კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 სიკვდილის განაჩენი

ჟორჟ სიმენონი

  ბრიუსელის მატარებელში კომისარი მეგრე იმ იმედით ჩაჯდა, რომ მკვლელი ასე ადვილად ვერ გაუსხლტებოდა ხელიდან. თანაშემწის დახმარებით, სწორედ იმ ვაგონის ბილეთი ჰქონდა, რომელშიც მისი ვარაუდით, გრაფ ალბერ დიუ ულმონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი წყვილი იმყოფებოდა. ჰოდა, ბევრი არ უფიქრია, ახალგაზრდა ქალ-ვაჟს ცხვირწინ დაუსკუპდა თავისი განუყრელი გაზეთით ხელში. ჟან ულმონი უსიამოვნოდ შეიჭმუხნა. ის მეგრეს იცნობდა. კომისარს დაკითხვაზე ჰყავდა, როცა შანდლით თავგახეთქილი გრაფის უსულო სხეული სასტუმროს ფეშენებელურ ნომერში აღმოაჩინეს. ზოგადად, ეს ახალგაზრდა ძალიან ცნობილ და მდიდარ ბელგიურ ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ ნათესავებმა თავისი წრიდან მას შემდეგ მოიკვეთეს, რაც ერთ საეჭვო რეპუტაციის მომღერალ ქალს გადაეკიდა. სონია ლიპშიცი კაბარეებში მღეროდა. ძალიან ლამაზი იყო და არც მამაკაცებთან ურთიერთობა უჭირდა. სწორედ ამის წყალობით სამჯერ იყო გათხოვილი, თუმცა სამჯერვე დაქვრივდა. მდიდარმა მეუღლეებმა მას საკმარისი ქონება დაუტოვეს. ბოლოჯერ რომ დაქვრივდა, „უნუგეშო“ ქვრივი პარიზში ჩამოვიდა და ჟან ულმონი გაიცნო, რომელიც ამასობაში, უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს. ახალგაზრდა კაცი იმ მცირე თანხებით ცხოვრობდა, რომელსაც ბიძა ყოველთვიურად უგზავნიდა, მაგრამ ძმისშვილთან ურთიერთობა მასაც არ ჰქონდა დალაგებული. მეგრე ვითომ გაზეთს კითხულობდა, თან ჩუმად ულმონს ადევნებდა თვალს, რომელიც შესამჩნევად შფოთავდა და სონიას რაღაცას გადაუჩურჩულებდა ხოლმე.
– ამბობთ, რომ ალიბი გაქვთ... – მეგრე მის წინ მჯდომ ულმონს ჩააშტერდა.
– დიახ, მე და ჩემი შეყვარებული ბულონის ტყეში ვსეირნობდით. სონია ამას დაადასტურებს.
– საინტერესო შეყვარებული გყავთ. იცით, რომ სამჯერ გათხოვდა ასაკით თავისზე გაცილებით უფროს მამაკაცებზე და სამივეჯერ სარფიანად დაქვრივდა?
ჟანმა მხრები აიჩეჩა.
– მე ქალებზე მათი წარსულის მიხედვით არ ვმსჯელობ და არც მათზე დაქორწინებაზე ვიტყვი უარს სიკვდილის შიშით.
– ბიძათქვენთან ცუდი ურთიერთობა გქონდათ. მიუხედავად ამისა, ქალბატონთან ერთად მას სასტუმროში მიაკითხეთ, სადაც ჩვეულებრივ ჩერდებოდა, როცა პარიზში ჩამოდიოდა.
– საიდან მოიტანეთ, რომ ცუდი ურთიერთობა გვქონდა? უბრალოდ, ბელგიაში არ ჩავდიოდი, რადგან ჩემი ოჯახის წევრებს ბევრ რამეში არ ვეთანხმები. ბიძაჩემს კი ჩემი ესმოდა და როცა პარიზში გასართობად ჩამოდიოდა, თან ამას წელიწადში ერთხელ აუცილებლად აკეთებდა, ყოველთვის ვხვდებოდით
მეგრემ თავი გააქნია.
– მე სხვა ინფორმაცია მაქვს: როცა კი ბიძათქვენთან მისულხართ, თქვენი შეხვედრა ყოველთვის ჩხუბით დასრულებულა. ამას სასტუმროს პერსონალი ადასტურებს. ბიძათქვენი მათი გამორჩეული სტუმარი იყო და ამიტომაც მუდმივად ყურადღების ცენტრში ჰყავდათ.
ჟანმა მხრები აიჩეჩა.
– არ ვიცი, ამით რისი თქმა გინდათ. დავუშვათ, ვკამათობდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვკალი. სასტუმროს რომელმა თანამშრომელმა მნახა იმ დღეს იქ? ბოლოს და ბოლოს ბიძაჩემი ერთადერთი იყო, რომლის იმედიც მქონდა.
მეგრემ ჩაიღიმა.
– სასტუმროში შეუმჩნევლად შესვლა პრობლემას არ წარმოადგენს, მით უმეტეს იმ ადამიანისთვის, რომელიც იქ არაერთხელ ყოფილა. მოტივი თუ გაინტერესებთ, გეტყვით – ბიძათქვენის გარდაცვალების შემდეგ გრაფის ტიტული და მისი ერთ-ერთი მამული გადმოგეცემათ. გარდა ამისა, მისი ოთახიდან სოლიდური თანხაც დაიკარგა.
– ასეთი სულელი გგონივართ? სხვათა შორის, გუშინ ჩემმა საცოლემ თავისი ძვრფასეულობა დააგირავა და იმ ფულით ვცხოვრობთ. ბელგიაში თუ არ გავემგზავრები და დაკრძალვას არ დავესწრები, ჩემი ოჯახი ამას არასოდეს მაპატიებს. ასე რომ, სჯობს, ნამდვილი მკვლელი ეძებოთ. ბიძაჩემს ბევრ საეჭვო რეპუტაციის ქალთან ჰქონდა ურთიერთობა. მკვლელი რომელიმე მათგანი იქნება. მოკლედ, მე მიმართულება მოგეცით.
მეგრე იძულებული გახდა, ჟან ულმონი გაეშვა. თუმცა დარწმუნებული იყო მის ბრალეულობაში. ინტუიციით გრძნობდა, რომ დამხმარედ თავისი საყვარელი ჰყავდა, მაგრამ სასამართლოს ამით ვერ დაარწმუნებდა. ფაქტები იყო საჭირო ან როგორმე მკვლელს საკუთარი თავი თვითონვე უნდა გაეცა. რაც ადვილი არ იქნებოდა. ჟან ულმონი საკმარისად ცივსისხლიანი და ჭკვიანი იყო და მახეში არ გაებმებოდა. ამიტომაც მეგრემ რადიკალურ ზომას მიმართა – როგორც კი ჟანმა მატარებლის ბილეთი აიღო, თავადაც კუპეში ჩაუჯდა. ახლა კი ნერვების ომი იწყებოდა. მეგრეს იმედი ჰქონდა, რომ მკვლელს სააშკარაოზე გამოიყვანდა, მაგრამ ჟანი მთელი გზა სიმშვიდეს ინარჩუნებდა. როცა ის ვაგონ-რესტორანში, თავის საყვარელთან ერთად სავახშმოდ გავიდა, მეგრეს მაშინაც არ მიუტოვებია. აგენტმა, რომელიც ფარულად ახლდა, მაგიდა ისე შეურჩია, რომ წყვილი მისი თვალთახედვის არეში ყოფილიყო. იგივე მოხდა ბრიუსელის სასტუმროშიც. მოკლედ, სადაც უნდა წასულიყვნენ მეგრე როგორც აჩრდილი, ისე დაჰყვებოდა. ჩუმად მათ ნომერშიც შეაღწია და ბარგი გაჩხრიკა. კვლავ – არაფერი ხელჩასაჭიდი. კომისარმა გადაწყვიტა, უკიდურესობისთვის მიემართა. თავისი აგენტი და ბრუსელის პოლიციიდან კოლეგები გააფრთხილა. სახიფათო, მაგრამ წაუგებელი თამაში უნდა ეთამაშა. წესით, ჟანს და მის საყვარელს ოქროულის დაგირავებით აღებული ფული კარგა ხნის დახარჯული უნდა ჰქონოდათ. სხვათა შორის, მეგრე იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ სამკაული პოლიციისთვის თვალის ასახვევად დააგირავეს. საღამოს წყვილი საცეკვაოდ და დროის გასატარებლად ბარში წავიდა. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დრო იყო მეგრეს გეგმის განსახორციელებლად. ის წყვილის სიახლოვეს ტრიალებდა, თან ვითომ ვისკის ეძალებოდა. ის და მისი საყვარელი ცეკვავდნენ. მეგრემ შეამჩნია, რომ ცეკვის დროს ქალს თავისი ხელჩანთა თან ჰქონდა და არ იშორებდა. ჟანმა რამდენჯერმე ამრეზით გახედა მობარბაცე კომისარს. როცა წყვილი მაგიდას დაუბრუნდა, მეგრე მათთან მივიდა და სონია საცეკვაოდ გაიწვია. ქალმა ყოყმანით გადახედა ჟანს. მათ ბრიუსელის პოლიციის კომისარი მიუახლოვდა. მეგრემ ხელჩანთაზე მიუთითა, რომელსაც ქალი ხელს არ უშვებდა.
– უნდა გავჩხრიკო. ულმონ, წინააღმდეგობის გაწევა არ გაბედო, თორემ ახლავე და აქვე დაგაკავებენ. საფრანგეთის პოლიციამ უკვე გადმოსცა აქაურ სამართალდამცავებს, რომ მკვლელობაში ხართ ეჭვმიტანილი. თუ ქალბატონის ჩანთაში გრაფის სეიფიდან წაღებული თანხა არ აღმოჩნდება, გაგიშვებთ, მაგრამ ვეჭვობ, რომ ასე მოხდეს.
ჟანმა დაიღმუვლა. უცებ მის ხელში რევოლვერი გაჩნდა, რომლის ლულაც კომისარზე აღმოჩნდა დამიზნებული. რევოლვერმა გაისროლა, მაგრამ აგენტმა იმარჯვა და ტყვია მიზანს ასცდა.
– ასე... მეგრემ ვისკით დასველებული სახელო ჩამოიფერთხა, – ჟან ულმონ, ჩემი მოკვლა იმიტომ გინდოდა, რომ ამ ახალი მკვლელობისთვის აქ, ბელგიაში გაესამართლებინეთ? ვერაფერს იტყვი, კანონებში განსწავლული ხარ. საფრანგეთში გილიოტინა გელის, მაგრამ თუ აქ მომკლავდი, მაშინ ბელგიის სასამართლო გაგასამართლებდა და მაქსიმუმ 20 წლით გამოგკეტავდნენ ციხეში. ეს სიკვდილით დასჯას აშკარად სჯობს. თუმცა, არ გაგიმართლა. ახლა ბელგიის პოლიცია ვალდებულია, საფრანგეთის მართლმსაჯულებას გადაგცეს. მეტსაც გეტყვი, ამ ქმედებით თავიც გაეცი. მოწმეების თანდასწრებით სცადე კომისრის მოკვლა, რომელმაც ბრალი წარგიდგინა. ხელჩანთაში ნამდვილად არის სეიფიდან წაღებული ფული? თუმცა ახლა ამას აღარც აქვს დიდი მნიშვნელობა. ძალიან ჭკვიანი კი ხარ, მაგრამ ჩემს ანკესს მაინც წამოეგე.
მეგრემ კმაყოფილებით მოიფშვნიტა ხელები.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ
скачать dle 11.3