№21 „ბაწკას“ მოქცევა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ძველი სიმღერა – ახალი შემსრულებლები
კორონავირუსის პანდემია ჩაქრობისკენ წავიდა (და მერე რა, რომ კვლავ ნიღბებითა და ხელთათმანებით დაიარებიან დედამიწის უმეტეს ნაწილში ადამიანები?!) და, სავარაუდოდ, ამ მიზეზით, ჩვენებური პოლიტსპექტრიც გამოცოცხლდა (ისევ ის ფირფიტა დაატრიალეს: მაჟორიტარული თუ პროპორციული არჩევნები ჯობიაო, თუმცა კაცობრიობას ჯერ ის არ გაურკვევია, ბუნებრივი მატების უფლებას მისცემენ თუ მაინც შეუზღუდავენ, დედამიწის მოსახლეობის შემცირების მიზნით) და ევროპარლამენტარების ნაწილიც.
სულ ახლახან ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამჯერად რევოლუციითა და მაიდნით დაგვემუქრა (მეორე მხრივ, რევოლუციას ხალხი სჭირდება, თუმცა, რაკი სამყარო დისტანციურ მუშაობაზეა გადართული, შესაძლოა, სწორედ, დისტანციური, ვირტუალური რევოლუციაც იგულისხმა პატივცემულმა ევროდეპუტატმა).
ასეა თუ ისე, ზემოხსენებულმა ბატონმა ბრძანა, რომ საქართველოს ხელისუფლება იანუკოვიჩის ბედს გაიზიარებს, იმას გარდა, რომ ქვეყანას არ დავეხმარებით, თუ მმართველი პარტია შეცდომებს დაუშვებსო და იქვე დასძინა (მომყავს ციტატა): „პრობლემა ისაა, რომ თუ ხელისუფლება შეცდომებს დაუშვებს, მმართველი პარტია კი არა, ქართველი ხალხი დაზარალდება, რადგან დახმარება ქართველი ხალხისთვისაა და არა მთავრობისთვის ან მმართველი პარტიისთვის.“
რაოდენ რთულად სათქმელიც უნდა იყოს ჩემთვის, ბ-ნი კუბილიუსის პათოსი უსიამოვნო ასოციაციებს აღძრავს (ჯერ კიდევ ქართლ-კახეთის მეფე თეიმურაზს ემუქრებოდა ამ პათოსით რუსთა იმჟამინდელი იმპერატორი), ერთი ისაა, რომ არც ეს კონკრეტული ბატონი (და კიდევ რამდენიმე) გამოხატავს სრულიად დასავლეთის აზრს და არც ევროკავშირი და აშშ-ა რუსეთის იმპერიის სამართალ და იდეოლოგიური მემკვიდრე.
ისიც სათქმელია, რომ ამ მუქარის მოტივი, როგორც თავად ამბობს, საქართველოს მოქცევაა ჭეშმარიტი დემოკრატიისა და სამართლიანი სასამართლოსკენ, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირმა ბელორუსიას გაუმარტივა სავიზო რეჟიმი (აი, ჩვენ რომ გვაქვს, იმ პირობებით), როგორც ჩანს, ერთხანს ევროპის უკანასკნელ დიქტატორად შერაცხილი ლუკაშენკო ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ერთობ ედემოკრატიულებათ, ანუ „ბაწკას“ მოქცევა დაუმთავრებიათ.