№21 შეინარჩუნეთ სიმშვიდე
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
შეინარჩუნეთ
სიმშვიდე
თუ საკუთარი თავის ფლობა და ემოციების მართვა შეგიძლიათ, ადვილად მოახერხებთ სიტუაციის გაკონტროლებასაც. ფსიქოლოგები გვირჩევენ, აუცილებლად ვისწავლოთ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების ჩარჩოებში მოქცევა.
არ არის რთული. წაიკითხეთ და მოარგეთ თქვენს რეალობას.
წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა ან პრეზენტაცია გელით, თქვენ კი ნერვიულობთ – გამოვა ეფექტური თქვენი გამოსვლა? თუ ასე იფიქრებთ, რა თქმა უნდა, არა. ამიტომ გირჩევთ, დაღეჭეთ საღეჭი რეზინი და სტრესი მაშინვე მოგეხსნებათ. ქვეცნობიერად კვება უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული. ამიტომ აუცილებლად დამშვიდდებით.
თუ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. თქვენმა ასეთმა ქცევამ შეიძლება, კიდევ უფრო გააღიზიანოს ის ადამიანი, მაგრამ მოგვიანებით სინდისი შეაწუხებს. დაფიქრდება და ბოდიშსაც მოიხდის.
როცა თქვენი თანამოსაუბრის პასუხი არ გაკმაყოფილებთ ან მიგაჩნიათ, რომ ის არასრულია, ყურადღებით ჩახედეთ მას თვალებში, სანამ თვითონ არ გააგრძელებს საუბარს. ასე ხარვეზი აღმოიფხვრება.
უკვე დადასტურებულია, რომ არა მარტო ემოციები ახდენს გავლენას ადამიანის მიმიკაზე, არამედ პირიქით – თუ გინდათ, თავი ბედნიერად იგრძნოთ, გაიღიმეთ რაც შეიძლება ხშირად და ფართოდ.
ყოველი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი თქვენი დიდი ხნის ნაცნობია. ასე თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ და მღელვარებაც გაქრება.
საკმარისია, ადამიანებთან შეხვედრისას გამოხატოთ სულ მცირე სიხარული მაინც, თანდათანობით ეს სიხარული მართლაც გულწრფელი იქნება. ისინი ამას შეამჩნევენ და დააფასებენ კიდეც.
თუ შეძლებთ, სტრესს შეხედოთ, როგორც ერთ-ერთ გამოწვევას, მღელვარება და ნეგატიური განწყობა გაქრება.
როცა საქმიან შეხვედრებზე ვინმესგან დიდ კრიტიკას ელით, სჯობს, მის გვერდით ჩამოჯდეთ. ამ შემთხვევაში ის ვეღარ შეძლებს საკუთარი აზრის მკაცრად დაფიქსირებას. თქვენ კი თავს კომფორტულად იგრძნობთ.
საინტერესო
თავისებურება
მეცნიერებმა დაადგინეს, როგორი პარტნიორი სჭირდებათ სხვადასხვა ტიპის მამაკაცებს, მაგალითად, მდიდარს ან ღარიბს.
საზოგადოება შეეჩვია, რომ მდიდარი ბიზნესმენებისა და წარმატებული სპორტსმენების გვერდით მოდელის გარეგნობის ქალები არიან. ყველა ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ სიმდიდრე მამაკაცს მეტად მომთხოვნს ხდის ქალის გარეგნობის მიმართ.
სოციოლოგებმა საინტერესო თავისებურება აღმოაჩინეს: გაცილებით მეტად აქტიურობენ ის ქალები და მამაკაცები, რომლებიც თავს შეძლებულ და მატერიალურად უზრუნველყოფილად გრძნობენ. ამასთან, უფრო აქტიურობენ მამაკაცები, ვიდრე ქალები, ისინი უფრო ახლოს სხდებიან პარტნიორებთან, უმზერენ გამომწვევად, შეყვარებული თვალებით. ასევე, გაირკვა, რომ თუ მამაკაცი თავს მდიდრად მიიჩნევს, უფრო მეტი მოთხოვნები აქვს თავისი რჩეულის გარეგნობის მიმართ. საინტერესოა, რომ ქალებს ასეთი მოთხოვნები ნაკლებად აქვთ.
ეს კვლევა ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მამაკაცები თავიანთი ურთიერთობის სტრატეგიას გარემო ფაქტორების მიხედვით ცვლიან. თუმცა გამონაკლისიც არის – მამაკაცებისგან განსხვავებით, ქალები გამდიდრების შემდეგაც არ ცვლიან თავიანთ მოთხოვნებს მამაკაცის გარეგნობის მიმართ. საქმე ისაა, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად აფასებენ საპირისპირო სქესის მიმზიდველობას, რადგან განსხვავებულ დროს უთმობენ თავიანთ შთამომავლობას – ქალები გაცილებით მეტ დროს ატარებენ ბავშვებთან: ორსულობისას, ლაქტაციის დროს, ბავშვებზე განსაკუთრებით ზრუნავენ მათი სიცოცხლის პირველ წლებში. ამიტომ ქალებისთვის რეპროდუქციული წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, მათ სურთ, იპოვონ მამაკაცი, რომელიც ფლობს საკმარის რესურსებს იმისთვის, რომ კომფორტულად აღზარდონ შთამომავლობა. მამაკაცები კი ქვეცნობიერად აფასებენ ქალს, მხოლოდ გარეგნული მონაცემებით. ამას გარდა, მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, ხანმოკლე ურთიერთობებისკენ აქვთ მისწრაფება.
უცნაურია, მაგრამ ღარიბი მამაკაცები უფრო სერიოზულად ეკიდებიან ურთიერთობას, მეტად აფასებენ თავიანთ მეორე ნახევარს, ნაკლები მოთხოვნები აქვთ ქალების მიმართ, კმაყოფილი არიან მეორე ნახევრით და ნაკლებად არიან მიდრეკილნი, შემთხვევითი კავშირები ჰქონდეთ.
„გამოჭერა“
მარტივი არ არის
ყველა ფსიქოლოგი თანხმდება იმაზე, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები საკუთარ ღალატს უფრო კარგად მალავენ.
გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ ქალებს, ეჭვის საფუძველს ქმნის, იმ მარტივი მიზეზით, რომ ქალის ღალატში „გამოჭერა“ მარტივი არ არის. ასე რომ, რეალურად მოღალატე ქალბატონები ისევე მრავლად არიან, როგორც მოღალატე მამაკაცები.
სხვა საკითხია, რატომ ანიჭებენ ცოლიანი მამაკაცები უპირატესობას დაქორწინებულ ქალბატონებს. შეიძლება, არ დაეთანხმოთ, მაგრამ ფაქტებით დადგენილია, რომ ეს არჩევანი რამდენიმე მიზეზზეა დამოკიდებული:
* დაქორწინებული ქალბატონები ღალატს კარგად მალავენ;
* დაქორწინებული ქალბატონები საჩუქრებს ნაკლებად ითხოვენ. საჩუქრის მიღების შემთხვევაში, მათ მეუღლის მოტყუება მოუწევთ ნივთის „წარმოშობის“ თაობაზე, ამიტომ საერთოდ უარს ამბობენ მათზე;
* ისინი ამ ტიპის ურთიერთობას შედარებით „ცივი“ გონებით ეკიდებიან: პარტნიორის ძებნას არ იწყებენ, თუ ამისთვის მზად არ არიან;
* დაუქორწინებელ ქალბატონებთან მამაკაცებს უფრო მეტი პრობლემები ექმნებათ. დაქორწინებულები არ გაჰყვირიან, „უნდა ვიქორწინოთ“ და არც სხვის ოჯახურ ცხოვრებაში ერევიან. ისინი არ ითხოვენ ხშირ შეხვედრებს და საკუთარ საყვარელს მხოლოდ განსაზღვრული დროით ხვდებიან;
* მამაკაცები, რომლებსაც გათხოვილ ქალთან რომანი ჰქონიათ აღიარებენ, რომ დაქორწინებული ქალბატონი ექსტრემის მსგავსია – დამაინტრიგებელი და ვნებიანი;
* დაქორწინებული ქალბატონები უფრო ყურადღებიანები არიან;
* მამაკაცებს დაქორწინებული საყვარლის მიტოვება უფრო უადვილდებათ. ის სკანდალს არ მოაწყობს.
* ასეთ ქალბატონებს შეუძლიათ სიჩუმის შენარჩუნება. ისინი ამ საიდუმლოს მეგობრებსაც კი არ უმხელენ;
* ისინი საკმაოდ დამოუკიდებელნი არიან. იციან, რისი მიღება უნდათ და ისიც, თუ რა სიამოვნებთ მამაკაცებს.