№19 რა შემთხვევაშია საზიანო სხვისი ტანსაცმლის ჩაცმა
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
გრძელდება „სახლშიდარჩის“ რეჟიმი და შესაბამისად, საშინაო საქმეებზე, უპირველესად, სახლის დალაგებაზე, ნივთების მოწესრიგებასა და სხვა მსგავს ქმედებებზე ვართ გადართული, რაც არა მხოლოდ დიასახლისებს ესებათ - მთელი ოჯახია ამაში ჩართული. მათ შორის, ერთ-ერთი არცთუ უმნიშვნელო პროცედურა ტანსაცმლის გადარჩევა-დახარისხება გახლავთ: სეზონურად, მოდისა თუ საჭიროების მიხედვით... და აი, მივადექით დღევანდელ თემასაც - სხვისი ტანსაცმელი, ანუ რას გვირჩევს ხალხური გადმოცემები იმ აქტუალური საკითხის გადასაჭრელად, ასე ცხარე კამათის საგნად რომ ქცეულა საზოგადოებისთვის: შეიძლება თუ არა სხვისი ჩანთის, კაბის, ფეხსაცმლის ტარება და რამდენად სახიფათოა ეს? ისედაც პანდემიით დაზაფრულ ხალხს, ნამდვილად აღარ სჭირდება კიდევ ერთი ხიფათის დამატება. ამიტომ, აღნიშნულ კითხვებზე პასუხის მისაღებად, მივმართეთ ეზოთერიკოსს, ქალბატონ ნათელა ც-ს.
- საკითხი უფრო და უფრო აქტუალური ხდება, ეგრეთ წოდებული „სექენჰენების“, ჩვენებურად, „ძონძების“, ქსელისა თუ ინტერნეტსაიტების გაფართოების გამო. მათი საშუალებით ხომ სულ ცოტა დანახარჯით შეიძლება ხარისხიანი სამოსის შეძენა. ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე კი, ბევრისთვის ეს საკმაო შეღავათია. ამჯერად გვერდზე გადავდოთ ჰიგიენისა და წესრიგის ნორმების შესახებ მსჯელობა და ვნახოთ, რას გვირჩევს წინაპართა გამოცდილება - რა გადმოცემებისა და მინიშნებების გათვალისწინებაა საჭირო, რომ ხიფათი თავიდან ავიცილოთ. მით უმეტეს, რომ სხვისი გამონაცვალი, უცხოსა თუ შინაურის ნაქონი ნივთები, ყველას მოგვეძევება სახლში.
- რა ხიფათს შეიცავს სხვისი ტანსაცმლის ტარება?
- ტრადიცია იმისა, რომ ოჯახის უმცროს წევრებს უფროსთა გამონაცვალი ტანსაცმელი ჩაეცვათ, არასდროს ყოფილა სათაკილო და ახლაც თითქმის ყველა ოჯახში ასეა. არც ეკლესია კრძალავს იმ სამოსის გაცემას, თქვენ რომ აღარ გჭირდებათ, სხვისთვის კი სულზე მისწრებაა - უფრო პირიქით, უპოვრებსა და გაჭირვებულებს თავად აწვდის ხალხისგან შეგროვილ ნივთებს.
- მაშ, საიდან მოდის მტკიცება, რომ სხვისი ნივთების ტარება ცუდია?
- სინამდვილეში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ იყო ხსენებული სამოსის თავდაპირველი მფლობელი და როგორი ბედი ჰქონდა მას. რადგან ტანსაცმელს, მათ შორის, ქურთუკი იქნება ეს, ჩექმა, კეპი თუ ზურგჩანთა - ყველაფერი, რასაც ასე თუ ისე შეხება აქვს ადამიანის სხეულთან, პატრონის ენერგეტიკით იჟღინთება. გამომდინარე აქედან კი, თუ მისი მფლობელი იყო: სკანდალური პიროვნება, მძიმე ავადმყოფი ან უიღბლო, მისი სულიერი ტანჯვის ნაწილი ნივთებზეც გადადის - რაც „მემკვიდრეობით“ მის ახალ პატრონსაც გადაეცემა.
- შეიძლება თუ არა სხვისი ქუდის ტარება?
- ხალხური გადმოცემების მიხედვით, თუ ქუდის ადრინდელ მფლობელს თავში ბნელი აზრები უტრიალებდა და ხშირად იყო სხვისთვის ცუდის მოსურნე, ქუდის შემდეგ მფლობელს თავის ტკივილები დასჩემდება.
- რატომ გვიკრძალავს ხალხური ტრადიციული გადმოცემები სხვისი ფახსაცმლის ჩაცმას?
- ფეხსაცმელი, როგორც სიარულთან და გზასთან დაკავშირებული ატრიბუტი, ბედისწერის კურსის ცვლილებასთანაა გაიგივებული. სხვისმა ფეხსამოსმა შესაძლოა საკუთარი გზიდან (ბედისწერის) გადაგვახვევინოს. ადრე სხვისი ნახმარი ფეხსაცმლის ტარებას ღარიბი გლეხის ოჯახშიც კი ერიდებოდნენ - განსაკუთრებით თუ საქმე ბავშვებს ეხებოდა. გადმოცემების თანახმად, „ბათინკები“ და ჩექმები გოგო-ბიჭების „ცუღლუტ“ ფეხებს სწორი გზიდან გადაახვევინებს. თუმცა, თუ მდიდარი და წარმატებული ნათესავები გამოიმეტებენ და თავიანთ გამონაცვალ - თითქმის სულ ახალ ფეხსაცმელს გაჩუქებენ, უნდა მიიღოთ და თავიც მოიწონოთ კიდეც ამით. მათ გზას თუ დაადგებით, ბედის შეცვლაზე ნუღარ იდარდებთ, ეს უფრო გამართლებაა! საბოლოოდ, რაც შეეხება სამოსს, შეიძლება, ასე ჩამოვაყალიბოთ ძირითადი წესები: ეზოთერიკოსების მტკიცებით, სხვისი ნივთების ტარება არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ: კონტაქტში, ანუ უშულო შეხებაში იყო ის ავადმყოფი თუ გარყვნილი ადამიანის სხეულთან; თუ ახალმა მფლობელმა არასწორი გზით მოიპოვა ნივთი - მოიპარა ან წაართვა სხვას; ანდა, მკვდარს თუ გახადეს - თანაც, შესაბამისადაც არ გაიწმინდა.
- რაც შეეხება საიუველირო ნაწარმს - რატომ არ შეიძლება სხვისი სამკაულისა თუ აქსესუარის ტარება?
- ალბათ გსმენიათ, რომ ხალხური გადმოცემები სხვისი საათის, სათვალისა თუ ძეწკვის ტარებას გვიკრძალავს და იცით, რატომ? - ისევე, როგორც ტანსაცმელს, ნებისმიერ აქსესუარსაც განსაკუთრებული ენერგეტიკული მარაგი აქვს, რასაც ხშირად გამიზნულად იყენებენ სხვისთვის ნეგატივის გადასაცემად. განსაკუთრებით აქტიურად იწოვს ნეგატივს ქვები და ლითონი, მათ შორის კი, უპირველესად - ძვირფასეულობა. თუ ასეთ ნივთებს შემთხვევით ქუჩაში იპოვით, სასურველია, გვერდი აუაროთ, რადგან არ არის გამორიცხული, იმ მიზნით იყოს „შემოგდებული“, რომ „მოჯადოეულია“ და ჯადო ახალ პატრონზეც უნდა გადავიდეს.
- მაგრამ თუ მემკვიდრეობით მივიღეთ, რა ვუყოთ ასეთ ძვირფასეულობას?
- წინაპართა სახსოვარი ძვირფასეულობა - ბეჭედი, საყურე, სამაჯური თუ სხვა სამკაული ხარისხიანად უნდა გაიწმინდოს - წყლით, ცეცხლით, მარილით. შეგახსენებთ ძალიან მარტივ პროცედურებს. მოათავსეთ ნივთები გამდინარე წყლის ქვეშ და მთელი ნეგატივი დინებას გაჰყვება. მარილით გაწმენდა კი, გარდა იმისა, რომ უარყოფითი ენერგიისგან ათავისუფლებს, ძვირფას ლითონსაც აპრიალებს და ქვებსაც განსაკუთრებულ ბრწყინვალებას სძენს. უმარტივესია ცეცხლით გაწმენდაც - ნივთები სანთლის ან კოცონის ალზე გადაატარეთ და თან, წარმოიდგინეთ, როგორ წვავს ეს ცეცხლი მთელ ნეგატიურ ენერგიას. ცუდის ნიშანია ასევე, სხვისი საქორწინო ბეჭდის ტარება იმ შემთხვევაში, თუ წინა მფლობელის ქორწინება დაირღვა. ასეთი სამკაულები უმჯობესია გადაადნოთ. რაც შეეხება სხვის მედლებს, ამ შემთხვევაში მინიშნება გაცილებით მკაცრია - ეს უპატიებელ მკრეხელობად მიიჩნევა.