფილო მზერით „დააჯილდოვა“ მიუხვედრელი თანაშემწე.
– მაშინ, რატომ გარბის და სახლში არ მიდის? იქნებ გგონია, ასეთი პალტოს პატრონი კიბის ქვეშ იცხოვრებს. აშკარად რაღაც აქვს დაშავებული. მკვლელია თუ არა, ამას ასე მალე ვერ გეტყვი. სამხილები არ არსებობს. იქამდე უნდა ვდიოთ, სანამ თავად არ მოგვცემს რაიმე ხელჩასაჭიდს. ამას ასე ადვილად არ გააკეთებს, – ამოიოხრა მეგრემ.
მამაკაცი კი საკმაოდ ჭკვიანურად იქცეოდა. გამჭოლი მზერა ჰქონდა და რამდენჯერმე მეგრეს ისე შეხედა, კომისარი მიხვდა, ვერაფერს გამოაპარებდა. მაგრამ სხვა ტაქტიკაც არ ჰქონდა. დღის ბოლომდე უცნობმა ნენ ჟონის ბარში ისაუზმა. ბევრი არ დაუხარჯავს, ორი ცალი მოხარშული კვერცხი მიირთვა და ყავა დალია. მეგრემ მოახერხა, ცალი თვალით ჩაეხედა მის საფულეში და დაინახა, რომ ას ორმოცდაათ ფრანკამდე იყო. არც ისე ბევრი, ანუ თუ საიდანმე შევსებას არ მიიღებდა ან  სახლში არ მივიდოდა, დიდხანს ვერ „გაქაჩავდა“ და ქუჩაში მოუწევდა ღამის გათენება. .არც კომისარი იყო უკეთეს დღეში. საღამოს არაქათგაცლილმა ძლივს მიათრია ფეხები პატარა სასტუმრომდე, სადაც ეჭვმიტანილი შევიდა. აქ ნომერი 30 ფრანკი ღირდა, მაგრამ მეგრემ ამჯობინა, ღამე კიბეზე გაეტარებინა – ასე უფრო საიმედო იყო. კონიაკს წრუპავდა და ფხიზლად იყო, მაგრამ მამაკაცი ოთახში რომ შევიდა და კარი მოხურა, დილამდე არ გამოსულა. კომისარი მხოლოდ ერთხელ ჩავიდა ადმინისტრატორთან, რომ სტუმრის მიერ შევსებული ანკეტა ენახა და განყოფილებაში  დარეკა. ანაბეჭდებით უცხოელების კარტოთეკაში უცნობის იდენტიფიკაცია რომ მოეხდინათ და მაშინვე უკან დაბრუნდა.
დილით სასტუმროს კაფეში ისაუზმეს. მდუმარედ შესცქეროდნენ ერთმანეთს. მამაკაცმა ვისკი დალია. მეგრემ გუნებაში კმაყოფილებით ჩაიღიმა და გაიფიქრა: „მიდი, ხარჯე ფული. მით უკეთესი. ვნახოთ, რას იზამ ჯიბეში ერთი ფარნკიც რომ არ დაგრჩება“. ამ დილით უცნობი უკვე აღარ ჰგავდა რესპექტაბელურ მოქალაქეს. მართალია არც მაწანწალას იერი ჰქონდა, მაგრამ მის გამოხედვაში იყო რაღაც ისეთი, ხაფანგში გამომწყვდეულ ცხოველებს რომ აქვთ ხოლმე.
მეგრემ ცხელი ყავა დალია და უცნობს ისევ ფეხდაფეხ გაჰყვა. მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ხუთი საათისთვის დააწიეს. მეგრეს ინტუიციამ არ უმტყუნა – როგორც ივარაუდა, მამაკაცი პოლონელი იყო. ლიუკი კომისარს ბულვარ დე იტალენზე მდებარე პატარა ყავახანაში შეხვდა. უცნობი იქ ყავის დასალევად შევიდა და მეგრეც შეყვა.
– შეფ, გავარკვიეთ. კონსიერჟმაც იცნო. სტეფან სტრევეცკია. არქიტექტორი. ოცდათოთხმეტი წლის, პარიზში ოთხი წლის წინ ჩამოვიდა. იშვიათი სილამაზის ცოლი ჰყავს – სერბი დორიანა. პასის ქუჩაზე ქირაობენ საკმაოდ კომფორტულ ბინას.
– მდა... მგონი, ვერსია მაქვს, მაგრამ სამხილები? დევნა უნდა გავაგრძელო.
მეორე საღამოს ეჭვმიტანილი უკვე ხიდების ქვეშ ეძებდა ღამის გასათევს, სადაც კარგი ადგილები უკვე დაკავებული აღმოჩნდა. საკმაოდ ყინავდა და სასტუმროს ფული, აშკარად, აღარ ჰქონდა. უკვე ქუჩაში ჭამდა სოსისებს და მოშუშულ ხახვს. პალტო ისე ჩამოეკიდა მხრებზე, როგორც საფრთხობელას ხალათი. წვერგაუპარსავი, მშიერი და ავი გამოხედვით უკვე მკვლელს ჰგავდა, მაგრამ ეს სამხილი არ იყო. მეგრეც არ გამოიყურებოდა უკეთ, თუმცა არც დანებებას აპირებდა და არც პოსტის სხვისთვის გადაბარებას. უნდა გაეძლო, ხვდებოდა, რომ ბასტიონი მალე დაეცემოდა. სტეფანმა ღამე ვაგზალზე გაატარა. თანაშემწეებმა მეგრეს თბილი პალტო მოუტანეს სახლიდან და ცოლის უკმაყოფილებაც გადასცეს. კომისარი თავის ინტუიციას და გამოცდილებას ენდობოდა. ის, რომ სტეფან სტრევეცკი მკვლელი იყო, მასში ეჭვს აღარ იწვევდა. მხოლოდ იმან გააკვირვა, რომ უკანასკნელი ფრანკებით მან დილის გაზეთი შეიძინა. მეგრემაც მოუთმენლად გადაშალა დილის ქრონიკა და პირველივე გვერდზე წაიკითხა: „საიდუმლოებით მოცული გაუჩინარება! ოთხი დღის წინ ახალგაზრდა წყვილი გაუჩინარდა. მათმა დიასახლისმა, პასის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლებიდან, პოლიციას წუხელის აცნობა, რომ სამი დღეა, არ უნახავს ახალგაზრდა ქალბატონი დორიანა სტრევეცკი.  არსად ჩანს მისი ქმარი სტეფანი.“
როგორც კი ეს სტრიქონები ჩაიკითხა, მისკენ მომავალი სტეფანი დაინახა.
– ვიცი, მე დამდევთ. ახლა შეგიძლიათ დამაკავოთ. იმ ნაძირალას მკვლელობას ვაღიარებ.
მეგრემ ყურადღებით შეხედა მამაკაცს.
– მაგრამ ის თქვენ არ მოგიკლავთ, ხომ მართალია? თქვენმა ცოლმა მოკლა.
სტეფანს დაღლილი მზერა ჰქონდა.
– მომისმინეთ, ახლა ამას რა მნიშვნელობა აქვს. თქვენთვის მთავარია, მკვლელობის საქმე გაიხსნას და დამნაშავე დააკავოთ. ტყუილად ხომ არ დამდევდით ოთხი დღე. რადგან ის სამშვიდობოს არის, არაფერს ვნანობ.
– საკუთარ ცოლს გულისხმობთ, ხომ მართალია? დორიანაზე ეჭვის ასაცილებლად მოგვაწყობინეთ ეს დევნა. ის მისი საყვარელი იყო.
– დიახ, და საშინლად მოექცა. მე იმედი მქონდა, რომ ამის მერე მაინც დამიბრუნდებოდა, მაგრამ დორიანამ არ აპატია შეურაცხყოფა. ვერ დავუშვებდი, რომ ჩემი სიფრიფანა ყვავილი ციხეში მოხვედრილიყო, თანაც, იმ ნაძირალას გამო, რომელიც სიკვდილს იმსახურებდა.
მეგრემ ამოიოხრა. გაიფიქრა, რომ ზოგჯერ სიყვარული ძალიან დიდ მსხვერპლს ითხოვდა ჩვეულებრივი მოკვდავებისგან. როგორ უნდა დაეკავებინა ადამიანი, რომელსაც არავინ მოუკლავს. ნამდვილი მკვლელი კი, ალბათ, უკვე ძალიან შორს იყო საფრანგეთიდან.   
მან სტეფანს შეხედა. ის იღიმებოდა.
 თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3