კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა უმძიმეს დაავადებებთან მოუხდა ბრძოლა ქეთევან დონღუზაშვილს 34 წლის განმავლობაში და რატომ არ ღელავს ის კორონავირუსის გამო

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  34 წელია, ქეთევან დონღუზაშვილი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექთანია და არაერთ ინფექციურ დაავადებასთან მოუწია ბრძოლა. როგორც თავად ამბობს, არ ეგონა, თუ კორონავირუსთან ბრძოლა ასე გაუადვილდებოდა, თუ რატომ – ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
  ქეთევან დონღუზაშვილი: პროფესიით მედდა ვარ. 34 წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული. დასაწყისში რამდენჯერმე გამოვიცვალე სამსახური, მაგრამ 1987 წლის 17 თებერვალს რომ მოვედი ინფექციურ საავადმყოფოში, მას შემდეგ აქ ვარ, უკვე 35-ე წელი დაიწყო. ვმუშაობ შერეული ინფექციების ბოქსირებულ განყოფილებაში და თუკი რაიმე ეპიდემიასთან გვაქვს საქმე, თუკი რაიმე გამოსაკვლევია მძიმე პაციენტებთან მიმართებაში, ყველაფერი ჩვენთან ხდება.
– გახსენდებათ შემთხვევა, როცა პირველად მოგიხდათ დიდი საფრთხის მატარებელ პაციენტთან შეხება?
– დიახ, იყო დიფტერიები, მენინგიტი, წითელას ეპიდემიები, ჰონკონგის ვირუსი, ქათმის თუ ღორის გრიპი. ამ ყველაფერმა ჩემს განყოფილებაში გაიარა. ძალიან ბევრი სირთულე გადაგვილახავს: მძიმე, ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები, უამრავი ცოფით დაავადებული პაციენტია ჩემს ხელში გავლილი.
ასეთ პაციენტებთან მუშაობა, ალბათ, განსაკუთრებით რთულია.
– რა თქმა უნდა. რამდენჯერ ყოფილა, რომ პატარა ბავშვი ხელებში ჩაგვკვდომია - იცით, რომ ცოფი არ იკურნება და ყოველთვის ლეტალურად მთავრდება. თუ აცრები დროულად არ იქნება ჩატარებული, სამწუხაროდ, მძიმე შედეგამდე მივდივართ. წარმოგიდგენიათ, 34 წლის განმავლობაში, რა არ მომხდარა?! არის განყოფილებები, რომლებიც მხოლოდ ერთ ინფექციაზე მუშაობენ. მაგრამ ჩემი განყოფილება ყველაფერს ემსახურება. ამას ემატებიან გამოსაკვლევი პაციენტებიც, სანამ კონკრეტულ დიაგნოზამდე მივლენ.
– თქვენი გამოცდილებიდან ყველაზე რთულად რა გახსენდებათ?
– სულ ცოტა ხნის წინ იყო საშინელი ვირუსები, დეკემბერ-იანვარში, A და B ტიპის გრიპით დაავადებულებს ვგულისხმობ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყვნენ. კორონა უფრო მსუბუქია, ვიდრე ის ვირუსები იყო. ვინც ჩვენთან წევს, მათთან ვირუსი იმდენად მსუბუქ ფორმაში მიმდინარეობს, რომ იმას ვერც შევადარებ, რაც დეკემბერსა და იანვარში გადავიტანეთ. ძალიან მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ, ურთულესი ვირუსი იყო. ახლა კორონავირუსის მატარებელი, მეტწილად, მსუბუქი პაციენტები გვყავს. ზოგი საერთოდ არ საჭიროებს ანტიბიოტიკს. თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ მათ გამოსაჯანმრთელებლად. ჩვენთან ერთადერთი შემთხვევა დასრულდა ლეტალურად. ეს იყო ასაკოვანი, 80 წელს გადაცილებული ქალბატონი, რომელიც დიაბეტიკი იყო და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებიც ჰქონდა.
– როგორ ემზადებოდით კორონავირუსთან შესახვედრად? სანამ ჩვენთან დაფიქსირდებოდა, მანამდეც კარგად ვიცოდით, რამდენად დიდი საფრთხის შემცველი იყო ეს ვირუსი.
– მანამდე ჩინეთიდან ისეთი კადრები გვქონდა ნანახი, ის რომ ჩვენს ქვეყანას დატყდომოდა თავს, არ ვიცი, რა იქნებოდა. როგორც მედპერსონალს, ჩვენ კიდევ სხვანაირად გვეშინოდა. სიკვდილიანობის ამხელა მაჩვენებელი და მათ შორის ამდენი ექიმი. გარდა იმისა, რომ შეიძლება, მე დავინფიცირებულიყავი, ჩემს ზურგს უკან კიდევ 11 სულია. სანამ სიმპტომები მე გამომიმჟღავნდებოდა, შესაძლებელი იყო, ისინი დამეინფიცირებინა. ამაზე ფიქრი ძალიან მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. რა თქმა უნდა, გვეშინოდა, მაგრამ ამის გამო, პროფესიას ვერ უღალატებ. მაშინ ქუდი უნდა დაიხურო და წახვიდე. ამაზე არცერთს არ გვიფიქრია. პირიქით, მაქსიმალურად ვემზადებოდით. თუმცა, გულწრფელად რომ გითხრათ, არ გვეგონა, რომ მუშაობა ასე გაგვიადვილდებოდა. რომ ვთქვა, ახლა ძალიან გვიჭირს-მეთქი, მართალი არ იქნება. ეს ადამიანები ჩვეულებრივ პაციენტებად მიგვაჩნია და ჩვენც ჩვეულებრივად ვმუშაობთ. რასაკვირველია, უმაღლეს დონეზე ვიცავთ უსაფრთხოების წესებს.
– გამოდის, მოლოდინი უფრო მძაფრი იყო, ვიდრე რეალობაა.
– დიახ. ახლა შედარებით მშვიდად ვართ, რადგან ეს პაციენტები თვალწინ გვყავს. თქვენც რომ შემოხვიდეთ და ისინი ნახოთ, იტყვით, ამათ რა უნდათ სტაციონარშიო?! ბავშვებიც ისეთი ენერგიულები არიან, ძლივს ვაკავებთ, ყირაზე გადადიან, დარბიან და დახტიან. უფროსებიც მშვენივრად გრძნობენ თავს და სოციალური ქსელებით ერთობიან. ჭამენ, სვამენ და თავს მშვენივრად გრძნობენ. უბრალოდ, ვირუსმატარებლები არიან (იცინის).
– 11 ადამიანი დგას ჩემს უკანო, მითხარით. რა ხდება, როცა ინფექციურიდან სახლში მიდიხართ?
– სანამ კორონავირუსი საქართველოში დაფიქსირდებოდა, სახლში ნათქვამი მქონდა, თუ ეს მოხდა, მე სახლში აღარ მოვალ-მეთქი. აქ არის შესაბამისი პირობები დასარჩენად, მაგრამ ამდენი თანამშრომლიდან ყველა ხომ ვერ დავრჩებოდით? თუმცა პირველი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ, მართლა მეგონა, რომ სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი. მაგრამ, აქ ძალიან მაღალ დონეზე ვიცავთ უსაფრთხოების წესებს, იმ დოზით, რომ საფრთხის შეგრძნება აღარ მაქვს. სახლში რომ მივდივარ, მაშინვე ვიცვლი, შხაპს ვიღებ და ვწესრიგდები. პატარა ბავშვები მყავს შინ და სანამ ყველაფერს წესების დაცვით არ გავაკეთებ, მანამდე არავის ვეკარები. უკვე ბავშვებმაც იციან, რომ არ უნდა მომეკარონ. ყველაზე პატარა ჩემზე წინ გარბოდა ხოლმე ჩემი ოთახისკენ, მაგრამ ახლა უკვე ჩერდება და შორიდან მიგზავნის კოცნას (იცინის).
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი.
– მყავს მეუღლე, ორი შვილი – ბიჭები, ორი რძალი და ექვსი შვილიშვილი. თორმეტსულიანი ოჯახი ვართ. ერთ ბინაში ვცხოვრობთ, მართალია, სხვადასხვა სართულზე, მაგრამ ფაქტობრივად, სულ ერთად ვართ.
– მეუღლე და შვილები რას ამბობდნენ, როცა ეს საფრთხე მოგვიახლოვდა და იცოდნენ, რომ თქვენ წინა ხაზზე უნდა ყოფილიყავით?
– ძალიან ეშინოდათ და ნერვიულობდნენ, მაგრამ ეს ჩემთვის არ უგრძნობინებიათ. ერთი წუთითაც არ შემიმჩნევია, რომ ბავშვებს მარიდებდნენ ან რამე მსგავსი, რადგან მე თვითონ მაქსიმალურად ვიცავ ყველა წესს. ვაკეთებ ყველაფერს, რისი გაკეთებაც ამ სიტუაციაშია საჭირო. სამსახურიდან მოწესრიგებული და დამუშავებული ხელებით მივდივარ, მაგრამ ამის მიუხედავად, როგორც უკვე გითხარით, სახლშიც სანამ სასურველ ფორმაში არ მოვალ, მანამდე არავის ვეკარები.
რაც შეეხება პაციენტებს. თქვით, რომ ძალიან მძიმე პაციენტები არ არიან, თუმცა ფიზიკურადაც რომ ცუდად არ გრძნობდნენ თავს, ემოციურად, ალბათ, მაინც რთულია ამ დიაგნოზთან გამკლავება.
– იცით, არ არიან ემოციურად ისეთი დაძაბულები, როგორსაც ველოდით. მშვიდად არიან, ყველაფერს შეგნებით ეკიდებიან. წლების განმავლობაში, ჩვეულებრივ პაციენტებს უფრო ვერ ვაგებინებდით ბევრ რამეს, ვიდრე ამათ. ყველა წესი იციან და იცავენ კიდეც. მათთან რომ შევდივართ, მაშინვე ნიღბებს იკეთებენ, იციან, რომ გარეთ არ უნდა გამოვიდნენ, ყველა მითითებას ემორჩილებიან, არც ზედმეტი ცნობისმოყვარეობის გამო გაგაჩერებენ პალატაში. იმის თქმა მინდა, რომ არ ვწვალობთ, მანამდე უფრო დაძაბული მუშაობა გვქონდა. ბევრს ვერ ვაგებინებდით, რა იყო მოცემულ სიტუაციაში საჭირო. ხალხი ისეა გაღიზიანებული, ლანძღვასა და ჩხუბზე გადადიოდნენ. ასეთი შემთხვევა კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთან არ გვქონია.
– პირველი დადასტურებული შემთხვევა როგორ გახსენდებათ?
– ეს იყო საშინელი ემოცია. ღამე დაფიქსირდა პირველი კორონავირუსი აზერბაიჯანელ პაციენტზე, რომელიც ირანში იყო მოსალოცად წასული. მანამდეც გვყავდა ჩინეთიდან ბავშვები, მათ შორის რვა თვისაც, მაგრამ მათგან არცერთს არ დაუდგინდა კორონავირუსი. როცა პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მე მაშინ სახლში ვიყავი, მაგრამ ეკრანზე რომ ჩემი თანამშრომლების სახეები დავინახე, იმდენად შეშფოთებულები იყვნენ, სანამ რამეს იტყოდნენ, მივხვდი, რომ ვირუსი დაფიქსირდა. ამან ძალიან იმოქმედა, მაგრამ შევეჩვიეთ, ადამიანი ყველაფერს ეჩვევა.
– დღეს, საბედნიეროდ, ბევრი გამოჯანმრთელებული გვყავს. პაციენტისთვის ამ ამბის თქმა, ალბათ, ძალიან დიდ სიხარულთანაა დაკავშირებული.
– დიახ, ყოველ ღამე, გვიანობამდე ველით და დიდი აჟიოტაჟით და ტაშით ვხვდებით გამოჯანმრთელებული პაციენტების პასუხს.
– კოლეგები როგორ ცდილობთ განწყობა შეინარჩუნოთ?
– ჩვენ წინაშე საშიშროება დღესაც არსებობს და შესაბამისად, ახლაც გვეშინია. შეიძლება, ისე მოხდეს, რომ უცბად ხელი მოგიხვდეს პირის ღრუში, რამე შეჭამო და ასე შემდეგ. ცხადია, ამას შეგნებულად არავინ გააკეთებს და პირიქით, ძალიან დიდ ყურადღებას ვიჩენთ მსგავსი საკითხებისადმი, მაგრამ შემთხვევისგან არავინ ვართ დაზღვეული. მაგრამ ჩემს განყოფილებაში, მართლა ყველა მშვიდადაა. ერთ თანამშრომელზეც კი ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებულ ემოციებშია. ეს, ალბათ, თვითონ ავადმყოფების მდგომარეობამ განაპირობა. ცოტა ხნის წინაც გვქონდა ამაზე საუბარი და ვხუმრობდით. ჩვენი ექიმი იცინოდა, ვერ ხედავთ, რა მსუბუქ ფორმებში აქვთ და როგორ ისვენებენო. ხუმრობდა, თუ შეგვხვდა, ოჯახიდანაც დავისვენებთ და სამსახურიდანაცო. რეალურად, რადგან მსუბუქი პაციენტები გვყავს, შიშის ფაქტორი იხსნება. რა თქმა უნდა, სასურველი არაა, რომ დაგემართოს, მაგრამ თუ დაგემართა, ალბათ, ჩვეულებრივად შეხვდები და არა პანიკით, რადგან საკუთარი თვალით ხედავ, რომ უსაშველო არავის არაფერი სჭირს და რომ ამ ვირუსის გადატანა შესაძლებელია. თუ ადამიანს ჯანმრთელობის მხრივ მძიმე ფონი არ აქვს, ხშირი ანთებები, პნევმონიები, ტუბერკულოზის თუ სხვა დაავადებების სახით. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენთან ვინც წევს, მართლა ისვენებენ, როგორც სანატორიუმში (იცინის). ღმერთმა ქნას, ყველასთან იგივე მდგომარეობა იყოს!

скачать dle 11.3