№20 როგორ დავიცვათ თავი პროსტატისგან
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
პროსტატიტი მწვავეც შეიძლება, იყოს და ქრონიკულიც. ქრონიკული პროსტატიტი ხშირად არასათანადოდ ნამკურნალევი მწვავე პროსტატიტის შედეგია, თუმცა შესაძლოა, პროცესი იმთავითვე ქვემწვავედ, დუნედ მიდიოდეს, არ იქცევდეს ყურადღებას და შედეგად დაავადების ქრონიკული ფორმა ჩამოყალიბდეს. მწვავე პროსტატიტი, ასევე – ქრონიკული ფორმის გამწვავება ამგვარად ვლინდება:
* სხეულის ტემპერატურა მომატებულია 39-40°-მდე, ავადმყოფს ამცივნებს;
* წარმოიშობა შარდვასთან დაკავშირებული ჩივილები. ვინაიდან წინამდებარე ჯირკვალი მდებარეობს შარდის ბუშტის ქვეშ, ხოლო ურეთრა გაივლის ამ ჯირკვალს, ამიტომ პროსტატის გადიდების დროს თავს იჩენს შარდვის სხვადასხვა სახის დარღვევა;
* შარდვის დაწყების გაძნელება;
* წყვეტილი შარდვა;
* შარდის სუსტი ნაკადი;
* წვეთ-წვეთად შარდვა;
* შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება;
* უნებლიე შარდვა, გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით – ღამის საათებში;
* იძულებითი ჭინთვა მოშარდვის სურვილით და ამ დროს შარდის შეუკავებლობა;
* იმპოტენცია;
* ურეთრისა და სწორი ნაწლავის ტკივილი ეაკულაციის დროს;
* სუსტი ერექცია;
* ნაადრევი ეაკულაცია;
* ორგაზმის დაკარგვა (ანორგაზმია);
* ტკივილის შეგრძნება მუცლის ქვედა ნაწილში, საზარდულების არეში, თეძოების ან წელის არეში შიგნიდან ტკივილი;
* ნერვული სისტემის მოშლა (განპირობებული ავადმყოფის ყურადღების გადატანით თავის მდგომარეობაზე).
პროსტატიტს იწვევს: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტომეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდიდას გვარის სოკო, ასევე – ნაწლავის ჩხირი, რომელთაც შეუძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილში გადასვლა; მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მჯდომარე ცხოვრების წესი (მძღოლები, ოფისის მუშაკები), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება; ხშირი გადაცივება (დაივინგი, სერფინგი, ბაიდარა, სამთო-სათხილამურო სპორტი), შეკრულობა; სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკული); შორისის ქრონიკული ტრავმა (ველოსიპედისტები, მოტოციკლისტები, ავტომობილისტები), თუმცა, სპეციალისტების აზრით, ეს ფაქტორი იმდენად პროსტატიტის განვითარების მიზეზი არ არის, რამდენადაც ხელს უწყობს ლატენტურად (ფარულად) და შეუმჩნეველი სიმპტომებით მიმდინარე ინფექციური პროცესის გამოვლენას; დაბოლოს, იმუნური სისტემის დათრგუნულობა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა, უხარისხო (არაბალანსირებული) კვება.
პროფილაქტიკა მოიცავს: ფიზიკური აქტივობის გაზრდას, ვარჯიშს, სეირნობას, სირბილს, ცურვას, ჩოგბურთის თამაშს და სხვა. რეკომენდებულია კიბეზე ფეხით ასვლა-ჩამოსვლა, განსაკუთრებით სასარგებლოა ველოსიპედით სიარული – ამ დროს ხდება წინამდებარე ჯირკვლების მასაჟი, ეს კი არეგულირებს მათში სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას და ხელს უშლის წინამდებარე ჯირკვლების დასნებოვნებას; ძილის მართებულ რეჟიმს. სრულფასოვან, მაგრამ დამზოგველ კვებას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მწარე, ცხარე, შებოლილი და სანელებლებით შეზავებული კერძები. მკვეთრად უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის, ლუდისა და გაზიანი სასმელების მიღება. ერიდეთ გადაცივებას. ეცადეთ, დიდხანს არ დარჩეთ სიცივეში. დაუშვებელია ცივ ზედაპირზე (ცივ ქვაზე, ბორდიურზე) ჯდომა. რეკომენდებულია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება. გასათვალისწინებელია, რომ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები პროსტატიტის პროვოცირებას ახდენს, ამიტომ სქესობრივი ცხოვრება უნდა იყოს რეგულარულიც და უსაფრთხოც. ყურადღება უნდა მიექცეს კუჭ-ნაწლავის რეგულარულ მოქმედებას. ხშირად პროსტატიტის გამოვლინება უმნიშვნელოა. თუ დროდადრო გაწუხებთ სუსტი ტკივილი შორისის არეში, უსიამოვნო შეგრძნება მოშარდვის ან დეფეკაციის დროს, უმნიშვნელო გამონადენი შარდსადენი არხიდან, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.