№19 როგორ სცემეს ტრიბუნაზე „დინამოს“ ქომაგი გუცაევის გამო
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
ქართული, საბჭოთა და მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავი ვლადიმერ გუცაევი იხსენებს: „ერთი პიროვნება, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ, ხშირად მენიძლავებოდა ხოლმე – თუკი თამაშში გოლს გავიტანდი, ათას მანეთს მაძლევდა, თუ ვერ შევაგდებდი, მაშინ მისთვის „პაეზდკიდან“ „ბატენის“ ორი წყვილი „საროჩკა“ (პერანგი) უნდა ჩამომეტანა. იმ ცნობილ შეხვედრაზეც დავნიძლავდით, როდესაც თბილისში ლივერპული 3:0 დავამარცხეთ. მაშინ ერთი გოლი მეც გავიტანე. ეს კი ასე მოხდა: დათო ყიფიანმა რომ ბურთი საჯარიმოში შემოაგდო, მის დასაუფლებლად მე და რამაზ შენგელია მივრბოდით. მე რამაზს გავასწარი და ბურთი კარში შევაგდე. ის კაცი კი, ვისაც ჩემთან „გამაზული“ ჰქონდა, სხვებთან ერთად წამოხტა – გოლს ზეიმობდა, თუმცა ვერ დაინახა, ზუსტად რა მოხდა და იკითხა, გოლი ვინ გაიტანაო, როდესაც უთხრეს – ვოვამო, იმდენად არ უნდოდა წაგება, რომ გაბრაზდა და გუცაევის დედაო... ამ სიტყვების გამო „დინამოს“ ქომაგებმა ჩემი „მაზავშჩიკი“ გემოზე სცემეს.“