№20 როგორ გახდა 15 წლის დავით შუბითიძე ესპანეთის ჩემპიონი კრივში და რატომ წავიდა მისი ოჯახი საქართველოდან
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
დავით შუბითიძე 2020 წელს ესპანურ კლუბებს შორის კრივში ჩატარებული ჩემპიონატის (Campeonato de Espana Clubes – 2020) გამარჯვებული გახდა. დავითი საქართველოში დაიბადა, ძალიან პატარა იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. თუმცა ოჯახისვე ძალისხმევით, ქართველობა და საკუთარი სამშობლოს განსაკუთრებული სიყვარული არასდროს დაუკარგავს.
დათა შუბითიძე: ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო, მენატრება და ძალიან მინდა მანდ ყოფნა ჩემს ოჯახთან ერთად. რომ გავიმარჯვე, პირველი, რაც აზრად მომივიდა, იყო: ნეტავ, საქართველოში თუ მიყურებენ-მეთქი? იმიტომ, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო და ქართველი ხალხი. ძალიან მინდოდა, მათაც გაეგოთ ჩემი გამარჯვების შესახებ.
– რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
ვერიკო გოგიჩაშვილი (დედა): 2008 წლის ომმა გადაგვაწყვეტინა წამოსვლა. მანამდე, დედაჩემი წლების განმავლობაში სევილიაში ცხოვრობდა. თუმცა, ჩვენ აქ საცხოვრებლად გადმოსვლაზე არასდროს გვიფიქრია. თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ სოფელი გორში მაქვს და ზაფხულში იქ ვისვენებდით. 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს, ცხინვალთან ახლოს მოვყევი ორი დღე ბავშვებთან ერთად და ცოტა შევშინდით. ჩემი უფროსი გოგო ახლა ცხრამეტი წლისაა, დათა – 15-ის. მაშინ ორივე პატარები იყვნენ. შემდეგ კახეთში გავიხიზნეთ. ბავშვები ძალიან შეშინებულები იყვნენ, სულ თვითმფრინავი და რაღაც საშინელებები ეჩვენებოდათ. მეუღლეს მაშინ მცირე ბიზნესი ჰქონდა და ვერ წავიდა საქმე კარგად. ამ ყველაფრის გამო, ცოტა რომ ჩაწყნარდა სიტუაცია, გადავწყვიტეთ, მთელი ოჯახით აქ წამოვსულიყავით.
– რამდენიმე წელი გავიდა და ალბათ, უკვე აეწყვეთ ახალ ქვეყანაში, მაგრამ როგორი იყო პირველი პერიოდი?
– აქ დედა დამხვდა, რომელიც უკვე მყარად იდგა ფეხზე, კარგი სამსახური ჰქონდა. ასე რომ, ცხოვრება სულ მთლად ნულიდან არ დაგვიწყია და არც ლტოლვილად ჩავბარებულვართ, რაც საკმაოდ ხშირია. თუმცა ოთხ ადამიანს ერთი ვერ შეგვინახავდა და მაშინვე დავიწყეთ სამსახურის ძებნა. მე და ჩემმი მეუღლე ყველაფერს ვაკეთებდით უკეთესობისთვის. ბავშვები მალევე მივიყვანეთ სკოლაში. ჩვენ ენის ბარიერიც გვქონდა, მაგრამ ბავშვებმა ძალიან მალე აითვისეს. ის კი არა, რაღაც მომენტში ქართული დაავიწყდათ და ძალიან დიდი ომი გადავიტანეთ, რომ მშობლიური ენა არ დაეკარგათ. მადრიდისა და ბარსელონასგან განსხვავებით, აქ არც სკოლა გვაქვს ქართული, არც ეკლესია და ჩვენ, თვითონ, ოჯახებში ვასწავლით შვილებს წერა-კითხვას. ძნელი იყო, მაგრამ ნელ-ნელა ფეხზე დავდექით.
– ახლა რით ხართ დაკავებული?
– ჩემი მეუღლე ღამის კლუბში მუშაობს, აქამდე დაცვაში იყო, ახლა ადმინისტრატორია. მეც შაბათ-კვირას იქ, კვირის სხვა დღეებში კი ბავშვთან ვმუშაობ ძიძად. უფროსი გოგონა – ანა სტუდენტია და ძალიან კარგად სწავლობს. რაც შეეხება დათას, ექვსი წლის იყო, როდესაც ფეხბურთზე მივიყვანეთ და რამდენიმე წელი დადიოდა. კარგად თამაშობდა, მაგრამ როგორც თვითონ ამბობს, სპორტის ამ სახეობაში საკუთარი თავი ბოლომდე ვერ იპოვა. სპორტული აღნაგობა აქვს, ძალიან ძლიერი ბავშვია, მაგრამ ფეხბურთზე გული აიცრუა, იმის მიუხედავად, რომ პატარა მესის ეძახდნენ. შემდეგ რაგბიზე მივიყვანეთ. ასაკთან შედარებით, ტანად ყოველთვის დიდი იყო. ამის გამო სულ პრობლემა გვქონდა, ვისაც დაეტაკებოდა, აზიანებდა (იცინის). გვირჩიეს, უფრო ძალისმიერ სახეობაზე შეგვეყვანა. ერთი პერიოდი, ტაილანდური ჩხუბის სახეობებზეც დადიოდა. შემდეგ, კრივი მოინდომა და დაახლოებით, სამი წლის წინ შევიყვანეთ. მერე, ერთი პერიოდი, სწავლას მოუკლო და დასჯის მიზნით, აღარ დაგვყავდა. მაგრამ ბოლო ორი წელი უკვე სერიოზულად მოჰკიდა ხელი ამ საქმეს და ძალიან მოსწონს.
– რა გზა გაიარა ესპანეთის ჩემპიონობამდე?
– მანამდე კლუბებს შორის ამხანაგურ ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას. შემდეგ გავიდა ანდალუსიის რეგიონულ ჩემპიონატზე და მეორე ადგილი აიღო. ესპანეთის ჩემპიონატზე პირველი ადგილის მფლობელი უნდა წასულიყო, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, ის არ წავიდა და მისი ადგილი მეორე ადგილის მფლობელმა, ანუ დათამ დაიკავა. დეკემბერში ესპანეთის ჩემპიონატზე რეგიონებს შორის მესამე ადგილი აიღო და თებერვალში ესპანეთის კლუბებს შორის შეჯიბრებაზე პირველი. ასე რომ, ჯერჯერობით მხოლოდ სამი სერიოზული ჩხუბი ჰქონდა, მეორე, მესამე ადგილებით დაიწყო და ამჯერად ესპანეთის ჩემპიონი გახდა.
– როგორ ემზადებოდა ამისთვის?
– პირველ რიგში, წონით დაიწყო. 15 წლისაა, მაგრამ 180 სანტიმეტრია. წონაც დიდი აქვს და ვერ ჯდებოდა 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. შესაბამისად, მთელი თვე გრამობით ჭამდა და ამას რომ ვუყურებდი, ვეუბნებოდი ხოლმე, ნამდვილად იმსახურებ გამარჯვებას-მეთქი. 15 კილოგრამამდე დაიკლო. ყოველდღე რამდენიმე საათი ვარჯიშობდა, დაუღალავად იბრძოდა, ძალიან უნდოდა ესპანეთის ჩემპიონობა. თუმცა, ახლა ცოტა მორცხვობს, ამბობს, ისეთი არაფერი გამიკეთებია, მინდა, მეტს მივაღწიოო.
– დათას საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება, ალბათ, თქვენი დამსახურებაა...
– დათა ექვსი წლის შემდეგ დაბრუნდა პირველად საქართველოში, მანამდე ბიუროკრატიული წესების გამო არ მოგვეცა ამის საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში იზრდება, ქართველი ბავშვია. ყველგან ამბობს, რომ მისი სამშობლო საქართველოა და სულ საქართველოში წამოსვლაზე ოცნებობს. ძალიან უყვარს ჩვენი სოფელი. პირველად რომ ჩამოვიყვანეთ, აღარ მოგვყვებოდა, საბუთები მომეცით, აქ ვრჩებიო. საქართველოში რომ ვარ, თავს საკუთარ ბუდეში ვგრძნობო. სამშობლოში რომ ჩამოვდივართ, სულ ეტირება. თავიდან ენის პრობლემა გვქონდა, ეზოში, სკოლაში ყველგან ესპანურად მეტყველებდნენ მის გარშემო და სახლში მოსულს, ძალიან უჭირდათ ქართულად საუბარი. სულ მეხვეწებოდა, ესპანურად მოგიყვებიო, მაგრამ არასდროს დამინებებია. ქართულად ვსაუბრობთ, წერს და კითხულობს. ისე არა, როგორც საქართველოში გაზრდილი, მაგრამ საკმაოდ კარგად გამოსდის. აქ მშობლებმა თუ არ ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ შვილებმა ქართული ფესვები არ დაკარგონ, სხვანაირად წარმოუდგენელია.