№19 მადონა ხარატიშვილი: არიან ქალები, ვინც ძვირფას საჩუქრებს იფერებენ, მე – არა
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
ფეხსაცმლის დიზაინერმა, მადონა ხარატიშვილმა ცოტა ხნის წინ პროფესია შეიცვალა და ერთ-ერთი სკოლის დირექტორი გახდა. მადონასთვის ეს კიდევ ერთი საინტერესო გამოწვევაა, რომელიც ძალიან მოსწონს, თუმცა მას თავისი მთავარი პროფესიისთვის არ უღალატია და დღემდე დიზაინის სფეროში არაერთი წარმატება აქვს.
მადონა ხარატიშვილი: პრინციპში, შევითავსე ახალი პროფესია. თავიდან ვამბობდი, რომ ორი საათით შევირბენდი, მაგრამ არ გამოვიდა ასე. იმხელა პასუხისმგებლობაა, რომ ზოგჯერ უარის თქმა მიწევს ჩემს შუზ-კაფეში კლიენტების მიღებაზე. ასე გრძელდება ერთი წლის განმავლობაში. ჩემი მესამე შვილი, ერეკლე ამ სკოლაში მივიყვანე. შემდეგ სკოლას გარკვეული ფინანსური კრიზისი ჰქონდა და ჩვენი ოჯახი 60-პროცენტიანი წილით შევიდა. ეს სკოლა იყენებს ლეგენდარული პიროვნების, ლალი ზარანდიას მეთოდიკას, რაც ბევრ ძვირად ღირებულ სკოლაში არ არის. ეს სკოლა 25 წლის წინ დაარსდა და ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო „კრწანისი მარჯის“ დირექტორობა.
– როგორი დირექტორი ხარ?
– იქ ყველა დირექტორია. კაბინეტი კი მაქვს, მაგრამ ჩემი კაბინეტის კარი არ იკეტება. ყველასთან ვმეგობრობ, თბილი და ტკბილი ურთიერთობით უფრო გამოდის ყველაფერი. ერთი ის არის, რომ თავისუფალი დრო სანატრელი გამიხდა. დიდ პასუხისმგებლობას ვრძნობ, რადგან შეიძლება, ერთი არასწორი გადაწყვეტილებით ამდენი ბავშვი დააზარალო. ზოგჯერ მგონია, რომ ჩემს სამოქალაქო ვალს ვიხდი. ერთი თვე კი ვთქვი, მაგრამ ერთი წელი გაგრძელდა და არ მგონია, უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს. ბოლო პერიოდში, დროის მხრივ, ჩემს ძირითად საქმიანობასთანაც შევათავსე.
– ალბათ, თავიდან გარკვეული სტრესიც იყო.
– კი, იყო სტრესი. რასაც ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, ეს იყო სკოლის დირექტორობა, არც კი მიოცნებია ამაზე. ყოველთვის მეცოდებოდნენ მასწვლებლები და დირექტორები. კლასებში შევდიოდი და ბავშვებს ვეკითხებოდი: შენ რომ დირექტორი იყო, რას შეცვლიდი-მეთქი. თვითონ მათ მომცეს მიმართულება. ერეკლე თავიდან ცოტა თამამად იყო: დედა! – შემოვარდებოდა ხოლმე. თავიდან ცოტა ეჭვიანობდა, რადგან თუნდაც, მის კლასში რომ შევდიოდი, სხვები მეხუტებოდნენ. ერეკლე იდგა თავისთვის. ლამის ორი თვე დამჭირდა, რომ ჩამხუტებოდა და გაეგო, რომ მე იქ ყველას დედა ვარ. რასაც ვერ ვიტანდი, ეს იყო სკოლაში მისვლა. ამ მხრივ, ცუდი დედა ვიყავი. ახლა ვამბობ ხოლმე: დავისაჯე-მეთქი. სამაგიეროდ, ბევრი რამ ვისწავლე და თუ რომელიმე გაკვეთილი ცდება, იმასაც ვატარებ ხოლმე.
– როგორ შეხვდა მეუღლე, ზაურ ქურთოშიძე შენს გადაწყვეტილებას?
– სხვათა შორის, მეუღლის ინიციატივა იყო, ერთ-ერთი ინიციატორი ის და ქალბატონი ლალი იყვნენ. ეტყობა, იფიქრა, რომ ჩემს ჩვენებებს, ფრენებს ჩამომაშორებდა. მაგრამ ამ პერიოდში მაინც მოვახერხე, ემირატებში მქონდა კოლექციის ჩვენება. პლუს ვხატავ კიდეც. ვერ გათვალა, მაგრამ უხარია. ისეთი დაღლილი მივდივარ ხოლმე სახლში, გამოწურული ლიმონივით ვარ, რადგან თავს არ ვზოგავ. ახლა მეც და ზაურიც იმ ასაკში ვართ, რომ გვახალისებს ბაღში ყვავილების დარგვა, ხეები... პერიოდულად ვაკეთებთ ხოლმე. ზაურსაც ისეთი საპასუხისმგებლო სამსახური აქვს, სულ დაკავებულია: ვერტმფრენები და გადამზიდი თვითმფრინავები ჰყავს, რომლებიც მთელ მსოფლიოში დაფრინავენ. ხანდახან ვერტმფრენითაც „კატაობს“, თუმცა იმდენს დაფრინავს, რომ ამის დეფიციტი არ აქვს და არც პრობლემა.
– ერეკლე საკმაოდ ცნობილი ბიჭია. არაერთ გადაცემაში იყო და მისი ვიდეოები ყოველთვის პოპულარულია. უკვე დაინტერესებულია მამის პროფესიით?
– ერეკლეს მფრინავობა აქვს გადაწყვეტილი და ვნახოთ, რა გამოვა. თვითონ მთხოვს ხოლმე, გადამიღე ვიდეოებიო. თავად უნდა, რომ რასაც ისწავლის, გადავუღო. ამერიკის პრეზიდენტებით რომ იყო გატაცებული და ზეპირად იცის, ეს უკვე ცნობილია. ყველაფერს თავად სწავლობს, ამერიკაზე თითქმის ყველაფერი იცის. ახლა გალაქტიკით არის დაკავებული. ტელესკოპი გვაქვს და პლანეტებს აკვირდება, თან ინიშნავს თავისთვის. კიდევ ხეები უყვარს, ბუნება...
– მგონი, შენც გასწავლა ვერტმფრენის ტარება.
– მე ძალიან მეშინოდა და ერთხელაც დამსვა ზაურმა და მასწავლა, რა უნდა გავაკეთო. შემიძლია მარტო დავსვა ვერტმფრენი. თავიდან ხელები
მიკანკალებდა, მერე მივეჩვიე. ნდობის ფაქტორი უნდა გქონდეს. ვერ გეტყვი, რომ ფრენა ძალიან მიყვარს. როცა დავფრინავდი, ვიდეოებსაც ვდებდი, მინდოდა, ხალხისთვის გამეზიარებინა: რა ლამაზია ჩვენი ქვეყანა ზემოდან, რომ უყურებ. შიშებიც დავძლიე. ალბათ, ამიტომაც მასწავლა.
მიკანკალებდა, მერე მივეჩვიე. ნდობის ფაქტორი უნდა გქონდეს. ვერ გეტყვი, რომ ფრენა ძალიან მიყვარს. როცა დავფრინავდი, ვიდეოებსაც ვდებდი, მინდოდა, ხალხისთვის გამეზიარებინა: რა ლამაზია ჩვენი ქვეყანა ზემოდან, რომ უყურებ. შიშებიც დავძლიე. ალბათ, ამიტომაც მასწავლა.
– ეს შიში გარკვეულმა შემთხვევამ ხომ არ გამოიწვია?
– კი. მივფრინავდით და რომ არა ზაურის პროფესიონალიზმი, ვერტმფრენი დაიწვებოდა. ზაური არ მართავდა, ხმა გაიგო, ძრავი დაიწვა, შევარდა პილოტთან და გადავრჩით. სადღაც მთაში ვიყავით, „დაკარგულები“, სერიალი რომ არის, ისე ვიყავით. ორი კვირა მოგვიწია დარჩენა, სანამ ძრავი ჩამოვიდოდა. სამვარსკვლავიანი სასტუმრო ვიპოვეთ და დავრჩით. ყველას ფერი წაუვიდა, მეც მაშინ შემეშინდა. შედარებით დიდი ვერტმფრენი იყო. ერთძრავიანი ვერტმრფენი ყოველთვის უფრო საშიშია. მაგრამ ზაურმა იყოჩაღა. ვერც იმას ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს მოგზაურობა. ჩემთვის დიდი კომფორტია სახლში, ბავშვებთან ყოფნა, ადამიანებთან ურთიერთობა. სახლში რომ მივდივარ და მერე წამოდი, სადმე გავისეირნოთო – ეს აღარ მინდა.
– წარმატებული ქალი ხარ, დედა, გყავს სამი შვილი, მეუღლე. რას ფიქრობ, რა არის ოჯახური თანაცხოვრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– თუ გინდა, რომ ადამიანთან ბედნიერი იყო, დათმობა უნდა ისწავლო. საყვარელ ადამიანთან კამათში არ უნდა შეხვიდე, რადგან როგორც ცეცხლი, ისე ღვივდება და იწვება ყველაფერი. თუ ამის გაკონტროლებას ისწავლი, მაშინ ყველაფერი კარგად წავა. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ვარ და არაფერი მეშლება, მაგრამ სულ ამის კონტროლში უნდა იყო, მერე ჩვევად გექცევა. ჩემი ყოფილი ქმრისთვის არასდროს მითქვამს: დებილო, დეგენერატო, რაც დღეს ახალგაზრდებისგან მესმის ხოლმე. შეურაცხყოფა, უპატივცემულობა – ეს არის ყველაზე ცუდი და იქ მთავრდება ყველაფერი. იცი, ჩემი გაბრაზება როგორია, ვიბუტები, ცუდ ხასიათზე ვარ. არადა, ჩემგან არ არიან ამას მიჩვეულები, სულ კარგ ხასიათზე ვარ ხოლმე, ენერგიული. ასეთ დროს ავდივარ და ჩემთვის ვხატავ. თუ სიჩუმეში, მუსიკის გარეშე ვხატავ, ესე იგი, გაბუტული ვარ.
– და მერე როგორ შემოგირიგებს ხოლმე ზაური?
– ზაურს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, რაღაცას ერთს მეტყვის, მეცინება და ვურიგდები. ზოგ ქალს ფულით ირიგებენ, ძვირფასი საჩუქრებით, ჩვენ ეს არ გვაქვს. ერთი ტკბილი სიტყვა და გადამივლის. ზაური ჩემზე ბუტიაა, მაგრამ შევეწყვეთ და ყოველთვის ვუთმობ, რადგან ძალიან ბევრი საფიქრალი აქვს: დიდი ოჯახი აქვს, ძალიან კარგი შვილები ჰყავს და ძალიან კარგი მამაა. თუ შენს საყვარელ ადამიანს ჰყავს შვილები, როგორც ზაურის შემთხვევაში, ასევე გყავთ საერთო შვილი, არასდროს უნდა იეჭვიანო მის შვილებზე – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთ დროს იდეალურია ურთიერთობა. ოჯახის მთლიანობა შვილების კარგად ყოფნაა. მეორე ფაქტორი – ეს არის ყურადღება. თუნდაც დღეში ერთხელ დაგირეკოს და... შენ ბედნიერი ხარ. რომანტიკაც არის, თუმცა ვერ ვასწავლე და სულ დიდ ვარდებს მჩუქნის, არადა მე პატარა ყვავილები მიყვარს. არიან ქალები, რომლებიც ძვირფას საჩუქრებს იფერებენ, მე არა, არ მიყვარს. შრომის ფასი ვიცი და მირჩევნია, ფული ქველმოქმედებას მოხმარდეს.
– ემირატები ახსენე, სადაც ცოტა ხნის წინ ჩვენება გქონდა. მომიყევი ამის შესახებ.
– დახურული ჩვენება მქონდა, სამწუხაროდ, არ მაქვს დეტალების გამჟღავნების უფლება. შეიხმა შემიკვეთა, 20 წყვილი ხელით ნაკეთი ფეხსაცმელი დავამზადე ჩემი საფირმო ქუსლით. ფოტოებიც არ მაქვს, რადგან კონტრაქტით ესეც მეკრძალება. დახურული ჩვენება იყო შეიხის ცოლებისთვის, მე ვერ წავედი, მაგრამ წარმადგინეს, რომ ჩემი კოლექციაა და რომ საქართველოდან ვარ. ვინც დამიკვეთა, ის არის დიზაინერი, რომელმაც ტანსაცმელი გააკეთა და ფეხსაცმელი მე შემიკვეთა. კოლექცია გაიყიდა, რადგან თავიდანვე ზომების მიხედვით შევკერეთ, ყველას თავისი პატრონი ჰყავდა. ზოგადად, საინტერესო იყო ჩემი და იმ ქალბატონის გაცნობა. ჯუმეირაზე ვიყავი ერთ-ერთ რესტორანში, ჩემი შეკერილი ფეხსაცმელი მეცვა და შემომყვა. მეკითხება: ვისია, „დიორი“, „შანელიაო“? არა, ჩემია-მეთქი. თქვენი რომ არის ვიცით, მაგრამ ვინ არის დიზაინერიო. მე-მეთქი და ინტერნეტში ვაჩვენე ჩემი ნამუშევრები. ასეთი მინდა ორი წყვილიო. რა ვქნა-მეთქი, ზომის ასაღებიც არ მქონდა. ნაჭრის ხელსახოცი გავხიე და იმაზე ავუღე ზომა. რომ ჩამოვიდა, კარგად ჰქონდა და მერე უკვე ეს ჩვენებაც დაიგეგმა. საკმაოდ დიდხანს ვმუშაობდი, ყველა განსხვავებული იყო, თუმცა ჩემი საფირმო, დაჭრილი ქუსლით და საკმაოდ რთული იყო სამუშაოდ.