№21 ადამიანში არსებულ მრავალ სურვილსა და მისწრაფებაზე და მათ შორის არსებულ ბრძოლაზე

მაგალითად, არიან ისეთები, რომლებიც სხვისას არ მიითვისებენ, მაგრამ სამაგიეროდ, თავანთი უყვართ განუზომლად და ერთი მხრივ, ძლიერ მოიმედეობენ მასზე და, მეორე მხრივ, ძვირად იქმან ქველმოქმედებას; მეორენი თითქოს არ ეძიებენ პატივს არაკეთილსინდისიერი გზით, თუმცა მის მიმართ გულგრილნი არ არიან და არცთუ იშვიათად სურთ კიდეც ის, იქნებ როგორმე მოხერხდეს მათი მოპოვება ვითომცდა მათი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ; ზოგიერთები ისევ ინარჩუნებენ დიდი ხნის წინათ დაკავებულ თანამდებობებს, უარს არ ამბობენ, გული იჯერონ და დატკბნენ მით, რითაც სრულიად უჩინო იქმნება თანამდებობის ღირსება. ზოგიერთები თუმცა უბიწოდ ცხოვრობენ, აგრძელებენ ურთიერთობას და ნაცნობობას პირებთან, რომლებიც მათ მოსწონთ და ტკბებიან ამით. ამასთან, არ სურთ ჩაუღრმავდნენ, რომ ამის გამო დიდ წინააღმდეგობებს აღმართავენ სრულყოფილების გზაზე სულიერ ცხოვრებასა და ღმერთთან ერთობისთვის.
ზემოთქმულიდან გამომდინარე ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთები კეთილ საქმეებს იქმან, მაგრამ ეს საქმეები არასრულყოფილნი არიან, „მოიკოჭლებენ“, გადახლართულია ვნებებთან, რომლებიც ამ სოფელში მეფობენ (ინ. 2,16) ამის გამო ეს ადამიანები ოდნავადაც ვერ წარემატებიან ხსნის გზაზე, ერთ ადგილს ტკეპნიან, არცთუ იშვიათად კი უკანაც ბრუნდებიან და ძველ ცოდვებში ვარდებიან; ჩანს, მათ თავიდანვე სრულად არ შეიყვარეს ქრისტეში ცხოვრება, არ აღივსენ მადლიერების გრძნობით ღმრთისადმი, რომელმაც გამოიხსნა ისინი ეშმაკის მონებისგან და სრული გადაწყვეტილებით წესად არ დაიდეს, რომ ემსახურათ ერთადერთი ღმერთისთვის, მის საამებლად. აქედან მომდინარეობს ისიც, რომ ასეთები ყოველთვის ბრმები და სიკეთეში განუსწავლელები რჩებიან და ვერ ხედავენ მოსალოდნელ საშიშროებებს, ფიქრობენ, რომ მათი მდგომარეობა მყარია და არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ.
ამის გამო, ქრისტეს მიერ საყვარელნო, გარწმუნებთ, შეიყვაროთ სიძნელე და სიმძიმე, რომლებიც გარდაუვალად თან ახლავს ჩვენს შინაგან ბრძოლას, თუკი არ გსურთ, მუდამ დამარცხებული იყოთ. ასე გვიჩვენებს ბრძენი ზირაქი; „ნუ მოიძაგებ შრომისა საქმესა“ (ზირ. 7,15). იმიტომ, რომ ყველაფერი ამაზეა დაფუძნებული ჩვენს ბრძოლაში თავიდანვე, რაც უფრო მეტად შეიყვარებ იმ სიძნელეს, ანუ შეუბრალებლად აიძულებ თავს, იღვაწო, მით უფრო სწრაფად მოიპოვებ სრულ გამარჯვებას საკუთარ თავზე. ამის შედეგად კი აღივსები ყოველგვარი სათნოებითა და კეთილგანწყობით და საღმრთო მშვიდობა დამკვიდრდება შენში.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი