№20 რატომ უნდა გაუფრთხილდეთ სახლის ფანჯრებს თვალის ჩინივით და რა წესების დაცვაა საჭირო მათი გაწმენდისას, რომ შინ ბედნიერება შეიტანოთ
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
ფანჯარა სახლის თვალებიაო, გვამცნობს წინაპართა გამოცდილება. შესაბამისად, ბუნებრივია, დაგაინტერესებთ, რას გვეუბნება და გვირჩევს ხალხური გადმოცემები თუ მინიშნებები საკუთარი საცხოვრისის ამ უმნიშვნელოვანესი „ორგანოს“ შესახებ. თუ როგორ მოვუაროთ სახლის ფანჯრებს ისე, რომ არც უწმინდურთა „თვალი გვეცეს“ და შინაც თავი დაცულად ვიგრძნოთ, ამ ყველაფერზე გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნაირა ფ.
- თვალს რომ ფაქიზად უნდა მოეპყრათ და მართლაც „თვალის ჩინივითაა“ მოსაფრთხილებელი, ალბათ ზედმეტი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ასეთივე მიდგომას გვირჩევენ ჩვენი წინაპრები სახლის „თვალების“ ანუ ფანჯრების მიმართაც, რომელთა სისუფთავეზეც განსაკუთრებით ზრუნავდნენ. სუფთად გაწმენდილი მინა ხომ სახლში მზის სინათლეს უშვებს, რომელიც საცხოვრებლიდან უკეთურ სულებსა და ყოველგვარ უწმინდურებას განდევნის. მაგრამ, თუ მათი მოვლის წესებს არ დაიცავთ, შეიძლება უბედურება მოუტანოთ საკუთარ თავსაც და სახლში მყოფთაც.
- ეს ეხება ფანჯრის წმენდისას გასათვალისწინებელ მინიშნებებს?
- ალბათ, იფიქრებთ, რა სირთულეს წარმოადგენს ისეთი ელემენტარული ქმედება, როგორიც ფანჯრის წმენდააო, მაგრამ როგორც „გენიალურობაა უბრალოებაში“, სწორედ ასეა ამ, ერთი შეხედვით, მარტივ საქმეშიც. მაშ ასე, შეუდექით ფანჯრების წმენდას? - წარმოიდგინეთ, რომ მტვრესა და მჭვარტლთან ერთად, ბინას მთელ იმ ნეგატივს აშორებთ, რომელსაც შეიძლება, შურიანი მეზობლებისა თუ სხვა არაკეთილმოსურნეთა მიერ სწორედ „ამ თვალებში ჩახედვით“ შემოეღწია შინ.
- მნიშვნელობა თუ აქვს შიგნიდან დავიწყებთ ფანჯრის წმენდას თუ გარედან?
- მინიშნება ამასთან დაკავშირებითაც არაერთგვაროვანია, თუმცა ძირითადად ცნობილია, რომ პროცესი ფანჯრის შიდა მხრიდან უნდა დაიწყოთ და მიუდგეთ ისე, როგორც ორგანიზმის გაწმენდას. მოგეხსენებათ, თუ ორგანიზმი შინაგანად „მოფამფალებული“ და „დაბინძურებულია“, ვერავითარი გარეწმენდა ვერაფერს უშველის. ამ დროს რეკომენდებულია, დასუფთავება ორ ნაწილად გაყოთ: ერთ დღეს გაწმინდეთ და დააწკრიალეთ შუშები შიდა მხრიდან, ხოლო მეორე ან უახლოეს მომდევნო დღეებში - გარედან, ოღონდ, არაუგვიანეს 7 დღისა, თორემ მთელი პროცედურის თავიდან დაწყება მოგიწევთ. რაც მთავარია, ფანჯრების გარეცხვის შემდეგ ჭუჭყიანი წყალი ღამე სახლში არ დატოვოთ - მაშინვე ჩარეცხეთ კანალიზაციაში ან დაუსხით ძირში უახლოეს ხეს.
- რა დროსაა უმჯობესი ფანჯრების წმენდა - დილით თუ საღამოს?
- მინიშნების მიხედვით ფანჯრის წმენდას არ შეუდგეთ საღამოს, ანუ დაბნელებისას. როგორც ცნობილია, სწორედ დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში აქტიურდება ყოველგვარი უწმინდური ძალა, გაღებული ფანჯრები კი მათ სახლში ეპატიჟება. ამიტომ, საუკეთესო დრო აღნიშნული პროცედურისთვის ადრიანი დილაა, მზის ამოსვლისთანავე. ამ დროს ცის მნათობს, შეგიძლიათ, თქვენი ოჯახის ბედნიერება და აყვავებაც შესთხოვოთ.
- გამოდის, ფანჯრების წმენდისას სახლს პოზიტივით ვაპროგრამებთ?
- დიახ და არსებობს კონკრეტული სეგმენტებისკენ მიმართული წესებიც. მაგალითად, თუ წყალს, რომლითაც ფანჯრებს წმენდთ, რამდენიმე მონეტას დაუმატებთ, პროცედურის დამთავრების შემდეგ კი მათ რაფაზე დააწყობთ - ეს უბრალო თილისმა თქვენს სახლში ბარაქას მოიზიდავს. თუ გრძნობთ, რომ სახლში სიმყუდროვე დაირღვა, შინაურები ხშირად ჩხუბობენ, ოთახის ყვავილებმა ჭკნობა დაიწყო, საწმენდ ხსნარს რამდენიმე წვეთი ნაკურთხი წყალი დაუმატეთ და იმით გარეცხეთ ფანჯრები. ანდა, რამდენიმე წამით საწმენდ წყალში ჩაუშვით ჯვარი, რომელსაც სხეულზე ატარებთ და შემდეგ შეუდექით საქმეს. რაც შეეხება კვირის დღეებს, თუ როდის უნდა ჩაატაროთ აღნიშნული „წმენდა“, ყველაფერს ოთხშაბათი ჯობია, მით უმეტეს, გაზაფხულზე, როცა ზამთრის სუსხი გამტყდარია და სითბო მძლავრობს - ამ უბრალო რიტუალით შეგიძლიათ, ოჯახის წევრებს ავადმყოფობა ააცილოთ თავიდან და სახლშიც ბედნიერება შეიტანოთ. ასევე, არ ღირს, ამ საქმეს დაუთმოთ დრო: კვირას, შაბათს - სადილის შემდეგ და რელიგიურ დღესასწაულებზე.
- რა ვქნათ, თუ ფანჯრის წმენდისას გაწვიმდა?
– ამ შემთხვევაში „სისუფთავის რეიდი“ მეორე დღისთვის უნდა გადადოთ. ხალხური მინიშნებები წვიმაში ფანჯრის წმენდას ნამდვილად არ გვირჩევს - წვიმა ასეთ დროს მხოლოდ თქვენს შრომას კი არ ჩაყრის წყალში, შეიძლება შინაურთაგან რომელიმეს ავადმყოფობაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, მსგავსი „იაღლიში“ რომ არ მოგივიდეთ, არ გამოგრჩეთ ინფორმაცია ამინდის პროგნოზის შესახებ. ან საკმარისია, ფანჯრიდან გაიხედოთ და ყურადღებით დააკვირდეთ ცას. დაუჯერეთ ხალხურ მინიშნებებს, რადგან ჩვენს წინაპრებს ძალიან კარგად გამოსდიოდათ ეს და შესანიშნავადაც იყენებდნენ კიდეც მეურნეობაში: თუ როდის მოეხნათ, დაეთესათ ან აეღოთ მოსავლი. ცაში ღრუბლებს ხედავთ? დააკვირდით მათ, რადგან ყოველი ნიუანსი - ფერი, ფორმა თუ გადაადგილების მიმართულება, სხვადასხვა ცნობას გაწვდით ამინდის შესახებ. მაგალითად, თუ „ციურმა მოგზაურმა“ დღის განმავლობაში უცაბედად შეიცვალა ფერი, ავდარი იქნება. წვიმას მოასწავებს ასევე, წითელი ღრუბელიც, განსაკუთრებით, თუ მასთან ერთად ქარიც გაძლიერდა; ხოლო თუ ღრუბლები უფრო ჩამუქდა და გაიბერა, ელოდეთ ქარიშხალს. თუ წყალსაცავთან ახლოს ხართ და თეთრი ნისლი ჩამოწვა, თბილი, სასიამოვნო დღე იქნება. კარგი ამინდის მაცნეა ვარდისფერი ღრუბლებიც, განსაკუთრებით ალიონზე. დაბოლოს, გახედეთ მზეს და თუ „ღრუბელზე ჩამოჯდა“ - ელოდე წვიმას. ავდრის წინ ხომ დღის ნათელი ყოველთვის მსუბუქ კვამლში ეხვევა და სწორედ ამას შეგახსენებთ მინიშნება - „მზე ღრუბლებზე ჩამოჯდა“. ამ დროს თუ ცეცხლოვანი მნათობი ისე მკვეთრად ციაგებს, რომ ჰორიზონტამდე აკაშკაშებს კაბადონს, ნამდვილი თქეში გელით ძლიერი ქარის თანხლებით.