№19 2 100 კონკურსანტიდან ფინალში გასული გელა მეგრელიძის ფოტოები AAP MAGAZINE-ის სპეციალური გამოშვების ფურცლებზე მოხვდა
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ქართველი ფოტოგრაფი და პიანისტი, გელა მეგრელიძე AAP MAGAZINE-ის პორტრეტების კონკურსის ფინალისტი გახდა. 2 100-ზე მეტ კონკურსანტს შორის, ფინალისთვის მხოლოდ 11 ფოტოგრაფის ნამუშევარი შეარჩიეს, აქედან ერთ-ერთი გელა მეგრელიძეს ეკუთვნის, რომლის ფოტო სან-დიეგოში გამოიფინება და აღნიშნული ჟურნალის სპეციალური გამოშვების ფურცლებზე დაიბეჭდება.
გელა მეგრელიძე: AAP MAGAZINE ამერიკაში არსებული ერთ-ერთი ფოტოჟურნალია, რომელიც წლებია, ფოტოგრაფიითაა დაკავებული. სან-დიეგოში აქვს დიდი საგამოფენო სივცე, სადაც ხშირად იმართება გამოფენები და ასევე, ატარებს სხვადასხვა სახის ყოველწლიურ კონკურსებს. ჟურნალს წელს ჰქონდა სპეციალური გამოშვება, რომელიც პორტრეტებს ეხებოდა. გამოაცხადა კონკურსი, მივიღე მონაწილეობა და აღმოვჩნდი ფინალში, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო.
– კონკურსებში ხშირად იღებთ მონაწილეობას?
– არა, პირველად მივიღე კონკურსში მონაწილეობა, მანამდე არასოდეს ჩავრთულვარ მსგავს აქტივობაში. ახლაც სულ შემთხვევით მოხდა ყველაფერი, შეიძლება ითქვას, ზედმეტმა თავისუფალმა დრომაც კი შემიქმნა წინაპირობა. მეგობარმა დამირეკა, კონკურსის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია და მეც სპონტანურად გავგზავნე ფოტოები.
– 2 100 კონკურსანტიდან 11 ფინალისტს შორის მოხვდით. ელოდებოდით ამ შედეგს? საბოლოო გამარჯვებული როდის გამოვლინდება?
– არანაირად არ ვლოდებოდი. ფოტო რომ გავგზავნე, მერე კონკურსიც გადამავიწყდა და ფოტოებიც. ეს უფრო დროის მოკვლის მიზნით იყო გაკეთებული. ფოტოების არჩევის პროცესი ბევრად საინტერესო იყო, ვიდრე შედეგზე ფიქრი. რაც შეეხება გამარჯვებულის გამოვლენას, თარიღი ზუსტად არ ვიცი, როგორც თქვეს, რამდენიმე კვირაში გამოვლინდება.
– შირაქის ველზე გადაღებული ფოტოები გაგზავნეთ. რა ისტორია აქვს ამ ფოტოსესიას?
– თუშ მეცხვარეებთან და შირაქის ველთან სულ მქონდა რაღაც მისტიკური შეგრძნებები. ბავშვობიდან ვიცოდი, რომ არსებობდა შირაქის ველი,
მაგრამ ჩემს არეში იქ არც მისული მინახავს და არც წამოსული. ასევე, ვიცოდი, რომ თუში მეცხვარეები ამ ველზე იზამთრებდნენ. გადავწყვიტე, წავსულიყავი. დამხვდა წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი სილამაზის სამყარო, სულ სხვა რეალობა. რაც შეეხება მოგზაურობას, ცხვრის ფარასთან ერთად წავედი თუშეთამდე, რაც, დაახლოებით, ორ კვირამდე გაგრძელდა. ცხვარს მივყვებოდი მანქანით და თან ფოტოებს ვიღებდი. მერე ავედით კავკასიონზე, უნაგირის უღელტეხილზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გზად არის ცნობილი. წელიწადში ერთხელ იჭრება ეს გზა – გაზაფხულზე, თოვლი რომ დნება, ზვავები სრულიად ანადგურებს მას, ზამთარში კი მასზე გადასვლა შეუძლებელია. გვიან გაზაფხულზე ხსნიან ხოლმე, ტრაქტორით ასწორებენ და მერე ნებადართულია მოძრაობა. ჩემთვის საამაყო იყო ის, რომ საერთოდ შევძელი ამ გზაზე მანქანის მართვა, მით უმეტეს, ცხვრის ფარასთან ერთად.
მაგრამ ჩემს არეში იქ არც მისული მინახავს და არც წამოსული. ასევე, ვიცოდი, რომ თუში მეცხვარეები ამ ველზე იზამთრებდნენ. გადავწყვიტე, წავსულიყავი. დამხვდა წარმოუდგენელი, ენით აღუწერელი სილამაზის სამყარო, სულ სხვა რეალობა. რაც შეეხება მოგზაურობას, ცხვრის ფარასთან ერთად წავედი თუშეთამდე, რაც, დაახლოებით, ორ კვირამდე გაგრძელდა. ცხვარს მივყვებოდი მანქანით და თან ფოტოებს ვიღებდი. მერე ავედით კავკასიონზე, უნაგირის უღელტეხილზე, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რთულ გზად არის ცნობილი. წელიწადში ერთხელ იჭრება ეს გზა – გაზაფხულზე, თოვლი რომ დნება, ზვავები სრულიად ანადგურებს მას, ზამთარში კი მასზე გადასვლა შეუძლებელია. გვიან გაზაფხულზე ხსნიან ხოლმე, ტრაქტორით ასწორებენ და მერე ნებადართულია მოძრაობა. ჩემთვის საამაყო იყო ის, რომ საერთოდ შევძელი ამ გზაზე მანქანის მართვა, მით უმეტეს, ცხვრის ფარასთან ერთად.
– როდის დაინტერესდით ფოტოგრაფიით?
– პროფესიით მუსიკოსი, კლასიკოსი პიანისტი ვარ. მუსიკოსების ოჯახში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი ოჯახის ყველა წევრი მუსიკოსი იყო, შესაბამისად, ფიქრადაც არავის მოსვლია, რომ შეიძლებოდა, მე სხვა რამე მეკეთებინა, ცხადი იყო, მათ გზას უნდა გავყოლოდი. არადა, სულ მაინტერესებდა ფოტოგრაფია. მამას სახლში სამოყვარულო ფოტოლაბორატორია ჰქონდა, სადაც საათობით ვიჯექი ხოლმე. მართალია, ფოტოაპარატი არასოდეს მქონია, მაგრამ სხვის გადაღებულ ფოტოებზე ვმუშაობდი. მერე გავიზარდე, წავედი საქართველოდან, მაგრამ ეს ფოტოგრაფია სულ თავში მქონდა. გვიან, 90-იან წლებში, სერიოზულად დავკავდი ამ საქმით, იმდენადაც კი დავუახლოვდი ფოტოსამყაროს, რომ თითქოს მუსიკა განდევნასავით. ახლა ფოტოგრაფობას უფრო ჩემს პროფესიად ვთვლი, ვიდრე მუსიკოსობას.
– რამდენი ხანია, რაც უცხოეთში ცხოვრობთ? მუსიკის განხრით საქმიანობთ? საქართველოში დაბრუნებას არ ფიქრობთ?
– 26 წელია, რაც ბერლინში ვცხოვრობ. რაღაც ისე აეწყო ჩემს ცხოვრებაში, რომ 20 წელზე მეტია, რაც მიუზიკლის სამყაროში – სათეატრო მუსიკაში ვარ. ამ 20 წლის განმავლობაში ყველა დიდ პროექტზე მიმუშავია, რაც კი ამ მიმართულებით არსებობს. საქართველოში სტუმრად ჩამოვდივარ ხოლმე. გულით ვფიქრობ დაბრუნებას, მაგრამ რთულია, აქ საქმე უნდა მქონდეს. მუსიკოსს ან ფოტოგრაფს შემოთავაზება რომ ჰქონდეს, საქართველოში ამის სტრუქტურა არ არსებობს.
– როდის და რატომ წახვედით უცხოეთში?
– 1994 წელი იყო, ძალიან არეული დრო, ომები და ათასი უბედურება. ის პერიოდი იყო, როცა ყველა გარბოდა საქართველოდან. ახალგაზრდა ადამიანს კი სულ სხვა რამ უნდა ცხოვრებაში. ამიტომ, ვინც შეძლო, წავიდა. ისე მოხდა, რომ ჩემი მეგობრები გერმანიაში წავიდნენ სასწავლებლად. გერმანია ჩემი არჩეული ქვეყანა არ ყოფილა, მაგრამ ამ ქვეყნის ვიზის მიღება იყო შესაძლებელი და შემდეგ სტუდენტის სტატუსით დარჩენა. სწორედ ამიტომ გავაკეთე მასზე არჩევანი. თან, რაც ყველაზე მთავარია, ჩაბარების შემთხვევაში, სწავლის საფასურის გადახდა არ გვიწევდა. მეც ჩავაბარე ჰამბურგის უმაღლეს მუსიკალურ სკოლაში, წავედი და მერე დავრჩი. ჩემს თაობას დალაგებული ცხოვრება არ ჰქონია, მაგრამ მე თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ. ჩემს შემთხვევაში გერმანიაში უფრო მარტივად გამოვიდა ყველაფერი, ვიდრე შეიძლება, საქართველოში ყოფილიყო.