№21 რას ნიშნავს ჩიპის მეშვეობით ადამიანებისთვის ტელეპათიური უნარის ხელოვნურად განვითარება და რატომ უნდა იცოდეს ყველამ ჩვენი ფიქრები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
იმ დროს, როდესაც ლამის მთელი ჩვენი საზოგადოება და, სავარაუდოდ, დასავლურიც სავალდებულო ვაქცინაციაზე წუხდა, ისევე, როგორც ჩიპებზე, ილონ მასკმა ცინცხალი იდეა შემოგვაშველა, რის თანახმადაც, სულ მცირე ზომის ჩიპს ფრთხილად ჩაგიმონტაჟებთ თავის ტვინში და ადამიანებს ტელეპათიის, სხვისი აზრების უნარს განვუვითარებთ (ამ პროცედურის მიზანიც კეთილშობილურია, ტვინის დაავადებებს ვუმკურნალებთო), რის შემდეგაც ხუთიოდ წელიწადში ენები უსარგებლო გახდებაო. მეტაფიზიკოს მალხაზ გველუკაშვილთან ერთად ვისაუბრებთ ჩიპების, ნანოვაქცინების, ენების გაქრობის დადებითსა და უარყოფით მხარეებზე.
– ამ საკითხების ტექნიკურ მხარეზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ იმაზე, რა პრობლემები შეიძლება, მოიტანოს ზემოჩამოთვლილის განხორციელებამ ან პირიქით, მოაგვაროს?
– ძალიან რთული თემაა, იმიტომ რომ ზუსტი ტექნიკური მონაცემები არ მაქვს არც ჩიპებისა და არც იმ ტექნოლოგიის, რომელიც თავის ტვინში უნდა ჩაყენდეს და რის მეშვეობითაც ადამიანებმა ტელეპათიური კავშირი უნდა დაამყარონ ერთმანეთთან. ტელეპათიურ კავშირს ადამიანები გარკვეული პერიოდის შემდეგ ისედაც დაამყარებენ, უნდათ თუ არა, იმიტომ რომ ვიბრაციების გაზრდა თავისთავად გამოიწვევს ამას. ყველამ იცის, რომ დედამიწის ვიბრაციები ყოველდღიურად იზრდება, შლიმანის სკალა ადის და ადის მაღლა.
– განვმარტოთ, რას ნიშნავს შლიმანის სკალა.
– ეს არის დედამიწისა და ადამიანის ვიბრაცია, რაც უფრო მაღალია ვიბრაცია, ადამიანი მით უფრო დახვეწილია, სულიერია, უფრო ღრმად გრძნობს მთელ ამ სამყაროს და ასე შემდეგ. იქამდე უნდა ამაღლდეს სიყვარულის ვიბრაცია, რომ ყველაფერი დამთავრდეს დედამიწაზე – ომები, უბედურებები... ადამიანი ცუდზე ვეღარ იფიქრებს. შლიმანი იყო გერმანელი მეცნიერი, რომელმაც პირველმა 1994 წელს გათვალა დედამიწის ვიბრაცია, მაშინ იყო 7,4. 2016 წელს თითქმის 18-ს მიაღწია და მას შემდეგ მუდმივად იზრდება. ეს იწვევს ბევრ სხვა პროცესსაც. განსაკუთრებით გაძლიერდა მატება 2012 წლის შემდეგ. დედამიწა ახალ, მეოთხე-მეხუთე განზომილებებში გადადის, რაც ავტომატურად გამოიწვევს ადამიანის ვიბრაციების აწევას. ეს არ არის ჩემი მოგონილი ან ვინმეს მოგონილი, ეს იმ გათვლების შედეგია, რომელზეც დედამიწაზე ათასობით ინსტიტუტი მუშაობს, მათ შორის, ცერნი. ზოგადად, ადამიანს აქვს ტელეპათიური უნარი. თავის ტვინში არის სპეციალური ადგილი, სადაც ეს უნარი ჩაკეტილია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს უნარი გახსნილი აქვთ ბავშვობიდან, მაგრამ რაღაც სტრესის ან არასტრესის გამო შემდეგ დაეხურათ. შესაძლებელია, ადამიანებს ვარჯიშის შედეგად გაეხსნათ ტელეპათიური უნარი, მაგრამ ეს ტელეპათიური უნარი იმ დონეზე რომ გადავიდეს, რომ ადამიანებს ერთმანეთთან ლაპარაკი არ დასჭირდეთ და უბრალოდ, ერთმანეთთან აზრის მეშვეობით გაცვალონ ინფორმაცია, ადვილი არ არის. ამ რეჟიმში ტვინის გადაყვანას მთელი ორგანიზმის მომზადება სჭირდება. მხოლოდ ტვინი ხომ არ არის ადამიანი?! იმ ტვინს ორგანიზმი ემორჩილება. ამდენად, მე არ ვიცი, რა ცვლილებებს გამოიწვევს ან რა აპარატია ეს. აქვს თუ არა მას ისეთი ვიბრაცია, რომ სხვა ორგანოებს დააზიანებს ან არ დააზიანებს. ასე რომ, პირადად მე საეჭვოდაც მეჩვენება, რომ მასკმა ეს შეძლოს ასე უცბად, იმიტომ რომ ამ დონეზე მისვლა რთული პროცესია. თანამედროვე ტექნოლოგიები საკმაოდაა განვითარებული, მაგრამ ჯობია, ადამიანი თვითონ განვითარდეს ისე, რომ მეტყველებაც არ დასჭირდეს. ეს არ არის 5 და 10 წლის ამბავი. კაცობრიობის 95, თუ 99 პროცენტი არა, დაბალ ვიბრაციებზეა და ასეთ მაღალ ვიბრაციებზე ხელოვნურად ასვლა, რასაც ტელეპათია ჰქვია, არც კი ვიცი, რას გამოიწვევს. შეიძლება, ადამიანების დაღუპვასაც კი. ფიზიკურად დაღუპვაზე მაქვს ლაპარაკი.
– ცნობილია, რომ აზრის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია სიტყვები, ანუ ენა. აქედან გამომდინარე, მეტყველება არის ადამიანის თავისებურება. ამას გარდა, ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელსაც შეუძლია ასოების წერა, იმიტომ რომ კლავიატურაზე აკრეფას სწავლობს ყვავიც და მას შეუძლია ანბანის დამახსოვრებაც. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ტექნიკის განვითარებამ გამოიწვია წერის უნარის დაქვეითება, რაც, თავისთავად, იწვევს თავის ტვინში იმ უბნის ატროფიას, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი და ამან შეიძლება, გამოიწვიოს ადამიანის გადაგვარება, რასაც მე განადამიანება დავარქვი.
– არაჩვეულებრივად თქვა ბულგაკოვმა, ხელნაწერები არ იწვიანო. კლავიატურაზეც თავისუფლად ვკრეფ, მაგრამ მირჩევნია, ხელით ვწერო. ხელით წერას თავისი თავისებურება აქვს. ხელი პირდაპირაა დაკავშირებული თავის ტვინთან და მოქმედებს ამის მიხედვით. ბევრი რამ ატროფირდება, თუ ადამიანი ამ უნარებს დაკარგავს და ყველაზე მთავარია შემოქმედებითი უნარის დაკარგვა. რა განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან? ძირითადად, შემოქმედებითი უნარი და არა აზროვნება. ამ ვიბრაციების ზრდასთან ერთად, ვხედავთ, რომ ცხოველებიც კი იწყებენ აზროვნებას, იქამდე მიდის საქმე, მაგრამ შემოქმედებითი უნარი აქვს ცხოველს?!
ანუ მთავარია, არ დაიკარგოს ადამიანის შემოქმედებითი უნარი და რა არის ეს შემოქმედება? მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა. თუ ჩვენ ხელის უნარს დავკარგავთ, თუ ჩვენ აზრის დაწერის უნარს დავკარგავთ, თუ მეტყველების უნარს დავკარგავთ, ანუ სიმღერას ვეღარ შევძლებთ, გამოდის, რომ შემოქმედებასაც დავკარგავთ. ესთეტიკურ ღირებულებებს დავკარგავთ, ვეღარ შევეხებით სამყაროს, ამას ვეღარ აღვწერთ. ერთია, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვსაუბრობთ, მაგრამ ამას გარდა, ბევრ რამეში ვიყენებთ ჩვენს მეტყველების უნარს. მე საერთოდ არც მჯერა, რომ განხორციელდება, რაზეც ახლა ლაპარაკობენ, რომ თავში უნდა ჩავიყენოთ რაღაც, რის დახმარებითაც ტელეპათიურად ვისაუბრებთ. მე არ მაქვს პრობლემა, რომ სიტყვებით ვილაპარაკო. მეორეც, ვინმეს გაუკეთეს და ამან გაამართლა?! მე არ მაქვს რამე სერიოზული მონაცემი ამის შესახებ, გარდა იმისა, რაც გამოაცხადა ილონ მასკმა, ილონ მასკმა კი ძალიან ბევრი რამ გამოაცხადა, რაც, ფაქტობრივად, გაუკეთებელია, „ტესლას“ ელექტრომანქანის არ იყოს. მერე რა, რომ ელექტრომანქანა გააკეთეს? ის, უბრალოდ, დენით იტენება და ისე დადის, ტესლა კი აკეთებდა მუდმივ გენერატორს, ანუ არაფრისგან, ეთერიდან იღებდა ენერგიას. და ყველამ ვიცით, რომ ერთ კუბურ სანტიმეტრ ეთერში იმდენი ენერგიაა, მთელ დედამიწას რომ ეყოფა. ამას აკეთებდა ტესლა. მასკმა კი მანქანა გააკეთა დენზე და დაარქვა „ტესლა“. მერე ეს ისაა, რასაც ტესლა აკეთებდა?! არა, რა თქმა უნდა. მეორე მხრივ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ყველაფერს. შენ კი გინდა, მაგრამ სამყარო ამას ან მიიღებს, ან არა. მე კი ძალიან მეეჭვება, რასაც ამბობს, ის გაკეთდეს. საერთოდაც, ჩვენ ადამიანი გვჭირდება თუ კიბორგი?! სიტყვებით ჩვენ გამოვხატავთ ემოციას და ძალიან ბევრ რამეს.
– სიტყვები, მუსიკა, ხმები გვესმის თან.
– დიახ, სმენაც დაიკარგება შემდეგ. როდესაც აღარ მეტყველებ, რაღად გინდა სმენა?! ეს ელემენტარულია. ეს არ არის ტრანსმუტაცია. ჩვენ ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ ევოლუციაზე, სინამდვილეში კი მუდმივად ხდება კაცობრიობის ტრანსმუტაცია. ბევრს არ ესმის ამ სიტყვის მნიშვნელობა. ტრანსმუტაცია ნიშნავს გადასვლას ერთი საფეხურიდან მეორეზე, ანუ განვითარებას. ეს უნდა მოხდეს თავისთავად და თუ საჭირო იქნა, სმენაც დაიკარგება და მეტყველებაც. თუ არ გახდება საჭირო, არ დაიკარგება და ძალიან მეეჭვება, რომ ადამიანისთვის ოდესმე საჭირო გახდეს, რომ მან არ იმეტყველოს და არ მოისმინოს. ყველაფერთან ერთად კი, მთავარი ემოციაა, იმიტომ რომ ადამიანი მანამდეა ადამიანი, სანამ ის გრძნობს, განიცდის... უემოციო ადამიანი მანქანაა. უემოციო ადამიანი ბოროტია, თავისი არსით, მკვდარია, ფაქტობრივად. ამიტომ სხვა საქმეა, თუ მათ კიბორგების გაკეთება უნდათ. მე ვურჩევდი, ჯერ საკუთარ შვილებსა და ოჯახის წევრებზე ჩაეტარებინათ ასეთი ექსპერიმენტი და, თუ მოეწონებოდათ, მერე გადაეტანათ სხვა ადამიანებზე. იმის თქმა, რომ ადამიანებს 5 წელიწადში ენა აღარ დასჭირდებათ, ეს ნიშნავს, რომ 5 წელიწადში 8 მილიარდ ადამიანს, თუმცა მათი აზრით, კაცობრიობა ერთ მილიარდამდე უნდა შემცირდეს, დაუყენებენ ამ ჩიპს და ისინი მეტყველებას დაკარგავენ მაშინვე?! მეტყველება ხომ ერთ დღეში არ იკარგება?! ვთქვათ, 5 წელიწადში დაუყენეს, მაგრამ რამდენი წელი დასჭირდება მეტყველების დაკარგვას?! აბსოლუტურად ალოგიკურია, რასაც ამბობენ. ეს, უბრალოდ, პროექტია, ალბათ, გარკვეული ჯგუფების, რომლებსაც ადამიანები კი არა, მანქანები სჭირდებათ.
– ნაწილობრივ ადამიანის რობოტიზაცია დაწყებულიაო, როგორც ისინი ამბობენ და ამის დასტურად მოჰყავთ ხელის, ფეხის პროთეზები, სმენის აპარატი, სათვალე, გულის ხელოვნური სარქველები და უამრავი სხვა რამ. ეს ყველაფერი არის გარედან ჩარევა და აპარატი აუმჯობესებს ადამიანის ბუნებრივ უნარებს და ამის გაგრძელებად რატომ ასაღებენ უკვე ადამიანის ტვინის მუშაობაში ჩარევას?
– მეტაფიზიკაში, ოკულტიზმში ცნობილია სამი ცნობიერება. ეს არის ცნობიერი, არაცნობიერი და ქვეცნობიერი და კაცმა არ იცის, სადაა აზროვნება, თავის ტვინშია თუ მის გარეთ?! მეორე – ადამიანი იმიტომაა ადამიანი, რომ ის აზროვნებს და აქვს შემოქმედებითი უნარი, ის შემოქმედია, თავისი არსით. თავის ტვინში ჩარევა არის რობოტიზაცია და ეს არ არის ადამიანის ერთი ორგანოს შეცვლა. რომელი ორგანოც უნდა შეცვალონ, მაგრამ ადამიანმა არ უნდა დაკარგოს შემოქმედების უნარი და თავისუფალი ნება. თავისუფალი ნების გარეშე ადამიანი კარგავს შემოქმედებით უნარს. როდესაც შენ მე მიყენებ ჩიპს, რომ მქონდეს ტელეპათიის უნარი, იციან კი, რა არის ტელეპატია?! მუდმივად უნდა უსმინო სხვების აზრებს. მუდმივ ტელეპათიაზე ვლაპარაკობ. ანუ ყურით კი არ ისმენ, თავისთავად გესმის. ფაქტობრივად, ტვინი არ ისვენებს, წარმოიდგინეთ, მუდმივად უსმენ ვიღაცების აზრებს, მაშინ არავინ არ უნდა ფიქრობდეს. ესე იგი, რა გამოდის? ადამიანმა უნდა დაკარგოს ემოცია, რომ არ იფიქროს. ადამიანი ფიქრობს 24 საათის განმავლობაში, სიზმარშიც კი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველწამიერად უნდა ვიყოთ ჩართული იმ ორომტრიალში, რაც გარშემო ხდება, ეს იქნება ჯოჯოხეთი. ვერ წარმოიდგენთ, რამდენ საშინელებას ფიქრობს ხოლმე ძალიან კარგი ადამიანიც კი?! და შენ უსმენ ამას. გინდა, რომ ამას მოუსმინო?! ძალით თუ მასმენინებ, მაშინ სად არის ჩემი თავისუფალი ნება?! ხომ ხელოვნურად მირთავ აპარატურით?! თუ პერიოდულად ჩართავ და გამორთავ?! და იქნებ მე არ მინდა, რომ მომისმინონ?! მე თუ რამის თქმა მინდა, იმას ვამბობ, მაგრამ რას ვფიქრობ და როგორ ვფიქრობ, ეს ჩემი საქმეა. ათასი წელი ვერ მიხვდება არათუ ილონ მასკი, მთელი დედამიწის ელიტა, რას ვფიქრობ და როგორ ვფიქრობ. თუ მაინც ჩაგვიყენეს, ესე იგი, იძულებულები ვხდებით, რომ არ ვიფიქროთ. აზრებს გვიკონტროლობენ?! ანუ ტოტალური კონტროლი იწყება?! მაშინ მე ვინ ვარ?! ხომ აღარ ვარ ადამიანი?! ჩვეულებრივი მანქანა ვარ და თუ ჩემგან მანქანის მიღება უნდათ, ეს არ გამოვა, ძალიან გაუჭირდებათ.
– ეს გულისხმობს, რომ არის ვიღაც, ვინც აკონტროლებს ამ ჩვენი ხელოვნური ტელეპათიური უნარის მუშაობას, ანუ ტექნიკური უზრუნველყოფა აბარია?
– თუ ის არის აპარატი, რომელიც უნდა ჩააყენონ თავის ტვინში, მაშინ იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ის აპარატი იკითხონ მუდმივად. ანუ ისეთი ტექნიკა ჩააყენონ, რომლის მეშვეობითაც გააკონტროლებენ ყველას აზრებს?! და ეს ხომ ფაშიზმია?!