კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ნინო ლეჟავა: რაც არ უნდა გააკეთო, მაინც ქალი ხარ და სუსტი არსება

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

სახელი: ნინო.
გვარი: ლეჟავა.
პროფესია: მსახიობი.
– მოგონება ბავშვობიდან...
– კინოს კადრებივით მსდევს ბავშვობის მოგონებები, განსაკუთრებით ის მომენტები, როცა ყველა ცოცხალი იყო და ერთად ვიყავით. მიუხედავად იმ ყოფისა, ბევრი კარგი და დაუვიწყარი რამ იყო, რაც ყოველთვის დარჩება მოგონებებში. მეხსიერებაში ჩამრჩა ყველა ფერადი მოგონება, თუნდაც აივნიდან დანახული დროშები, ტანმოვარჯიშეები, მაშინდელი საღეჭი რეზინის საოცარი გემო, ბურთები, რომლიდანაც გახევის შემთხვევაში, ნახერხი იყრებოდა. ეს ნახერხი კიდევ ცირკის ასოციაციას იწვევს ჩემში. ყველაზე ხშირად ასეთი ფერადი და ლამაზი მოგონებები მაქვს.
– წარმატებული ადამიანი არის...
– ის, ვინც არ კმაყოფილდება იმით, რაც მიიღო, რჩება თავმდაბალი და მიილტვის ჩუმად ახალი წარმატებისკენ, შეუძლია, გადალახოს ყველანაირი სირთულე, ოღონდ სხვისი წარმატებისა და ცხოვრების დანგრევის გარეშე.
– მეშინია...
– კონკრეტულად რაღაცის თუ მეშინია, არ ვამბობ, რადგან რა იცი, რა ხდება, იქნებ ვინმემ გამოიყენოს კიდეც. ყველაზე მეტად მეშინია ცოდვების. შეუძლებელია, ცოცხალ ადამიანს ცოდვა არ ჰქონდეს, მაგრამ ვცდილობ, შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა მაინც არ ჩავიდინო. როცა წარვდგები „იქ“, არ მინდა, თავის მართლება დავიწყო.
– მწამს...
– მხოლოდ იმის, რაც შეიძლება, ადამიანმა ირწმუნოს.
– ბედისწერა...
– არსებობს და მჯერა მისი, თუმცა ჩვენ შეძლებისდაგვარად უნდა შევუწყოთ მას ხელი. ხშირად ის, სწორედ, უფლისგან გამოგზავნილი, გადასალახი, გვერდასახვევი განსაცდელია ან, პირიქით, ხელჩასაჭიდი რაღაც. ამის გარჩევა თავად უნდა შეგვეძლოს. ასე მგონია, ჩვენი წიგნი – დაბადებიდან გარდაცვალებამდე – დაწერილია. ღმერთმა იცის, რისთვის ვარ მოვლენილი ამქვეყნად, რამდენნაირი და რა სახის განსაცდელი უნდა გავიარო და რის ხარჯზე. უფალი გამოცდას იმიტომ გვიგზავნის, რომ გავაცნობიეროთ ესა თუ ის სიტუაცია, აღარ გავიმეოროთ და ვისწავლოთ შეცდომაზე.
– რისკიანი ხართ?
– ძალიან, მაგრამ არასოდეს გავრისკავ ისეთ რამეს, რაც სხვას მიაყენებს ზიანს.
– მაკვირვებს...
– მიკვირს უანგაროდ გაკეთებული სიკეთე და ადამიანის დაფასება. ვთვლი, ჩვენ ვართ ერი, რომელსაც გარდაცვლილის დაფასება უფრო მეტად უყვარს, ვიდრე ცოცხლის – აი, ეს მიკვირს. ყველა პროფესიის ადამიანი უნდა დააფასო ობიექტურად. როგორ არ დავაფასო მეეზოვე, რომელიც უთენია დგება და ჩემთვის ასუფთავებს ქუჩას.
– ვერიდები...
– ჭორებს, გაჭორვას, განკითხვას, თუმცა ადამიანი ვარ და წამომცდენია, როგორც სხვებს, მაგრამ არ განმისჯია. ყოველთვის, როცა სხვაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, ცხოვრება ისეთი რამეა, ჩვენ რა სიტუაციას ჩაგვიგდებს და თავად როგორ მოვიქცევით, არავინ იცის. განსაკუთრებით ვერიდები, როცა ჩემთან მოაქვთ ენა და მას ჭორავენ, ვინც ჩემზე რაღაც თქვა. ენის მომტანი ადამიანი იმ სხვასთან ჩემზე რას ლაპარაკობს, კაცმა არ იცის.
– ვემტერები...
– მატყუარა, მოღალატე და შურიან ადამიანებს, უინტელექტოებს – შინაგანი პროვინციალიზმი მაქვს მხედველობაში. „გოიმი“ ადამიანი ძალიან საშიშია, რადგან თვითდამკვიდრების მიზნით ყველაფერზეა წამსვლელი.
– სიყვარული – ეს არის...
– ნიჭი, რომელიც ან გაქვს, ან – არა. სიყვარული არის ის, რომ ასაკის მიუხედავად, შენს სულში ფერადი პეპლები დაფარფატებენ და გული ისე გიჩქარდება, თითქოს საგულედან უნდა ამოგივარდეს.
– დრო და სიყვარული...
– სიყვარულმა ჩემთვის დრო და ამინდი არ იცის. უბრალოდ, ღირებულებების გადაფასებები და რაღაც ვალდებულებებით ჩანაცვლება ხდება ხოლმე. შეყვარებულობის პერიოდი იმიტომ არის ყოველთვის სანატრელი, რომ მიუწვდომელია. თუ სიყვარული გულწრფელია, არაფერიც არ ქრება, მაგრამ, როცა ადამიანი ერთ ჭერქვეშ ცხოვრების შემდეგ შენ მიმართ საზიზღრობებს ავლენს, ყველაფერი იქვე უნდა დაამთავრო და ჩამოშორდე. აი, ვალდებულებები სიყვარულს ვერ ჩაანაცვლებს, მათ შორის ვერც შვილი და ვერც ვერავინ. გულში ყოველთვის რჩება ადგილი იმ ადამიანისთვის.
– იდეალური მამაკაცი არის...
– იდეალური არ არსებობს არც ქალი და არც მამაკაცი. იდეალური იყო უფალი და ამაღლდა. ადამიანად რომ იბადები, უკვე არ შეიძლება, იყო
იდეალური. ჩვენ ვქმნით იდეალს და აქ ვუშვებთ შეცდომას როგორც ქალები, ისე კაცები. ვთხზავთ, როგორი მეორე ნახევარი გვინდა და მერე აუცილებლად ვეჯახებით საპირისპიროს, რადგან იდეალური არავინაა. ამიტომ, ვაფასებ და ვხედავ ადამიანში პლუსებს ან ვიყვარებ მას ისეთს, როგორიც არის.
– მეუღლის როლი...
– ძალიან დიდი როლი აქვს, ჯერ ერთი რეჟისორია და საოცარი ხელშეწყობა და დახმარება მაქვს მისგან. როცა დღე და ღამე რეპეტიციებზე ვარ, ოთხ შვილს პატრონობს. გვაქვს ურთიერთგაგება, ურთერთპატივისცემა და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, საოცარი მამაა.
– ის, რაც უპატიებელია...
– ტყუილი და ღალატი. რასაც არც მე გავუკეთებ ადამიანს.
– შეგშურებიათ?
– არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ შეშურებია. ჩემი შური ყოველთვის სურვილს უფრო ჰგავდა, ერთვოდა სიტყვები: აუ, მეც მინდა, რა მოხდებოდა, მეც რომ შემძლებოდა ან მქონოდა – ეს არის ჩემი შური. როცა კარგად ფლობს ადამიანი ინგლისურს ან კარგად ცურავს, ნერვები მეშლება – მეც შემეძლო, იგივე გამეკეთებინა და არ მოვინდომე. ჩემმა თაობამ რუსული ისწავლა და მეც ვსხლავ ამ ენას, თუმცა ეს არაა საკმარისი.
– უღალატიათ?
– რასაკვირველია, უღალატიათ და დამიკარგავს კიდეც, ოღონდ არა ქმარს და მამაკაცს. მეგობარს უღალატია და შემიწყვეტია მასთან ურთიერთობა. საბედნიეროდ, ამ მიზეზით ცოტა მყავს დაკარგული.
– სამაგიერო გადაგიხდიათ?
– ვცდილობ ხოლმე, სიკეთით გადავუხადო და ამით ვასწავლო რამე, თუმცა გააჩნია სიტუაციას. ყოველთვის არ გამოდის ასე. ბოროტად მაინც ვერ ვუკეთებ რამეს, რადგან მაშინ ჩვენ შორის სხვაობა აღარ იქნება. ერთი საფეხურით მაღლა უნდა იდგე იმ ადამიანზე, ვინც გავნო. სწორედ ამიტომ, ვსვამ წერტილს და ვამბობ: კარგად იყავი.
– მაღიზიანებს...
– ამპარტავანი ადამიანები და ისინი, ვინც გაუთავებლად ლაპარაკობენ – ენერგოვამპირები. განსაკუთრებით მაღიზიანებს ისინი, რომლებიც გმოძღვრავენ, რაღაცებს გასწავლიან და თავისი საქმე კი ვერ დაულაგებიათ და გაუკეთებიათ. ახლოსაც არ არიან საკითხთან, მაგრამ ბრძენობენ.
– ვიტყუები, როცა...
– გამოუვალი მდგომარეობა და აუცილებლობაა. როცა სიმართლე ზიანს მოუტანს სხვას. ვცდილობ, შვილები არ მოვატყუო, რადგან არ მიეჩვიონ. არ დავპირდები არასოდეს იმას, რაც არ შემიძლია, გავუკეთო ან თუ დავპირდები, ქვას გავხეთქავ და მაინც შევუსრულებ. წვრილ-წვრილი ტყუილი მითქვამს, ამის გარეშე არ მგონია, ვინმე ცხოვრობდეს.
– ქალური სისუსტე...
– ქალად რომ იბადები, უკვე სუსტი ხარ. რაც უნდა შეეცადო, რაც უნდა გააკეთო, მაინც ქალი ხარ და სუსტი არსება, თუმცა მე არ ვიცი, ამ სიტყვის მნიშვნელობა. ცხოვრებამ ისე მოიტანა, უფლება არ დამიტოვა, სუსტი ვყოფილიყავი. მაშინ ვერაფრით მოვიდოდი აქამდე, ვერ მექნებოდა ოჯახი, მეყოლებოდა ოთხი შვილი, ორი ძაღლი, ერთი კატა, სამი თევზი (იცინის).
– ბოდიშის მოხდა გიჭირთ?
– თუ მოსახდელია, არასოდეს მრცხვენია, პირიქით, მეამაყება, მაგრამ იმდენად მძულს ეს სიტყვა, მაქსიმალურად ვცდილობ, ისე არ მოვიქცე, რომ ბოდიში მქონდეს მოსახდელი.
– ვზარმაცობ, როცა...
– ნაკლებად მცალია სიზარმაცისთვის, რადგან ამის დრო არ მრჩება, 7-ზე ვდგები და რომელზე ვწვები, არ მახსოვს, მაგრამ თუ შესაძლებლობა მაქვს, ვზარმაცობ.
– არასოდეს დამავიწყდება...
– იოტისოდენა სიკეთეც, თუ ვინმემ გამიკეთა.
– ღმერთის ჩემეული აღქმა...
– ყოველთვის არის, იყო და იქნება! ჩემთვის არის უდიდესი ძალა და ენერგეტიკა, რომელიც გიყვარს უხილავად. ყოველ ნაბიჯზე მიგრძნია მისი მხარდაჭერა. ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან რთულად მომდის, დიდი შრომისა და ნერვების ფასად, ისე, რომ გასახარებელი ძალაც არ მრჩება ხოლმე, მაგრამ მან ზუსტად იცის, როდის არის საჭირო მისი ჩარევა.
– თავისუფლება ჩემთვის არის...
– როცა საკუთარი თავის უფალი ხარ.
– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...
– როგორი იქნება შემდეგი ცხოვრება, მაგრამ ვერ წარმომიდგენია. არ ვიცი, სად მოვხვდები, რა ეროვნების ვიქნები და რა პროფესიის.
მოვლენა, რომელმაც შემცვალა...
– არაფერს შევუცვლივარ. მცვლის მხოლოდ წლები და გამოცდილება. თუმცა, ხასიათი იგივე დამრჩა. შინაგანად ასაკს ვერ ვგრძნობ და ასე მგონია, ვერ დავბერდები ან ძალიან გვიან დავბერდები.
– რჩევა, რომელც სულ მახსოვს...
– არასოდეს ვაჩვენო ჩემი ცრემლი სხვას, უნდა ვიყო ძლიერი და არ დავივიწყო გაჭირვებული.
– ცხოვრება რომ თავიდან იწყებოდეს...
– არ დავიწყებ არაფრით, რადგან შემდეგ ცხოვრებას ველოდები. ახლა ძალიან მეზარება, ეს ყველაფერი რომ თავიდან გავიარო. გარკვეულ ასაკშიც რომ დამაბრუნო, ზუსტად ისე ვიცხოვრებ და იმავე გზას გავივლი. არ გავთხოვდებოდი პირველად? რატომაც არა, 25 წლის შვილი მყავს, ეს რომ შევცვალო, ხომ არ მეყოლება? ასე რომ, თავიდან არაფერს დავიწყებ.

скачать dle 11.3