№20 თამო ვაშალომიძე: არც ერთმა მამაკაცმა არ თქვას, რომ მსგავს რამეზე თვალს დახუჭავს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ფოტომოდელმა თამო ვაშალომიძემ შეყვარებულის ვინაობა გაასაჯაროვა. მისი რჩეული ბიზნესმენი აკა სამხარაძეა, რომელიც სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. წყვილს სერიოზული ურთიერთობა აქვს და დაოჯახებასაც არ გამორიცხავენ. როგორ გაჰყავს დრო თვითიზოლაციაში მოდელს და ვინ არის მისი რჩეული, უფრო დაწვრილებით ინტერვიუდან შეიტყობთ.
თამო ვაშალომიძე: ველოდები იმ დღეს, როცა ვიტყვი: რა მაგარია, ათი საათია და გარეთ ვარ! ეს სიტუაცია ომზე უარესია, ყველაფერი დახურულია და სრულიად უმოქმედოდ ხარ. ფსიქოლოგიურადაც დამთრგუნველია. მე დღის განმავლობაში მაინც ვახერხებ მანქანით გადაადგილებას, მაგრამ სოფია ვერ გამყავს გარეთ – პატარაა, პირბადეს ვერ ვუკეთებ, არ იჩერებს და მოკლედ, სახლში უწევს ყოფნა. თავიდან მეგონა, როგორც „ღორის გრიპი“ და სხვა ვირუსი მალე გადაივლიდა. დღემდე ვერ ვიჯერებ, რა უნდა იყოს ისეთი, ადამიანს ისე კლავდეს, რომ ორგანიზმი ვერ ებრძოდეს. საგანგებო რეჟიმი რომ შემოვიდა, რესტორნები, სალონები და კაფეები დაიხურა, ვფიქრობდი, მალევე გაიხსნებოდა. მეგონა, ცხრა საათის მერე არ დამაჯარიმებენ-მეთქი, მაგრამ მეორე დღეს იმდენი დააჯარიმეს, მივხვდი, სერიოზულად იყო საქმე. ჩემზე ძალიან იმოქმედა აღდგომის დღეებმა, რადგან მანქანით გადაადგილება შეიზღუდა. ყველაზე რთულია ის, რომ ბებია მყავს ავად, რომელიც კახეთშია და მის სანახავად წასვლას ვერ ვახერხებ, არადა მძიმედაა, გონზე არაა, ორი კვირაა, წყალი არ დაულევია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რაც ამ კარანტინის დროს შემექმნა.
– სახლის პირობებში ახერხებ თავის მოვლას?
– გოგონა მომყავს სახლში, რომელიც თმას მისწორებს, რაც შეეხება ფრჩხილებს, აკრილით ვიკეთებ და არსებული მდგომარეობის გამო ვინც მიკეთებს, სახლიდან ვერ გამოდის. არ გავსუქებულვარ, მხოლოდ ერთი კილო მოვიმატე. სახლში რომ ჩავჯექი, თავიდან მინდოდა, მე გამეკეთებინა სადილი, ვახშამი და ასე შემდეგ, მაგრამ მივხვდი, ოჯახური ცხოვრება – ყოველდღიურად გაზქურასთან დგომა და სადილების მომზადება არის ტვინში დიდი ჩაქცევა (იცინის). ყველა იმ ქალბატონს, ვისაც ჰყავს ბევრი შვილი, მეუღლე, სახლში ყველაფერს თვითონ აკეთებს და ამასთან ერთად, ცდილობს ბედნიერი იყოს – უდიდესი პატივისცემა ჩემგან, ქედს ვიხრი მათ წინაშე. როცა ეს ყველაფერი დამთავრდება, პირველ რიგში, გავიკეთებ ფრჩხილებს და თმას ქერად შევიღებავ, რადგან ჩემი თმის ფერი არ მომწონს. ეს მაქვს გეგმაში და... სახლში აუცილებლად ძალიან გვიან მივალ (იცინის).
– ვარჯიშს აგრძელებ?
– ცხვირის ოპერაცია რომ გავიკეთე, დატვრთვა, დაახლოებით, ორი თვე არ შეიძლებოდა, მერე ახალი წელი დაემთხვა და ბოლოს კორონას ამბების გამო ვეღარ დავბრუნდი სპორტდარბაზში. სისტემატურად ვეღარ ვვარჯიშობ, თუმცა პრესებს ვაკეთებ და ვცდილობ, გაზიანი არ დავლიო, ბევრი არ ვჭამო. ორგანიზმიც ისე მიეჩვია, რომ ჭამა აღარც მინდება, მგონი, მადა დამიქვეითდა.
– ვფიქრობ, საზოგადოებას შენ მიმართ დამოკიდებულება შეეცვალა.
– უი, არა. ახლახან ერთ-ერთი გადაცემის „ლაივში“ ვიყავი და იმდენმა ადამიანმა გამლანძღა, თან, ჩემი შეყვარებული უყურებდა და რომ დამირეკა, ლაპარაკის ტონზე მივხვდი, რაც ხდებოდა. ხანდახან ვფიქრობ, რაღაც უნდა მომივიდეს, კორონა უნდა შემხვდეს, სიმაღლიდან უნდა გადმოვვარდე, პარაშუტი არ გამეხსნას ან რაიმე უბედურება შემემთხვას, რომ საზოგადოებამ ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს. უბედური შემთხვევების შემდეგ სულ სხვა მიდგომა აქვთ ხოლმე, მერე სულ შიშველი ფოტოც რომ დადო, მაინც კარგი იქნები (იცინის). გლანძღავენ და გაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ვიღაცას შენი შურს, ვიღაცა ვერ „გაბამს“ და ასე შემდეგ. ვინც მლანძღავს, მის გევრდზე გადავსულვარ ხოლმე და მესენჯერი რომ გამიხსნია, მისი ადრინდელი მონაწერი მინახავს, მე კი დასინულიც არ მქონია. ამის გამო გამწარებულ გულზე დაუწერია საშინელება. როცა თავისუფალი ვიყავი და შეყვარებული არ მყავდა, მსგავსი რამ არც მაინტერესებდა, ახლა ცოტა არ მსიამოვნებს. მე კი შეიძლება, „გავატარო“, მაგრამ სხვას აწუხებს, არ მოსწონს ეს დამოკიდებულება. უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ როცა სოფია გაიზრდება, ამ ყველაფრით გული არ ატკინონ. კიმ კარდაშიანი ქართველი რომ ყოფილიყო, ხომ წარმოგიდგენიათ, რაც იქნებოდა (იცინის).
– შეყვარებულის ვინაობა გაასაჯაროვე. თქვენზე გვიამბე.
– მარკეტში დავდივართ ხოლმე ერთად და ფოტო გადაუღიათ. მერე გამოქვეყნება რომ გადაწყვიტეს, ვინაობა მკითხეს და ვუთხარი. დასამალი აღარაფერია, დიდი ხანია, რაც ერთად ვართ. გადასარევად ვგრძნობთ თავს, არ გვინდა ზედმეტად ინფორმაციის გასაჯაროება, რადგან ასე უფრო მშვიადად ვართ. იმედია, საზოგადოების ნაწილის ცუდი ენები ხელს არ შეგვიშლის, რადგან ქართველი კაცი, რომელსაც სიტყვა ეთქმის, მსგავს რამეებს ყურადღებას აქცევს. ჩვენ, დაახლოებით; ერთი ასაკის ვართ. ბიზნესმენია და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. ეს ბიზნესმენიც ხალხს ცუდად მოხვდა ყურში, დაიწყეს: ფულის გამოა მასთან და მსგავსი უაზრო კომენტარები. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ადამიანი იმიტომ არ შემიყვარდა, რომ წარმატებული ბიზნესმენია. არ მაინტერესებს მისი ჯიბე, კომპანია და მანქანები. თავად მისი ადამიანობითა და მისი ჩემდამი დამოკიდებულებით შემიყვარდა. რატომღაც ჰგონიათ, რადგან მოდელი ვარ, ჩემს გვერდით მოხუცი კაცი უნდა იყოს (იცინის). ეს დამოკიდებულება თავად მოდელებმა შეუქმნეს საზოგადოებას, რაც ცუდია. არა, ბატონო, მე მირჩევნია, გვერდით მყავდეს სიმპათიური, ახალგაზრდა, ქართველი მამაკაცი.
– ოჯახის შექმნაზე ფიქრობთ?
– სერიოზულად ვართ, უბრალოდ ქორწილზე და ოჯახზე ჯერჯერობით არ ფიქრობს. ვნახოთ, დრო რას გვიჩვენებს, გამორიცხული არაფერია. როცა ადამიანი გიყვარს, ოჯახზეც გაქვს ნაფიქრი. ყველა ადამიანს უნდა ჰყავდეს გვერდით ის, ვინც უყვარს. თუ არ გიყვარს, ოღონდ ვინმე გყავდეს და სულ ერთია, ვინ იქნება, მაგას ჯობს, მარტო იყო.
– ბევრი მამაკაცისთვის სასურველი ქალი ხარ, არ ეჭვიანობს?
– ეჭვიანია, მაგრამ მე ბევრად უარესი ვარ. სიმპათიური ბიჭი მყავს და რატომ არ უნდა ვიეჭვიანო? აკას ერჩივნა, რომ არ ვყოფილიყავი ცნობადი, რადგან არ უყვარს საზოგადოებაში გამოჩენა. ურჩევნია, როცა ქუჩაში მივდივართ, ყველა არ გვაკვირდებოდეს, მაგრამ ამას ვერ შევცვლით. მე ვიცი, მას რა მოსწონს და ვიზიარებ მის შეხედულებას. არაფერს მიკრძალავს და არ მეუბნება: შეწყვიტე სამოდელო კარიერაო. მითხრა: თამო, შენ მიცნობ და თავად უნდა განსაზღვრო ზღვარი. ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილება იქნება, ჩემს საქმეში რას როგორ გავაკეთებ. შეიძლება, ხინკლები აღარ დავილაგო სხეულზე და პუტინი არ დავიხატო, უფრო სოლიდური კაბით მივიდე გადაცემებში და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემს საქმეში ჩვეულებრივად ვიქნები.
– ანუ, სკანდალური თამო შეიცვლება?
– კი, ცოტა შევიცვლები იმ კუთხით, რომ შიშველი და ბიკინებით აღარ გადავიღებ ფოტოებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმე მიკრძალავს და თითს მიქნევს. თუ მსგავს რამეს არ გავაკეთებ, დამშორდება და ასე შემდეგ, არა, არა და არა! მე მიღირს ეს ურთიერთობა იმად, რომ პუტინი აღარ დავიხატო და ხინკლები აღარ დავილაგო. ყველა ნორმალურ ადამიანს, რომელიც ქალს უყურებს ისე, როგორც მის სიყვარულს და არა გასართობ ობიექტს, ნამდვილად არ მოეწონება, როცა ხალხი მის რჩეულს ლანძღავს. ვერც ერთი მამაკაცი ვერ იტყვის, რომ მსგავს რამეზე თვალს დახუჭავს.
– მის ოჯახის წევრებს იცნობ?
– კი, როგორ არა, ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩემ მიმართ. უზომოდ საყვარლები და კარგები არიან. თბილი ოჯახი აქვს და ვაფასებ მათ. ჩემს მიმართ კარგი დამოკიდებულება აქვთ და ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ მათ ვავნო. მათი მხრიდან ის განწყობა, რასაც ჩემ მიმართ იჩენენ, ნამდვილად დასაფასებელია. მოკლედ, მართლა ბედნიერი ვარ!