№20 რა სტანჯავს ქალს ქმრის ღალატში ყველაზე მეტად
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ღალატი ურთიერთობაში ყველაზე რთული გამოცდაა და ფსიქოლოგები მას ფიზიკურ გაუსაძლის ტკივილსაც კი ადარებენ. ამ დამანგეველ ფაქტს ყველა სხვადასხვანაირად იღებს და რეაგირებს.
ღირს თუ არა მოღალატე ქმრის დაბრუნებისთვის ბრძოლა, რატომ მიდის კაცი სხვასთან ცოლისგან და აქვს თუ არა ამას გამართლება? როგორ უნდა მიხვდეს ქალი, რომელსაც ჯერ მხოლოდ მცირე ეჭვი აქვს, ღალატობს თუ არა მას ქმარი? კითხვა ბევრია, თუმცა მთავარი ერთია – პრობლემასთან ბრძოლა ყოველთვის საწყის ეტაპზე ჯობს, ვიდრე უკვე შორს წასულ პროცესში, რათა ქალს დროული რეაქცია ჰქონდეს და უცებ არ აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე.
დიანა (34 წლის): როცა ვთხოვდებოდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ დადგებოდა დღე და ჩემს ყველაზე საყვარელ ადამიანზე გულაცრუებული დავიწყებდი საჯაროდ ლაპარაკს, რომ გული საშინლად მატკინა და თავმოყვარეობაც ფეხქვეშ გამითელა.
– მეუღლეზე საუბრობთ?
– დიახ. ქალებს ხომ ქმარზე ახლობელი არავინ გვყავს და არც მასზე უარესი მტერი შეიძლება, არსებობდეს. დიახ, ქმარიც გადაგექცევა ხოლმე მტრად, თუკი მის ცხოვრებაში სხვა ქალი გაჩნდება.
– ანუ, ღალატის პრობლემაა?
– ღალატი – რბილად ნათქვამია. ეს არის კატასტროფა. სტიქიური უბედურება, რომელიც თავს გატყდება და განგრევს. ვერ წარმოიდგენთ, რა შეიძლება, დაგემართოთ. ვიტანჯები, როცა მის მაისურს უცხო სუნამოს სუნი ასდის და საკუთარი თავიც მეზიზღება. ოთხი შვილი მყავს. ოჯახს ასე ხელაღებით ვერ დავანგრევ. ადვილი სათქმელია: „გააგდე“, „კარი მიუხურე“, „ასეთი უნდა მოიშორო“... ჯერ ერთი, ჩვენ ათი წელი გვაკავშირებს, ათი წელია, ერთად ვართ და უბედნიერესი დღეები გვქონია. მეორე ის, რომ ვერაფერს ვუმტკიცებ. საკუთარ თავს ვეღარ ვიტან. არავინ არაფერი იცის, ყველას ჰგონია, რომ ბედნიერი ოჯახი გვაქვს, მე კი სიმართლეს ვერ ვამბობ, ვერ ვამბობ, რომ ჩემი ქმრის დანახვაზეც კი უჰაერობა მიჭერს ყელში და მახრჩობს. ვერც ვამბობ, რომ ვიტანჯები. თავიდან ვტიროდი, საკუთარ თავთან ვჩხუბობდი, ახლა გული გავიქვავე. როგორ უნდა ვიცხოვრო ასე... გულგაციებულმა?
– ქმარს ამის თაობაზე არ დალაპარაკებიხართ? მასთან საუბარი არ გქონიათ?
– მქონია, რა თქმა უნდა. როცა პირველი ეჭვები გამიჩნდა, პირველი ისტერიკაც მაშინ დამემართა. ოღონდ, არ მინდა, ჭკუის დარიგება, რომ სიმშვიდის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. რა სიმშვიდეზეა ლაპარაკი, როცა ფეხქვეშ მიწა გერყევა.
– ეგრევე ჩხუბი დაუწყეთ?
– არა. ჩხუბი არა, ტირილი დავიწყე. მღალატობ, შენ ისეთი აღარ ხარ, როგორიც იყავი. ტანსაცმელზე სხვა ქალის სუნი აგდის-მეთქი. სიცილი დაიწყო. მომეხვია და მითხრა: რა სულელი ხარ. საიდან მოიგონე, რატომ გაქვს ასეთი ფანტაზიებიო. მე არავინ მყავს და არც არავისთან ვაპირებ წასვლას. ტყუილად არ იფიქრო ასეთ რაღაცებზე და ნერვები არ მოიშალო, სამსახურში უამრავი ქალია და ეტყობა, სუნამოს არომატები იმიტომ იგრძენიო.
– იქნებ, ნამდვილად ასეა?
– არა, რას ამბობთ. მართლა სულელი კი არ ვარ. იცით, რა არის ქმრის ღალატში ყველაზე გამაღიზიანებელი და სულისშემძვრელი? დებილი რომ გამოჰყავხარ და ცდილობს, ამით უარესად დაგამციროს. რას ნიშნავს სუნამოს არომატების „გადადება“? სამწუხაროდ, ჩემი ქმარი ძალიან ჭკვიანია და ფაქტებს არ მიტოვებს მის წინააღმდეგ. მე კი ვეძებ და ვქექავ, მაგრამ არაფერი მაქვს, გარდა უცხო ქალის სუნისა, რომელიც ნამდვილად არ არის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. დავიღალე ნერვიულობით. საკუთარ თავში ქალს ვებრძვი, რომელიც შეურაცხყოფილია და შურისძიება უნდა. რა გავაკეთო, როგორ ჩავახშო ჩემში პროტესტის ხმა. ამას მერჩივნა, ეთქვა, რომ მიღალატა და ბოდიში მოეხადა. მისი უტიფრობა მაგიჟებს. არაფერს იმჩნევს და კვალსაც შლის. ვერაფერში გამოვიჭირე.
– ალბათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა თქვენი დაკარგვა. არც ოჯახის დანგრევას აპირებს.
– როგორი ნუგეშია? უნდა მიხაროდეს? მგონი, ეს კიდევ უარესია. თვალთმაქცი, მატყუარა და ნაძირალაა. კარგი ცხოვრება უნდა – ცოლიც, საყვარელიც, ოჯახიც, „გულაობაც“... ეს როგორ უნდა მოვითმინო? სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, რომ ღალატში გულსატკენი თავად ფაქტი კი არა, მამაკაცის დამოკიდებულებაა ცოლის მიმართ-მეთქი. არანაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი წუხილი. ანუ, დარწმუნებულია, რომ არაფერს აშავებს და ასეც უნდა იყოს. თან, ვითომ მიფრთხილდება. გულისამრევია მისი საქციელი. გულწრფელად გეუბნებით, ღალატის პატიებას შევძლებ, თუ დავინახავ, რომ ნანობს და წუხს, ტკივილი რომ მომაყენა. მსგავსიც კი არაფერი ხდება. ყველაფერი შეიფერა და ეს მანგრევს. მინდა, კარგად გამიგოთ – არ მივეკუთვნები ისტერიჩკების კატეგორიას. არც უთავმოყვარეო ქალი ვარ, რომელსაც ოღონდ აჭამე და ყველაფერი სულერთია. მაქვს პრეტენზია ღირსებაზე. მინდა, მაფასებდნენ, პატივს მცემდნენ. ყველაფრის პატიება შეიძლება, თუ ხედავ, რომ ადამიანი მიხვდება თავის დანაშაულს. დარწმუნებული ვარ, ბევრ ქალს ექნება ჩემნაირი პრობლემა. ვიცი, რომ ღალატზე რეაგირება ძირითადად ერთნაირია – მწვავე და ისტერიკული. მართლა შეუძლებელია იმ ნეგატიური ემოციის შეკავება, რომელიც ღალატის დროს ჩნდება. მაგრამ კიდევ ვიმეორებ – დიდი მნიშვნელობა აქვს, კაცი როგორ დაიჭერს თავს ამის შემდეგ, რამდენად ადეკვატური იქნება და რას გაგრძნობინებს. შეიძლება, ხმა საერთოდ არ ამოიღოს, მაგრამ მისგან ისეთი იმპულსები წამოვიდეს, რომ აგრესია ჩაგიცხროს. ხომ ხვდებით, რას ვამბობ – ღალატის, წყენის დავიწყება შეიძლება, თუ ადამიანისგან იგრძნობ თანადგომას შენს გასაჭირში, რომელიც ისევ მან გაგიჩინა. მე კი ჩემი ქმრისგან მსგავსს არაფერს ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, არაფერი შეიცვლება. ვფიქრობ, რა გავაკეთო.
– რადგან რადიკალური ზომების მიღება არ შეგიძლიათ, იქნებ არ იფიქროთ ამაზე.
– მინდა, მაგრამ არ გამომდის. მტკივნეულია იმის ყურება, როგორი გულმოდგინებით იპრანჭება სარკესთან, სუნამოს ისხამს და კმაყოფილი ათვალიერებს საკუთარ გამოსახულებას. ასეთ დროს ვერავინ გადამარწმუნებს, რომ იმასთან არ მიდის. პირში წყალი მაქვს ჩაგუბებული. ხმას ვერ ვიღებ. ლაპარაკი რომ დავიწყო, უნდა შევყვე და რითი დამთავრდება, არ ვიცი. არადა, ლამისაა, გული გამისკდეს, რამდენს უნდა გავუძლო.