№20 ზურა ბალანჩივაძე: არ ვიცი, სად ჩავიცვა ის, რასაც მთელი ცხოვრება შევალიე
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ზურა ბალანჩივაძე, რომელსაც საზოგადოება არაერთი კუთხით იცნობს, იმ ადამიანთა რიგებშია, ვისაც კარანტინის დროსაც მუშაობა უწევთ. ახლა მას ყველაზე მეტად ადამიანების გაუფრთხილებლობა აცოფებს, რადგან აცნობიერებს, რამხელა საფრთხე ექმნება ამით თითოეულ ჩვენგანს და განსაკუთრებით დედამისს, რომელიც ბრძოლის წინა ხაზზე დგას.
ზურა ბალანჩივაძე: იზოლაციასთან ერთად საჭმელების კეთებაც დავიწყე და მალევე გულისწუხილით მივხვდი, დროულად თუ არ გავჩერდებოდი, კეთებას კი ვისწავლიდი, მაგრამ წონაშიც ძალიან მოვიმატებდი, ამიტომ სასწრაფოდ შევწყვიტე და გადავედი დაბალკალორიულ საკვებზე. თუმცა აღდგომას პასკაზე უარი ვერ ვთქვი. ჩემთვის ამქვეყნად პასკაზე გემრიელი არაფერი არსებობს. მზე და მთვარე ამომდის მასზე. ჭამის გარდა, ჩავუჯექი ფილმებს, რისი ნახვის დროც აქამდე არ მქონდა და ყველას ვუყურე. მაგრამ კითხვას საერთოდ ვერ დავუდე გული. გადარბენაზე რომ ვიყავი, მაშინ უფრო ვახერხებდი, ახლა ორი ფურცლის შემდეგ ვითიშები და მეძინება. ყველაზე დიდი დრო მაინც ხატვას მიაქვს. წელიწადზე მეტია, არაფერი დამიხატავს, არადა ერთი წლიდან ვხატავ. ამას მე არტთერაპიას ვეძახი. ეს არის საკუთარი თავის მკურნალობა ხატვით. ხელოვნება გაძლევს საკუთარი ემოციების „გადახარშვის“ საშუალებას. თან, სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა გეიშების თემატიკამ. არ მინდოდა, მძიმე ემოციურ თემებს შევჭიდებოდი. ისედაც ყველანი სტრესში ვცხოვრობთ. როცა საკუთარი თავის ცუდი მდგომარეობიდან გამოყვანა გინდა, ჯობს პოზიტივზე გააკეთო აქცენტი. გეიშა იაპონური კულტურის საინტერესო და საკმაო სირთულეების მქონე ფენომენია, მაგრამ ამჯერად მე მას ჩემს ნახატებში უფრო ესთეტიკური თვალსაზრისით ვიყენებ. როცა რაღაც თემაზე ვმუშაობ, ციკლის სახეს ვაძლევ ხოლმე და საბოლოო ჯამში, იზოლაცია რომ დასრულდება, ამ თემაზე გარკვეული რაოდენობის ნამუშევრები მექნება და გამოფენასაც მოვაწყობ. ვხატავ გაზეთებზე, რადგან ტექსტი არაჩვეულებრივ ოპტიკურ ილუზიას მაძლევს. თუმცა მასში რა წერია, ჩემთვის აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა.
– მღერი კიდეც და სახალისო ვიდეოებით თავსაც ირთობ და მეგობრებსაც ართობ.
– კი. ოპერის გარეშე არ შემიძლია და ვითომ ოპერაში ვიყავი წარმოსახვით ადამიანთან ერთად. თან, რადგან აღარსად შემიძლია ჩემი ტანსაცმლის ჩაცმა, ერთი სიამოვნება იყო ამისთვის გამოწყობა. ჩემი ჟილეტები, ქუდები და პალტოები კარადაში დამრჩა ჩაკეტილი. არ ვიცი, სად ჩავიცვა ის, რასაც მთელი ცხოვრება შევალიე (იცინის). სახალისოც გამოვიდა, კარანტინის მერამდენიღაცა დღეს, ხალხს გაფრენილი რომ აქვს და წიწიბურას და ბრინჯს რომ არჩევს ერთმანეთისგან, ცოტა გავერთე და გამიხარდა, რომ სხვებმაც კარგად მიიღეს. სიმღერის ჩელენჯებშიც ჩავერთე და ერთი-ორი
სტვენის ვიდეოც ჩავწერე. ყველა იტყვის, რომ კარანტინის პერიოდში ისეთ საქმეებს მივუბრუბდით, რომელსაც ცხოვრებაში არ გავაკეთებდით. საკუთარი თავის შეცნობის საშუალება მოგვეცა, დრო ბევრი გვაქვს და არსად გვეჩქარება, შეგვიძლია, კარგად ვიფიქროთ. ახლა თითქოს ყველა ისე ვმოქმედებთ, რაზეც შემდეგ ვიხალისებთ. თითქოს, მომავალში ვგზავნით შეტყობინებას, როცა ეს ყველაფერი მორჩება, გასახსენებელი რომ გვქონდეს. დღეს „ეს რომ მორჩებათი“ ვცხოვრობთ და რა იქნება შემდეგ, არავინ ვიცით.
სტვენის ვიდეოც ჩავწერე. ყველა იტყვის, რომ კარანტინის პერიოდში ისეთ საქმეებს მივუბრუბდით, რომელსაც ცხოვრებაში არ გავაკეთებდით. საკუთარი თავის შეცნობის საშუალება მოგვეცა, დრო ბევრი გვაქვს და არსად გვეჩქარება, შეგვიძლია, კარგად ვიფიქროთ. ახლა თითქოს ყველა ისე ვმოქმედებთ, რაზეც შემდეგ ვიხალისებთ. თითქოს, მომავალში ვგზავნით შეტყობინებას, როცა ეს ყველაფერი მორჩება, გასახსენებელი რომ გვქონდეს. დღეს „ეს რომ მორჩებათი“ ვცხოვრობთ და რა იქნება შემდეგ, არავინ ვიცით.
– ამ პირობებში მაინც გიწევს მუშაობა, რაც არც ფიზიკურად და არც ემოციურად მარტივი არ იქნება.
– ახალ ამბებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რა კარგია, რომ სახლში ვარ და გარეთ არ გავდივარ-მეთქი. მაგრამ ვზივარ, ვზივარ, ვზივარ და ჭკუიდან გადავდივარ. თუმცა, გარეთ გასვლაც ძალიან დიდი ტანჯვაა ჩემთვის. აფთიაქშიც რომ მივდივარ, ვიკეთებ ხელთათმანს, პირბადეს, დამცავ ფარს. რომ ამოვდივარ, ტანსაცმელს ვასხურებ სადეზინფექციო ხსნარს, პირბადეს ვაგდებ, ხელებს ვიბან, პროდუქტებს ზოგს ხსნარს ვასხურებ, ზოგს ვრეცხავ და ასე შემდეგ. საშინლად დამღლელი რუტინაა, რომელიც ორმოც წუთზე მეტხანს გრძელდება და ჭკუიდან გადავყავარ. ამ თვალსაზრისით, საშინელებაა, თუნდაც, ტელევიზიაში წასვლა, იქიდანაც რომ მოვდივარ, იმავეს ვაკეთებ. წამყვანები კი ერთი კლასტერი გამოვდივართ, მაგრამ მაინც ძალიან ვცდილობთ უსაფრთხოების დაცვას. ვიცით, რომ ყველა ძალიან ვუფრთილდებით თავს, საკუთარი თავის თუ ერთმანეთის გამო.
მე ვარ ადამიანი, რომელიც დღეში მინიმუმ ათ კილომეტრს გადიოდა ფეხით. ახლა სულ რამდენჯერმე გავედი გარეთ, მაგრამ ისიც სრული ეკიპირებით. არ მიყვარს ადამიანების წაქეზება, შეიძლება, იგივე სხვამაც გააკეთოს. ძალიან ბევრი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, როგორ გავიდა გარეთ და რა ბედნიერია ამით. გავა ერთი და მისი წახალისებით კიდევ ათი, რაც ძალიან საშიშია. მე თუ გარეთ გავდივარ და ისიც სულ რამდენჯერმე იყო ასეთი შემთხვევა, სრულ ეკიპირებას ვიკეთებ. მაგრამ მე თავს ვერ დავდებ, რომ სხვაც ამას გააკეთებს. ამიტომ არცერთი მსგავსი ფოტო არ დამიდევს. საკუთარი ჯანმრთელობით საზოგადოების წინაშე ვართ პასუხისმგებლები და ახლა, როგორც არასდროს, ისე მოგვეთხოვება მასზე ზრუნვა. აქამდეც, როცა ბევრს ვმუშაობდი, არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ხმა წამსვლია. იმ მომენტში მივხვდი, რომ ჩემს ხმას თუ რამე დაემართა, შეიძლება, საერთოდ უსამსახუროდ დავრჩე, იმიტომ, რომ ხმაზე მაქვს აწყობილი ლამის მთელი ჩემი ცხოვრება. ვმღერი, ვლაპარაკობ, გადაცემა მიმყავს, ტური, როგორც გიდს თუ ლექციას ვატარებ – ყველგან ხმა მჭირდება. გავაცნობიერე, რომ საკუთარ თავს მარტო კარგად ყოფნის გამო კი არა, იმიტომაც ვუვლი, რომ გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა უსამსახუროდ დავრჩე. ახლა, როცა ამხელა საფრთხე არსებობს, საკუთარი ჯანმრთელობის მოუფრთხილებლობით, მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, შეიძლება სხვების წინაშე აღმოვჩნდე დამნაშავე.
– მინდა, საზოგადოებას დედა გააცნო, რომელსაც ძალიან საპასუხისმგებლო სამსახური აქვს და ვისრუსთან ბრძოლის წინა ხაზზე დგას.
– დედაჩემი არის მაია ნადარეიშვილი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის განყოფილებაში მუშაობს. არის ექიმი-ეპიდემიოლოგი. რაც ახლა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა. ახლა დედაჩემის სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მოვალეობა, პოლიციასთან თანამშრომლობით, ხალხის კარანტინში გადაყვანაა: ჩამოსულების, საეჭვო სიმპტომების მქონეების ან ვისაც ვირუსი დაუდგინდა, მათი კონტაქტების დადგენა... ახლა ცოტა დასტაბილურდა სიტუაცია, ზომებიც გამკაცრდა, საზოგადოებამაც რაღაცები ისწავლა. მცირე დოზით ახლაც ხვდებიან ადამიანები, რომლებიც არავის უფრთხილდებიან, მაგრამ სანამ კომენდანტის საათს შემოიღებდნენ, დედა მეუბნებოდა, ვერ ვიჯერებ, ისეთები ხდება, გაოცებული ვარ, ამ ხალხს ელემენტარულიც კი როგორ არ ესმისო. ხშირი იყო შემთხვევა, რომ მათ დაუდევარ საქციელს ინფიცირების შემთხვევები მოჰყოლია. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც არავისი და არაფრის ესმის და პოლიციის ჩარევა ხდება საჭირო. ბოდიში და ფეხზე იკიდებენ საკუთარ თავსაც და სხვასაც. ხანდახან ისეთ რამეს მიყვებოდა დედა, შოკში ვვარდებოდი. დედაჩემი 57 წლისაა, რისკ-ჯგუფს უახლოვდება და ძალიან ვნერვიულობ. ხანდახან რომ ვფიქრობ, რამხელა საფრთხეს უქმიან ეს ხალხი მას და მამაჩემს, ჩვენს მშობლებს – თავს ვეღარ ვიკავებ. ეს ადამიანები კამიკაძეები არიან, თავსაც იკლავენ და სხვასაც კლავენ. ამიტომ, რამდენჯერმე აღშფოთებული პოსტიც დავწერე სოციალურ ქსელში. მინდოდა, ადამიანებისთვის მეჩვენებინა, რამდენად მტკივნეულია ეს ჩემთვის და მიხარია, რომ საზოგადოების ყურამდე მივიდა.
– მინდა, დედის ხასიათის შესახებ მომიყვე, ამ სიტუაციაში ყველას გვაინტერესებს იმ ადამიანების შესახებ, ვინც პირველ ხაზზე დგას.
– სხვათა შორის, დედაჩემი უფრო ფეთიანია, როცა არაფერი ხდება და უფრო მშვიდი და გაწონასწორებული, როცა ასეთ საქმეს აკეთებს. შეიძლება, არაფრის გამო ინერვიულოს. მაგალითად, ცივ საზამთროს რომ ვჭამ, ლექცია წამიკითხოს, რომ შეიძლება, ყელი მეტკინოს და გავცივდე. როცა რეალური საფრთხე არსებობს, მაშინ აბსოლუტურად მობილიზებული და საკუთარ საქმეზე მაქსიმალურად მომართულია. ასეთ მდგომაროებაში საერთოდ არ პანიკობს. მე და ჩემი ძმა ზედმეტად ყურადღებიან გარემოში გაგვზარდა, მაგრამ ახლა იმდენადაა საქმეზე კონცენტრირებული, რომ აღარ რჩება დრო, გვითხრას, ხელთათმანის და პირბადის გაკეთება არ დაგავიწყდეთო. თან, საკმარისად კარგად გვიცნობს და იცის, რომ მსგავსი რამის თქმა საჭირო არაა და რომ ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას კარგად ვაცნობიერებთ. თუმცა, რომ მირეკავს, აუცილებლად უნდა ვაჩვენო, სახლი როგორ მაქვს დალაგებული (იცინის).
– დასასრულს, მინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს უთხრა ის, რაც ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გგონია.
– პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ ის, რომ ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით. ცნობები მის შესახებ იცვლებოდა და მტკიცებით არაფრის თქმა შეგვიძლია. გვეუბნებიან, ეს ორი-სამი კვირაც გავიდესო და ეს სიტყვები გვესმის უკვე ორი თვეა. ადამიანები კი წუწუნებენ, ვაიმე, დავიღალეთ ამის მოსმენითო. იცით, რა? არავის უნდა ჩვენი წამება. ამას იმიტომ გვეუბნებიან, რომ არ ვიცნობთ ამ ვირუსს და ვინც ეს არ დაიჯერა, მათთან მილიონებზეა ასული ინფიცირებულების რაოდენობა. ასე რომ, სანამ პროფესიონალები არ გვეტყვიან, რომ ახლა შეგვიძლია ამოვისუნთქოთ, მანამდე უნდა გავუძლოთ.