№21 ჭირი – მარგებელი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
კორონათი დაკოდილები: თავო ჩემო, ბედი არ გიწერია
ევრაზიისა და ამერიკის კონტინენტებზე ხალხი ისევ სახლებშია და მხოლოდ დროდადრო თუ უშვებენ გარეთ გასასეირნებლად (პირადად მე გულს ის მიმშვიდებს, რომ ჰაერი დაიწმინდა, ბოლოს და ბოლოს, სუფთა ფილტვებით გარდაცვალება მაინც სულ სხვაა – ასი წლის შემდეგ), მაგრამ, რაკი ზაფხული მოდის, ტურისტული სეზონისთვისაც ემზადებიან (ხალხს მხოლოდ სანახაობა არ შველის, თუმდაც, ჰიჩკოკური და ცოტა პურიც უნდა შეაშველო).
ამ მოტივით, ევროკავშირი, სავარაუდოდ, ეგრეთ წოდებულ, მწვანე დერეფნებს დაასახელებს, ანუ იმ ადგილებს, სადაც ტურისტებს შესვლა-გამოსვლა შეეძლებათ და შესაძლოა, იტალია ხსენებულ დერეფნებში ვერც მოხვდეს (სავარაუდოდ, ვერც ესპანეთი), რის პასუხადაც, იტალიის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ევროკავშირს დატოვებენ. ანუ აწი უკვე კოვიდ-19-ს პოლიტიკური სერიები დაიწყება.
იმ მიზეზით, რომ პანდემიამ ყველა ქვეყანა თავისი თავის ამარა დატოვა, ჯერ თავო და თავოო, ჩვენ ჩვენი ვთქვათ: საქმე ისაა, რომ საქართველო ტურისტებისთვის გზახსნილ ადგილებში ნებისმიერ შემთხვევაში მოხვდება. მაგალითად, ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს, სულ რაღაც, 8 ქვეყნისთვის, საქართველოც მათ შორისაა (და, უდიდესი ალბათობით, ამ ზაფხულს ტურისტების ცვენას უნდა ველოდოთ). ეს კი კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ლამის ყველა ჭირია მარგებელი და იმასაც ჰფენს ნათელს, თუ რატომაა გაალმასებული ჩვენებური ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი: ფაქტობრივად, თამაშგარეთ, ანუ სახლებში დარჩნენ (პათოსით: თავო ჩემო, ბედი არ გიწერია), მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ დანარჩენ მსოფლიოს მაქსიმალურად გააჩვენა თავი გმირად.