№21 ოსტეოქონდროზის მკურნალობა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ოსტეოქონდროზის მკურნალობისას მიზნად არ უნდა დავისახოთ „მარილების დაშლა ან გაწოვა“ – ამ დროს „მარილების დაგროვება“ კი არა, რეაქტიული გაძვალება ხდება, ამიტომ ბუნებრივია, „მარილოვანი წანაზარდების“ დაშლას ვერანაირი ღონისძიებით ვერ შევძლებთ. ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპია მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა და სამკურნალო ვარჯიშების შესრულება. ამასთანავე, კისრის ოსტეოქონდროზის დროს უნდა შესრულდეს ისეთი ვარჯიშები, რომლებიც სრული უმოძრაობის პირობებში მნიშვნელოვან კუნთოვან დაძაბულობას იწვევს. სწორედ ასეთ ვარჯიშებს შეუძლია კისრის კუნთოვანი ბოჭკოების გამაგრება და მიზანმიმართული წვრთნა. ასევე, აუცილებელია კვების რაციონალური პრინციპის დაცვა. რაციონში საკმარისი უნდა იყოს ცილების, ვიტამინების შემცველობა. მიზანშეწონილი არ არის ცხარე კერძებისა და სპირტიანი სასმელების მიღება. სამკურნალო კვება მიმართულია სიმსუქნის წინააღმდეგ. საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა შემცირდეს ცხიმებისა და ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცირების ხარჯზე. სასარგებლოა განტვირთვის დიეტები.
როგორ ავიცილოთ თავიდან ტკივილის სინდრომი: ერიდეთ გაციებასა და ორპირ ქარს – ამან შესაძლოა, კუნთების დაძაბვა გამოიწვიოს, რაც ხშირად იქცევა ხერხემლის კისრის ნაწილის მწვავე ტკივილის მიზეზად. თავის ტკივილისას მსუბუქი წრიული მოძრაობით დაიზილეთ საფეთქლები ორი წუთის განმავლობაში. ხერხემლის კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს თავის წრიული მოძრაობა უკუნაჩვენებია – ასეთი ვარჯიში მეტისმეტად ტვირთავს ხერხემლის კისრის ნაწილს და შესაძლოა, არა მარტო ტკივილის გაძლიერება, არამედ დაავადების მწვავე პერიოდის გახანგრძლივებაც გამოიწვიოს. ნუ ისარგებლებთ კისრის მალების დამჭიმავი მოწყობილობით სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე. კისრის მალები ძალზე მგრძნობიარეა ძალისმიერი დატვირთვის მიმართ. მცირედმა გაუფრთხილებლობამაც კი შეიძლება, მალების ცდომა გამოიწვიოს და ზურგის ტვინის დაზიანების მიზეზად იქცეს. ნუ დატვირთავთ მტკივან ხელს დაავადების მწვავე პერიოდში. ასეთ დროს მცირე ტვირთის აწევასაც კი ერიდეთ. საწოლი უნდა იყოს მკვრივი, ბალიში – კვადრატული და დაბალი. კისრის ოსტეოქონდროზის დროს მუცელზე წოლა უკუნაჩვენებია. ხშირად იცურავეთ. თქვენთვის რეკომენდებულია ზურგზე ან ბრასის სტილით ცურვა. ჩაიტარეთ სამკურნალო მასაჟის 10 სეანსი წელიწადში ორჯერ მაინც. თუ სისტემატურად გიწევთ კომპიუტერთან ჯდომა, ეცადეთ, ეკრანი თვალების დონეზე დაიდგათ. ეს ტელევიზორის ეკრანსაც ეხება. რეგულარულად შეიმოწმეთ მხედველობის სიმახვილე. თავი დაიბანეთ შხაპის ქვეშ, რადგანაც ხანგრძლივად თავის დახრამ შესაძლოა, კისრის კუნთების გადაძაბვა გამოიწვიოს. იარეთ თავაწეულმა. მაგიდასთან დიდხანს თავდახრილი ნუ დაჯდებით.
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს შესასრულებელი ვარჯიშები:
მათი შესრულებისას მზერა პირდაპირ უნდა გქონდეთ მიპყრობილი.
1. შუბლი ძლიერად მიაჭირეთ ხელისგულს, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
2. ხელისგული მთელი ძალით დაიჭირეთ კეფაზე, კეფით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
3. არც თავი და არც ხელისგული ზეწოლის დროს არ უნდა მოძრაობდეს.
4. მარჯვენა საფეთქელი ძლიერად დააჭირეთ მარჯვენა ხელისგულს.
5. იგივე გააკეთეთ მარცხენა საფეთქლითა და მარცხენა ხელით. ზეწოლისას საფეთქელიც და ხელისგულიც უძრავი უნდა დარჩეს.
6. ნიკაპი ხელისგულს დააჭირეთ და ძლიერად დააწექით, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ. ყოველი მოძრაობა გაიმეორეთ 3-5-ჯერ 7-10 წამის განმავლობაში. სცადეთ, ნიკაპი კისერთან მიიტანოთ, ხოლო თხემი მაღლა ასწიოთ. ნიკაპი ასწიეთ და თავი ბოლომდე მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (გაიმეორეთ 5-ჯერ). თავი დახარეთ და მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (5-ჯერ). თავი ოდნავ უკან გადასწიეთ. შეეცადეთ, მარჯვენა ყურით შეეხოთ მარჯვენა მხარს. იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მარცხენა მხარეს (5-ჯერ).
კისრის ოსტეოქონდროზს მხოლოდ კისრის კუნთების რეგულარული ვარჯიშით თუ მოვირჩენთ. ეცადეთ, ვარჯიშები დღეში 2-ჯერ გააკეთოთ, თავდაპირველად – 10-10 წუთის განმავლობაში, მერე და მერე კი ვარჯიშის დრო ყოველთვიურად თითო წუთით გაახანგრძლივეთ.