№19 რა საფრთხეს გვიქმნის იზოლაცია ზრდასრულ ადამიანებს და როგორ ამცირებს ოჯახთან, მეგობრებთან ძლიერი კავშირები სიკვდილიანობის მაჩვენებელს
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
მას შემდეგ რაც კოვიდ-19-ის გამო მთელი მსოფლიო განსხვავებული ცხოვრების რეჟიმზე გადავიდა და ადამიანები სახლებში გამოიკეტნენ, ამან ბევრში შიში გამოიწვია როგორც არსებული რეალობის, ასევე, გაურკვეველი მომავლის მიმართ. როგორ გავუმკლავდეთ შფოთს, შიშს, როგორ ვიფიქროთ თვითიზოლაციაში პოზიტიურად, ამის შესახებ გვესაუბრება პოზიტიური ფსიქოთერაპიის მსოფლიო ასოციაციის წარმომადგენლობისა და პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის, IDC-ის ხელმძღვანელი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის, ICF-ის საქართველოს წევრი, ლალი ბადრიძე:
– შიში არის შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს რეალური ან მოსალოდნელი უბედურება, რომელიც ნასაზრდოებია იმ კონკრეტული მუქარით, რომელიც ადამიანის კეთილდღეობას ემუქრება. დღეს, როცა ვლაპარაკობთ შფოთვაზე, ვგულისხმობთ რაღაც გაურკვეველ, უმიზეზო ეჭვსა და ფორიაქს. სწორედ ამაშია პრინციპული განსხვავება შფოთვასა და შიშს შორის. შფოთვა არის მოსალოდნელი, გაუგებარი საშიშროების ემოციურად გამძაფრებული შეგრძნება; რაღაც მოვლენის მოლოდინი, რომლის პროგნოზირებაც წარმოუდგენელია. ის არის ფიქრი მოვლენაზე, რომელმაც შესაძლოა, მძიმე შედეგები მოიტანოს ან არ მოიტანოს. შიშის დროს გვაშინებს რაღაც კონკრეტული, მაგალითად, „მეათე საფეხურიდან რომ გადმოვხტე, შეიძლება, რამე დავიზიანო“ და რადგან „მეშინია, ამას არ ვაკეთებ“. ეს ადეკვატური შიშია და ის მე დაზიანებისგან მიცავს, თუმცა როდესაც მე ვშფოთავ, მაშინაც მეშინია, მაგრამ ზუსტად რისი – გაურკვეველია. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არც ის ვიცი, როგორ დავიცვა თავი და როგორ მოვიქცე. შიში საჭირო ემოციაა და მისგან გათავისუფლება არ არის საჭირო. შიშის შენარჩუნება აუცილებელია, ვინაიდან მას ბევრი სხვადასხვა ფუნქცია აქვს: გამაფრთხილებელი ფუნქცია, რომელიც გვატყობინებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ; დამცავი ფუნქცია, რომლის საშუალებითაც ვახდენთ ადაპტირებას გარემომცველ სამყაროსთან... შიშს შეუძლია ჩვენი სიცოცხლის გადარჩენა. სხვა საქმეა შფოთვა. მის დროს არ არსებობს შიშის რეალური საფუძველი. აუცილებელია შფოთვისგან გათავისუფლება ან მისი შემცირება მაინც. ის ანგრევს ჩვენს ნერვულ სისტემას, ართმევს ჩვენს ცხოვრებას ხალისსა და ფერებს, გვიწამლავს სიცოცხლეს. მისი ოდნავ შემცირებაც კი ხელს უწყობს რეალური აზროვნების დაბრუნებას. კარანტინმა და იზოლაციამ არ შეიძლება, გავლენა არ მოახდინოს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. ჩვენ განვიცდით და ამ გარემოებებზე სხვადასხვაგვარად ვრეაგირებთ. შფოთვისკენ მიდრეკილებას განაპირობებს ტემპერამენტი, აღზრდა და ადრეულ ასაკში გადატანილი სტრესული სიტუაციები.
– დღეს ხშირად ამბობენ: „დავისტრესე“, „სტრესული იყო“... რამდენად სწორად გვესმის ამ ტერმინის მნიშვნელობა? რამდენად არის გაზრდილი სტრესის ხარისხი ადამიანებში და როგორ ვებრძოლოთ მას?
– სტრესი – ეს არის ორგანიზმის ფიზიოლოგიური რეაქცია გარე ფაქტორების ზემოქმედებაზე. სტრესი ცვლილებების მოთხოვნილებაა, რომელსაც კი
არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, არამედ უნდა ვისწავლოთ, როგორ შევიცვალოთ. თუ მე არ მინდა შეცვლა და ახალ რეალობაში ჯიუტად ვაგრძელებ ძველებურ ცხოვრებას, ბუნებრივია, ეს ადრე თუ გვიან თავის შედეგს გამოიღებს. ახლა, როდესაც ახალ, უცნობ რეალობაში ვცხოვრობთ და შეცვლას ჯერ ვერ ვახერხებთ, ბუნებრივია, ეს ჩვენში სტრესის დონეს ზრდის. თქვენ მეკითხებით, როგორ ვებრძოლოთ სტრესს, ჩემი პასუხია, არანაირად. სტრესის უქონლობა ნიშნავს სიკვდილს. შეიძლება გავთავისუფლდეთ ცვლილებების მოთხოვნილებებისგან? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ, როგორ შევიცვალოთ ან როგორ შევცვალოთ ჩვენი გარემო.
არ უნდა შევეწინააღმდეგოთ, არამედ უნდა ვისწავლოთ, როგორ შევიცვალოთ. თუ მე არ მინდა შეცვლა და ახალ რეალობაში ჯიუტად ვაგრძელებ ძველებურ ცხოვრებას, ბუნებრივია, ეს ადრე თუ გვიან თავის შედეგს გამოიღებს. ახლა, როდესაც ახალ, უცნობ რეალობაში ვცხოვრობთ და შეცვლას ჯერ ვერ ვახერხებთ, ბუნებრივია, ეს ჩვენში სტრესის დონეს ზრდის. თქვენ მეკითხებით, როგორ ვებრძოლოთ სტრესს, ჩემი პასუხია, არანაირად. სტრესის უქონლობა ნიშნავს სიკვდილს. შეიძლება გავთავისუფლდეთ ცვლილებების მოთხოვნილებებისგან? რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, უნდა ვისწავლოთ, როგორ შევიცვალოთ ან როგორ შევცვალოთ ჩვენი გარემო.
– კოვიდ-19-მა ყველას აურია ცხოვრების ჩვეული სტილი, გამოკეტა სახლებში და ადამიანებში ესეც დიდწილად იწვევს, როგორც შიშსა და შფოთვას, ასევე, დეპრესიისკენ მიდრეკილებას. ადამიანების დიდ ნაწილს არ შეუძლია სახლში, ერთ სივრცეში გაჩერება. როგორ უნდა გაუმკალვდნენ ასეთ დროს საკუთარ ემოციურ მდგომარეობას?
– ძნელია ყველასათვის უნივერსალური რჩევის მიცემა. მაგრამ შევეცდები, ჩამოვთვალო რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელზე ფიქრიც სასარგებლო იქნება. გვაშინებს ინფორმაცია და არა ვირუსი. ჩვენზე ზემოქმედებას ვირუსის გავრცელება კი არ ახდენს, არამედ ის ინფორმაციული შეტევა, რასაც საკუთარ თავზე განვიცდით. ეს არის უზარმაზარი ინფორმაციული ზვავი, რომელიც ყველაფერს ანადგურებს საკუთარ გზაზე და ჩვენ მასზე არანაირი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია. სამაგიეროდ, შეგვიძლია ამ მორევში დავგეგმოთ და დავარეგულიროთ ჩვენი ჩართულობის ხარისხი. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ინფორმაციის ნაკადის შემოსვლას ჩვენს ცხოვრებაში ვარეგულირებთ მხოლოდ ჩვენ და არა ვინმე სხვა. ჩვენ გვაღიზიანებს არა მარტო ის უსიამოვნებები, რაც კარანტინმა შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში, არამედ ის ფაქტი, რომ არავინ იცის როდის დასრულდება ეს ყველაფერი, ვინაიდან გაურკვევლობა უსიამოვნებებზე გაცილებით ძნელი ასატანია. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ ველოდებით, როდის დასრულდება პანდემია, არამედ ახლა, აქ, ამ სიტუაციაშიც ვაგრძელებთ ცხოვრებას. ახლა უფრო მეტი შანსი გვაქვს ვესაუბროთ საკუთარ თავს. ყოველდღიური ყოფა, რუტინა, გაუთავებელი საქმეები – ყველაფერი ის, რისგანაც გუშინ შედგებოდა ჩვენი ცხოვრება, არ გვაძლევდა საშუალებას შევჩერებულიყავით და გვეფიქრა იმაზე, თუ რა არის ჩემთვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი, რა მინდა, რას ვისურვებ, რა მომწონს, რომ არ ყოფილიყო არსებული გარემოებები, რისი კეთება მენდომებოდა... თუ საკუთარ თავთან დიალოგს ვერ მოახერხებთ, ახლა უამრავი შესაძლებლობაა, მიიღოთ პროფესიონალის დახმარება ვირტუალურად.
– დღეს ხშირად არიგებენ მშობლებს, როგორ უნდა მოექცნენ ბავშვებს პანდემიის პირობებში, როდესაც მათ სახლში უწევთ ყოფნა, კომპუტერებთან ჯდომა... აძლევენ რეკომენდაციებს. სინამდვილეში უფროსებს კიდევ უფრო მეტად უჭირთ სახლში ყოფნა. რას ურჩევდით მათ იმისთვის, რომ ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნონ?
– კარანტინი და იზოლაციაში ყოფნა ბევრი ჩვენგანისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. შეჩვეული ცხოვრების რიტმის მკვეთრმა ცვლილებამ, გაურკვეველი მომავლის მოლოდინმა ბევრი სტრესი გამოიწვია. ამ ბუნებრივ პროცესზე ჩვენ არანაირი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, თუმცა მისი გავლენის დონის შემცირება ჩვენზეა დამოკიდებული. თითოეულ ჩვენგანს ამის დაძლევის, სულ ცოტა ექვსი არხი აქვს. ესენია: სხეული (სხეულებრივი არხი) – ადამიანის ფიზიკური აქტივობა, მასაჟი, აბაზანა, კვება. გრძნობა (ემოციური არხი) – მსჯელობა საკუთარ განცდებზე, დაძაბულობის მოხსნა ტირილით, ყვირილით, განცდების აღწერით. ჭკუა (კოგნიტური არხი) – ინფორმაციის მიღება, გეგმების შედგენა, პრიორიტეტების დალაგება, სიტუაციებში ლოგიკურად გარკვევა. რწმენა (რწმენა და რწმუნებულებები) – რელიგია, ნიშნებზე დაკვირვება, მოვლენისა და სიტუაციისთვის სხვა მნიშვნელობის, აზრის მინიჭება. სოციუმი (სოციალური სფერო) – მხარდაჭერის ძებნა სხვა ადამიანებთან, სოციალური დატვირთვები. წარმოსახვა (ფანტაზია) – წარმოსახვით მოგზაურობა, ნებისმიერი შემოქმედება, ექსპრესიული მეთოდები, წერა, ხატვა, იუმორი. ამ ხერხების გამოყენება ადამიანს საშუალებას აძლევს, საკუთარ თავში დაგროვილი შფოთვა, უსიამოვნო შეგრძნებები, წყენა, ბრაზი, აგრესია გარეთ გამოიტანოს და მათი სიმძიმისგან გათავისუფლდეს.
– იზოლაციაში ყოფნა ხომ არ ქმნის იმის საშიშროებას, რომ ადამიანები ისედაც განიცდიდნენ ურთიერთობის დეფიციტს და ეს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება?
– მართალი ბრძანდებით, ოცდამეერთე საუკუნეში ძალზე აქტუალურია სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა, რომელიც დღითიდღე იმატებს და მეტად მტკივნეული ხდება. თუ აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ადამიანი სოციალური არსებაა, პიროვნებათაშორისი ურთიერთობების გარეშე ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება ძალიან რთულია და ხშირად შეუძლებელიც. ბოლო პერიოდში სოციალური ურთიერთობების ვირტუალურ სამყაროში გადატანა მოგვიწია. ბევრს მიაჩნია, რომ ვირტუალური ურთიერთობები საფრთხეს უქმნის ბუნებრივი ინტერაქციის ფასეულობას. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური ქსელები არ არის სოციალური ურთიერთობების ნაკლებობის მიზეზი, უბრალოდ, სახეცვლილი ურთიერთობაა. მაშ, რაშია საქმე? რატომ გვესახება სოციალური ურთიერთობების ნაკლებობა პრობლემად? არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის გზები? ბრიგჰემის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მიმოიხილეს 148 ნაშრომი, რომლებიც 300 000 ადამიანის სოციალურ ქცევებს ეხებოდა. მათ დაამტკიცეს, რომ იმ ადამიანების სიკვდილიანობის რისკი, რომლებსაც ძლიერი კავშირები ჰქონდათ ოჯახთან, მეგობრებთან ან თანამშრომლებთან, 50 პროცენტით ნაკლები იყო იმ ადამიანთა მაჩვენებელზე, რომელთაც შედარებით ნაკლები სოციალური კავშირები ჰქონდათ. მკვლევრებმა, ასევე, დაასკვნეს, რომ ურთიერთობების დეფიციტი ისეთივე მავნეა ჯანმრთელობისათვის, როგორც ალკოჰოლი, თამბაქო თუ ჭარბი წონა. ვასკვნით, რომ ურთიერთობების არსებობა ჩვენი ფიზიკური არსებობისათვის ყოფილა საჭირო და ის ჩვენს აქტიურ ცხოვრებას განაპირობებს, ანუ ის კომპლექსურად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და სულიერ არსებობაზე.
– ადამიანების დიდმა ნაწილმა დაკარგა სამსახური. ბევრს გაუჩნდა მომავლის შიში, რაც ალბათ, კიდევ უფრო მეტად ართულებს მათ ფსიქიკურ მდგომარეობას.
– სამსახურის დაკარგვა ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი სტრესია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მოხდა მოულოდნელად, როცა კარიერულ წინსვლას გეგმავდით და ბანკის წინაშეც ანგარიშვალდებული ხართ. სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანის განწყობა მძიმეა არა მარტო ფინანსური შემოსავლის დაკარგვის გამო, არამედ მიკუთვნებულობის დაკარგვის გამო. „უმუშევრის“ სტატუსი განსაკუთრებით სტრესულია საკუთარ თავთან, როცა ვიწყებთ ფიქრს, თუ რატომ ვართ ამ მდგომარეობაში და როგორ მოვიქცეთ ახლა. მეტაფორულად, ჩემთვის, წარუმატებლობა ორმოში ჩავარდნას ჰგავს, როდესაც გზაზე თავაწეული მიაბიჯებ, ისე, რომ დაბლა არც იხედები და უცებ ისეთი სისწრაფით დაენარცხები ორმოს ფსკერს, რომ გააზრებასაც ვერ ასწრებ. ჯერ უიმედობა გეუფლება და ორმოდან ამოსვლას არც ფიქრობ, მერე ძალისძალად ასწევ ღონეგამოლეულ სხეულს და ცდილობ, ზევით ასვლას, თუმცა ხვდები, რომ გიჭირს და შიში და უიმედობა გერევა. მერე ცდილობ, არ დანებდე და გრძნობ, ყოველ ჯერზე როგორ თანდათან გემატება ძალა, გიქრება შიში და იმედი გავსებს. მერე ამოდიხარ, ირგვლივ იხედები და სხვაგვარად ხედავ სამყაროს, ხვდები, რომ რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა შენში და რაღაც ახალი დაიწყო. აგრძელებ გზას და გიჩნდება მადლიერება იმის მიმართ, რაც მოხდა.
– ბოლოს, რა საფრთხეს გვიქმნის იზოლაცია, შფოთი და შიში ზრდასრულ ადამიანებს და როგორ შევხედოთ რეალურად ყველაფერს?
– ხანგრძლივი და გადამეტებული სტრესის ფონზე, დროთა განმავლობაში, ადამიანს შესაძლოა, განუვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ძილის რეჟიმის მოშლა – უძილობა და ხანგრძლივი ძილის რეჟიმზე გადასვლა; მადის დაქვეითება ან პირიქით – მადის მომატება, უხასიათობა, უმიზეზო აგრესია, კონცენტრაციის დაკარგვა, საყვარელ საქმიანობაზე უარის თქმა. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, სასურველია, მაქსიმალურად ვაკონტროლოთ როგორც საკუთარი, ისე გარშემო მყოფებისა და, განსაკუთრებით, ბავშვების, მოზარდების ქცევები. ძალიან მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ბალანსი დასვენებასა და აქტიურ ცხოვრებას შორის. დავიცვათ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანსაღი ცხოვრების წესი, ყურადღება მივაქციოთ ძილსა და კვებას. ვეცადოთ, შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა.