№20 უყვარხართ თუ არა
ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე
როგორ უნდა გაიგოთ, არის თუ არა მამაკაცი თქვენზე შეყვარებული. თურმე, არსებობს მინიშნებები, კონკრეტული ქმედებები, რასაც მამაკაცი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს, თუ ის შეყვარებული არ არის. წაიკითხეთ და თუკი აღმოაჩენთ, რომ თქვენი რჩეული უკვე შემჩნეულია ასეთ საქციელში, თქვენს კითხვაზე პასუხი უკვე გექნებათ.
პირველი და მთავარი – თქვენ სტუმარი ხართ მის ცხოვრებაში და არა მისი მუდმივი ნაწილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ხედავს მომავალს თქვენთან ერთად.
დაფიქრდით, მისი ცხოვრება სახლი რომ ყოფილიყო, ის ყველა ოთახის დათვალიერების უფლებას მოგცემდათ, თუ მხოლოდ რამდენიმე მათგანის? ხომ არ გგონიათ, რომ ურთიერთობაში რაღაც გაკლიათ? შეიძლება, ეს ყველაფერი იმის მანიშნებელია, რომ მისთვის დროებითი, გატაცების მაგვარი მოვლენა ხართ.
ის სხვა ქალზე საუბრობს – თუ სხვა ქალს საქმიან კონტექსტში, გარემოებების გათვალისწინებით ახსენებს, ეს არაფერია. ხოლო თუ გადამეტებულად ლაპარაკობს სხვაზე, ეს უდავოდ ცუდის მანიშნებელია და კიდევ უფრო ზრდის ალბათობას, რომ ის ვერ გრძნობს სიყვარულს თქვენ მიმართ.
არ გაქვთ ინტიმური ხასიათის საუბრები – თუ ის თავს არიდებს ინტიმურ სიახლოვეს, არც კი გელაპარაკებათ ამაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არის თქვენზე ფოკუსირებული. შეიძლება, ფიზიკურად თქვენს სიახლოვესაა, მაგრამ ფიქრებით სხვაგან დაქრის. ღრმა გრძნობით გაჯერებული კავშირი ყველა წყვილს სჭირდება, რათა მყარი ურთიერთობა ააშენონ, მთლიანად გაუზიარონ ერთმანეთს გრძნობები და ყურადღებით მოეკიდონ მათ. თუკი ეს არ არსებობს, თქვენს ურთიერთობაში ბზარია.
მას არ ადარდებს თქვენი კომფორტი – თუ უკვე კარგა ხანია, ერთად ხართ, ის კი მაინც არ გეუბნებათ, რა მოსწონს ან უყვარს თქვენში, ეს ნიშნავს, რომ არ ფიქრობს თქვენს ემოციურ კომფორტზე. ჰკითხეთ, რა მოსწონს თქვენში და თუ პასუხად დაძაბულ დუმილს მიიღებთ, ეს უკვე პრობლემაა
არასდროს იჩენს ინიციატივას – ერთი წუთით წარმოიდგინეთ, თუ გაქრებით, ის შეამჩნევს ამას? ინერვიულებს თქვენზე თუ, უბრალოდ, გააგრძელებს ცხოვრებას, თითქოს არც არაფერი მომხდარა? თუ მხოლოდ თქვენ ცდილობთ მასზე ზრუნვას, აწყობთ გეგმებს და ცდილობთ ურთიერთობის შენარჩუნებას, გირჩევთ, მეტი დრო აღარ დაკარგოთ ამაზე. ის ამდენს არ იმსახურებს, რადგან არ უყვარხართ.
სიტყვებზე ძლიერი
არსებობს ურთიერთობა, როცა გრძნობის გამოსახატავად სიტყვები სულაც არ არის აუცილებელი, როცა ისედაც ნათელია, რომ პარტნიორს უყვარხარ, თანაც ძალიან.
მაშ ასე, თუ მამაკაცი ქვემოთ ჩამოთვლილი ქმედებებიდან ნახევარს მაინც აკმაყოფილებს, არ ჰკითხოთ უყვარხართ, თუ არა – ეს ისედაც ნათელია.
* ის გკოცნით დილით მანამდეც კი, სანამ კბილებს გამოიხეხავთ;
* თუ დახმარება დაგჭირდებათ, ყველა საქმეს გადადებს;
* ყურადღებიანია და მუდამ მზადაა, მოგისმინოთ;
* ის გწერთ ხშირად ან გირეკავთ დღის განმავლობაში;
* თავის აზრზე წინ თქვენს ურთიერთობას აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, არ გეთანხმებოდეთ;
* უყვარს თქვენთან ყოფნა, ხოლო ვისაც თქვენ გვერდით ყოფნა სიამოვნებას ანიჭებს, სწორედ მას უყვარხართ;
* პირველ ადგილზე გაყენებთ – ანუ, მისთვის სამსახურზე, მეგობრებზე და ფეხბურთზეც მნიშვნელოვანი ხართ;
* უბრალოდ, საყვარელია – არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა, რომ საჩუქრით გაგაბედნიეროთ;
* თქვენ გამო იცვლება ან ცდილობს, რომ შეიცვალოს;
* არავინ და არაფერი უნდა, როცა მის გვერდით ხართ;
* ის თქვენით ამაყობს;
* არ ეჭვიანობს თქვენს მიღწევებზე, პირიქით, ძალიან სიამოვნებს ეს;
* ის ხშირად გეხუმრებათ, ცდილობს, გაგამხიარულოთ, ახალისებს თქვენს ურთიერთობას;
* თქვენი წარსულიდან წვრილმანებიც კი ახსოვს;
* ყოველთვის აინტერესებს თქვენი აზრი;
* ხშირად გეფერებათ ხელზე. პატარა ჟესტებით გაგრძნობინებთ, რომ მისთვის ძვირფასი ხართ;
* თქვენი პარტნიორი პატივს სცემს თქვენს აზრს, თქვენს სხეულს და ყველაფერს.
ნამდვილი მამაკაცი
ნამდვილი მამაკაცები ძალიან დიდხანს არ ცოცხლობენ. შეიძლება, იფიქროთ, რომ ეს მითია, მაგრამ ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი. დავიწყოთ სტერეოტიპებით:
ქალების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჭეშმარიტი მამაკაცი უნდა იყოს მამაცი, გამძლე, შეუპოვარი, რომელსაც შესწევს უნარი მხარი დაუჭიროს და გადაარჩინოს ყველა სუსტი არსება. განსაკუთრებულად იზრუნოს ქალზე, დაიცვას ის. მაგრამ, როგორც კვლევებმა აჩვენა, მამაკაცებს გაცილებით მეტად სჭირდებათ ყურადღება და ზრუნვა, რის გარეშეც ისინი დიდხანს ვერ ცოცხლობენ.
მამაკაცები, რომლებსაც მამაკაცურობა ტრადიციული გაგებით ესმით და მას სისასტიკესთან, რისკთან, საკუთარი თავის რწმენასთან აიგივებენ უფრო ხშირად ირჩევენ მამაკაც ექიმებს. მათთვის მამაკაცი ექიმები მეტად კომპეტენტურები არიან, ვიდრე ქალი ექიმები.
ასევე, აღმოჩნდა, რომ ის მამაკაცები, რომლებმაც მამაკაცურობაში მაღალი ქულები დააგროვეს, საერთოდ არიდებენ თავს ექიმთან ვიზიტს ან არ უყვებიან ექიმს თავის პრობლემებზე. მამაკაცების უმრავლესობას რცხვენია და არ სურს ექიმს დაანახოს თავისი სისუსტე.
სამაგიეროდ, დიდხანს ცოცხლობენ ქალები. ყველა კვლევით მამაკაცები მათზე, საშუალოდ, 5 წლით ნაკლებს ცოცხლობენ.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ასეთი სტერეოტიპები უარყოფითად აისახება ქალებზეც, კაცი შეიძლება, იყოს „ჭეშმარიტი მამაკაცი“ და ამისთვის სულაც არ არის საჭირო, დამალოს თავისი დაავადებები და სისუსტეები. ანუ შეგვიძლია, დავეხმაროთ ჩვენს მამაკაცებს. დავარწმუნოთ, რომ ისინი მაშინაც კი გვიყვარს, როცა საკუთარ თავზე ზრუნავენ. ასე რომ, გაუფრთხილდით მამაკაცებს, ისინი სულაც არ არიან ისეთი ძლიერები, როგორებიც ერთი შეხედვით ჩანან.