№21 სტალინის ნაშრომი არაერთმა მოწინავე მსოფლიო პარტიამ აიღო საფუძვლად
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– სიმონ, საჭირო არ იყო ასეთი სადიზმი. საკმარისი იყო გაჯიუტებული ალესკეროვისთვის გეთქვა, რომ მარქსისტი ხარ ან, თუნდაც, ჩემი სახელი გეხსენებინა, რომ ის თანხას დაუყოვნებლივ ჩამოვიდოდა. შენ კი ის აწამე, შეურაცხყავი და ამით ჩვენი ორგანიზაცია დააზიანე. ეს „ნეჩაევშჩინაა“, რაც არ გამოგვადგება. ამიტომ, ახლავე უკან დაუბრუნე ალესკეროვს ფული და ჩემგან ბოდიში მოუხადე.
კამომ არც ნეჩაევის შესახებ იცოდა და არც მაინცდამაინც მეთოდების შერჩევაზე დარდობდა, თუმცა სტალინის სიტყვა მისთვის კანონი იყო და 30 ათასი ოქროს მანეთი პირადად მიუტანა იუსუფ ალესკეროვს და კობას სიტყვებიც გადასცა. მოხდა სრულიად გაუგონარი რამ: ალესკეროვმა კობას 50 ათასი მანეთი საკუთარი ხელით მიუტანა და უსაყვედურა, რომ მისი ხელქვეითები უხეში მეთოდებით მოქმედებენ და ჩრდილს აყენებენ პატიოსან, თავდადებულ ადამიანებს. ამის შემდეგ კობამ კამოს ექსპროპრიაციებში მონაწილეობა 3 თვით აუკრძალა. ეს კი კამოსთვის, ფაქტობრივად, ხელ-ფეხის შებორკვასა და რევოლუციური მოღვაწეობის აკრძალვას ნიშნავდა. თუმცა, სამი თვის მერე სტალინმა კამო „შეიწყალა“ და საქმეში დააბრუნა, მაგრამ მანამდე თავიდან ბოლომდე წააკითხა ჯერ ნეჩაევის „რევოლუციონრის კატეხიზმო“, შემდგომ კი თავისი – „იატაკქვეშა რევოლუციონრის ქცევის წესები“ და უთხრა: კამო, ჩვენ არც ანარქისტი-ტერორისტები ვართ და არც ყაჩაღები. ჩვენ ხალხის კეთილდღეობისთვის ვიბრძვით და სანამ ძალის გამოყენებას დააპირებ, ჯერ ჭკუასა და სინდისს მოუხმე...“
სიმართლე რომ ვთქვათ, კამო არც დიდი განათლებით გამოირჩეოდა, არც განსაკუთრებული ჰუმანურობით. მისი თვისება და შეიძლება ითქვას, პროფესია იყო შემსრულებლობა. თუმცა, ის სტალინის სრული მორჩილიც იყო და სწორედ ამიტომ გახდა გამორჩეული ადამიანი. ხოლო ალესკეროვთან დაკავშირებული ამბისა და სტალინის ნაშრომის გაცნობის შემდეგ, კამო უფრო სრულყოფილი რევოლუციონერი გახდა და მეტი სარგებლობა მოუტანა ბოლშევიკებს.
1907 წელს ლონდონში გამართულ ყრილობაზე სტალინი ლენინმა კიდევ უფრო ახლო გაიცნო და დაიახლოვა. ამის საბაბი კი ის იყო, რომ ოქტომბრის რევოლუციის მომავალი ბელადი აღაფრთოვანა კობას ნაშრომმა რევოლუციონერი იატაკქვეშელის შესახებ. ილიჩმა კობას დიდი მოაზროვნე თეორეტიკოს-პრაქტიკოსი უწოდა, მეტიც, სწორედ ამ ყრილობაზე მოხდა კომუნისტების დაყოფა ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ლენინმა, სტალინთან ერთად, ახალი ბოლშევიკური წესდება შეიმუშავა და მთლიანად სტალინის ნაშრომზე დააფუძნა. ახალი ბოლშევიკური ფრთის წევრებს კობას ნაშრომი თვით ლენინმა წაუკითხა და ისინი ერთხმად ითხოვდნენ, რომ ეს ნამუშევარი არალეგალურ გამოცემებში დაბეჭდილიყო. თუმცა, ლენინმა თქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუკი კობას ნაშრომს ბოლშევიკები შიდა სარგებლობისთვის შეინახავდნენ და მას ახალი რევოლუციური კადრების აღზრდას მოახმარდნენ. ასეც მოხდა, როდესაც ბოლშევიკები ახალ წევრს იღებდნენ და პრაქტიკულად წვრთნიდნენ, ამ დროს სტალინის ნაშრომით ხელმძღვანელობდნენ. სხვათა შორის, სტალინის ეს ნაშრომი მსოფლიოს მოწინავე პარტიებმა შეისისხლხორცეს და მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და გერმანია...“