კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№19 ჯულიანა ბარ-გნარი: ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გადამიტანია

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  მოცეკვავე ჯულიანა ბარ-გნარი ცდილობს, საკუთარი ცხოვრების ჩვეულ რიტმს იზოლაციის პირობებშიც არ უღალატოს და ის აქტივობები, რითაც აქამდე იყო დაკავებული, სახლშიც შეასრულოს. ამ პერიოდმა ბევრ რამეზე დაფიქრების საშუალება მისცა და ბევრი რამ უფრო მეტადაც დააფასა.
  ჯულიანა ბარ-გნარი: არ მიყვარს ერთ ადგილას ყოფნა. მოძრაობა და ვარჯიში აუცილებლად მჭირდება. ზუსტად დღეს ბევრ რამეზე ჩავფიქრდი. დღეს იმიტომ, რომ მე და ოთო ფოლადაშვილმა პირველად ჩავწერეთ ონლაინ-გაკვეთილი ჩვენი პატარებისთვის. მივხვდი, რომ მე ვარ ის ადამიანი, ვისაც აუცილებლად სჭირდება პირისპირ კომუნიკაცია. ჩახუტება, კოცნა და სითბოს გამოხატვა. ეს ყველაფერი ძალიან დამაკლდა და ამ პერიოდმა ყველაფრის ორმაგად დაფასება მასწავლა. ვიცოდი, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავი, საყვარელ საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ ახლა კიდევ უფრო დავრწმუნდი ამაში. ყველაზე ბედნიერი ვარ იმით, რომ პატარებთან მაქვს კომუნიკაცია, რაც ემოციურად მავსებს. იზოლაციის პირველი კვირა ძალიან ვცდილობდი, რომ როგორმე შევგუებოდი ამ მდგომარეობას. შემდეგ შევიძინე ყველა საჭირო ატრიბუტი სახლში სავარჯიშოდ, პატარა სპორტდარბაზი მოვიწყვე და დავიწყე ვარჯიში. ახლა დღეში, მინიმუმ, ორჯერ ვვარჯიშობ. პირველ კვირას იმდენად დიდი ენერგია დამიგროვდა, რომ არ ვიცოდი, სად დამეხარჯა, დაძინებაც კი მიჭირდა. რაც ვარჯიში დავიწყე, ეს პრობლემა აღარ მაქვს. სხვათა შორის, მიყვარს განმარტოება და ფიქრი. ძალიან მყუდროდ ვგრძნობ თავს ასეთ მდგომარეობაში. მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებაში მანიჭებს სიამოვნებას, თუნდაც სირბილთან ერთად. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო სახლში ვცხოვრობ, ამის ფუფუნება მაქვს. ამ შეზღუდვებს რომ შევეჩეხე, მივხვდი, როგორმე უნდა მომეხერხებინა იმ სამყაროს დაბრუნება, რომელშიც ასე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ამიტომ, დილით რომ ვიღვიძებ, პირველად ეზოში ვვარჯიშობ. დამერწმუნეთ, დილის ჰაერი და მზე, ხალისით გავსებს და სიცოცხლის ენერგიას გმატებს. დადებითი მუხტით სავსე რომ იწყებ დილას, მთელ დღეს ასევე ატარებ. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს ხატვა და კარანტინმა საშუალება მომცა, დრო ამისთვისაც დამეთმო. ამ საქმეში სიახლეებიც გამოვცადე, რაც აქამდეც მინდოდა და ძალიან საინტერესო გამოვიდა. ხატვა განსაკუთრებით კარგი საშუალებაა ნებისმიერ და განსაკუთრებით ასეთ მდგომარეობაში.
მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და დედა და მამა, რაღაც მხრივ, ძალიან მადლობლებიც არიან კორონავირუსის, რომელმაც შვილი დაუბრუნა (იცინის). ჩემი გიჟური გრაფიკის გამო, დილით ადრე გასული, საღამოს ძალიან დაღლილი ვბრუნდებოდი სახლში და მათთან კომუნიკაცია მცირე დოზით მქონდა. ახლა ეს დანაკლისი შევივსეთ. ვხედავ, ეს რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის და მეც ძალიან ბედნიერი ვარ.
– როდიდან დაიწყო იზოლაცია შენთვის?
– თავიდან, როცა ამ ვირუსზე დაიწყო საუბარი, ბევრი და მათ შორის მეც ამ საკითხს სკეპტიკურად ვუყურებდით. გვეგონა, რომ საქმე ამდენად სერიოზულად არ იყო და ჩვეულებრივად ვაგრძელებდით ცხოვრებას. თუმცა, რადგან ბავშვებთან ვმუშაობთ, შესაბამისად, მეც და ოთოც პასუხისმგებლები ვართ მათზე. როცა შეზღუდვები მათაც შეეხოთ, მაშინვე გავუშვით ჩვენი პატარები და მარტიდან უკვე აღარ ვმუშაობდით. თავადაც ვცდილობთ, მაქსიმალურად შევზღუდოთ სოციალური ურთიერთობები, იმისთვის, რომ როცა ჩვენს ბავშვებთან შეხვედრის დრო მოვა, ჯანმრთელები ვიყოთ და არა ვირუსის მატარებლები. ასე რომ, ვცდილობთ, წესები არ დავარღვიოთ.
– ოთოს ნახვას თუ ახერხებ?
– ძალიან ხშირად, ადამიანები წერენ, რატომ არ იცავთ წესებს, როგორ შეიძლება ასეო. მეორე დღეს კი ვხედავ, რომ ზუსტად ეს ადამიანები არღვევენ იმავე წესებს. ზუსტად ასეთი სისულელის გამო შეიძლება, გავხდეთ ვირუსის მატარებლები. ვფიქრობ, რომ ეს არაფრად ღირს. როცა გეუბნებიან, რომ ერთი თვე, უბრალოდ, სახლში უნდა დარჩე და მხოლოდ ამით შეგიძლია დაიცვა საკუთარი ოჯახიც და სხვაც, უნდა დაემორჩილო და დაელოდო ამ მდგომარეობის დასრულებას.
– ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად რა გენატრება?
– ვარჯიში და ცეკვა – არა, რადგან სახლშიც ვინაზღაურებ მათ სიყვარულს. რაც შეეხება ცოცხალ ურთიერთობებს, ეს ნამდვილად მაკლია. ჩემთვის ხშირად უკითხავთ, რატომ არ გამოვირჩევი სოციალურ ქსელებში აქტიურობით, რატომ არ ვდებ ფოტოებს და ასე შემდეგ. ეს არ არის ჩემი სტილი, რატომღაც არაა ჩემთვის კომფორტული. ამას ნამდვილი ურთიერთობები მირჩევნია. ამიტომ, დღეს, როცა პირადი ურთიერთობების დეფიციტია, განსაკუთრებით მიჭირს. როცა ჩემს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ვესაუბრებოდი, ზუსტად ამას ვამბობდი, რომ ძალიან მომენატრა მათთან შეხვედრა, ჩახუტება. დარწმუნებული ვარ, მალე დადგება დღე, როცა ამ ყველაფერს დავიბრუნებთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს საჭირო იყო იმისთვის, რომ უფრო მეტად დაგვეფასებინა ის, რაც გვქონდა. რაც უნდა ბანალურად ჟღერდეს, ოჯახური ურთიერთობებისთვის დროის დათმობის შესაძლებლობა მოგვეცა, რაც დიდი ბედნიერებაა. ადამიანებს გვგონია, რომ ჩვენი ოჯახი მაინც ყოველთვის ჩვენ გვერდითაა, სინამდვილეში კი, მეტ დროს სხვა ადამიანებთან ვატარებთ. ამაზე ახლა ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვხვდები, რომ გაცილებით მეტი სითბოს გამოხატვაა საჭირო მათთან მიმართებაში და მიუხედავად საქმეებისა, უნდა მოახერხო და მათთვის მეტი დრო გამოყო. კიდევ იმაზე დავფიქრდი, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი უფლის ნებით ხდება და მგონია, რომ ერთმანეთის მიმართ უფრო კეთილები უნდა გავხდეთ. მგონია, რომ უკეთესობისკენ უნდა შევიცვალოთ. გულში მეტი სიყვარული უნდა გვქონდეს და ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ სიტყვებად. ამაზე ბოლო დროს ძალიან ბევრს ვფიქრობ. ყველაფერი სიყვარულიდან იბადება და თუ ამ გრძნობას ჩვენს სულსა და გულში გავაღვივებთ, მგონია, კარანტინის დასრულების შემდეგ უკეთესი ადამიანები ვიქნებით.
– ამ პერიოდში თავს როგორ უვლი?
– როგორ მოვუაროთ თავს კარანტინის დროს – ამაზე შემიძლია ერთი სტატია დავწერო (იცინის). მივხვდი, რომ ვარჯიშისა და ხატვის შემდეგ დრო მრჩებოდა და კიდევ რაღაც უნდა მეკეთებინა. დავიწყე გარეგნობაზე ზრუნვა, მაგრამ როცა ყველაფერი დაკეტილია, ეს არც ისე მარტივია. ამიტომ, გადავქექე მთელი ინტერნეტი და დღეს უკვე უამრავი რეცეპტი ვიცი, მაგალითად, დამწვარი გაღიავებული თმისთვის, რაც ჩემთვის დიდი პრობლემაა. თქვენც გაგიმხელთ რეცეპტს. აიღეთ თითო სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, თალგამის ზეთი, A, E, B ვიტამინები, შეურიეთ ალოეს წვენი და წაისვით თმის ძირიდან მთელ სიგრძეზე. ასევე: ხუთი სუფრის კოვზი ყავა, ერთი სუფრის კოვზი კაკაო, ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ამდენივე ზეითუნის ზეთი, 5-5 წვეთი ფორთოხლისა და ლავანდის ზეთი გამოგდგებათ უმაგრესი ტანის სკრაბის დასამზადებლად. მინდა გითხრათ, რომ სახლის პირობებში, ყოველგვარი ქიმიის გარეშე, თურმე, ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, რომელიც ფინანსურადაც არ დაგვაზარალებს. მოკლედ, კვირაში ერთხელ სპაპროცედურები მაქვს (იცინის).
– კიდევ რა გასწავლა ამ მდგომარეობამ?
– როცა საფრთხე გემუქრება, ადამიანი მაშინ მეტად ამჟღავნებ საკუთარ თავს. დღეს ვხედავ, რომ ყველა ზრუნავს ერთმანეთზე. არ ვიცი, შეიძლება, ჩემ გარშემოა ასე, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს ამ კეთილგანწყობის დანახვა. მინდა, ყველას ბევრი პოზიტივი ვუსურვო. იმედია, ეს პერიოდი მხოლოდ ფილმების ყურებაში არ გავა და ადამიანები საკუთარ თავში სიახლის პოვნას შეძლებენ. ეს შეიძლება, ღმერთის საჩუქარიცაა ჩვენთვის, იმისთვის, რომ დავინახოთ ჩვენი სულის სიღრმეში არსებული სხვა მხარეებიც. რა თქმა უნდა, ეს რთული პერიოდია და ყველამ კარგად ვიცით, რატომ, თუმცა დადებითად თუ დავტვირთავთ, შეგვიძლია, მისგან სარგებლობაც მივიღოთ.
– შენს ცხოვრებას გადავხედოთ, ეს არის შენთვის ყველაზე რთული პერიოდი?
– რა თქმა უნდა, არა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გადამიტანია. როცა იცი, რომ ეს მდგომარეობა დროებითია და მალე ყველაფერი ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება, უბედურება ნამდვილად არაა. რა თქმა უნდა, ამას არ ვამბობ იმ ადამიანებზე, ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედიაა. რაც შემეხება მე, ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია ჩემი დის დაკარგვაა. არ ვიცი, რა უნდა იყოს ოჯახისთვის იმაზე დიდი ტკივილი, როცა დედა შვილს კარგავს და და – დას. ამიტომაც ვაბობ, რომ ეს არაფერი არაა. ჩემს ცხოვრებაში ის იყო ყველაზე დიდი გარდატეხა და იმ ტკივილს ვერაფერს შევადარებ. მაშინ 23 წლის ვიყავი, თუმცა, მგონია, რომ ახლა უფრო ვაცნობიერებ, რა მოხდა მაშინ.
– რამდენად ძლიერი ხარ სირთულეების წინაშე?
– ვფიქრობ, რომ ძლიერი გოგო ვარ. სპორტსმენი ვერ იქნება სუსტი პიროვნება. როცა წაგებისა და მოგების გემო იცი, როცა იცი, ორივე რა სირთულეებს უკავშირდება და შეგიძლია, მათთან გამკლავება, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ძლიერი ხარ. ასე რომ, მგონია, ჩემს პროფესიაშიც ჩანს ჩემი ხასიათი.

скачать dle 11.3