№19 რა სისასტიკის გამო ადარებდნენ ცხოველს ლევან მეორე დადიანს
ნინო კანდელაკი გიორგი მახობეშვილი
1611 წელს სამეგრელოს მთავარი მანუჩარ პირველი დადიანი გარდაიცვალა. ოდიშის სამთავროს ტახტზე ავიდა 14 წლის ლევან მანუჩარის ძე, რომლის დედაც იყო კახეთის მეფის, ალექსანდრე მეორის ასული ნესტან-დარეჯანი. დედით ობოლი ლევანი კახეთში გაიზარდა.
გამთავრებულ მცირეწლოვან ლევანს მეურვეობდა და სამეგრელოს სამთავროს ხელმძღვანელობდა მთავრის ბიძა, გიორგი დადიანი.
იტალიელი მისიონერი, თეატინელთა ორდენის წევრი, არქანჯელო ლამბერტი, რომელიც 1630-1649 წლებში ცხოვრობდა ჩვენს ქვეყანაში, „სამეგრელოს აღწერაში“ ლევან დადიანზე წერს: „ეს მთავარი ჩვენს განათლებულ ქვეყანაში რომ აღზრდილიყო და ჩვენი საუკეთესო მასწავლებლებისაგან რომ სწავლა-განათლება მიეღო, ვერც ერთი მთავარი მას ვერ აჯობებდა. უმოძღვროდ და უოსტატოდ, მხოლოდ ბუნებით შეუთვისებია მას მარად საქებური ზნე-ჩვეულება”.
აქ ლამბერტი ტყუის, ლევან დადიანმა მშვენიერი განათლება მიიღო ჯერ კახეთში, მერე – სამეგრელოში:
ლამბერტი განაგრძობს:
„უსაქმურად მისი ნახვა შეუძლებელია. პირიქით, მუდამ დაუღალავად შრომობს და ყოველთვის მზად არის ყოველგვარის ვარჯიშობისათვის. ლაშქრობაში ჩქარია, ჩუმი და მხნე. ამიტომ ყოველ ომში იგი იმარჯვებს. მეხსიერება ისეთი ძლიერი აქვს, რომ დავიწყება რა არის, არც იცის. ხომ მრავალი მოლაპარაკება აქვს სხვადასხვა საქმის გამო, მაგრამ ყოველის მოლაპარაკების და ხელშეკრულების უმცირესი სიტყვაც კი გაახსენდება ექვსის და შვიდის წლის შემდეგაცო“.
ლევან დადიანის მთავრობის დროს სამეგრელო გახდა ქართული კულტურის უმთავრესი ცენტრი. დადიანმა ააშენა და აღადგინა ეკლესიები სამთავროში, გადაახურვინა სახურავები, ბევრი ხელახლა მოახატვინა და მოაჩუქურთმებინა. ყველა ეკლესიაში აღადგინა წირვა-ლოცვა. დავალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. ოდიშში ოცზე მეტი ოქრომჭედელი მუშაობდა და ამზადებდა საეკლესიო ჭურჭელსა და ხატებს. მამუკა თავაქარაშვილს გადააწერინა მოღწეულთაგან „ვეფხისტყაოსნის“ ყველაზე ძველი თარიღიანი ხელნაწერი და 39 მინიატურით შეამკო. რუხის ციხესთან გააშენა ქალაქი, გამართა ზარაფხანა. ვაჭრობის ასაღორძინებლად რუხში დაასახლა იმერეთიდან წამოყვანილი ებრაელები და სომხები. ღარიბებს ურიგებდა მატყლს, ზამთარში თბილად რომ ყოფილიყვნენ და სხვა. თუმცა, პირადმა გრძნობებმა ლევან დადიანს გაუმართლებელი საქმეები ჩაადენინა.
კათოლიკე პატრს, თეატინელთა ორდენის წევრს, დონ კრისტოფორო დე კასტელის, რომელიც 1628-1653 წლებში საქართველოში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ერთ ნახატზე დახატული აქვს ვეფხვი, რომელსაც ბავშვები ეხვევიან. ნახატს აწერია:
„ვეფხვი, რომელიც ბავშვებთან თამაშობს და ლომებთან იბრძვის. ქვეშევრდომის შემბრალებელია – ქედმაღალი და მძლევარი.
ლევან დადიანზეა ნათქვამი.
იეროგლიფურად შეგუებული იყო კოლხეთის მეფის ბუნებასთან ის, რაც ხშირად ხდებოდა მის კარავში. იგი ერთობოდა ბავშვებთან და ლეკვებთან, შემდეგ კი სასტიკ მხეცად და დიდ მებრძოლად გადაიქცეოდა ხოლმე თავის მეზობელ მთავრებსა და მეფეებთან ბრძოლის დროს“.
კასტელი ასე გვიამბობს ოდიშში მომხდარ დრამას:
„იბერიის ზოგ სამეფოში ქრისტიანმა მთავრებმა ხელმეორედ დაიწყეს შფოთი და დიდი არეულობა და დავა გამოიწვიეს, რასაც ომი მოჰყვა. ამ ომის მიზეზი გახდა შემდეგი: იყო ლევან დადიანად წოდებული ერთი კოლხელი მთავარი. ხალხის მმართველი, კეთილი მზრუნველი, მოსარჩლე, სამართლიანი და გულმოწყალე. იგი გულუხვად ეხმარებოდა არა მარტო თავის ყმებსა და ქვეშევრდომებს, არამედ მეზობელი სამთავროების მცხოვრებთაც. სამართლიანი მთავარი სხვა სათნოებითაც იყო შემკული. სარგებლობა მოჰქონდა არა მხოლოდ თავის საბრძანებელში, არამედ აგრეთვე სხვა მრავალ მხარეშიც. ყველა ცდილობდა, დადიანთან კეთილ დამოკიდებულებაში ყოფილიყო და მთელი გულითა და სულით უყვარდათ იგი. თვით დადიანმა ბოროტად გამოიყენა მისდამი ეს სიყვარული და შიში იბერიის ყველა მეფისა. სიამაყით განდიდებულმა თავი წარმოიდგინა ყოვლის შემძლედ. მოსაზღვრე სამთავროების მეფე-მთავრებთან იგი ხშირად არღვევდა შეთანხმებას, რისთვისაც ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ აღთქმული პირობის შესრულებას. ასე გადაემტერნენ მთავარს იმერეთის მეფე გიორგი და გურიის მთავარი სიმონი, რომელსაც ცოლად ჰყავდა თვით მთავრის დადიანის და.
რაც შეეხება აფხაზეთის მთავარს, მას დადიანის დიდი პატივისცემა და რიდი ჰქონდა“.
იმ დროს აფხაზეთის ერთი ნაწილის მთავარი იყო სეტემან შარვაშიძე (შარაშია). მისი ქალიშვილი ცოლად ჰყავდა ლევან დადიანს. კასტელი მის შესახებ წერს:
„ეს ქალი იყო ბუნებით ლამაზი და სავსე ყველა სათნოებითა, რომელიც შეეფერებოდა მის გვარის ქალს: ქარგვაში, წერა-კითხვაში, გულუხვობაში და ზრდილობაში მას ტოლი არ ჰყავდა. თავისი სათნოებით მიიზიდა ყველა თავის ქვეშევრდომის გული“.
კასტელი მოგვითხრობს:
„მაგრამ, მტრები ყოველმხრივ ცდილობდნენ მათი კეთილგანწყობის დარღვევას და ყოველდღე თვალთმაქცურად აღვივებდნენ მათ შორის სიძულვილს. ბოლოს კი ერთმა შემთხვევამ, რომლის შესახებ აქვე მოგახსენებთ, სავსებით გამოააშკარავა მათი შურიანობა და მტრული განზრახვა.
ადამიანის ბუნების მტერია ეჭვი, რომელიც ყოველგვარ ბოროტებასა და კაცის კვლასაც იწვევს, მთავარმა დადიანმა ეჭვი მიიტანა თავის მეუღლეზე (აფხაზთა მთავრის ქალიშვილი), რომელსაც თითქოს ვერ დაეცვას ცოლ-ქმრული ერთგულება და სამთავროს უმშვენიერეს ვეზირთან კოლხელ მთავართან ემრუშოს.
განრისხებულსა და დამწუხრებულ დადიანს არ შეეძლო ამ მეტად უმგვანო და უპატიოსნო ამბავზე ვინმესთან დამშვიდებულად ელაპარაკა. ერთ დღეს ამ დესპოტმა, ბარბაროსმა (თითქოს ლომს გაუყარესო გულისწყრომის ისარი) სასტიკად იძია შური. მან სიკვილით დასჯაზე ბევრად უარესი, ენით უთქმელი და საშინელი წამება მიაყენა თავის მეუღლეს.
თავდაპირველად მას სურდა ხმლით აეკუწა, მუცელი გამოეფატრა თავისი მრუში ცოლისათვის; მაგრამ შემდეგ სხვაგვარად მოიქცა: ქალს ცხვირი, ენა და ყურები მოაჭრა და დამახინჯებული გაუგზავნა მამამისს, რის გამოც მწუხარებით აავსო აფხაზთა მთავარი, თავისი თავი კი ხელშეუხებლად წარმოიდგინა“.
თვითონ კასტელი სინამდვილედ არ მიიჩნევდა დედოფლის ღალატს.
სავსებით შესაძლებელია, ლევან დადიანს ეს ყველაფერი სიყვარულით დაბრმავებულს ჩაედინა, მას ხომ სხვისი ცოლი შეუყვარდა – თავისი ბიცოლა. გარდა ამისა, შეიძლება, დადიანი გრძობდა, რომ მის წინააღმდეგ დაირაზმებოდნენ მეზობელი მთავრები, რომლის მონაწილეც შეიძლება ყოფილიყო სეტემან შარაშიაც და იქნებ ეგონა, რომ მისი ცოლი, სეტემანის ასულიც მიემხრობოდა მის მტრებს.