კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ჩაშლილი მისია

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #119(1010)
***
  ჯიმი ბარკი არა მარტო სპეცოპერაციების კურატორი იყო საქართველოში, არამედ ამერიკული დაზვერვების მთავარი რეზიდენტ-კურატორი ამიერკავკასიაში. „ეფბეერის“ სპეცოპერაციების კურატორობა რუსეთის დაზვერვის თვალის ასახვევად მოგონილი თანამდებობა იყო. რუსეთის სპეცსამსახურმა წარმატებით „ჭამეს“ ეს ტყუილი და უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში გამალებით ეძებდნენ შეერთებული შტატების „მთავარ ჯაშუშს“ საქართველოში, მაგრამ წარუმატებლად. ყველაზე ჭკვიან და გამოცდილ რუს მზვერავსაც კი არ მოსვლია თავში, რომ „ფებეერშიკი“ ბარკი ამერიკელების „მთავარი ჯაშუში“ იყო არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით და ტიტანურ სამუშაოს იუველირის ფილიგრანული ტექნიკით ახორციელებდა. „მთავარი ჯაშუშის“ ძებნისას, რუსებმა საგულდაგულოდ შეისწავლეს ბარკის დოსიე და მისი ანალიზის მერე უარყვეს „ფებეერშჩიკის“ კანდიდატურა. რუსულ დოსიეში ბარკი დახასიათებული იყო, როგორც ალკოჰოლისა და ქალების მოყვარული. სუბიექტი საშუალო ინტელექტითა და სუსტი ნებისყოფით. იქვე იყო მითითებული, რომ ბარკს მფარველი ჰყავდა „ბიუროში“ და სწორედ მისი „ბლატით“ გამოგზავნეს ის საქარველოში სამუშაოდ. სინამდვილეში კი ბარკის ეს ცრუ დოსიე ამერიკელებმა ორმაგი აგენტის მეშვეობით ოსტატურად შეუცურეს რუსებს. ნამდვილი ჯიმი ბარკი კი იმის საპირისპირო პიროვნება იყო, როგორიც რუსებისთვის განკუთვნილ ცრუ დოსიეში ჩანდა. კარანაძე და ბარკი დუშეთის ერთ-ერთ მყუდრო სახინკლეში დასხდნენ. იქ საუკეთესო კერძებს ამზადებდნენ. მთავარი კი ის იყო, რომ იქ მათ ხელს ვერავინ შეუშლიდა, ვერც მოუსმენდნენ და თვალთვალიც გამორიცხული იყო. სანამ ხინკალს მოიტანდნენ, კოლეგები ლუდს შეექცეოდნენ, თან საუბრობდნენ. ბარკი, რომელმაც ექვსი ენა იცოდა, ზურაბს უაქცენტო ქართულით ესაუბრებოდა და ვერავინ იფიქრებდა, რომ ის ამერიკელი იყო. ბარკის ქართული ზურაბისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ამერიკელს გაეღიმა და კარანაძეს უთხრა:
– მინდა გთხოვო, ძმობილო, რომ ჩემი ქართული საიდუმლოდ, ჩვენ შორის დარჩეს და არავისთან თქვა. შევთანხმდით?
– რა თქმა უნდა, – მიუგო ზურაბმა.
რუსულ დოსიეში ეწერა, რომ ბარკი მხოლოდ ინგლისურ ენას ფლობდა.
ზურაბი რომ გააფრთხილა, ბარკმა მას უთხრა:
– შენ მართალი ხარ, ძმობილო. შენს აგენტსა და მის მეგობრებს რაღაც სერიოზული საქმისთვის ამზადებენ და დაუყოვნებლივ უნდა ჩავერთოთ.
– ასე რატომ ფიქრობთ, მისტერ ბარკ? – თქვა ზურაბმა.
– მოდი, შევთანხმდეთ, რომ პირისპირ მაინც შენობით მომმართავ და ჯიმის დამიძახებ, – თქვა ამერიკელმა და ქართველის თანხმობა რომ მიიღო, დაამატა, – იმიტომ ვფიქრობ, ძმობილო, რომ აგენტის შეტყობინებაში ტროფიმ ლოსევის სახელი ფიგურირებს. ის კი უმაღლესი კლასის პროფესიონალია.
– „მეტყევეს“ გულისხმობ, ჯიმ?
– სწორედ, მაგას. ის ორმოციოდე წლის პოლკოვნიკია და ხან ერთ უბანზე გამოჩნდება ხოლმე, ხან მეორეზე და ასე შემდეგ. ეს უბნები კი მთელ მსოფლიოშია გაფანტული. ყველაზე დამაფიქრებელი კი ისაა, რომ ლოსევი ამჯერად პირადად ჩავიდა ხეობაში და თავად შეარჩია ხალხი. ჩვეულებრივ, ის ასეთ რამეს არ აკეთებს და აქედან ვასკვნი, რომ მას ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა დაუსახეს.
– რა კონკრეტული პროფილი აქვს?
– რასაც დაავალებენ, იმის შესრულება, იქნება ეს ფსიქოლოგიური ზემოქმედება კონკრეტულ პიროვნებაზე თუ სასტუმროს აფეთქება, მაგალითად, ბეირუთში. როგორც უკვე გითხარი, ეს კაცი მაღალი დონის პროფესიონალია და ძალიან საშიში. ვფიქრობ, რომ თუკი დროზე არ გავშიფრეთ მათი ჩანაფიქრი და არ გავანეიტრიალეთ, დიდ პრობლემებს გაგვიჩენს.
– ჯიმი, იმედია, ეს ოპერაცია უჩვენოდ არ ჩაივლის, – თქვა პოლკოვნიკმა.
– მე მხოლოდ იმის გარანტია შემიძლია, მოგცე, რომ უშენოდ ნამდვილად არ ჩაივლის. დანარჩენი კი – ვნახოთ. ისე, იცოდე, რომ სულაც არაა სასურველი ჩვენი ქმედებების აფიშირება. სამწუხაროდ, უნდა გითხრა, ძმობილო, რომ შენს უწყებაში რამდენიმე რუსული ვირთხა ბუდობს და საკმაოდ მაღალ დონეზე. თუმცა, ისინი ჩვენგან კონტროლდება, – თქვა ბარკმა.
– სამწუხარო ფაქტია. რამდენიმეზე მეც მაქვს ეჭვი და არ ვენდობი, – მიუგო ზურაბმა.
ამასობაში ხინკალიც მოიტანეს და თანამესუფრეები საქმიანი საუფრიდან „ხინკლაობაზე“ გადავიდნენ. ხოლო თბილისში საღამოს დაბრუნდნენ და სანამ საელჩოსთან გაჩერებული მანქანიდან გადავიდოდა, ამერიკელმა კარანაძეს უთხრა:
– პირველ რიგში, დიდი მადლობა ხინკლისთვის. რაც შეეხება საქმეს – პრეზიდენტი და შენი მინისტრი ინფორმირებული იქნებიან, რომ ჩვენთან ერთად იმუშავებ. დანარჩენებისთვის კი ეს ინფორმაცია დახურულია. მალე დაგეკონტაქტები და ისევ მოგიწევს შეხვედრა. ახლა კი – დროებით.
– დროებით, ჯიმი, – თქვა კარანაძემ და ამერიკელი რომ მანქანიდან გადავიდა, ავტომობილი ადგილიდან დაძრა.
საელჩოდან სამსახურამდე მისვლას ზურაბმა ათი წუთი მოანდომა და მას მერე, რაც ჯიმი ბარკს დაემშვიდობა და თავის კაბინეტში ავიდა, ოთახში წესიერად ფეხიც არ ჰქონდა შედგმული, რომ კობა სოხაძემ მას უთხრა:
– ბატონო პოლკოვნიკო, მინისტრმა დარეკა და თქვა, – როგორც კი მოვა, ჩემთან შემოვიდესო.
ზურაბმა უხმოდ დაუქნია თავი თანაშემწეს და მინისტრის კაბინეტისკენ გაემართა.
– მოდი, ზურა, მოდი, – ხელით მოიხმო მინისტრმა კარანაძე და დაამატა, – პრეზიდენტმა დამირეკა და მითხრა, რომ ამერიკელების განკარგულებაში გადადიხარ და ყოველმხრივ დაგეხმარო. აბა, მითხარი, რა გავაკეთო და მზად ვარ, გემსახურო.
– ჯერჯერობით არაფერი მჭირდება, ბატონო გენერალო და თუკი დახმარება დამჭირდა, შეგაწუხებთ, – თქვა ზურაბმა.
– არ მოგერიდოს, იცოდე.
– არ მომერიდება, ბატონო მინისტრო.
– ჰო, კიდევ ის, რომ პრეზიდენტს შენი პირადად გაცნობა უნდა და მითხრა, ამ დღეებში დაგირეკავ და მომიყვანეო, – თქვა გენერალმა.
– დიდი პატივია, ბატონო გენერალო, – მიუგო ზურაბმა და დაამატა, – შემიძლია, წავიდე?
– კი. თავისუფალი ხარ. აბა, დროებით, – მიუგო მინისტრმა და კარანაძე კაბინეტიდან გაისტუმრა.
თავისი კაბინეტისკენ მიმავალი ზურაბ კარანაძე, ცოტა არ იყოს, უხერხულობას გრძნობდა იმის გამო, რომ მინისტრისთვის არაფერი უთქვამს ბარკთან შეხვედრის თაობაზე. მართალია, არც გენერალს უკითხავს რამე ამის შესახებ. ნათელი იყო, რომ რადგან კარანაძის დახმარება მას პრეზიდენტისგან ჰქონდა დავალებული, პრეზიდენტს ამერიკელებმა სთხოვეს მათთვის ზურაბის დროებით გადაცემა. „ჰმ, მართლაც რა დიდი გავლენა აქვს ამერიკას საქართველოში. არცაა გასაკვირი, ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს“, – ფიქრობდა პოლკოვნიკი.
პრეზიდენტს ელჩმა დაურეკა. ელჩს კი ეს ბარკმა სთხოვა და პრეზიდენტმა ამის შემდეგ უბრძანა მინისტრს, რომ კარანაძისთვის ყოველმხრივი დახმარება გაეწია. სამივე ეს სატელეფონო ზარი სულ რაღაც ათიოდე წუთში განხორციელდა და ასეთი შესაშური ოპერატიულობის გამო ზურაბს კმაყოფილებისგან ეღიმებოდა. „მაგარი ვინმეა ეს ბარკი და ვფიქრობ, იმაზე მაგარი, ვიდრე მე მგონია“, – ფიქრობდა ზურაბი...
***
საელჩოში დაბრუნებულმა ბარკმა ათ წუთში მოაგვარა ზურაბის საკითხი და როგორც კი კარანაძე თავის განკარგულებაში მიიღო, მრავალსაფეხურიანი ანტირუსული სპეცოპერაციის მომზადებას შეუდგა. ბარკი სპეციალურ ოთახში განმარტოვდა, რომელიც აბსოლუტურად დაცული იყო გარეშე თვალისა და ყურისგან. კარი გადარაზა და სპეციალური კოდირებული კავშირით დაურეკა სარა ვინტერს. ეს მომხიბვლელი ქალბატონი ვაშინგტონში მუშაობდა, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში და რუსეთის განყოფილებაში ამიერკავკასიას კურირებდა. ვინტერი 38 წლის იყო და გარეგნობით ტოპ-მოდელს ჩამოჰგავდა. ვიდრე ხელჩართული ბრძოლის უმაღლესი კვალიფიკაციის „ზღვის ლომს“, რაც მას ნამდვილად ჰქონდა მინიჭებული და სრულად გაიარა ამ ურთულესი მომზადების ყველა საფეხური. გარდა ამისა, გაუთხოვარი სარა უმაღლესი კვალიფიკაციის პროგრამისტი იყო და ოთხ ენასაც ფლობდა. ბარკის ზარზე ის ტელეფონის ყურმილს დასწვდა და უპასუხა:
– გისმენთ.
– ბარკი ვარ.
– რა ხდება?
– მემ, უკანასკნელი მოდელის მიკროსასიგნალო მოწყობილობა მიჭრდება, რომელიც თანამგზავრს შეუერთდება და პირად კონტროლზე უნდა აიყვანოთ. ოპერაციას ვიწყებ, – თქვა ბარკმა.
– დეტალები, ბარკ, – თქვა ვინტერმა.
– მოწყობილობა აგენტი „ახმატის“ მეშვეობით აგენტ „მელოტს“ უნდა მივაწოდოთ, თუკი ეს მოხერხდება. დრო არ ითმენს. ჯერჯერობით სულ ესაა. დანარჩენს კი მოგვიანებით გაცნობებთ, რადგან მე თვითონ არ ვიცი, როგორ ვიმოქმედოთ შემდგომ. ყველაფერი ინფორმაციაზეა დამოკიდებული, რომლის მოპოვებაზეც ვმუშაობ.
– კარგი. გასაგებია. მოწყობილობა ვაზიანის ბაზაზეა და შეგიძლია, მაიორ პატერსონისგან მიიღო. ახლავე დავუკავშირდები და მალე მოგაწვდის. კიდევ რამეა, ბარკ?
– არა, მემ. ჯერჯერობით ესაა, – თქვა ბარკმა.
– კარგი. წარმატებას გისურვებ. დროებით, – თქვა ვინტერმა და ტელეფონი გათიშა.
ორმოცი წუთის შემდეგ საელჩოში ტომ პატერსონი მივიდა და ბარკს მიკრომოწყობილობა გადასცა, რომელიც დისტანციურად ერთდებოდა ამერიკულ კოსმოსურ თანამგზავრზე და ელექტრონული ჯაშუშის როლს ასრულებდა. მას თანამგზავრის მეშვეობით დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან შეეძლო, ცენტრალურ პულტზე „მიეტანა ხმა“, ანუ – საუბარი. ეს პულტი კი ვაშინგტონში, ეროვნული უსაფრთხოების ოფისში მდებარეობდა. თავად მოწყობილობა პურის მარცვლის ოდენა იყო და ძალიან ძვირი ღირდა, როგორც თავად მისი დამზადება, ასევე მომსახურებაც. ეს მოწყობილობა შეერთებული შტატების პრეზიდენტის დაცვას ჰქონდა. გამოიყენებოდა, აგრეთვე, განსაკუთრებული მნიშვნელობის სპეცოპერაციებისას და განსაკუთრებული ნებართვა სჭირდებოდა, რომლის გაცემის უფლებაც სარა ვინტერსაც ჰქონდა. ასეთი უფლების გაცემა გარკვეულ პროცედურასთან იყო დაკავშირებული და დროში შეიძლებოდა, გაწელილიყო. ვინტერი კარგად იცნობდა ბარკს და ენდობოდა, ამიტომ ქალმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა და მოწყლობილობაზე თანხმობა ასე სწრაფად ამიტომაც მისცა. სარას ესმოდა, რომ დრო არ ითმენდა და მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა დაეწყოთ. პატერსონმა რომ ბარკს მოწყობილობა მიუტანა, ამერიკელი სუპერძალაც 2 საათის დაშორებული იყო კარანაძესთან, საღამოს 9 საათი სრულდებოდა. ბარკმა საათს დახედა, შემდეგ კარანაძეს დაურეკა და უთხრა:
– მე ვარ, ძმობილო. საპასუხო ნაბიჯი მინდა გადავდგა და ვისკიზე დაგპატიჟო, თუ, რა თქმა უნდა, სვამ.
– ვსვამ, – მოკლედ მოუჭრა ზურაბმა, მიხვდა, რომ ამერიკელს სერიოზული საქმე ჰქონდა მასთან.
– ჰოდა, ძალიან კარგი. ჩემთან გელოდები.
– კარგი. მოვდივარ, – თქვა ზურაბ კარანაძემ. ტელეფონი გათიშა და სასწრაფოდ გაემართა საელჩოსკენ...
***
ბარკმა ზურაბს მიკრომოწყობილობა უჩვენა და უთხრა:
– ამას აგენტ „მელოტს“ მივაწვდით და ის სხეულზე დაიმაგრებს. ჩვენი თანამგზავრის მეშვეობით კი „მელოტის“ ადგილმდებარეობას განვსაზღვრავთ და ონლაინ-რეჟიმში მოვისმენთ საუბრებს, ანუ – გავარკვევთ, რა მისიას დააკისრებენ მას და მასთან ერთად მყოფებს. ამიტომ, „მელოტის“ ვინაობა უნდა მითხრა, რომ ჩემმა აგენტმა მას ეს მოწყობილობა გადასცეს. დრო არ ითმენს, ზურაბ, რა ჰქვია შენს აგენტს?
– რუსთამ მარგოშვილი, – უთხრა ზურაბმა და იკითხა, – ვინ უნდა გადასცეს მას ეს მოწყობილობა?
– სელიმ ბაგაევმა. ის პანკისის ხეობაში ცხოვრობს და ჩვენი აგენტია ფსევდონიმით „ახმატი“, – თქვა ბარკმა. შემდეგ თავი გააქნია და დაამატა, – მთავარია, „მელოტი“ ადგილზე იყოს, რომ მოწყობილობა მიიღოს.
– ვინ ჩაიტანს პაკისში ამ მოწყობილობას? – იკითხა ზურაბმა.
– ჩვენ, ძმობილო. მე და შენ, – თქვა ბარკმა და დააყოლა, – მე ჩეჩენი თეოლოგი ვარ. შენ კი – ჩემი მუნჯი მოსწავლე.
– ვინ? – გაოცდა ზურაბი.
ბარკი მიხვდა გაოცების მიზეზს და ზურაბს ჰკითხა:
– ჩეჩნური ენა თუ იცი?
– არა, – თქვა ზურაბმა.
– მე ვიცი. ამიტომ შენ მუნჯი ჩეჩენი იქნები და მე ვილაპარაკებ. დრო არ ითმენს. შევინიღბოთ და ახლავე გავქუსლოთ პანკისში. იქნებ ბედმა გაგვიღიმოს და „მელოტს“ მივუსწროთ, – თქვა ბარკმა.
***
შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როდესაც სოფელ დუისში შელახული „ტოიოტას“ „ჯიპით“ ორი ჩეჩენი რელიგიის მსახური ჩავიდა. სინამდვილეში ისინი შენიღბული ბარკი და კარანაძე იყვნენ. მანქანას ბარკი მართავდა, ზურაბი კი მის გვერდით იჯდა. მათ მთელი სოფელი გაიარეს და მომცრო სალოცავის გვერდით მდგომ კარ-მიდამოს მიადგნენ. ბარკმა ჩეჩნურ ენაზე შესძახა მასპინძელს. ეზოში უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი აყეფდა. სახლიდან ოცდაათიოდე წლის მამაკაცი გამოვიდა და სტუმრებს გახედა.
– გამარჯობა, ღვთის კაცო. მიგვიღებ დაგვიანებულ მგზავრებს? ლოცვაში შემოგვაღამდა.
– აქაურები იტყვიან – სტუმარი ღვთის გამოგზავნილიაო. მით უმეტეს, მლოცველები, შემობრძანდით!
დასასრული შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3