კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ნანა მესხი: ღალატის მსხვერპლი ყოველ ნაბიჯზე ვყოფილვარ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ნანა.
გვარი: მესხი.
პროფესია: ინჟინერ-მექანიკოსი, პოპულარული სიმღერების ავტორი, ეკონომისტი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– საოცრად ტკბილად მახსენდება მუსიკალური საბავშვო ფილმის „მოვდივარ და მოვიმღერის“ გადაღებები. დუეტში ვმღეროდი თამრიკო გოზალიშვილთან ერთად, ოთხწლი-ნახევრის ვიყავი და ყველაფერი გადასარევად მახსოვს. დიდი ბავშვივით ვიქცეოდი, განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენდი და რეჟისორები მეხუმრებოდნენ ხოლმე. ულამაზეს კაბებში გადაგვიღეს, მაგრამ მოვიდა საბჭოთა კომისია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ საბჭოთა ბავშვებს არ შეეფერებოდათ ასეთი კაბები, რადგან ანგელოზებს ვგავდით, ანგელოზებს კიდევ რა უნდოდათ საბავშვო ფილმში. ამის გამო გაგვხადეს ეს ლამაზი კაბები, ჩაგვაცვეს პიონერთა ფორმები და ასე გადაგვიღეს.
– ჩემი პროფესია განაპირობა...
– პირველი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსი ვარ. ეს ბევრმა ფაქტორმა განაპირობა: ძმასა და მამას ტექნიკური უნივერსიტეტი ჰქონდათ დამთავრებული, დედა კი დოცენტი გახლდათ. ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემთვის არ იყო დახურული სასწავლებელი, სადაც მხოლოდ ხაზავდნენ. იქ სტუდენტების 80 პროცენტი მღეროდა და ცეკვავდა. შესაბამისად, ვიცოდი, რომ ჩემი შემოქმედება არ დაიკარგებოდა. მერე დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ენის სამწლიანი პროგრამა, შემდეგ – ეკონომიკური და მოკლედ, ბევრი პროფესია მაქვს. რაც შეეხება მუსიკალურ მხარეს, რომელსაც უფრო სიყვარულს ვეძახი, ვიდრე პროფესიას, დაბადების დღიდან თან მახლავს. მუსიკალური ნიჭი დედას ჰქონდა. ჩვენი ტემბრები იმდენად ჰგავდა ერთმანეთისას, რომ ზოგს ვერეოდით ხოლმე, ზოგს დუბლირებული ხმაც ეგონა. ამ მიმართულებით პროფესონალი ელექტრო სოლოგიტარისტი ვარ, თუმცა კონსერვატორიაში ჩაბარებაზე არასოდეს მიფიქრია.
– მშობლების როლი...
– საბედისწეროც და გადამწვეტიც. სამწუხაროდ, მამა ადრე გარდამეცვალა, სკოლის მოსწავლე ვიყავი. დედას ბევრი ტრაგედია აქვს გადატანილი. მისთვის ჩემი ხელოვნებაში ყოფნა ჰაერივით იყო, რადგან თავად საოცრად უყვარდა ეს სფერო.
– ადამიანში ვაფასებ...
– ერთგულებას და ღირსებას, რაც დეფიციტია. ყოველ ნაბიჯზე ღალატის მსხვერპლი ვყოფილვარ ხოლმე, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ და ვერ მერევიან. თუ ძლიერი და ოპტიმისტი არ ხარ, მაშინ გრჩება მარტო ჭამა და ძილი, რისთვისაც ცხოვრება არ ღირს. აუცილებლად უნდა დაისახო მიზანი და ყოველთვის მისკენ იარო.
– ცოდვა არის...
– შური, ბოღმა, ღალატი, ადამიანის მოკვლა და კიდევ, ბევრი რამე. როცა ადამიანი გღალატობს, თავად არის უბედური. ეს დიდი ცოდვაა, რომელიც შენთან დამოკიდებულებაში თავისდაუნებურად აიკიდა.
– მწამს...
– ადამიანები მიყვარს ძალიან და მათი მწამს. ადამიანს უნდა მისცე შანსი, რომ გახდეს უკეთესი. მე მქონია ამის ბევრი მაგალითი. რატომღაც, ყოველთვის ვმეგობრობ ადამიანებთან, რომლებიც უმრავლესობასთან კონფლიქტშია. ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის ვაძლევ კარტ-ბლანშს, რათა გახდეს უკეთესი. როცა ხედავენ, შენ მათ ადამიანურად ექცევი, მერე ისინიც ადამიანები ხდებიან.
– ბედისწერა...
– იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, ვისაც მიაჩნიათ, რომ საკუთარი ბედის კორექტირება შესაძლებელია. რაც გიწერია, არ აგცდება და მსგავს ფრაზებს არ ვემხრობი. ალბათ, არის რაღაც, რასაც, ვერ გაექცევი, რაც მარტივად რომ ვთქვათ, ღმერთმა, ცხოვრებამ, ბედმა დაგაწერა, მაგრამ მასში კორექტივების შეტანა ნამდვილად შეიძლება. თავად ღმერთიც გეუბნება, გაანძრიე ხელი და უკეთესად იქნებიო. თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა, ყოველ შემთხვევაში, რაღაც დიდი ნაწილის გაკეთებას მაინც შეძლებ.
– რისკი...
– საშინლად რისკიანი ვარ. ოღონდ მივეკუთვნები იმ ადამიანების კატეგორიას, რომლებიც გონიერი რისკის მომხრეები არიან. ძალიან მიყვარს მანქანა, ვგიჟდები, ამბობენ, რომ კარგი მძღოლი ვარ. დავდივარ თამამად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სულელურად გავრისკო.
– მაღიზიანებს...
– უფრო მეცოდებიან სნობები, ის ადამიანები, რომლებიც გარეგნულ ფაქტორზე, ყოფით და მატერიალურ მხარეზე ბევრს ფიქრობენ. ძალიან
მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც თავს იკლავენ, რომ მოხვდნენ იმ „საზოგადოებაში“, რომელშიც თავს წარმოაჩენენ, მეტად ცნობადები გახდებიან და ამის გამო, ბევრ სიყალბეს აკეთებენ. მე მიყვარს სიხალასე, ადამიანები, რომლებიც იხარჯებიან ღირებული რამისთვის: სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის, სიკეთისთვის, წარმატებისთვის...
– სიყვარული – ეს არის...
– ყველაფერი. უსიყვარულოდ არასოდეს მიცხოვრია. მყვარებია არაერთხელ, ასეც ხდება ცხოვრებაში. მჯერა და მწამს ამ გრძნობის, თუმცა ყოველთვის ყველა ურთიერთობის არა – ზოგი არ დამთავრებულა ისე, როგორც მინდოდა, მაგრამ მწამს, რომ დიდი სიყვარული ნამდვილად არსებობს. ჩემი შვილიც სიყვარულის ნაყოფია, ნიცა არის ჩემს გვარზე და მიუხედავად იმისა, რომ მარტო ვცხოვრობთ, მას ჰყავს ძალიან ღირსეული მამა და რომ გაიზრდება, აუცილებლად იამაყებს მისით.
– დრო და სიყვარული...
– დრო არ მოქმედებს გრძნობაზე, ყოფა აფუჭებს მას, სახეცვლილებას სძენს, მაგრამ არ აქრობს. იშვიათად, რომ ის ვნება, ემოცია და განცდა, რაც შენი საყვარელი ადამიანის დანახვისას გაქვს, ცხოვრების ბოლომდე გაგყვეს, როცა 24 საათის განმავლობაში, წელიწადში 365 დღე ერთად ხართ. შეიძლება, რაღაც პერიოდი გაგრძელდეს, მაგრამ მთელი ცხოვრება – მეეჭვება. ეს უკვე ოჯახია, რომელიც პასუხისმგებლობას, პატივისცემასა და ნათესაურ სიყვარულს ეყრდნობა. რასც მე სიყვარულს ვეძახი არის ის, რის გამოც თვალები გენთება, სიმღერა იწერება, ნახატი იხატება და ასე შემდეგ.
– იდეალური მამაკაცი არის...
– იდეალური და მამაკაცი ცოტა რთული შესათავსებელია. რთულად მჯერა იდეალური მამაკაცის არსებობის, თუმცა არიან იდეალურთან მიახლოებულები. კაცი უნდა იყოს დიდსულოვანი და ქალთან მიმართებაში მიმტევებელი. ეს თვისებები აბსოლუტურად საკმარისი მგონია.
– ის, რაც უპატიებელია...
– ღალატი, ოღონდ მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობებს არ ვგულისხმობ. ნებისმიერი ღალატი და პირველ რიგში, სამშობლოს ღალატი არის მიუტევებელი. სამწუხაროდ, დღეს ამის საკმაოდ ბევრი ფორმა არსებობს და ვხედავთ კიდეც მას. რაც შეეხება ადამიანურს, როცა პიროვნება კარგად გიცნობს და იცის, ამის გაკეთება არაფრით არ შეიძლება, რადგან ეს შენთვის ლახვრის ჩაცემა იქნება, თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც აკეთებს, ეს როგორ უნდა აპატიო და გააგრძელო მასთან ურთიერთობა, არ ვიცი.
– შური...
– მე და შური აბსოლუტური ანტონიმები ვართ. ვიღაცის რაღაც შეიძლება მომეწონოს, წარმატება ან რამე, მაგრამ ეს ჩემთვის სტიმული ხდება.
– ეჭვი...
– ეჭვიანი ნამდვილად ვარ, მაგრამ უსაფუძვლოდ არასოდეს ვეჭვიანობ. ენდე, მაგრამ ეჭვი სიყვარულის თანმხლები გრძნობა და ემოციაა. თუ ნამდვილად გიყვარს, იეჭვიანებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისტერიკები გაუმართო.
– ვტირი, როცა...
– ძალიან ბევრი ცუდი რამ მაქვს ცხოვრებაში გამოვლილი, ბევრი რთული პერიოდი, მაგრამ არც ერთ სიტუაციაში არ მიტირია. თუმცა, შემიძლია, ვიტირო ფილმზე.
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– არანაირად. ვთვლი, რომ ეს სიძლიერის ნიშანია.
– მაკვირვებს...
– უმადურობა, ადამიანის ნაადრევი დაბერება – არაფერი რომ აღარ უხარიათ და ყველაფერი მობეზრებული აქვთ.
– ვიტყუები...
– ხშირად, მაგრამ ჩემი ტყუილით არავის ტკივილს და შეურაცხყოფას არ ვაყენებ. ხანდახან ადამიანისთვის სიმართლის დამალვა სიკეთეა.
– ვაგროვებ...
– ბევრ რამეს, მათ შორის: პატარა სასმელებს, მანქანებს. მანქანებსა და იარაღებზე ვგიჟდები. სხვათა შორის, კარგადაც ვისვრი.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ჩემთვის ღმერთი არის გულში, ჩემი რწმენა არის გულში. არ მიყვარს და პატივს არ ვცემ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი რწმენის დემონსტრირებას ახდენენ.
– ჩემი თილისმა...
– დედის სურათი...
– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...
– დედამ მირჩია: არასოდეს მოახვიო სხვას შენი განცდები და სულიერი მდგომარეობა და ყოველთვის დაეხმარე სხვებს!

скачать dle 11.3