№21 რა შემთხვევაში ეწყება ადამიანს ჰალუცინაციები აბსოლუტურად კომფორტულ გარემოშიც კი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ბოლო პერიოდში პანდემიასთან ბრძოლის ეგიდით ადამიანთა დაშორიშორება ჩვეულ მოვლენად იქცა: დისტანციური ურთიერთობები, დისტანციური ვაჭრობა, დისტანციური სწავლება ინერგება და სახლებში იზოლირებულ ადამიანებსაც სხვა რა გზა აქვთ, უნდა დამორჩილდნენ ახალ წესებს. მეორე მხრივ, ადამიანი არის ერთადერთი არსება, რომელიც ადამიანად ყალიბდება მხოლოდ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ის ვერ სწავლობს ლაპარაკს, თუ არ ელაპარაკებიან, ვერ სწავლობს აზროვნებას, თუ აზროვნებას არ ასწავლიან და ორ ფეხზე სიარულსაც ვერ ახერხებს, თუ მის გარშემო ადამიანები არ არიან. ამასთან, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის განვითარებისთვის ფანტაზიას, რომელიც უმოწყალოდ კვდება ციფრული ტექნიკის მიღწევების გამო. ნიშნავს თუ არა ზემოთქმული, რომ ადამიანის გან-ადამიანების პროცესი დიწყო? - ამ არც თუ იოლ თემას რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ.
– კარგა ხანია, უჩივის კაცობრიობა ციფრულ ტექნოლოგიებს, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობა ჩაანაცვლა, რაც ცუდად მოქმედებს ფსიქიკაზე. ახლა, საერთოდაც, იქმნება ვითარება, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია. ადამიანებს შორის კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა და დისტანციის გაზრდა რა გავლენას ახდენს ადამიანზე? მაგალითად, ბავშვი შეიძლება, გაიზარდოს დისტანციურ საბავშვო ბაღში.
– ბავშვების ჩასახვაც ძალიან ძნელია დისტანციურად... იმის თქმა მინდა, რომ დისკომფორტი უამრავი აქვს დისტანციას, მაგრამ დისტანცია ყველასთვის ერთნაირი მოვლენა არ არის. ამას წინათ იზოლირებასა და ადამიანთა შორის დისტანციაზე გვქონდა საუბარი და უცებ წამოიჭრა საკითხი, ეს ტიპურია კოსმონავტებისთვის. ისინი სულ დისტანცირებულები არიან, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მათ ადამიანობა დაკარგეს?!
– კოსმონავტები ბევრნი არ არიან და იქნებ არიან კიდეც სოციოპათები?
– თუ არ ვიცით, ესე იგი, არ დაუკარგავთ, რადგან მათ დანაკარგს ისეთი სახეც არ მიუღია, რომ ჩვენ ეს შევამჩნიოთ, ამიტომ მე პირადად არ ვიჩქარებდი დიაგნოზის დასმას, რომ ეს მძიმე მოვლენა შეცვლის კაცობრიობის სახეს.
– კოსმონავტები ზრდასრულ ასაკში ხდებიან, ისინი იზრდებიან ადამიანთა შორის.
– დაბადებიდან იზოლაციაში ყოფნისთვის, იმედია, არც ჩვენ ვიქნებით განწირულები. იზოლაციაში ყოფნა კრიტიკულია, ოღონდ ყველასთვის არა. დიახ, კოსმონავტები ჩვეულებრივი ადამიანები არ არიან, მაგრამ შემიძლია, სხვა ადამიანები გავიხსენო, მაგალითად, პატიმრები, რომლებიც უმეტესად ადამიანობას არ კარგავენ. ადამიანებს ეშინიათ ვირუსის გადადების და ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ადამიანობას კარგავენ.
– ანუ ადამიანებს ერთმანეთის შიში გაუქრებათ, როგორც კი საშიშროება გადავა?
– მანამდე გაუქრებათ, მოსწყინდებათ, უბრალოდ. არ შეუძლია, ადამიანს დიდხანს იზოლაციის დაცვა. სოციალური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.
– სწორედ ამაზე მინდა, რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სოციალური ურთიერთობები.
– სოციალური ურთიერთობები და ზოგადად, ურთიერთობები. დავიწყოთ იქიდან, რომ საერთოდ ეს მრავალფეროვნებაა მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და ცხოველისთვისაც. მაიმუნი მოათავსეს ექსპერიმენტულ ყუთში, რომელსაც ჰქონდა ერთი სარკმელი, ოღონდ დახურული. თუ იწვალებდა მაიმუნი, შეეძლო, ეპოვნა ამ სარკმლის გამღები ბერკეტი. მაიმუნი წვალობდა, პოულობდა ამ ბერკეტს და იყურებოდა იმ სარკმლიდან. არადა, იმ სარკმელში არაფერი ხდებოდა, უბრალოდ ცქერის საშუალება ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ მაიმუნს გაცილებით უფრო ძლიერი სურვილი ჰქონდა ფანჯარაში გახედვის და, შესაბამისად, გარემოს მრავალფეროვნების, ვიდრე საკვების მიღების. აღმოჩნდა, რომ საჭმელზე უფრო სწრაფად ფანჯრის გაღებაზე გამოუმუშავდა რეფლექსი. ამას მოგახსენებთ იმის დასტურად, რომ შთაბეჭდილებების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარე არის ადამიანთა ურთიერთობა. ანუ ადამიანებს შორის ურთიერთობას მოაქვს მრავალფეროვნება, ჩვენ გვაინტერესებს, გვინდა ეს ურთიერთობა და იზოლაციაში ყოფნა არ შეგვიძლია.
ბარემ კიდევ ერთ ამბავს გიამბობთ: მიწისქვეშა გამოქვაბულები რომ აღმოაჩინეს, პირველი მოგზაურები იქიდან ამოდიოდნენ შთაბეჭდილებებით იმის შესახებ, რომ ვიღაცები ნახეს, მაგალითად, მოხუცი კაცი კვერთხით ხელში.
– ნახატები ნახეს თუ ცოცხალი ადამიანები?
– ამბობდნენ, რომ ცოცხალი ადამიანები ნახეს. შემდეგ ზოგიერთებმა დაიწყეს მოყოლა, რომ ვიღაცები დარბოდნენ. ასეთ გამოქვაბულებს რამდენიმე ჩასასვლელი აქვს და მკვლევრებმა მოძებნეს ყველა ჩასასვლელი, რომ ენახათ, მართლაც, ვინმე სხვა ხომ არ ჩავიდა მღვიმეებში. რა თქმა უნდა, არავინ იყო ჩასული, მაგრამ როდესაც მღვიმეში მოგზაურებმა გამოაცხადეს, ქალთევზა ვნახეთო, მაშინ მიხვდნენ მკვლევრები, რომ მოგზაურების საქმე ვერ იყო კარგად და დაიწყეს შესწავლა, რა ხდებოდა ქვემოთ. ამიტომ შემდეგ ჯგუფს დაურიგეს რადიოგადამცემები და ჩაუშვეს მიწის ქვეშ. იქ იყო ერთნაირი განათება, ერთნაირი ტემპერატურა, იდგა სიჩუმე, არაფრის ხმა არ ისმოდა და ყველას, დაახლოებით, 2 კვირაში ეწყებოდა ჰალუცინაციები, რაც მიუთითებდა, რომ ზემოხსენებული ამბებიც ჰალუცინაციები იყო.
– რატომ ეწყება იზოლირებულ ადამიანს ჰალუცინაციები, მარტო არ შეუძლია ყოფნა?
– სენსორული დეპრივაცია ეწყება. თუ გრძნობის ორგანოებზე არაფერი მნიშვნელოვანი არ მოქმედებს, ცოცხალ არსებას ეწყება სენსორული, ვიზუალური და აკუსტიკური ჰალუცინაცია. ამ ისტორიაში ღირსშესანიშნავი არის ასეთი შემთხვევა: ჩაუშვეს ერთ-ერთი მოგზაური, რომელმაც 2 კვირა იარა მარტომ მღვიმეში, ელოდებოდნენ, როდის დაეწყებოდა ჰალუცინაციები, მაგრამ გავიდა თვეზე მეტი და არაფერი შეეტყო. უცებ ის ადამიანი ამბობს ასეთ ფრაზას: მე და ჩემი მეგობარი... მკვლევრებმა დაცქვიტეს ყურები, ესე იგი, ჰალუცინაცია დაეწყოო და ჩაეკითხნენ, ვინ არის მეგობარიო. აღმოჩნდა, როგორც კი ჩავიდა მღვიმეში, დაიჭირა მიწის თაგვი, ჩაისვა ჩანთაში და მასთან ერთად დადიოდა.
– მარტო აღარ იყო.
– დიახ. თან, ჩანთაში ჩასმული თაგვი დიალოგს ხომ არ გააბამდა?! მაგრამ ჰყავდა ცოცხალი არსება, რომლის არსებობა მისთვის უკვე შემამსუბუქებელი იყო. ამიტომაც ხშირად მარტოხელა ადამიანებს ჰყავთ ძაღლი, კატა.
– ან ყვავილებს უვლიან.
– ეს ელემენტები მარტოობას ამსუბუქებს, ადამიანი თავს მარტო აღარ გრძნობს. ერთ-ერთი ძლიერი გამღიზიანებელი, რომელიც ჩვენს ემოციებზე მოქმედებს, არის მეორე ადამიანი, ამიტომაა, რომ მეორე ადამაინთან ყოფნის ფასი არაფერია. მეორე ადამიანი ყველაზე უფრო მდიდარი ფსიქოლოგიური საკვებია ადამიანის განწყობებისთვის. თაგვის მაგალითი მოვიტანე და რა შედარებაა ადამიანთან?! ამდენად, ჩვენი სახლში გამოკეტილად ყოფნა, კოსმონავტის კოსმოსში ყოფნა, პატიმრის ციხეში ყოფნა რთულია სწორედ სენსორული დეპრივაციის გამო, რაკი სენსორული გარემო უცვლელია.
– სახლში გამოკეტილებს აქვთ „ფეისბუქი“, „სკაიპი“, „ზუმი“, „ვაიბერი“, უამრავი საშუალებაა, რომ მეორე ადამიანი თან დაინახონ.
– გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება კოსმონავტიკის ისტორია. მაშინ ძალიან ბევრი რამ ჯერ კიდევ არ იყო იმ ფორმით, რა ფორმითაც დღესაა და როდესაც აღმოაჩინეს, რომ ამ ადამიანების ცუდად ყოფნის მიზეზია სენსორული დეპრივაცია, დაიწყო კიდეც იმაზე ზრუნვა, რომ ასეთი მომენტები შემცირებულიყო. ამიტომ კოსმონავტებთან სატელევიზიო ჩართვები გაკეთდა დედამიწიდან, ახლობლებთან, საყვარელ ადამიანებთან ალაპარაკეს, ანუ მოიძებნა ის გზები, რის საშუალებითაც ასეთი პრობლემები გადაწყდა. ჩვენი იზოლაციის პირობებშიც იოლად მოსაძებნია ის გზები, რომლითაც ეს სირთულეები გადაწყდება. ეს ადამიანური სირთულეები არ არის, ეს ფსიქიკის სირთულეებია, ჩაკეტეთ ცხოველი მარტო – ის კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში იქნება, ვიდრე ადამიანი. ფსიქიკას სჭირდება მრავალფეროვნება, ინფორმაცია. სხეული იკვებება საკვებით, ფსიქიკა იკვებება ინფორმაციით, ინფორმაცია ჩნდება მრავალფეროვნებით. ერთფეროვნებას ინფორმაცია არ მოაქვს.
– შეიძლება, ადამიანმა თავისი წარმოსახვით, ფანტაზიით ჩაანაცვლოს ერთფეროვნების სიმძიმე?
– კითხვა სავსებით კანონზომიერია. სხვადასხვანაირად გაგრძელდა ექსპერიმენტები სენსორულ დეპრივაციაზე. ძნელი მოსაძებნი იყო სრულად იზოლირებული პირობები, დაახლოებით, ასეთ პირობებს ვიქმნით დაძინების დროს და ამავდროულად დაძინებამდე ვწვებით, ანუ უნდა იყოს უწონადობა, იმიტომ რომ ჩვენზე მუდმივად მოქმედებს დედამიწის მიზიდულობა და კუნთები მოჰყავს ტონუსში. კოსმოსში მიზიდულობა არ არის, ასე რომ, შეგრძნებების ისეთი შიმშილი აქვთ, დედამიწაზე ამის წარმოდგენა შეუძლებელია. მოდელირება გაკეთდა და ჩაუშვეს ადამიანი აუზში, ჩააცვეს სკაფანდრი, სკაფანდრის ეკრანი დახურეს, ანუ ვერაფერს ხედავდა, სმენა დახშული ჰქონდა, აუზში წყლის ტემპერატურა ემთხვეოდა სხეულის ტემპერატურას. ცოტა ხანში ადამიანმა ძილს მისცა თავი, ენცეფალოგრამებს, სხეულის სხვა ფიზიოლოგიურ მონაცემებს აკვირდებოდნენ ზემოთ, შემდეგ გაეღვიძა, ორიოდ სიტყვა თქვა და უცბად განაცხადა, რომ ხედავდა ნაპოლეონისდროინდელი ომის სცენებს. კიდევ დაიძინა, კიდევ გაიღვიძა, ამჯერად ხედავდა ცალკეულ ფიგურებს: ცხენს, პირამიდას, მაგრამ სიუჟეტში ვერ აერთიანებდა. კიდევ დაიძინა და გაიღვიძა და ხედავდა შტრიხებს, ლაქებს. კიდევ დაიძინა და გაიღვიძა და პასუხს აღარ სცემდა დასმულ შეკითხვებს. ეს მაგალითი მოვიტანე იმისთვის, რომ იზოლაციის პირველ ეტაპზე ფანტაზია ჩათულია, მაგრამ ბოლომდე ვეღარ გამოჰყავს ფანტაზიას ადამიანი. თავად ფანტაზიაც ღარიბდება და მრავალფეროვნების ფუნქციას ვეღარ ასრულებს. ასე რომ, ფანტაზია საჭიროა, მცირე დოზით შეამსუბუქებს მდგომარეობას, მაგრამ, თუ უცნობ გარემოშია ადამიანი, მას ფანტაზია დიდხანს ვერ უშველის. არაინფორმაციული, უცვლელი გარემო დამანგრეველია, ფსიქიკის შიმშილია და რასაც შიმშილი უშვება ორგანიზმს, იმავეს უკეთებს ერთგვაროვანი გარემო ჩვენს ფსიქიკას.